ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 58
იერუსალიმის განადგურება
იუდაში მცხოვრები ხალხი კვლავ და კვლავ ეურჩებოდა იეჰოვას და ცრუ ღმერთებს სცემდა თაყვანს. იეჰოვა მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა მათ დახმარებას; ის წინასწარმეტყველებს უგზავნიდა თავის ხალხს და აფრთხილებდა, მაგრამ ისინი არ უსმენდნენ მათ და დასცინოდნენ. რა გააკეთა იეჰოვამ, რომ მოესპო ისრაელში ცრუთაყვანისმცემლობა?
იმ დროს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი ერთიმეორის მიყოლებით იპყრობდა სამეფოებს. როცა პირველად აიღო იერუსალიმი, მან შეიპყრო მეფე იეჰოიაქინი, მთავრები, მეომრები, ხელოსნები და ბაბილონში წაიყვანა. გარდა ამისა, მან იეჰოვას ტაძრიდან წაიღო ძვირფასი ნივთები. ნაბუქოდონოსორმა იუდას მეფედ ციდკია დანიშნა.
თავიდან ციდკია ემორჩილებოდა ნაბუქოდონოსორს. მაგრამ, მოგვიანებით, მეზობლად მცხოვრებმა ხალხებმა და ცრუწინასწარმეტყველებმა მეფეს ურჩიეს, რომ არ დამორჩილებოდა ბაბილონის მეფეს. თუმცა იერემიამ გააფრთხილა ციდკია: თუ ნაბუქოდონოსორს არ დაემორჩილები, ბევრი ადამიანი დაიხოცება იუდაში. იქნება შიმშილი და ავადმყოფობა.
რვაწლიანი მეფობის შემდეგ ციდკიამ გადაწყვიტა, წინააღმდეგობა გაეწია ნაბუქოდონოსორისთვის. მან ეგვიპტეს სთხოვა დახმარება. ეს რომ ნაბუქოდონოსორმა გაიგო, ჯარი გაგზავნა იერუსალიმში. ჯარისკაცებმა ალყაში მოაქციეს ქალაქი. იერემიამ უთხრა ციდკიას: თუ დანებდები ბაბილონს, შენც გადარჩები და იერუსალიმიც; მაგრამ თუ არ დანებდები, ბაბილონელები გადაწვავენ
იერუსალიმს, შენ კი ტყვედ წაგიყვანენ. ციდკიამ უპასუხა: არავითარ შემთხვევაში არ დავნებდები!წელიწად-ნახევრის შემდეგ ბაბილონის ჯარმა დაანგრია იერუსალიმის კედლები და ქალაქი მთლიანად გადაწვა. დაწვეს ტაძარიც. მოკლეს ბევრი ადამიანი, ათასობით ებრაელი კი ტყვედ წაიყვანეს.
ციდკია გაიქცა იერუსალიმიდან, მაგრამ ბაბილონელები დაედევნენ მას, იერიხონთან ახლოს შეიპყრეს და ნაბუქოდონოსორს მიჰგვარეს. ბაბილონის მეფემ თვალწინ დაუხოცა ვაჟები ციდკიას, თავად მას კი თვალები დასთხარა და საპყრობილეში ჩასვა, სადაც მოგვიანებით მოკვდა კიდეც. იეჰოვა თავის ხალხს დაჰპირდა: 70 წლის შემდეგ დაგაბრუნებთ თქვენს ქალაქში, იერუსალიმში.
რა დაემართებოდათ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ტყვედ წაიყვანეს ბაბილონში? დარჩებოდნენ ისინი იეჰოვას ერთგულები?
„იეჰოვა ღმერთო, ყოვლისშემძლევ, ჭეშმარიტი და სამართლიანია შენი განაჩენი“ (გამოცხადება 16:7).