არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნაწილი 25

რჩევები რწმენაზე, ქრისტიანულ საქციელსა და სიყვარულზე

რჩევები რწმენაზე, ქრისტიანულ საქციელსა და სიყვარულზე

იაკობი, პეტრე, იოანე და იუდა გამამხნევებელ წერილებს სწერენ თანამორწმუნეებს.

იაკობი და იუდა იესოს ნახევარძმები იყვნენ, პეტრე და იოანე კი — იესოს მოციქულები. მთლიანობაში მათ დაწერეს შვიდი წერილი, რომლებიც ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში შევიდა. თითოეული წერილი დამწერის სახელს ატარებს. ღვთის შთაგონებით დაწერილი ეს წერილები უნდა დახმარებოდა ქრისტიანებს ერთგულების შენარჩუნებასა და ღვთის სამეფოს პირველ ადგილზე დაყენებაში.

რწმენის საქმეებით დამტკიცება. მხოლოდ იმის თქმა, რომ ღმერთის გვწამს, არ არის საკმარისი. ნამდვილი რწმენა საქმეებით მტკიცდება. იაკობი წერდა: „რწმენა მკვდარია საქმეების გარეშე“ (იაკობი 2:26). განსაცდელის დროს რწმენის გამოვლენა მოთმინების გამომუშავებას უწყობს ხელს. ქრისტიანი სიბრძნეს უნდა სთხოვდეს ღმერთს და დარწმუნებული იყოს, რომ მიიღებს კიდეც. თუ ქრისტიანი განსაცდელს უძლებს, ღვთის მოწონებას დაიმსახურებს (იაკობი 1:2—6, 12). იეჰოვა ღმერთი უპასუხოდ არ დატოვებს თავის ერთგულ მსახურს. „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“,— წერდა იაკობი (იაკობი 4:8).

ქრისტიანს ძლიერი რწმენა უნდა ჰქონდეს, რომ გაუძლოს ცდუნებებს და არ გაებას უზნეობის მახეში. გავრცელებული უზნეობის გამო, იუდა თანამორწმუნეებს მოუწოდებდა, ‘ებრძოლათ რწმენისთვის’ (იუდა 3).

წმინდა საქციელი. იეჰოვა თავისი თაყვანისმცემლებისგან მოელის, რომ წმინდები იყვნენ ყველაფერში. პეტრემ დაწერა: «ნებისმიერ საქციელში წმინდები იყავით . . . ვინაიდან დაწერილია: „იყავით წმინდები, რადგან წმინდა ვარ მე [იეჰოვა]“» (1 პეტრე 1:15, 16). ამ მხრივ იესომ საუკეთესო მაგალითი დაუტოვა ქრისტიანებს. პეტრემ თქვა: „ქრისტეც ხომ თქვენთვის ეტანჯა და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევს“ (1 პეტრე 2:21). მართალია, ღვთის ნორმების დაცვის გამო ქრისტიანი ზოგჯერ იტანჯება, მაგრამ მას „სუფთა სინდისი“ აქვს (1 პეტრე 3:16, 17). პეტრე მოუწოდებს ქრისტიანებს, რომ წმინდები იყვნენ საქციელსა და ღვთისადმი ერთგულებაში, სანამ ელიან ღვთის სასამართლოს დღეს და აღთქმულ ახალ ქვეყნიერებას, „სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტრე 3:11—13).

„დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8)

სიყვარულის გამოვლენა. „ღმერთი სიყვარულია“, — წერდა იოანე. მან აღნიშნა, რომ ღმერთმა თავისი დიდი სიყვარული იმით დაგვიმტკიცა, რომ გამოგზავნა იესო, „მსხვერპლად ჩვენი ცოდვების გამო“. როგორ უნდა იმოქმედოს ამან ქრისტიანებზე? იოანე წერდა: „საყვარელნო, თუ ღმერთმა ასე შეგვიყვარა, ჩვენც ვალდებულნი ვართ, გვიყვარდეს ერთმანეთი“ (1 იოანე 4:8—11). სიყვარულის გამოვლენის ერთ-ერთი საშუალება თანამორწმუნეებისადმი სტუმართმოყვარეობაა (3 იოანე 5—8).

მაგრამ, როგორ უნდა დაუმტკიცონ სიყვარული იეჰოვას მისმა მსახურებმა? ამ კითხვაზე იოანე გვცემს პასუხს: „ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს, მისი მცნებები კი დამამძიმებელი არ არის“ (1 იოანე 5:3; 2 იოანე 6). ვინც ღმერთს ემორჩილება, შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ღმერთს ის მარადიულად ეყვარება (იუდა 21).

იაკობი; 1 პეტრე; 2 პეტრე; 1 იოანე2 იოანე; 3 იოანე; იუდა