ნაწილი 12
პრაქტიკული სიბრძნე
„იგავები“ ღვთის შთაგონებით შექმნილი პრაქტიკული რჩევების წიგნია, რომლის ძირითადი ნაწილი სოლომონმა დაწერა.
იეჰოვა რომ ბრძენი მმართველია, ეს მისი რჩევებიდან ჩანს. ამ რჩევების გამოყენება ცხოვრებას უფრო სასიამოვნოს და აზრიანს ხდის. ბრძენმა მეფე სოლომონმა ასობით იგავი დაწერა. ისინი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს ეხება. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.
ღმერთზე მინდობა. ამის გარეშე შეუძლებელია ღმერთთან კარგი ურთიერთობა. სოლომონმა დაწერა: „მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი. გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“ (იგავები 3:5, 6). ღმერთზე მინდობა და მისი მითითებების გათვალისწინება ჩვენს ცხოვრებას უფრო აზრიანს ხდის. ამგვარად, ადამიანი გულს უხარებს იეჰოვას და საშუალებას აძლევს მას, რომ საკადრისი პასუხი გასცეს თავის მოწინააღმდეგე სატანას (იგავები 27:11).
სიბრძნე სხვებთან ურთიერთობისას. ღვთის რჩევები, რომლებიც ქმრებს, ცოლებსა და ბავშვებს ეხება, დღეს უფრო დროულია, ვიდრე ოდესმე. „გაიხარე შენი ახალგაზრდობის ცოლთან“, — ეუბნება ღმერთი ცოლიან კაცს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ცოლის ერთგული უნდა იყოს (იგავები 5:18—20). ცოლებს შეუძლიათ მიჰბაძონ „იგავებში“ აღწერილ გამრჯე ცოლს, რომელიც ქმრისა და შვილების ქებას იმსახურებს (იგავები, თავი 31). ბავშვებს „იგავები“ ურჩევს, რომ დაემორჩილონ მშობლებს (იგავები 6:20). წიგნში ასევე საუბარია იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეგობრების ყოლა, რადგან განმარტოებული კაცი შეიძლება ეგოისტი გახდეს (იგავები 18:1). მეგობრებმა შეიძლება ჩვენზე ან დადებითად იმოქმედონ ან — უარყოფითად. ამიტომ ისინი გონივრულად უნდა ავირჩიოთ (იგავები 13:20; 17:17).
საკუთარ თავზე ზრუნვა. „იგავების“ წიგნში ჩაწერილი ძვირფასი რჩევები გვეხმარება, თავი შევიკავოთ ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებისგან; აგრეთვე გვეხმარება, ვებრძოლოთ უარყოფით ფიქრებს და არ დავკარგოთ დადებითი განწყობა; ეს წიგნი შრომისმოყვარეობისკენაც მოგვიწოდებს (იგავები 6:6; 14:30; 20:1). „იგავები“ გვაფრთხილებს, თუ რამდენად საშიშია ღვთის რჩევის უგულებელყოფა და ადამიანის ჭკუაზე დაიმედება (იგავები 14:12). ის მოგვიწოდებს, დავიცვათ გული ანუ შინაგანი პიროვნება გამხრწნელი გავლენისგან, „რადგან მასშია სიცოცხლის წყარო“ (იგავები 4:23).
მილიონობით ადამიანი მიხვდა, რომ ამ რჩევების გამოყენებამ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. ეს მათ იმის საფუძველს აძლევს, რომ იეჰოვა თავიანთ მმართველად აღიარონ.
— იგავები