არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნაწილი 7

ისრაელის გათავისუფლება ეგვიპტის მონობიდან

ისრაელის გათავისუფლება ეგვიპტის მონობიდან

იეჰოვა სასჯელებს ატეხს ეგვიპტეს. მოსეს მეშვეობით მას ისრაელის ძეები ეგვიპტიდან გამოჰყავს და კანონს აძლევს.

ისრაელის ძეები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ეგვიპტეში. ისინი მრავლდებოდნენ და ძლიერდებოდნენ. ეგვიპტის ტახტზე ახალი ფარაონი ავიდა, რომელიც არ იცნობდა იოსებს. ტირან მმართველს აშინებდა ისრაელების სიმრავლე და ამიტომ დაიმონა ისინი. მან ბრძანა, ყველა ახალშობილი ებრაელი ბიჭი მდინარე ნილოსში დაეხრჩოთ. მაგრამ ერთმა გაბედულმა ებრაელმა ქალმა თავისი ახალშობილი ვაჟი კალათაში ჩააწვინა და ლერწმებში დამალა. ბავშვი ფარაონის ასულმა იპოვა და იშვილა. მას მოსე დაარქვა და ეგვიპტის სამეფო კარზე გაზარდა.

მოსე 40 წლის იყო, როცა უსიამოვნებაში გაეხვია, რადგან შეეცადა, ერთი ებრაელი კაცი მჩაგვრელი ეგვიპტელისგან დაეცვა. ამის გამო მოსეს ეგვიპტიდან გაქცევა მოუწია შორეულ ქვეყანაში, სადაც ის წლების განმავლობაში ცხოვრობდა. მოსე 80 წლის იყო, როცა ღმერთმა ის ეგვიპტეში გაგზავნა, რათა ფარაონის წინაშე წარმდგარიყო და მისთვის ღვთის ხალხის გათავისუფლება ეთხოვა.

ფარაონმა მოსეს სასტიკი უარი განუცხადა. ამიტომ ღმერთმა ეგვიპტეს ათი სასჯელი მოუვლინა. თითოეული სასჯელის წინ მოსე მიდიოდა ფარაონთან და სთავაზობდა, გაეთავისუფლებინა ისრაელები და მოსალოდნელი სასჯელი თავიდან აერიდებინა. მაგრამ ფარაონი ჯიუტობდა და არაფრად აგდებდა მოსესა და მის ღმერთს. მეათე სასჯელის დროს ეგვიპტეში ყველა პირმშო დაიღუპა. სასჯელს მხოლოდ ის ოჯახები გადაურჩნენ, რომლებმაც გაითვალისწინეს იეჰოვას მითითება და კარის წირთხლებს მსხვერპლად შეწირული კრავის სისხლი წაუსვეს. ანგელოზმა, რომელსაც ღვთის სასჯელი უნდა აღესრულებინა, გვერდი აუარა მათ სახლებს. მას შემდეგ სასწაულებრივად გადარჩენის ამ დღეს ისრაელები ყოველწლიურად აღნიშნავდნენ. ამ დღესასწაულს პასექი ეწოდა.

მეათე სასჯელის დროს ფარაონის პირმშოც დაიღუპა. მაშინ ფარაონმა უბრძანა მოსესა და ისრაელის ძეებს, რომ ეგვიპტე დაეტოვებინათ. მათაც დაუყოვნებლივ დაიწყეს მზადება, რომ გასულიყვნენ ეგვიპტიდან. მოგვიანებით ფარაონმა ინანა მათი გაშვება. ის ეტლებითა და მეომრებით უკან დაედევნა მათ და წითელ ზღვასთან მოიმწყვდია. იეჰოვამ წითელი ზღვა შუაზე გაყო და ისრაელებმა მშრალად გაიარეს ზღვის ფსკერზე კედლად აღმართულ წყალს შორის. ეგვიპტელები მათ ზღვაში შეჰყვნენ. მაგრამ ღმერთმა წყლის კედლები ჩამოაქცია და ფარაონი და მისი ჯარი ზღვაში დაასამარა.

მოგვიანებით, როცა ისრაელები სინას მთასთან დაბანაკდნენ, იეჰოვამ მათთან შეთანხმება დადო. ღმერთმა შუამავლად მოსე გამოიყენა და ისრაელებს მისცა კანონები, რომლებიც ცხოვრების ნებისმიერ სფეროში გამოადგებოდათ. თუ ისრაელები ღვთის კანონებს დაიცავდნენ, ღმერთი მათთან იქნებოდა და ამ ერს კურთხევად აქცევდა სხვა ხალხებისთვის.

მიუხედავად ამისა, ისრაელთა უმეტესობამ თავისი ურწმუნოებით ღმერთს გული ატკინა. ამის გამო, იეჰოვამ ისინი 40 წელი ახეტიალა უდაბნოში. მოსემ თავისი საქმე ერთგულ კაცს, იესო ნავეს ძეს გადააბარა. ბოლოს ისრაელი მიადგა იმ მიწის საზღვრებს, რომელსაც ღმერთი ერთ დროს აბრაამს დაჰპირდა.

გამოსვლა; ლევიანები; რიცხვები; კანონი; ფსალმუნი 136:10—15; საქმეები 7:17—36