არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნაწილი 9

მთელმა ოჯახმა განადიდეთ იეჰოვა!

მთელმა ოჯახმა განადიდეთ იეჰოვა!

„თაყვანი ეცით ცისა და დედამიწის . . . შემქმნელს“ (გამოცხადება 14:7).

ამ ბროშურაში ჩაწერილი ბიბლიური პრინციპები დიდ დახმარებას გაგიწევთ როგორც თქვენ, ისე თქვენს ოჯახს. იეჰოვა ღმერთს თქვენი ბედნიერება სურს. ის გპირდებათ, რომ, თუ მისადმი თაყვანისცემას უმთავრეს ადგილს დაუთმობთ, აუცილებელს არ მოგაკლებთ (მათე 6:33). ღმერთს სურს, რომ დაუმეგობრდეთ. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ღმერთი თქვენი მეგობარი გახდეს. ღმერთთან მეგობრობას ამქვეყნად ვერაფერი შეედრება (მათე 22:37, 38).

1. გაიღრმავეთ იეჰოვასთან ურთიერთობა

ბიბლიის თვალსაზრისი: იეჰოვა ამბობს: „მე ვიქნები თქვენი მამა, თქვენ კი ჩემი ძეები და ასულები იქნებით“ (2 კორინთელები 6:18). ღმერთს თქვენთან დამეგობრება სურს. ღმერთთან დაახლოების ერთ-ერთი საშუალება ლოცვაა. იეჰოვა მოგვიწოდებს: „განუწყვეტლივ ილოცეთ!“ (1 თესალონიკელები 5:17). მას მთელი გულით სურს, რომ თქვენი ფიქრები და საწუხარი გაუზიაროთ (ფილიპელები 4:6). როდესაც ოჯახის წევრებთან ერთად ლოცულობთ, ისინი ხედავენ, რომ ღმერთი თქვენთვის რეალური პიროვნებაა.

ღმერთს მხოლოდ კი არ უნდა ესაუბროთ, არამედ უნდა მოუსმინოთ კიდეც. იეჰოვას მოვუსმენთ, თუ შევისწავლით მის სიტყვასა და მასზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს (ფსალმუნი 1:1, 2). იფიქრეთ ნასწავლზე (ფსალმუნი 77:11, 12). ღვთის მოსმენაში ისიც იგულისხმება, რომ ყოველთვის დაესწროთ კრების შეხვედრებს (ფსალმუნი 122:1—4).

ღმერთთან ურთიერთობის გასაღრმავებლად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საშუალება სხვებთან მის შესახებ საუბარია. რაც უფრო ხშირად გააკეთებთ ამას, მით უფრო დაუახლოვდებით ღმერთს (მათე 28:19, 20).

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • ყოველდღე გამოყავით დრო ბიბლიის კითხვისა და ლოცვისთვის.

  • გართობასა და დასვენებაზე წინ სულიერი საქმეები დააყენეთ.

2. ერთად იკვლიეთ ღვთის სიტყვა

ბიბლიის თვალსაზრისი: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8). ოჯახთან ერთად თაყვანისცემისთვის გამოყავით კონკრეტული დრო და მიჰყევით დასახულ გეგმას (დაბადება 18:19). თუმცა მხოლოდ ეს არ კმარა. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება უნდა აჩვენებდეს, რომ ღვთის მსახურები ვართ. დაეხმარეთ ოჯახის წევრებს ღმერთთან ურთიერთობის განმტკიცებაში, რასაც იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ ღმერთზე ესაუბრებით მათ „სახლში ყოფნისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას“ (კანონი 6:6, 7). მიზნად დაისახეთ, რომ მიჰბაძოთ იესო ნავეს ძეს, რომელმაც თქვა: „მე და ჩემი სახლეულობა იეჰოვას ვემსახურებით!“ (იესო ნავეს ძე 24:15).

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • შეიმუშავეთ ისეთი სასწავლო პროგრამა, რომელშიც ოჯახის თითოეული წევრის ინტერესები იქნება გათვალისწინებული.