არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვიქნები ბედნიერი მეორე მშობლის გარეშე?

ვიქნები ბედნიერი მეორე მშობლის გარეშე?

თავი 25

ვიქნები ბედნიერი მეორე მშობლის გარეშე?

„მათ, ვისი მშობლებიც ერთად ცხოვრობენ, თავიანთი ოთახი აქვთ და ახალ-ახალი ტანსაცმელი აცვიათ. მე არც ჩემი ოთახი მაქვს და ვერც ჩემს გემოზე ვიცვამ. დედა მეუბნება, რომ ამდენის საშუალება არა აქვს. ის მუშაობს და სახლში მე მიწევს ბევრი რამის გაკეთება. თავი მოსამსახურე მგონია. ნორმალური ბავშვობა არა მაქვს“ (შალონდა, 13 წლის).

არავინ დავობს იმაზე, რომ იდეალურ შემთხვევაში ოჯახში ორივე მშობელი უნდა იყოს. როგორც წესი, ისინი ერთად უკეთ ახერხებენ შვილების აღზრდასა და სწორ გზაზე დაყენებას. ბიბლიაში ნათქვამია: „ორის ერთად ყოფნა სჯობს მარტო ყოფნას, რადგან კარგ საზღაურს მიიღებენ თავიანთი გარჯის სანაცვლოდ“ (ეკლესიასტე 4:9).

მიუხედავად ამისა, მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში ასეთი ოჯახები იმდენად იშვიათია, რომ ლამის წითელ წიგნშია შესატანი. მაგალითად, შეერთებულ შტატებში ბავშვების ნახევარზე მეტს 18 წლამდე გარკვეული პერიოდით მაინც უწევს ერთ-ერთი მშობლის გარეშე ცხოვრება.

ამ ტენდენციის მიუხედავად, ზოგ ახალგაზრდას მაინც ეუხერხულება, რომ ოჯახში მხოლოდ ერთი მშობელია. ზოგი იმას განიცდის, რომ ოჯახს ერთ-ერთი მშობლის ხელი აკლია და უფრო მეტ პრობლემასთან უწევთ გამკლავება. თუ შენც ასეთ მდგომარეობაში ხარ, რა პრობლემებს ხვდები? ქვემოთ დაწერე, რა გაწუხებს ყველაზე მეტად.

․․․․․

თუ მამის ან დედის სითბო და სიყვარული გაკლია, უნდა იფიქრო, რომ ბედნიერი ვერ იქნები? არამც და არამც! ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ უყურებ შენს მდგომარეობას. იგავების 15:15-ში წერია: „დაჩაგრულისთვის ყოველი დღე ცუდია, გულმხიარულს კი მუდამ ლხინი აქვს“. როგორც ამ იგავიდანაც ჩანს, ადამიანის განწყობა ხშირად მის ხედვაზეა დამოკიდებული და არა პირობებზე. რა დაგეხმარება იმაში, რომ შენი მდგომარეობის მიუხედავად „გულმხიარული“ იყო?

როცა სხვებს შენი არ ესმით

უპირველესად ეცადე, გულთან ახლოს არ მიიტანო სხვების დაუფიქრებელი სიტყვები. ზოგი მასწავლებელი სხვა თვალით უყურებს იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ოჯახში მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავთ. ზოგი ასეთი მოსწავლეების ნებისმიერ ცუდ ქცევას არასრულფასოვან ოჯახურ გარემოს აბრალებს. მაგრამ დაფიქრდი: „ნამდვილად გვიცნობენ მე და ჩემი ოჯახის წევრებს ეს ადამიანები? თუ მხოლოდ იმას იმეორებენ, რაც სხვებისგან აქვთ გაგონილი ასეთ ოჯახებზე?“

უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიაში ფრაზა „უმამო ბავშვი“ ათობით მუხლში გვხვდება და არც ერთხელ არ არის უარყოფით კონტექსტში. თითქმის ყველა ასეთი მუხლიდან ჩანს, თუ როგორ ზრუნავს იეჰოვა ბავშვებზე, რომლებსაც ერთი მშობელი არა ჰყავთ a.

ზოგი შეიძლება მეტისმეტად ფრთხილობდეს შენთან საუბრის დროს. მაგალითად, იმის შიშით, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაგაგდოს ან გული არ გატკინოს, ვინმე შესაძლოა მოერიდოს ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „მამა“, „ცოლ-ქმარი“, „განქორწინება“ ან „სიკვდილი“. ღიზიანდები, როცა ასეთ დამოკიდებულებას ხედავ? თუ ასეა, ტაქტიანად აუხსენი, რომ შეუძლია შენთან თავისუფლად ილაპარაკოს. 14 წლის ტონი, რომელსაც მამა არასოდეს უნახავს, ამბობს: „როცა ვატყობ, რომ ვინმე ერიდება ზოგიერთი სიტყვის ხსენებას, შეგნებულად ვამბობ ხოლმე ამ სიტყვებს. მინდა იცოდნენ, რომ მე არ მრცხვენია“.

რაც მოხდა, მოხდა

თუ მშობლები ერთმანეთს გასცილდნენ ან ერთ-ერთი მათგანი დაგეღუპა, შეიძლება სერიოზულად განიცდიდე ამას და სიცარიელეს გრძნობდე. ეს სავსებით ნორმალურია. მაგრამ დროთა განმავლობაში მდგომარეობას უნდა შეეგუო. ბიბლია კარგ რჩევას გვაძლევს: „ნუ იტყვი, წარსული დღეები ახლანდელს სჯობდაო“ (ეკლესიასტე 7:10). სარა 10 წლის იყო, როცა მისი მშობლები დაშორდნენ. დღეს ის 13 წლისაა და ამბობს: „დღედაღამ იმაზე არ უნდა იფიქრო, რომ შეიძლებოდა ყველაფერი უკეთესად ყოფილიყო; რომ ეს პრობლემები არ გექნებოდა და სხვებივით ბედნიერი იქნებოდი, მშობლები რომ არ დაშორებულიყვნენ“. ამ რჩევაზე ნამდვილად ღირს დაფიქრება. ისიც უნდა გახსოვდეს, რომ პრობლემები „იდეალურ“ ოჯახებშიც არის.

მაგალითისთვის წარმოიდგინე ნიჩბოსანთა გუნდი. ბუნებრივია, იდეალურ შემთხვევაში ისინი სრული შემადგენლობით უნდა იყვნენ. თუ გუნდს ერთი წევრი დააკლდება, დანარჩენები უფრო მეტად დაიტვირთებიან. იმავეს თქმა შეიძლება ოჯახზეც, რომელშიც მხოლოდ ერთი მშობელია. მაგრამ, თუ ერთ გუნდად იქნებით შეკრული, თქვენი „ნავი“ განაგრძობს სვლას და მიაღწევს დანიშნულების ადგილამდე.

შენც უსმევ ნიჩბებს?

რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ თქვენი „გუნდის“ წარმატებაში შენი წვლილი შეიტანო? გადახედე ქვემოთ მოცემულ რჩევებს.

ეკონომიურად ხარჯე ფული. ფული ერთ-ერთი პრობლემატური საკითხია იმ ოჯახებში, რომლებშიც მხოლოდ ერთი მშობელია. როგორ უნდა შეუწყო ოჯახს ხელი? ტონი ამბობს: „ჩემი კლასელები მშობლებს მოდური ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ყიდვას სთხოვენ. თან ეუბნებიან, რომ სკოლაში არ წავლენ, თუ სურვილს არ შეუსრულებენ. ბოლო მოდაზე არ მაცვია, მაგრამ რაც მაქვს, სუფთა, მოვლილი და მოწესრიგებულია. დედაჩემი ისედაც ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, და აღარ მინდა, ტვირთად დავაწვე“. შეგიძლია მიჰბაძო მოციქულ პავლეს, რომელმაც თქვა: „ვისწავლე, რომ რა ვითარებაშიც არ უნდა აღმოვჩნდე, კმაყოფილი ვიყო“ (ფილიპელები 4:11, 12).

მოუარე და გაუფრთხილდი იმას, რაც გაქვს (იოანე 6:12). როდნი ამბობს: „მესმის, რომ შეკეთებას ან ახლის ყიდვას ფული სჭირდება და სახლში სულ ვცდილობ, არაფერი გავაფუჭო. ნაკლები გადასახადების გადახდა რომ მოგვიწიოს, ტყუილუბრალოდ ჩართულს არ ვტოვებ შუქს ან ელექტრომოწყობილობებს“.

შესთავაზე დახმარება. ბევრი მარტოხელა მშობელი შვილებს სახლში არაფერს აკეთებინებს. ზოგი ასე მსჯელობს: „ბავშვებს ისიც ეყოფათ, რომ ერთი მშობელი ჰყავთ და აღარ ღირს მათი ზედმეტად დატვირთვა. არ მინდა, რომ გართობის შესაძლებლობაც წავართვა“.

ბოროტად ნუ ისარგებლებ მშობლის ლმობიერებით და კიდევ უფრო ნუ დაუმძიმებ მას ტვირთს. შესთავაზე დახმარება. ტონი ამბობს: „დედა საავადმყოფოში მუშაობს და სამუშაო ტანსაცმელს მე ვუუთოებ ხოლმე“. ზოგი ფიქრობს, რომ ეს ქალის საქმეა. „მაგრამ ამით მე დედას ვეხმარები“, — გვპასუხობს ტონი.

გამოხატე მადლიერება. მშობელს გული რომ გაუკეთო, სიტყვითაც აგრძნობინე შენი სიყვარული. ერთმა მშობელმა თქვა: „ხშირად, როცა სამსახურიდან დამძიმებული და გაღიზიანებული მოვდივარ, ვხედავ, რომ მაგიდა უკვე გაწყობილია და ჩემი გოგო ვახშამს ამზადებს. ჩემი ბიჭი კი მოდის და მეხუტება. ამ დროს ყველაფერი მავიწყდება და ხასიათზე მოვდივარ“.

დაწერე, ზემოთ მოცემული სამი რჩევიდან რომლის გათვალისწინება გჭირდება ყველაზე მეტად. ․․․․․

როცა უმამოდ ან უდედოდ გიწევს ცხოვრება, სხვადასხვა თვისების გამომუშავების შესაძლებლობა გაქვს და უფრო თანამგრძნობი, უანგარო და საიმედო ხდები. გარდა ამისა, იესომ თქვა: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35). თუ ყოველთვის მხარში ამოუდგები მშობელს, ეს დიდ სიხარულს მოგანიჭებს.

ბუნებრივია, დროდადრო გექნება იმის დიდი სურვილი, რომ მეორე მშობელიც შენ გვერდით იყოს. მაგრამ უნდა შეეგუო მდგომარეობას და ყოველმხრივ ეცადო, რომ სიხარული არ დაკარგო. ასე მოიქცა ნია: «როცა მამა დამეღუპა, ერთმა მითხრა: „შენი ბედნიერება შენს ხელშია“. ეს სიტყვები გონებაში ჩამრჩა და ყოველთვის მახსენებს იმას, რომ მდგომარეობის მსხვერპლი არ უნდა გავხდე». შენც ასე უყურე ცხოვრებას. გახსოვდეს, რომ ბედნიერება თუ უბედურება მდგომარეობაზე არ არის დამოკიდებული. შენი ბედნიერება შენს ხელშია!

წაიკითხე დამატებითი მასალა პირველი ტომის მე-4 თავში.

[სქოლიო]

a მაგალითად, წაიკითხე მეორე კანონის 24:19—21 და ფსალმუნის 68:5.

საკვანძო ბიბლიური მუხლი

მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც (ფილიპელები 2:5).

რჩევა

თუ გრძნობ, რომ საოჯახო საქმეებს ვეღარ აუდიხარ, ტაქტიანად სთხოვე მშობელს:

ჩამოწეროს, ვინ რას გააკეთებს სახლში.

აუცილებლობის შემთხვევაში სხვას დაავალოს ის, რის გაკეთებაც შენ გიჭირს.

იცოდი, რომ . . . ?

ოჯახში სხვადასხვა პასუხისმგებლობის აღება მათზე სწრაფად მოგამზადებს ცხოვრებისთვის, ვისაც ორივე მშობელი ჰყავს და ნაკლები პასუხისმგებლობა აქვს.

რა უნდა გავაკეთო

უარყოფით გრძნობებს რომ მოვერიო ․․․․․

თუ ვინმე ზედმეტად ფრთხილი იქნება ჩემთან საუბრის დროს, ვეტყვი, რომ ․․․․․

რა ვკითხო მშობელს ამ საკითხზე? ․․․․․

როგორ ფიქრობ?

რატომ აქვს ზოგს არასწორი წარმოდგენა მათზე, ვისაც მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავს?

რატომ შეიძლება იკავებდეს მშობელი თავს იმისგან, რომ სახლის საქმეები დაგავალოს?

როგორ გამოხატავ მადლიერებას მშობლის მიმართ?

[ჩანართი 211 გვერდზე]

„მას შემდეგ, რაც დედა და მამა გაშორდნენ, მე და დედას ხშირად გვიწევს საუბარი. ჩვენ ძალიან დავახლოვდით“ (მელანი).

[სურათი 210, 211 გვერდებზე]

თუ თქვენს „გუნდს“ ერთი წევრი აკლია, უფრო მეტად დაიტვირთებით, მაგრამ წარმატებას მაინც მიაღწევთ. მთავარია, ერთ გუნდად იყოთ შეკრული.