რა არის ცუდი ჭორაობაში?
თავი 12
რა არის ცუდი ჭორაობაში?
„ერთ საღამოს მეგობრები ერთად შევიკრიბეთ. მეორე დღეს ხმები გამივრცელეს, რომ იქ ერთ ბიჭთან სექსი მქონდა. მსგავსი არაფერი ყოფილა“ (ლინდა).
„ზოგჯერ სხვებისგან ვიგებ, რომ თურმე ვიღაცას ვხვდები, ვისაც სინამდვილეში საერთოდ არ ვიცნობ. ბევრი ისე ჭორაობს, რომ არც კი ამოწმებს, მართალს ამბობს თუ არა“ (მაიკი).
ჭორაობას ზოგჯერ იმდენად სერიოზული პრობლემები მოჰყვება, რომ თავი შეიძლება მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გმირი გეგონოს. 19 წლის ამბერი ამბობს: „სულ რაღაცას მიგონებენ. ხმები გამივრცელეს, თითქოს ფეხმძიმედ ვიყავი და აბორტი გავიკეთე, ნარკოტიკებით ვვაჭრობდი და მე თვითონაც ვიკეთებდი. წარმოდგენა არა მაქვს, ვის რაში სჭირდება ეს“.
ელექტრონული ფოსტისა და SMS-ების საშუალებით ნებისმიერს შეუძლია ხმის ამოუღებლად თავს ლაფი დაგასხას. რამდენიმე ღილაკზე თითის დაჭერით ჭორი ელვის სისწრაფით აღწევს არაერთ ცნობისმოყვარე ადრესატამდე. ზოგი ვებ-გვერდსაც კი ხსნის იმისათვის, რომ სხვას სახელი გაუტეხოს. ვებ-ლოგებში ზოგჯერ ისეთ რამეს წერენ, რასაც პირისპირ ვერასდროს ეტყოდნენ ერთმანეთს.
ყოველთვის ცუდია სხვებზე ლაპარაკი?
დააფიქსირე შენი აზრი:
სხვებზე ლაპარაკი ნებისმიერ შემთხვევაში ცუდია. □ დიახ □ არა
რომელია სწორი პასუხი? თუ სხვაზე მოგიწევს საუბარი, ამაში თავისთავად ცუდი არაფერია. ბიბლიაც გვირჩევს, რომ სხვების კეთილდღეობით დავინტერესდეთ (ფილიპელები 2:4). ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ საქმეებში ჩავერიოთ (1 პეტრე 4:15). მაგრამ, როგორ დავინტერესდებით სხვების მდგომარეობით, თუ მათზე საერთოდ არ ვილაპარაკებთ? სწორედ ასეთი საუბრების დროს ვიგებთ ბევრ რამეს, მაგალითად იმას, თუ ვინ დაქორწინდა ან ვის შეეძინა ბავშვი.
მაგრამ შემთხვევით ნათქვამ ფრაზას შეიძლება ადვილად გამოაბან კუდები. მაგალითად, უბრალო ფრაზა „გიგა და ლიკა ძალიან მოუხდებოდნენ ერთმანეთს“, სხვამ შეიძლება ასე გაიმეოროს: „გიგა და ლიკა ძალიან უხდებიან ერთმანეთს“. გიგა და ლიკა კი შესაძლოა საერთოდ არ ფიქრობენ ერთმანეთზე. შეიძლება შენთვის ეს პრობლემა არ იყოს, მაგრამ აბა, გიგას და ლიკას ჰკითხე.
ჯული, რომელიც 18 წლისაა, ასეთ ჭორებს ვერ გადაურჩა. ის ამბობს: „ძალიან გავბრაზდი და ვფიქრობდი, ვიღას უნდა ვენდო-მეთქი“. 19 წლის ჯეინიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა. „თავს შორს ვიჭერდი იმ ბიჭისგან, რომელზეც ჭორებს მივრცელებდნენ. არადა ჩვენ კარგი ურთიერთობა გვქონდა და ვიღაცის გულისთვის ერთმანეთთან ლაპარაკსაც უნდა მოვრიდებოდით“.
ენასაც მართვა სჭირდება
როგორ უნდა აკონტროლო ენა? წარმოიდგინე, რომ მანქანით გადატვირთულ გზაზე მიდიხარ. მოულოდნელად შეიძლება საჭირო გახდეს სხვა ზოლზე გადასვლა, სხვა მანქანისთვის გზის დათმობა ან საერთოდ გაჩერება. თუ ყურადღებით ხარ, შორიდანვე გათვლი ყველაფერს და შესაბამისად იმოქმედებ.
იმავეს თქმა შეიძლება საუბრებზეც. როგორც წესი, რთული არაა იმის განსაზღვრა, თუ როდის გადადის საუბარი ჭორაობაში. შეგიძლია ამ დროს „სხვა ზოლზე“
გადასვლა? წინააღმდეგ შემთხვევაში „ავარიულ სიტუაციას“ შექმნი. მიკი იხსენებს: „ერთხელ ერთ გოგოზე ვთქვი, ბიჭებზე გიჟდება-მეთქი. ეს მის ყურამდეც მივიდა. არასოდეს დამავიწყდება მისი ხმა, როცა მითხრა, როგორ ვატკინე გული. ჩვენ შევრიგდით, მაგრამ დღემდე მრცხვენია, ასე რომ მოვიქეცი“.სიტყვებით დიდი ტკივილის მიყენება შეიძლება. ბიბლიაში წერია: „დაუფიქრებელი ლაპარაკი მახვილივით ჭრის“ (იგავები 12:18). ამის გამო უფრო მეტად ღირს იმაზე დაფიქრება, თუ რას ვამბობთ. შეიძლება ადვილი არ იყოს საინტერესო საკითხზე საუბრისას დროულად „დამუხრუჭება“. 17 წლის კაროლინა ამბობს: „ყოველთვის უნდა დაუკვირდე, რას ამბობ. თუ დარწმუნებული არ ხარ სათქმელის სიმართლეში, შეიძლება ტყუილები გაავრცელო“. ამიტომ ასეთ სიტუაციებში გაიხსენე პავლეს რჩევა: „მიზნად დაისახ[ე]თ, რომ მშვიდად იცხოვროთ, მიხედოთ თქვენს საქმეს“ (1 თესალონიკელები 4:11).
როგორ უნდა დაინტერესდე სხვებით ისე, რომ მათ საქმეში არ ჩაერიო? სანამ ვინმეზე რამეს იტყვი, დაფიქრდი: „ნამდვილად ვიცი, რომ ეს ასეა? რატომ მინდა სხვისთვის ამის თქმა? ცუდად ხომ არ იმოქმედებს ეს ჩემს რეპუტაციაზე?“. ბოლო კითხვაზე განსაკუთრებით ღირს დაფიქრება, რადგან თუ ჭორიკანას სახელი გაგივარდა, შენს თავს უფრო მიაყენებ ზიანს, ვიდრე მას, ვისზეც ლაპარაკობ.
როცა შენზე ჭორაობენ
როგორ უნდა მოიქცე, როცა ვინმე გჭორავს? „ნუ იჩქარის შენი სული განაწყენებას“, — გვირჩევს ბიბლია (ეკლესიასტე 7:9). ნუ მიაქცევ ამას ძალიან დიდ ყურადღებას. ბიბლიაში ნათქვამია: „გულთან ნუ მიიტან ყველა სიტყვას, რასაც ხალხი ამბობს . . . ვინაიდან გულის სიღრმეში იცი, რომ შენც არაერთხელ დაგიწყევლია სხვები“ (ეკლესიასტე 7:21, 22).
a.
ბუნებრივია, ჭორაობას არანაირი გამართლება არა აქვს. მაგრამ ძალიან მწვავე რეაგირებამ შეიძლება უფრო ცუდად იმოქმედოს შენს რეპუტაციაზე, ვიდრე თვითონ ჭორმა. რენე კარგ აზრს ამბობს: „როცა ვინმე ჩემზე რამე ცუდს ამბობს, არ მსიამოვნებს. მაგრამ ვცდილობ, გულთან ახლოს არ მივიტანო. ხვალ ის ალბათ სხვაზე და სხვა რამეზე ილაპარაკებს“ასე რომ, ყოველთვის აკონტროლე, თუ საით მიდის საუბარი. და თუ ვინმე შენზე იჭორავებს, შენი რეაქციით აჩვენე, რომ მოწიფული ადამიანი ხარ. შენი სიმართლე საქმით დაამტკიცე (1 პეტრე 2:12). ეს დაგეხმარება იმაში, რომ სხვებთანაც კარგი ურთიერთობა გქონდეს და ღმერთთანაც.
[სქოლიო]
a ზოგჯერ შეიძლება ღირდეს, რომ ტაქტიანად ესაუბრო მას, ვინც შენზე ჭორაობს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ამის საჭიროება არ არის, რადგან „სიყვარული უამრავ ცოდვას ფარავს“ (1 პეტრე 4:8).
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„ვინც თავის ბაგეს დარაჯობს, თავის სულს იცავს, პირმორღვეული კი დაიღუპება“ (იგავები 13:3).
რჩევა
თუ ვინმე ჭორაობას იწყებს, შეგიძლია უთხრა: „ამაზე ლაპარაკი არ მსიამოვნებს. ზურგს უკან ხომ არ ვილაპარაკებთ?!“
იცოდი, რომ . . . ?
თუ ჭორებს ისმენ, შენც დამნაშავე გამოდიხარ. როცა ჭორიკანას არ აჩერებ, ხელს უწყობ ჭორის გავრცელებას.
რა უნდა გავაკეთო
თუ შევატყობ, რომ სხვაზე ლაპარაკის დროს ჭორაობაში გადავდივარ ․․․․․
თუ ჩემზე იჭორავებენ ․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․
როგორ ფიქრობ?
● რა შემთხვევაშია ნორმალური სხვებზე ლაპარაკი?
● უჭორავიათ შენზე? რა გასწავლა ამან?
● რა გავლენას მოახდენს შენს რეპუტაციაზე სხვებზე ჭორაობა?
[ჩანართი 107 გვერდზე]
„ერთხელ ვისზეც ვიჭორავე, ჩემთან მოვიდა და პირზე დამადგა. ეს ჩემთვის კარგი გაკვეთილი იყო. ახლა ვიცი, რომ ჯობია პირდაპირ უთხრა ადამიანს, რისი თქმაც გინდა და ზურგს უკან არ ილაპარაკო“ (პაულა).
[სურათი 108 გვერდზე]
ჭორაობა იარაღივით საშიშია. ჭორაობით შეიძლება სხვის რეპუტაციას ძირი გამოუთხარო.