არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გავერთო კომპიუტერული თამაშებით?

გავერთო კომპიუტერული თამაშებით?

თავი 30

გავერთო კომპიუტერული თამაშებით?

„კომპიუტერული თამაშები მაგარი რამეა. თამაშში ისეთი რაღაცის გაკეთება შეგიძლია, რასაც რეალურ ცხოვრებაში ვერასოდეს გააკეთებ, და თუ გააკეთებ, პრობლემები არ აგცდება“, — ამბობს ბრაიენი. კომპიუტერული თამაშები დებორასაც მოსწონს, მაგრამ ის პრობლემასაც ხედავს: „ეგ არის, რომ დიდი დრო მიაქვს, თან მიჩვევა იცის“.

კომპიუტერული თამაშები მხოლოდ თანამედროვე გასართობი საშუალება როდია. გარდა იმისა, რომ შეგიძლია გაერთო და გამოსცადო შენი შესაძლებლობები, ამ თამაშებმა შეიძლება დადებითად იმოქმედოს უნარ-ჩვევებზე. ზოგიერთი თამაში აუმჯობესებს რეაგირების უნარს, ზოგი კი ავითარებს მათემატიკური აზროვნებისა და კითხვის უნარს. კომპიუტერული თამაშებით გართობა შეიძლება იმიტომაც გსურდეს, რომ სკოლაში ხშირად საუბრობენ უახლეს თამაშებზე და გინდა, შენც გქონდეს სალაპარაკო.

ნამდვილად არსებობს ისეთი თამაშები, რომლებიც საინტერესოც არის და ქრისტიანისთვის მისაღებიც. მთავარია, კარგად შეარჩიო. მაგრამ სიფრთხილე მაინც საჭიროა. რატომ?

საფრთხე არსებობს

სამწუხაროდ, ყველა კომპიუტერული თამაში არ არის უვნებელი. ბევრი თამაში ადამიანს იმისკენ უბიძგებს, რასაც ბიბლია „ხორცის საქმეებს“ უწოდებს და რასაც ღმერთი გმობს (გალატელები 5:19—21).

18 წლის ადრიანი ერთ-ერთ პოპულარულ თამაშს ასე აღწერს: „ბანდების დაპირისპირება, ნარკოტიკები, სექსი, ლანძღვა-გინება, ძალადობა, სისასტიკე და სისხლისღვრა“. ზოგი თამაში აშკარად სპირიტიზმთანაა დაკავშირებული. ახალი თამაში რომ გამოდის, ძველი უკვე უინტერესო ხდება. დღეს შეგიძლია პირდაპირ ინტერნეტში ეთამაშო სხვას, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ამ თამაშებს. 19 წლის ჯეიმზი ამბობს: „შენი კომპიუტერიდან ვისაც გინდა, იმას ეთამაშები სხვა ქვეყანაში“.

ძალიან პოპულარული ხდება თამაშები, რომლებშიც მონაწილე ასრულებს თამაშის პერსონაჟის როლს. ამ თამაშებში მონაწილეებს შეუძლიათ ვირტუალური პერსონაჟების შექმნა. ადამიანების ან ცხოველების სახით ისინი „ცხოვრობენ“ ვირტუალურ სამყაროში ათასობით სხვა მოთამაშესთან ერთად. აქ არის მაღაზიები, მანქანები, სახლები, ღამის კლუბები, საროსკიპოები — ერთი სიტყვით ყველაფერი, რისი ნახვაც რეალურ ცხოვრებაში შეიძლება. თამაშის დროს მონაწილეებს შეუძლიათ ერთმანეთისთვის მომენტალური შეტყობინებების გაგზავნა.

მაფიოზები, სუტენიორები, მეძავები, გამომძალველები, თაღლითები და მკვლელები — ეს არის არასრული სია პერსონაჟებისა, რომლებიც ამ ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობენ. მოთამაშეები ბევრ ისეთ რამეს აკეთებენ, რის უფლებასაც საკუთარ თავს რეალურ ცხოვრებაში არასდროს მისცემდნენ. რამდენიმე ღილაკზე თითის დაჭერა საკმარისია იმისათვის, რომ თამაშის პერსონაჟებმა სექსი დაიწყონ და პარალელურად მოთამაშეებმა ბინძური ფრაზები მისწერონ ერთმანეთს. ზოგ თამაშში შესაძლებელია სქესობრივი კავშირის დამყარება ბავშვების სახით წარმოდგენილ პერსონაჟებთან. ბევრი შეშფოთებულია იმის გამო, რომ ხალხი ასეთი გაუკუღმართებული მოქმედებებით ერთობა.

შენს არჩევანს დიდი მნიშვნელობა აქვს

მან, ვინც ძალადობის ან სექსუალური სცენების შემცველი თამაშებით ერთობა, შეიძლება თავი ასეთი სიტყვებით იმართლოს: „რა პრობლემაა, ეს ხომ რეალურად არ ხდება, უბრალოდ თამაშია“. თავს ნუ მოიტყუებ ასეთი მსჯელობით.

ბიბლიაში წერია: „ყმაწვილი თავისი საქციელით აჩვენებს, სუფთა და მართალია მისი საქმეები თუ არა“ (იგავები 20:11). თუ ასეთი თამაშებით ერთობი, შეიძლება ითქვას შენზე, რომ „სუფთა და მართალი“ ხარ? არაერთი გამოკვლევა ადასტურებს, რომ ძალადობრივი თამაშები უფრო აგრესიულს ხდის ადამიანს. ზოგიერთი სპეციალისტის თქმით, კომპიუტერული თამაშები უფრო დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე, ვიდრე ტელევიზორი, რადგან მოთამაშე აქტიურადაა ჩართული მასში.

ითამაშებ რადიოაქტიური ნარჩენებით? ცხადია, არა. შენ გესმის, რომ მაშინვე თუ არა, ეს მოგვიანებით მაინც იმოქმედებს ცუდად შენს ჯანმრთელობაზე. რადიაციულმა დასხივებამ შეიძლება დააზიანოს კუჭის კედლები. შედეგად ნაწლავებიდან ბაქტერიები სისხლში შეაღწევს, რაც ავადმყოფობის მიზეზი გახდება. ზნეობრივად მსგავს უარყოფით გავლენას მოახდენს შენზე ისეთი თამაშები, რომლებშიც სექსისა და ძალადობის ამსახველი სცენებია. არასწორი სურვილები დაიპყრობს შენს გონებას და ეს შენს საქციელზეც აისახება (ეფესოელები 4:19; გალატელები 6:7, 8).

რომელი ვითამაშო?

თუ მშობლები გაძლევენ კომპიუტერით თამაშის უფლებას, როგორ უნდა განსაზღვრო, თუ რა ითამაშო და რამდენ ხანს? დაფიქრდი შემდეგ კითხვებზე:

მოეწონება იეჰოვას ჩემი არჩევანი? ღვთისთვის სულერთი არ არის, თუ როგორი თამაშით გაერთობი. ფსალმუნის 11:5-ში ნათქვამია: „იეჰოვა ამოწმებს მართალსაც და ბოროტსაც; ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს“. მათზე, ვისაც მაგიასთან აქვს კავშირი, ბიბლიაში წერია: „ამის გამკეთებელი სძულს იეჰოვას“ (კანონი 18:10—12). თუ გსურს ღმერთთან მეგობრობა, უნდა გაითვალისწინო ფსალმუნის 97:10-ში მოცემული რჩევა: „შეიძულეთ ბოროტება“.

როგორ იმოქმედებს ეს თამაში ჩემზე? დაფიქრდი: „ეს თამაში რომ ვითამაშო, გამიადვილდება თუ უფრო გამიჭირდება სიძვისთვის თავის არიდება?“ (1 კორინთელები 6:18). თამაშები, რომლებშიც იქნება ეროტიკული სცენები და საუბრები სექსზე, ნამდვილად ვერ გიბიძგებს იმაზე ფიქრისკენ, რაც მართალი, წმინდა და ზნეობრივია (ფილიპელები 4:8).

რამდენ ხანს ვითამაშებ? ნორმალურმა თამაშმაც კი შეიძლება ძალიან დიდი დრო წაგართვას. ჩაიწერე ხოლმე, რა დროს ხარჯავ თამაშში. გართმევს ის უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის საჭირო დროს? ჩანაწერები დაგეხმარება იმაში, რომ სწორად გადაანაწილო დრო (ეფესოელები 5:16).

ღმერთი არ გთხოვს იმას, რომ მთელი შენი დრო სწავლაში ან საქმეში დახარჯო. ბიბლიაში წერია, რომ არის „სიცილის დრო . . . და ცეკვა-თამაშის დრო“ (ეკლესიასტე 3:4). თუმცა „ცეკვა-თამაშში“ ფიზიკური აქტიურობაც იგულისხმება. ამიტომ კარგი იქნება, თუ თავისუფალ დროს მხოლოდ ეკრანის წინ არ გაატარებ და ისეთი რამითაც გაერთობი, რაც ფიზიკურ აქტიურობას მოითხოვს.

სწორი არჩევანი

კომპიუტერული თამაშებით შეიძლება მართლაც მშვენივრად გაერთო, განსაკუთრებით მაშინ, თუ კარგად თამაშობ. ამიტომაც ღირს თამაშების გონივრულად შერჩევა. ყველაზე კარგად რომელ საგნებს სწავლობ სკოლაში? ალბათ იმ საგნებს, რომლებიც გიყვარს. საერთოდ, რაც მეტად გიყვარს საგანი, მით უფრო დიდ კვალს ტოვებს ის შენზე. ასე რომ, დაფიქრდი შემდეგ კითხვებზეც: „რომელია ჩემი საყვარელი თამაში? რა გავლენას ახდენს ეს თამაში ჩემზე?“

ნუ ითამაშებ მხოლოდ იმიტომ, რომ შენი თანატოლები აკეთებენ ამას. ამ საკითხშიც საკუთარი პრინციპები უნდა გქონდეს. ნურასდროს დაივიწყებ ბიბლიის რჩევას: „ყოველთვის შეამოწმეთ, რა არის მოსაწონი უფლისთვის“ (ეფესოელები 5:10).

მომდევნო თავში

კარგი მუსიკის მოსმენას რა ჯობია. თუმცა მუსიკასაც თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს.

საკვანძო ბიბლიური მუხლი

იეჰოვას მოყვარულნო, შეიძულეთ ბოროტება (ფსალმუნი 97:10).

რჩევა

მოკლედ აღწერე თამაში, რომლითაც გინდა გაერთო. დაწერე, რა არის საჭირო მოსაგებად. შემდეგ დაფიქრდი, შეესაბამება თუ არა თამაშის წესები ამ თავში განხილულ ბიბლიურ პრინციპებს. ბოლოს გადაწყვიტე, ღირს თუ არა თამაში.

იცოდი, რომ . . . ?

2006 წელს ამსტერდამში გაიხსნა მსოფლიოში პირველი სარეაბილიტაციო კლინიკა სპეციალურად მათთვის, ვისაც ინტერნეტ-თამაშების მანია აქვს.

რა უნდა გავაკეთო

თუ ამხანაგი ისეთი თამაშით გართობას შემომთავაზებს, რომელშიც ძალადობრივი და ამორალური სცენებია ․․․․․

კვირაში საათზე მეტს არ ვითამაშებ და ეს რომ შევძლო ․․․․․

რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․

როგორ ფიქრობ?

რა გავლენა შეიძლება მოახდინოს კომპიუტერულმა თამაშებმა მოთამაშის აზროვნებასა და ემოციებზე?

რატომ ღირს იეჰოვას ზნეობრივ ნორმებზე დაფიქრება თამაშის არჩევის დროს?

როგორ დაეხმარები უმცროს დას ან ძმას, თუ იგი ვერ შორდება ისეთ კომპიუტერულ თამაშებს, რომლებიც შენთვის მიუღებელია?

[ჩანართი 249 გვერდზე]

„ზოგი თამაში ისე შეგაჩვევს ძალადობას, ბილწსიტყვაობასა და უზნეობას, რომ შეიძლება რეალურ ცხოვრებაშიც ბევრ დათმობაზე წახვიდე. სანამ რამეს ითამაშებ, კარგად უნდა დაფიქრდე“ (ემი).

[სურათი 250 გვერდზე]

ისეთი თამაშებით გართობა, რომლებშიც ძალადობრივი ან ამორალური სცენებია, ჰგავს რადიოაქტიური ნარჩენებით თამაშს. ადრე თუ გვიან აუცილებლად იჩენს თავს უარყოფითი შედეგები.