არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იაპონიის ფილიალის (მარცხნივ) გასარემონტებლად და ანგოლის ფილიალის (მარჯვნივ) გასაფართოებლად მასშტაბური სამუშაოებია ჩასატარებელი.

ᲠᲐᲡ ᲮᲛᲐᲠᲓᲔᲑᲐ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲨᲔᲡᲐᲬᲘᲠᲐᲕᲔᲑᲘ?

შენობები, რომლებიც სამქადაგებლო საქმის წინსვლას ემსახურება

შენობები, რომლებიც სამქადაგებლო საქმის წინსვლას ემსახურება

2023 ᲬᲚᲘᲡ 20 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ

 ხელმძღვანელი საბჭო ყველანაირად ცდილობს, შემოწირული თანხები ისეთ შენობებს მოხმარდეს, რომლებიც სამქადაგებლო საქმის წინსვლას მოემსახურება. 2023 სამსახურებრივ წელს იეჰოვას მოწმეთა ფილიალებმა 500 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს, რომ მსოფლიო მასშტაბით შეეძინათ, აეშენებინათ ან გაერემონტებინათ დიდი თუ მცირე შეხვედრებისთვის განკუთვნილი დარბაზები. a ამ ხარჯებში არ იგულისხმება ის თანხები, რომლებიც ჩვენს საკუთრებაში მყოფი დარბაზების მოვლა-პატრონობას ხმარდებოდა.

 შემოწირული თანხები აგრეთვე ხმარდება ფილიალების მშენებლობასა და მოვლა-პატრონობას, რაც, თავის მხრივ, სამქადაგებლო საქმის წინსვლას ემსახურება. ბოლო ხანებში ფილიალებში რეორგანიზების შედეგად ბევრი საქმე გამარტივდა და შესაბამისად ხარჯებიც შემცირდა. ამან შესაძლებელი გახადა, რომ დაზოგილი თანხები დარბაზების მშენებლობასა და რეკონსტრუქციას მოხმარდეს. თუმცა ამის მიუხედავად, ფილიალების ადგილმდებარეობის შესაცვლელად, გასარემონტებლად თუ გასაფართოებლად კიდევ დიდი თანხებია საჭირო. რა წვლილი შეაქვთ ფილიალებს სამქადაგებლო საქმეში?

„სარემონტო სამუშაოები … შენობებს ახალ სიცოცხლეს სძენს“

 ზოგი ფილიალის შენობა უკვე 30 ან 40 წელზე მეტი ხნისაა. ნიკოლასი, რომელიც მსოფლიო საპროექტო-სამშენებლო განყოფილებაში მუშაობს, ამბობს: „კარგად მოვლილი შენობაც კი დროთა განმავლობაში ძველდება და ზიანდება. სარემონტო სამუშაოები ასეთ შენობებს ახალ სიცოცხლეს სძენს“.

 ორგანიზაციულმა ცვლილებებმა ბევრი ფილიალის გაფართოების საჭიროება შექმნა. არაერთ ქვეყანაში, სადაც ფილიალები დიდი ხნის წინ აშენდა, მაუწყებელთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა მოხალისეებზე, რომლებიც ბეთელში იმსახურებენ. ამის გამო კი ფილიალების გაფართოება გახდა საჭირო.

 უსაფრთხოებასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამ ბოლო დღეებში სულ უფრო მეტი სტიქიური უბედურება ხდება, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს (ლუკა 21:11). რეკონსტრუქციული სამუშაოებისას უახლესი მეთოდების გამოყენების შედეგად შენობებში უფრო მეტადაა დაცული უსაფრთხოება. ამ ცვლილებებმა შესაძლებელი გახადა, რომ საჭიროებისამებრ, სტიქიით დაზარალებულებს ამ შენობებში გაეწიოთ დახმარება და სტიქიის შემდეგაც კი არ შეფერხდეს სამქადაგებლო საქმე.

„იეჰოვამ აკურთხა ეს გადაწყვეტილება“

 2023 სამსახურებრივ წელს ხელმძღვანელი საბჭოს მითითებით 43 ფილიალში განხორციელდა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში არსებული ფილიალების თითქმის ნახევარში ამა თუ იმ სახის სამუშაოები მიმდინარეობს. ქვემოთ მოცემული ინფორმაციიდან შეიტყობთ, რამდენად მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება.

 ანგოლა. ანგოლის ფილიალის კომიტეტის წევრი, მეთი აღნიშნავს: „საკუთარი თვალით ვიხილეთ, როგორ შესრულდა ანგიას 2:7-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება ჩვენს ქვეყანაში. სულ რაღაც ათ წელიწადში მაუწყებელთა რაოდენობა 60 პროცენტით გაიზარდა. შედეგად, ბეთელის ოჯახის წევრების რიცხვის გასამმაგება გახდა საჭირო. თუმცა არსებული შენობების მასშტაბები საშუალებას არ გვაძლევდა, საჭირო რაოდენობის მოხალისე მოგვეწვია ბეთელში. ამის გამო ბევრ ბეთელელს დამატებით უწევდა მუშაობა“.

ახალი საოფისე სივრცეები (მარჯვნივ) კარგ სამუშაო გარემოს ქმნის.

 გამოიყო სპეციალური ჯგუფი, რომელსაც უნდა გაერკვია, რისი გაკეთება შეიძლებოდა მზარდი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. თავდაპირველად მათ ჩათვალეს, რომ ყველაზე მარტივი გამოსავალი არსებული შენობების გაახლება იქნებოდა. მაგრამ ყველაფრის სათანადოდ შეფასების შედეგად ისინი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ეს თანხების ფუჭი ხარჯვა იქნებოდა. მათი შემოთავაზებით, აჯობებდა, თუ ახლომდებარე შენობას შეიძენდნენ და გაარემონტებდნენ. მეთი იხსენებს: „თავდაპირველად, როცა ახლომდებარე შენობის შესყიდვა და გარემონტება შემოგვთავაზეს, ჩავთვალეთ, რომ ეს კარგი არჩევანი არ იყო. ვშიშობდით, რომ ეს შენობა ისეთი სტანდარტებით არ იქნებოდა აგებული, როგორითაც ჩვენ ვაშენებთ. ახლა კი ვხედავთ, რომ ეს შენობა სრულად აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნილებებს. აშკარაა, რომ იეჰოვამ აკურთხა ეს გადაწყვეტილება“.

ფილიალის ტერიტორიაზე კოტეჯის ტიპის საცხოვრებლები ჩაიდგა, რის შედეგადაც უფრო მეტი მოხალისის დაბინავება გახდა შესაძლებელი.

 ანგოლის ფილიალს სავარაუდოდ კიდევ დასჭირდება გაფართოება. ამჟამად ბეთელის ტერიტორიაზე ახალი შენობის გარდა ჩაიდგა კოტეჯის ტიპის საცხოვრებლები. ფილიალმა ტერიტორიის გარეთაც იქირავა ბინები, ეს ყველაფერი კი დღესდღეობით საშუალებას იძლევა, რომ ქვეყანაში მზარდი მოთხოვნილებები დაკმაყოფილდეს.

ანგოლის სამშენებლო პროექტის განხორციელებაში ქალებიც აქტიურად არიან ჩართული.

 იაპონია. ფილიალის მთავარი შენობები დაახლოებით 40 წლის წინ აშენდა და მას შემდეგ მასშტაბური სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. მართალია, ამ შენობების მოვლა-პატრონობას დიდი ძალისხმევა მოხმარდა, მაგრამ მათ მაინც ამოეწურა ექსპლუატაციის ვადა. ამიტომ იაპონიის ფილიალში ამჟამად ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

 ბოლო წლებში ბეთელში ბევრი რამ შეიცვალა. 2015 წლამდე საჭმელს ძირითადად სამზარეულოს პერსონალი ამზადებდა. ასე რომ, საცხოვრებელ ოთახებში სამზარეულოსთვის ძალიან მცირე ადგილი იყო გამოყოფილი. ამჟამად ბეთელელები უმეტესწილად თავად იმზადებენ საჭმელს. სარემონტო სამუშაოების შედეგად ოთახებში სამზარეულოები გააფართოვეს, რამაც საკვების მომზადების პროცესი გაამარტივა. კუმიკო, რომელიც იაპონიის ფილიალში მსახურობს, ამბობს: „ახლა თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ამან ბევრად გამიადვილა სიახლეებთან შეგუება“.

ახალმა სამზარეულოებმა (მარჯვნივ) ბეთელის ოჯახის წევრებს სადილის მომზადება გაუადვილა.

 იაპონიის ფილიალს უდიდესი წვლილი შეაქვს მსოფლიო სამქადაგებლო საქმეში (მათე 28:19, 20). მთელ მსოფლიოში მხოლოდ ორ ფილიალში იბეჭდება მთლიანი ბიბლია და აქედან ერთ-ერთი იაპონიის ფილიალია. მიმდინარე სარემონტო სამუშაოები ითვალისწინებს სტამბაში ჩამომჭრელი და მტვრის შესაგროვებელი მექანიზმების დამონტაჟებას, რაც იქ მომუშავეთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მართალია, ამ მექანიზმების შესყიდვასა და დამონტაჟებას დაახლოებით მილიონი დოლარი დასჭირდა, მაგრამ ამ სამუშაოების შედეგად კვლავაც შესაძლებელი იქნება, რომ სულიერი საზრდოს ბეჭდვა და მიწოდება შეუფერხებლად გაგრძელდეს.

ჩამომჭრელი და მტვრის შესაგროვებელი მექანიზმები სტამბაში მომუშავეთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

 რეკონსტრუქციის პერიოდში ბიბლიების ბეჭდვა არ შეჩერებულა. ტრეი, რომელიც იაპონიის ფილიალის კომიტეტში მსახურობს, გვიყვება: „სარემონტო სამუშაოების დროს ბევრ ენაზე გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ და შესაბამისად, სამუშაომაც მოიმატა. მოთხოვნა ბიბლიის ეგზემპლარებზე დღითიდღე იზრდებოდა. ახალი მექანიზმების დამონტაჟება და პარალელურად ბეჭდვითი სამუშაოების განხორციელება ბევრი განყოფილების თანამშრომლობას მოითხოვდა“. ხელისშემშლელი ფაქტორების მიუხედავად, 2023 წლის მარტიდან აგვისტოს ჩათვლით ყოველთვიურად დაახლოებით 220 000 ბიბლიის ეგზემპლარი იბეჭდებოდა, და ეს მაშინ, როცა სტამბაში სარემონტო სამუშაოები არ წყდებოდა. სამუშაო პროცესი ისე დასრულდა, რომ დამატებითი ხარჯების გაღება საჭირო არ გახდა.

 რეკონსტრუქციული სამუშაოებისას პრიორიტეტი ენერგიის დაზოგვასაც ენიჭება. დამონტაჟდება მზის ბატარეები, რომლებიც ყოველწლიურად 120 000 დოლარით შეამცირებს ხარჯებს. აგრეთვე დაყენდება სამმაგი მინის ფანჯრები, რომელთა მეშვეობითაც ყოველ წელს დაახლოებით 10 000 დოლარი დაიზოგება. მართალია, ენერგოდამზოგველი მასალები ერთჯერადად ზრდის ხარჯებს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში 3,5 მილიონ დოლარზე მეტი დაიზოგება. ასეთი სისტემების დამონტაჟება ეკოლოგიური თვალსაზრისითაც უფრო გამართლებულია.

ახალი სამმაგი მინის ფანჯრები ხარჯებს მნიშვნელოვნად დაზოგავს.

„ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი“

 ამ ორ ფილიალში განხორციელებულმა პროექტებმა დაგვარწმუნა, რომ კოლოსალური შრომაა საჭირო, რათა ფილიალებმა მაქსიმალურად დააკმაყოფილონ მზარდი მოთხოვნილებები. აარონი, რომელიც მსოფლიო საპროექტო-სამშენებლო განყოფილებაში მსახურობს, ამბობს: „მართალია, ორგანიზაციამ ბევრი პროექტი განახორციელა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი“. როგორ აპირებს ორგანიზაცია ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელებას? აარონი დასძენს: „ძალიან ვაფასებთ, რომ და-ძმები გულუხვად იღებენ შესაწირავებს და მზად არიან, ისე დაგეგმონ თავიანთი ცხოვრება, რომ თავადაც ჩაერთონ სარემონტო სამუშაოებში. მათი ასეთი გულუხვობა და თავდადებული შრომა იმაზე მოწმობს, რომ იეჰოვა აკურთხებს თავის ხალხს“ (ფსალმუნი 110:3).

 სამშენებლო თუ სარემონტო სამუშაოები ნებაყოფლობითი შესაწირავებით ხორციელდება, რომლის გაღებაც შესაძლებელია ვებგვერდზე donate.jw.org. გვინდა, დიდი მადლიერება გამოვხატოთ თქვენდამი, რომ გულუხვად იღებთ შესაწირავს!

a ნაგულისხმებია აშშ დოლარი.