არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ხმარდება თქვენი შესაწირავები?

სანდო და რწმენის განმამტკიცებელი ახალი ამბები

სანდო და რწმენის განმამტკიცებელი ახალი ამბები

2021 წლის 1 დეკემბერი

 იეჰოვას მოწმეები ყოველთვის ინტერესდებიან თანაქრისტიანების მდგომარეობით (1 პეტრე 2:17). ალბათ ბევრი ჩვენგანი დაეთანხმება კენიაში მცხოვრებ და ტანისს, რომელიც ამბობს: „ყოველთვის მაინტერესებს, რა ხდება სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები თანაქრისტიანების თავს“. საიდან იღებენ ჩვენი და-ძმები ახალ-ახალ ინფორმაციას? 2013 წლიდან ამის შესაძლებლობა ჩვენი ვებგვერდის, jw.org-ის მეშვეობით გვეძლევა. ყველა ეს ინფორმაცია თავმოყრილია განყოფილებაში „ახალი ამბები“.

 ამ განყოფილების მეშვეობით ინფორმაციას ვიღებთ ისეთ თემებზე, როგორებიცაა: სხვადასხვა ენაზე ბიბლიის გამოცემა, დაზარალებულთა დახმარება, სამშენებლო პროექტები და იეჰოვას მოწმეებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები. ამავე განყოფილებაში თავსდება ინფორმაცია რწმენის გამო დაპატიმრებული ჩვენი და-ძმების შესახებ და სამქადაგებლო კამპანიებისა და გახსენების საღამოს დროს მომხდარი გამამხნევებელი შემთხვევები. როგორ მზადდება ეს სტატიები?

ახალი ამბების მომზადება

 ახალი ამბების განთავსებაზე მთავარი სამმართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ზრუნავს, რომელსაც ხელმძღვანელი საბჭოს კოორდინატორთა კომიტეტი ზედამხედველობს. ამ საქმეში 100-ზე მეტი და-ძმაა ჩართული, რომელთა შორის ბევრი არ არის ბეთელის ოჯახის წევრი. ზოგი მასალას იკვლევს, ზოგი სტატიებს წერს, ზოგი თარგმნის, ზოგს მხატვრული გაფორმება ავალია, ზოგს კი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მეცნიერ-მუშაკებთან და მედიის წარმომადგენლებთან უწევს ურთიერთობა. ახალი ამბების მომზადებაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მსოფლიო მასშტაბით საზოგადოებასთან ურთიერთობის 80-ზე მეტი განყოფილება უწევს დახმარებას.

 როცა ამ განყოფილებებში მომსახურე ძმები ჩათვლიან, რომ ესა თუ ის შემთხვევა ფართო აუდიტორიისთვისაც საინტერესო იქნება, ამ შემთხვევის ირგვლივ ხდება სანდო ინფორმაციის მოგროვება. ფაქტების შეგროვების პროცესში ისინი ექსპერტების აზრსაც იგებენ და მათგან ინტერვიუებს იღებენ. ამის შემდეგ იწერება სტატია, ხდება მისი კორექტირება და სურათების თანდართვა, ბოლოს კი კოორდინატორთა კომიტეტს ეგზავნება დასადასტურებლად.

მადლიერების სიტყვები

 ფილიპინებში მცხოვრები ერთი და, შერილი, ამბობს: „დილაობით პირველ რიგში ახალ ამბებს ვეცნობი ჩვენი ორგანიზაციის და და-ძმების შესახებ“.

ბევრი მკითხველი ამჩნევს სხვაობას jw.org-სა და სხვა საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებულ ახალ ამბებს შორის. ყაზახეთში მცხოვრები ერთი და, ტატიანა, ამბობს: „ვიცი, რომ ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული ახალი ამბები ყოველთვის სანდო და ობიექტურია. ამას ძალიან ვაფასებ“. მექსიკაში მცხოვრები და, ალმა, აღნიშნავს: „მედიასაშუალებებში გადმოცემული ინფორმაცია მეტწილად ძალიან დამთრგუნველია, რასაც ჩვენს ვებგვერდზე განთავსებულ ახალ ამბებზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. აქ მოცემული ინფორმაცია ყოველთვის მამხნევებს“.

 ახალ ამბებში განთავსებული მასალა სანდოც არის და რწმენასაც გვიძლიერებს. კენიაში მცხოვრები ძმა, ბერნარდი, ამბობს: „ახლა მეტად ვგრძნობ, რომ მსოფლიო საძმო ვართ, ერთი ოჯახის წევრები; შემიძლია ჩემს და-ძმებზე კონკრეტულად ვილოცო და სახელებით მოვიხსენიო“. კიდევ ერთი ჩვენი თანაქრისტიანი კენიიდან, და ბიბრონი, აღნიშნავს: „ყოველთვის მახარებს იმის გაგება, რომ კიდევ ერთ ენაზე გამოიცა ბიბლია. ეს სტატიები შემახსენებს, როგორი მიუკერძოებელი ღმერთია იეჰოვა“.

 ჩვენთვის იმ და-ძმების ისტორიების კითხვაც გამამხნევებელია, რომლებიც დევნას ხვდებიან. კიდევ ერთი და კენიიდან, ჟაკლინი, თავის გრძნობებს გვიზიარებს: „ამ და-ძმების სიმტკიცეზე ფიქრი რწმენას მიძლიერებს. განსაკუთრებით იმას ვაქცევ ხოლმე ყურადღებას, რა აძლევს მათ მოთმინების ძალას. ახლა უფრო მეტად ვხედავ, რა ძალა აქვს ლოცვას, ბიბლიის კითხვას და ჩვენი სიმღერების მღერას, რისი გაკეთებაც რთული ნამდვილად არაა“.

„ახალი ამბები“ გვეხმარება, კონკრეტულად ვილოცოთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ და-ძმებზე.

 კოსტა-რიკაში მცხოვრები ერთი და, ბეატრისი, განსაკუთრებით დაზარალებული და-ძმების შესახებ სტატიებით ინტერესდება. ის აღნიშნავს: „ახალი ამბებიდან ვიგებ, როგორ ზრუნავს ჩვენი ორგანიზაცია დაზარალებულ და-ძმებზე. ვხედავ, რომ ძმები დაუყოვნებლივ რეაგირებენ და საჭირო სულიერ და ფიზიკურ დახმარებას უწევენ მათ. ეს მარწმუნებს, რომ ნამდვილად იეჰოვას ორგანიზაციაში ვარ“.

 გვიხარია, რომ ყოველთვის ახალ ამბებს ვიგებთ მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში მცხოვრები ჩვენი და-ძმების შესახებ. ამ ამბების მოსამზადებლად საჭირო თანხები სწორედ თქვენ მიერ გაღებული შესაწირავების მეშვეობით იფარება. მადლობა თქვენი გულუხვი შესაწირავებისთვის, რომელსაც ვებგვერდზე donate.jw.org სხვადასხვა სახით იღებთ.