ᲠᲐᲡ ᲮᲛᲐᲠᲓᲔᲑᲐ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲨᲔᲡᲐᲬᲘᲠᲐᲕᲔᲑᲘ?
იეჰოვას მოწმეების დარბაზების მოვლა-პატრონობა
1 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2024
„ძალიან მიყვარს ჩვენი დარბაზი. როცა აქ მოვდივარ, სულიერ ოჯახში ვარ“, – ამბობს კოლუმბიაში მცხოვრები ახალგაზრდა და, ნიკოლი. თქვენც იგივეს ფიქრობთ?
მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები დაახლოებით 63 000 დარბაზში იკრიბებიან და თაყვანს სცემენ ღმერთს. ერთი კოლუმბიელი პიონერი, სახელად დავიდი, აღნიშნავს: „დარბაზები მიმზიდველად წარმოაჩენს ცნობას, რომელსაც ვქადაგებთ. ბევრი სტუმარი გაოცებულია, როგორი სუფთა და მოვლილია ეს შენობები.“ თუმცა ეს თავისთავად არ ხდება. ამისთვის და-ძმები ძალიან ბევრს შრომობენ. ვნახოთ რას აკეთებენ ისინი.
Როგორ ეწევა ორგანიზება დარბაზების მოვლა-პატრონობას?
კრებები თავადვე ზრუნავენ იმ დარბაზების მოვლა-პატრონობაზე, რომლებშიც შეხვედრებს ატარებენ. რეგულარულად ასუფთავებენ მათ, ატარებენ პროფილაქტიკურ სამუშაოებს და აღადგენენ მცირე დაზიანებებს.
ადგილობრივი საპროექტო-სამშენებლო განყოფილება ნიშნავს ძმებს მომსახურების ინსტრუქტორებად, რათა კრებებს დაეხმარონ დარბაზების მოვლაში. თითოეული მომსახურების ინსტრუქტორი ზრუნავს 6-დან 10-მდე დარბაზზე. ის ინახულებს დარბაზებს და კრების წევრებს ასწავლის, როგორ მოუარონ შენობებს. სამ წელიწადში ერთხელ მომსახურების ინსტრუქტორი ამოწმებს შენობას, მის უსაფრთხოებას და ადგენს, რა საჭიროებს შეკეთებას.
და-ძმებს ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია მომსახურების ინსტრუქტორის მიერ ჩატარებული ტრენინგები. ერთი ინდოელი და, ინდუმატი ამბობს: „Ძალიან კარგი ტრენინგი იყო. ვისწავლეთ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ დარბაზი ყოველთვის კარგ მდგომარეობაში იყოს“. კენიელი ძმა, ევანსი კი გვიზიარებს: „დავინახეთ, რომ თუ პატარა პრობლემებს მაშინვე მივაქცევთ ყურადღებას, თავიდან ავიცილებთ ბევრად დიდ ხარჯებს“.
როგორ იფარება ხარჯები?
თითოეული დარბაზის მოვლა-პატრონობა ყოველწლიურად ასობით ან ათასობით დოლარი ჯდება. a ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სად მდებარეობს დარბაზი, რამდენი ხნის აშენებულია და რამდენი კრება იყენებს მას. როგორ იფარება აღნიშნული ხარჯები?
დარბაზების მოვლა-პატრონობისთვის საჭირო ყველანაირი ხარჯის დაფარვა შესაწირავებით ხდება. ერთი ყაზახი ძმა, ალექსანდრე ამბობს: „შემოწირული თანხების ნაწილით იფარება ინტერნეტის ხარჯები და კომუნალური გადასახადები. აგრეთვე ხდება სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებისა და დასუფთავების საშუალების შეძენა. Მაგალითად, ქაღალდის ხელსახოცი, ხელთათმანი, საღებავი თუ სხვა რამ“. შემოწირული თანხების დარჩენილი ნაწილი იგზავნება მსოფლიო საქმის მხარდასაჭერად და ხმარდება უფრო ფართომასშტაბურ და მაღალბიუჯეტიან პროექტებს.
დიდი პროექტები
თუ იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზში ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების ხარჯი იმაზე მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ მისი მოვლა-პატრონობისას ორი ან სამი თვის განმავლობაში იხარჯება, უხუცესები უკავშირდებიან მომსახურების ინსტრუქტორს. ადგილობრივი საპროექტო-სამშენებლო განყოფილების თანხმობის შემთხვევაში, პროექტისთვის თანხები ჩვეულებრივ გამოიყოფა მთელ მსოფლიოში ჩვენი საქმიანობისთვის გაღებული შესაწირავებიდან. 2023 სამსახურებრივი წლის განმავლობაში 8 793 ასეთი პროექტი განხორციელდა, რომელზეც 76,6 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ქვემოთ ვისაუბრებთ ორ პროექტზე.
ანგოლაში 15 წლის წინ აშენებულ ერთ-ერთ დარბაზში მთელი რიგი სარემონტო სამუშაოები იყო ჩასატარებელი. მთლიანად იყო გამოსაცვლელი ელექტროგაყვანილობა, კედლები არაერთგან იყო გაბზარული და სანიაღვრე სისტემაც ისე იყო მოშლილი, რომ მეზობლებს წყალი შესდიოდათ. ადგილობრივმა საპროექტო-სამშენებლო განყოფილებამ იზრუნა, რომ ყველა პრობლემა გადაჭრილიყო. პროექტის ფარგლებში დაიხარჯა 9 285 დოლარი. მეზობლებიც კმაყოფილები დარჩნენ. მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ შესრულდა ეს საქმე.
Პოლონეთის ერთ-ერთ დარბაზში სახურავიდან წყალი წვეთავდა და ხალიჩაც მთლიანად შესაცვლელი იყო. ადგილობრივი საპროექტო-სამშენებლო განყოფილების ნებართვით, შეკეთდა სახურავი და ხალიჩაც მთლიანად გამოიცვალა. პროექტზე დაიხარჯა 9 757 დოლარი. აღნიშნული პროექტის წყალობით რამდენიმე წლის განმავლობაში ამ დარბაზში აღარ იქნება საჭირო სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
Მოვლილი შენობები იეჰოვას განადიდებს
იეჰოვას მოწმეების დარბაზების მოვლა-პატრონობის მიზანი არა მხოლოდ თანხის დაზოგვა, არამედ, რაც მთავარია, იეჰოვას განდიდებაა. ტონგაში მცხოვრები ერთი ძმა, შონი ამბობს: „სუფთა და კარგად მოვლილი, მოწესრიგებული დარბაზები გარეშეთა თვალში განადიდებს იეჰოვას სახელს. კრების შეხვედრებზეც სიამოვნებით ვეპატიჟებით მათ“.
თქვენ რისი გაკეთება შეგიძლიათ?
ყველას შეგვიძლია ჩვენ-ჩვენი წვლილი შევიტანოთ თაყვანისცემის ადგილების მოვლა-პატრონობაში. მარინო, რომელიც ავსტრალიაში მომსახურების ინსტრუქტორად მსახურობს, ამბობს: „დიდ პატივად მივიჩნევთ დარბაზების მოვლა-პატრონობაში მონაწილეობის მიღებას. ასეთი სახით საგრძნობლად იზოგება შეწირული თანხები და შესაძლებელი ხდება მათი გამოყენება სხვა პროექტებისთვის“.
ერთი ინდოელი ძმა ჯოელი, რომელიც სიამოვნებით ზრუნავს დარბაზის მოვლა-პატრონობაზე, გვიზიარებს: „Როცა და-ძმებთან ერთად ვმუშაობ ხოლმე, თავი ახალ ქვეყნიერებაში მგონია“. Ნიკოლი, რომელიც ზემოთაც მოვიხსენიეთ, ამბობს: „ამას წინათ, როცა ძმები საპირფარეშოში დაზიანებულ მილებს აკეთებდნენ, მე იატაკს ვწმენდდი, ფეხი რომ არავის დასცდენოდა. მართალია ძირითადი პრობლემა მე არ მომიგვარებია, მაგრამ მცირეოდენი წვლილი მაინც შევიტანე ამ საქმეში“.
თუ გსურთ, მონაწილეობა მიიღოთ დარბაზის მოვლა-პატრონობაში, გაესაუბრეთ თქვენი კრების უხუცესებს. თქვენ მიერ გაღებული შესაწირავები ხმარდება არა მხოლოდ ადგილობრივ დარბაზს, არამედ მთელ მსოფლიოში არსებულ იეჰოვას მოწმეთა დარბაზებს. შესაწირავების გაღება შეგიძლიათ ადგილობრივ დარბაზებში ან ვებსაიტის donate.jw.org მეშვეობით. ძალიან ვაფასებთ თქვენს ხელგაშლილობას.
a ამ სტატიაში მოხსენიებულ დოლარში იგულისხმება აშშ დოლარი.