არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲔᲚᲤᲠᲘᲓᲔ ᲐᲠᲑᲐᲜᲘ | ᲐᲕᲢᲝᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ

მისიონერულ მსახურებას კმაყოფილებით აღსავსე ცხოვრება მოაქვს

მისიონერულ მსახურებას კმაყოფილებით აღსავსე ცხოვრება მოაქვს

დავიბადე ჩეხოსლოვაკიაში 1939 წლის 11 დეკემბერს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ. ჩემი დაბადებიდან ორი კვირის შემდეგ დედა მშობიარობის შემდგომი გართულებების გამო გარდაიცვალა. იმ პერიოდში მამაჩემი გერმანიაში იყო გადასული სამუშაოდ. საბედნიეროდ, დედაჩემის მშობლებმა მიშვილეს. იმ დროს ისინი თავიანთ სამ მოზარდ ქალიშვილზეც ზრუნავდნენ.

პაპა-ბებიასთან ერთად

 1945 წელს ომი დასრულდა, თუმცა ომის შემდგომი პერიოდი საკმაოდ მძიმე იყო. ჩვენ გერმანელები ვიყავით, ამიტომ ჩეხოსლოვაკიიდან გერმანიაში გადაგვასახლეს, სადაც ქალაქები ნანგრევებად იყო ქცეული და ხალხი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. ზოგჯერ ჩემს დეიდებს მთელი ღამე რიგში დგომა უწევდათ მცირეოდენი საკვებისთვის. ზოგჯერ კი ტყეში მივდიოდით, რომ მაყვალი და სოკო შეგვეგროვებინა და შემდეგ პურში გადაგვეცვალა. საკვები იმდენად ცოტა იყო, რომ ხალხი შინაურ ცხოველებს იპარავდა და ჭამდა. ბევრჯერ დაგვიძინია მშივრებს.

ვიგებთ ჭეშმარიტებას

 ჩემი პაპა-ბებია კათოლიკეები იყვნენ, თუმცა სახლში ბიბლია არ გვქონდა. პაპაჩემმა ადგილობრივ მღვდელს სთხოვა, მისთვის ბიბლია მიეყიდა. მღვდელმა უარი განუცხადა და უთხრა, რომ მრევლისთვის ბიბლიის კითხვა საჭირო არ იყო და წირვა-ლოცვის მოსმენა სრულიად საკმარისი იქნებოდა. შედეგად, პაპაჩემს ღმერთზე ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაუგროვდა.

 შვიდი წლის ვიყავი, როდესაც სახლში იეჰოვას მოწმეებმა მოგვაკითხეს. მათ პაპაჩემის შეკითხვებს სამებაზე, ჯოჯოხეთსა და სიკვდილზე ბიბლიიდან გასცეს პასუხები. მოსმენილმა პაპაჩემი დაარწმუნა, რომ ჭეშმარიტება იპოვა. ბიბლიის შესწავლა მთელმა ოჯახმა დავიწყეთ.

ვისახავ მიზანს

 ღმერთი პატარაობიდანვე შევიყვარე. მიყვარდა სტატიების კითხვა მისიონერებზე, რომლებიც დაშორებულ ტერიტორიებზე მსახურობდნენ. მაინტერესებდა, როგორი იყო მათი ცხოვრება და იმ ხალხთან ქადაგება, ვისაც არასდროს გაეგო იეჰოვას შესახებ.

ცოტა ხნით ადრე, სანამ მისიონერულ მსახურებას დავისახავდი მიზნად.

 12 წლისამ მისიონერული მსახურება დავისახე მიზნად და მაშინვე შევუდექი ამისთვის მზადებას. ძალ-ღონეს არ ვიშურებდი, რომ გულმოდგინე მქადაგებელი გავმხდარიყავი. 1954 წლის 12 დეკემბერს მოვინათლე და მალევე ჩავები პიონერულ მსახურებაში. დასახულ მიზანსაც უფრო და უფრო ვუახლოვდებოდი.

 ვიცოდი, რომ თუ მინდოდა, სკოლა „გალაადი“ გამევლო, ინგლისური უნდა მესწავლა. ამიტომაც ამ ენის სწავლას შევუდექი. ვფიქრობდი, რომ, თუ გერმანიაში მყოფ ამერიკელ ჯარისკაცებს გავესაუბრებოდი, ინგლისურში კარგ პრაქტიკას გავივლიდი. ერთხელაც ერთ სამხედროსთან მივედი და ვუთხარი: „მე ქრისტე ვარ“. მან შემომხედა და თბილად მიპასუხა: „შენ ალბათ იმის თქმა გინდოდა, რომ ქრისტიანი ხარ“. მაშინ მივხვდი, რომ ინგლისურად არც ისე კარგად ვლაპარაკობდი, როგორც მეგონა.

 სადღაც 20 წლის ვიქნებოდი, საცხოვრებლად ინგლისში რომ გადავედი. დილაობით მოწმეების ოჯახში ძიძად ვმუშაობდი. შუადღეს კი კარდაკარ ვმსახურობდი, რაც შესანიშნავი შესაძლებლობა იყო, დამეხვეწა ინგლისური. ერთი წლის შემდეგ გაცილებით უკეთ ვფლობდი ამ ენას.

 შემდეგ გერმანიაში დავბრუნდი. 1966 წლის ოქტომბერში ქალაქ მეხერნიხში გამგზავნეს, რომ იქ სპეციალურ პიონერად მემსახურა. ხალხი ბუნებით ისეთივე ცივი იყო, როგორც იქაური ამინდი. სახლში არასდროს გვეპატიჟებოდნენ, მაშინაც კი, როცა გარეთ საშინელი ყინვა იყო. ლოცვაში ხშირად ვთხოვდი ღმერთს: „იეჰოვა, თუ ოდესმე საშუალებას მომცემ, მისიონერად ვიმსახურო, გთხოვ, თბილ ქვეყანაში გამიშვი“.

ვაღწევ დასახულ მიზანს

 სპეციალურ პიონერად მსახურება რამდენიმე თვის დაწყებული მქონდა, როცა იეჰოვამ ოცნება ამისრულა. სკოლა „გალაადის“ 44-ე კლასში მიმიწვიეს, რომელიც 1967 წლის 10 სექტემბერს დავამთავრე. იცით, სად გამიშვეს მისიონერად? ულამაზეს ტროპიკულ ქვეყანაში, ნიკარაგუაში (ცენტრალური ამერიკა). იმ ქვეყანაში მომსახურე მისიონერები მე და ჩემს სამ პარტნიორს ძალიან თბილად დაგვხვდნენ. თავი პავლე მოციქულივით ვიგრძენი, რომელმაც ძმების დანახვაზე „ღმერთს მადლობა შესწირა და გამხნევდა“ (საქმეები 28:15).

მე (მარცხნივ) და ფრანსის და მარგარეტ შიპლიები სკოლა „გალაადში“

 წყნარ ქალაქ ლეონში დავიწყე მსახურება. გადავწყვიტე, ესპანური, რაც შეიძლებოდა მალე მესწავლა. მიუხედავად იმისა, რომ ორი თვის განმავლობაში დღეში 11 საათს ვმეცადინეობდი, ენის შესწავლა მაინც გამიჭირდა.

 ერთხელ ერთმა ქალმა ხილის წვენი შემომთავაზა. მეგონა ვუპასუხე, რომ მხოლოდ გაფილტრულ წყალს ვსვამდი, სინამდვილეში კი მითქვამს, რომ მხოლოდ ნაკურთხ წყალს ვსვამდი. საბედნიეროდ, დროთა განმავლობაში ესპანურად საუბარი უკეთესად დავიწყე.

მე და მარგერიტი, რომელთანაც 17 წელი ვთანამშრომლობდი.

 ხშირად ბიბლიის შესწავლებს ოჯახის ყველა წევრი იწყებდა. ლეონში თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი, ამიტომ სიამოვნებით ვატარებდი ბიბლიის შესწავლებს საღამოობითაც. ზოგჯერ შესწავლა ღამის 10 საათამდეც გაგრძელებულა. ქალაქში თითქმის ყველას ვიცნობდი სახელით. სახლში რომ ვბრუნდებოდი, მეზობლებს გამოველაპარაკებოდი ხოლმე, რომლებიც თავიანთი სახლების წინ სარწეველა სავარძლებში ისხდნენ და სუფთა ჰაერზე ისვენებდნენ.

 ლეონში რამდენიმე ადამიანს დავეხმარე ბიბლიის შესწავლაში. მათ შორის იყო ნუბია, რომელსაც რვა ბიჭი ჰყავდა. მას ბიბლიას 1976 წლამდე ვასწავლიდი, მანამ, სანამ მსახურებისთვის მანაგუაში გამგზავნიდნენ. 18 წლის განმავლობაში მათთან კონტაქტს ვერ ვახერხებდი. ერთხელაც ლეონში ჩავედი კონგრესზე დასასწრებად. შესვენებაზე გარს ბიჭების ჯგუფი შემომეხვია. ჩემდა გასაკვირად ისინი ნუბიას შვილები აღმოჩნდნენ. ძალიან გამახარა იმის გაგებამ, რომ ნუბიამ ყველა ვაჟი ჭეშმარიტებაში აღზარდა.

მისიონერული მსახურება მძიმე ვითარებაში

 1970-იანი წლების მიწურულს მთელ ნიკარაგუაში დაიწყო სოციალური და პოლიტიკური არეულობა. ამის მიუხედავად, ქადაგებას არ ვწყვეტდით. ქალაქ მასაიაში, რომელიც დედაქალაქის სამხრეთით მდებარეობდა, ხშირად ვაწყდებოდით საპროტესტო აქციებს და შეიარაღებულ დაჯგუფებებს. ერთ საღამოს, კრების შეხვედრაზე ყოფნის დროს, დარბაზთან ახლოს სანდინისტებმა და სამართალდამცავებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. a ბრმა ტყვია რომ არ მოგვხვედროდა, ყველანი იატაკზე დავწექით.

 მსგავსი შემთხვევა სხვა დროსაც მომხდარა. ერთხელ მსახურების დროს შევესწარი, თუ როგორ ესროდა ნიღბიანი სანდინისტი დაცვის თანამშრომელს. გაქცევას შევეცადე, მაგრამ ყველგან ნიღბიანები იდგნენ. ამ დროს მთავრობის ვერტმფრენებიდან მათ ტყვიები დაუშინეს. მოულოდნელად ერთმა კაცმა სახლის კარი გააღო და შიგნით შემათრია. მივხვდი, რომ იეჰოვამ გადამარჩინა.

ქვეყნიდან გაძევება

 მასაიაში 1982 წლის 20 მარტამდე ვმსახურობდი. ეს დღე არასდროს დამავიწყდება. იმ დილით მე და სხვა მისიონერები საუზმისთვის ვემზადებოდით, როცა უეცრად, უკანა ეზოდან ავტომატებით შეიარაღებული სანდინისტების ჯგუფი შემოიჭრა სასადილო ოთახში. ერთმა მათგანმა გვიბრძანა: „ერთ საათს გაძლევთ, ჩაალაგეთ თითო ჩემოდანი და გამოგვყევით!“.

 ჯარისკაცებმა ფერმაში წაგვიყვანეს. იქ რამდენიმე საათი გაგვაჩერეს. ოთხი ჩვენგანი პატარა ავტობუსში ჩაგვსვეს და კოსტა-რიკის საზღვართან მიგვიყვანეს. მოკლედ რომ ვთქვათ, ქვეყნიდან გაგვაძევეს. მთლიანობაში, ქვეყანა 21 მისიონერს დაატოვებინეს.

 კოსტა-რიკაში ძმებმა თავისთან წაგვიყვანეს. მომდევნო დღეს სან-ხოსეს ფილიალში მივედით, თუმცა იქ დიდხანს არ დავრჩენილვართ. ათი დღის შემდეგ რვა მისიონერი ჰონდურასში გაგვგზავნეს საქადაგებლად.

ჰონდურასში მსახურება

 ჰონდურასში, ქალაქ ტეგუსიგალპაში დავიწყე მსახურება, სადაც მხოლოდ ერთი კრება იყო. ამ ტერიტორიაზე 33 წელი ვიმსახურე. ამ დროში კიდევ შვიდი კრება ჩამოყალიბდა. სამწუხაროდ, დროის სვლასთან ერთად ტეგუსიგალპაში დამნაშავეობამ იმატა. მეც არაერთხელ გავმხდარვარ ქურდობის მსხვერპლი. ხშირად მხვდებოდნენ ბანდის წევრები და ფულს მთხოვდნენ, მე კი ვპასუხობდი, რომ ფულზე უფრო ძვირფასი რამ მქონდა და მათ ბუკლეტს ან ჟურნალს ვაძლევდი. სხვათაშორის, ეს ყოველთვის ჭრიდა და მშვიდობით ვცილდებოდი იქაურობას.

 მოსახლეობის უმეტესობა მშვიდობიანი და კეთილი იყო. ზოგიერთ მათგანს პირადად დავეხმარე ბიბლიის შესწავლაში, მაგალითად, ერთ-ერთი იყო ბეტი. თავიდან მეგონა, სულიერად წინ მიიწევდა, მაგრამ ერთ დღესაც მითხრა, რომ უნდოდა, ევანგელისტი გამხდარიყო. გული დამწყდა, თუმცა ორი წლის შემდეგ ბეტიმ კვლავ მოისურვა ბიბლიის შესწავლის გაგრძელება. ალბათ გაინტერესებთ, რატომ. როგორც მან თქვა, ენატრებოდა ის სიყვარული, რომელსაც კრებაში გრძნობდა (იოანე 13:34, 35). მან მითხრა: „არა აქვს მნიშვნელობა ადამიანი მდიდარია თუ ღარიბი, შეხვედრებზე თქვენ ყველას თბილად იღებთ. სხვებს არ გავხართ“. რაღაც დროის შემდეგ ბეტი მოინათლა.

 ტეგუსიგალპაში მდებარე მისიონერთა სახლმა 2014 წელს შეწყვიტა ფუნქციონირება. ამის შემდეგ მსახურებისთვის პანამაში გამგზავნეს. ახლა მისიონერთა სახლში ოთხ გამოცდილ მისიონერთან ერთად ვცხოვრობ.

სულიერი მიზნების მიღწევას ნამდვილი ბედნიერება სდევს თან

 უკვე დაახლოებით 55 წელია, რაც მისიონერად ვმსახურობ. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, იმდენს ვეღარ ვაკეთებ, რამდენსაც ადრე. თუმცა იეჰოვა მეხმარება, რომ კვლავაც ვასწავლო სხვებს ჭეშმარიტება.

 შემეძლო ცხოვრებაში სხვა გზა ამერჩია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ვერცერთი საქმე ვერ მომიტანდა ამხელა ბედნიერებას. 50-ზე მეტ ადამიანს დავეხმარე ჭეშმარიტების გაგებაში და უამრავი ძვირფასი მეგობარი შევიძინე. ამ დიდ სულიერ ოჯახთან ერთად მხარს მიჭერს ჩემი საყვარელი დეიდა სტეფიც, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს.

 მიუხედავად იმისა, რომ არ დავოჯახებულვარ, თავი მარტოდ არასდროს მიგრძნია. იეჰოვას არასდროს მივუტოვებივარ. მეგობრებიც მუდამ მხარში მიდგანან, მაგალითად, მარგერიტ ფოსტერი, რომელიც 17 წელი მიწევდა პარტნიორობას მისიონერულ მსახურებაში. ჩვენ ერთად ბევრი საინტერესო რამ გადაგვხდა და დღემდე ახლო მეგობრები ვართ (იგავები 18:24).

 ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ მთელი ჩემი ცხოვრება იეჰოვას მსახურებაში გავატარე. ავიხდინე ბავშვობის ოცნებაც; ამ მიზნისკენ სწრაფვისას თავს არაერთი სასიამოვნო თავგადასავალი გადამხდა. ძალიან ბედნიერი ვარ და მოუთმენლად ველი იმ დროს, როდესაც იეჰოვას მარადიულად ვემსახურები.

a სანდინისტების ეროვნულ-განმათავისუფლებელმა ფრონტმა ნიკარაგუაში ძალაუფლება 1970-იანი წლების მიწურულს მოიპოვა. მათ დაამხეს დინასტია, რომელიც ქვეყანას 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდა.