მთავარი თემა | არსებობს იმედი გარდაცვლილთათვის?
რა ხდება სიკვდილის შემდეგ?
„მეგონა, რომ ადამიანები სიკვდილის შემდეგ ზეცაში, ჯოჯოხეთში ან განსაწმენდელში მიდიოდნენ. ვიცოდი, რომ არც ისეთი კარგი ვიყავი, რომ ზეცა დამემკვიდრებინა, მაგრამ არც ისეთი ცუდი, რომ ჯოჯოხეთში წავსულიყავი. ბოლომდე არ მესმოდა, რა იყო განსაწმენდელი. ბიბლიაში მის შესახებ არასოდეს წამეკითხა; უბრალოდ ხალხისგან მქონდა მოსმენილი“ (ლიონელი).
„მასწავლიდნენ, რომ სიკვდილის შემდეგ ყველა ადამიანი ზეცაში მიდის, მაგრამ ამის ბოლომდე არ მჯეროდა. ვფიქრობდი, რომ სიკვდილით ყველაფერი მთავრდებოდა და მკვდრებს არანაირი მომავალი არ გააჩნდათ“ (ფერნანდო).
გიფიქრიათ ოდესმე, სინამდვილეში რა ხდება სიკვდილის შემდეგ? იტანჯებიან ჩვენთვის საყვარელი გარდაცვლილი ადამიანები? ვიხილავთ მათ ოდესმე? და თუ დიახ, რა გვარწმუნებს ამაში? განვიხილოთ, სინამდვილეში რას ასწავლის წმინდა წერილები ამ საკითხთან დაკავშირებით. პირველ რიგში გავიგოთ, რას ამბობს ბიბლია სიკვდილზე, შემდეგ კი ვისაუბროთ იმაზე, თუ რა იმედი არსებობს გარდაცვლილთათვის.
რა მდგომარეობაში არიან მკვდრები?
ბიბლია გვპასუხობს: „ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან; არც საზღაური მიეზღვებათ, რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას ეძლევა. ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებ, აკეთე მთელი შენი ძალით, რადგან არც საქმე, არც ჩანაფიქრი, არც ცოდნა და არც სიბრძნე არ არის სამარეში, სადაც მიდიხარ“ * (ეკლესიასტე 9:5, 10).
მარტივად რომ ვთქვათ, სამარე არის ადგილი, სადაც ადამიანები სიკვდილის შემდეგ მიდიან. ეს არის სიმბოლური ადგილი ან მდგომარეობა, სადაც მკვდრები უგრძნობ და უმოქმედო მდგომარეობაში არიან. როგორ წარმოედგინა ღვთის ერთგულ იობს სამარე? მას ყველა უბედურება ერთ დღეში დაატყდა თავს, დაკარგა მთელი ქონება, დაეხოცა შვილები და ბოლოს მთელ სხეულზე წყლული მოედო, რაც საშინლად ტანჯავდა. ის ღმერთს ევედრებოდა: „ნეტავ დამმალავდე სამარეში [„ჯოჯოხეთში“, კათოლიკური „დუეს ბიბლია“], დამიფარავდე“ (იობი 1:13—19; 2:7; 14:13). აშკარაა, რომ იობისთვის სამარე არ იყო ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი, სადაც ის უფრო მეტად დაიტანჯებოდა, არამედ — ადგილი, სადაც შვებას იგრძნობდა.
არსებობს კიდევ ერთი მხარე, საიდანაც ვიგებთ, თუ რა მდგომარეობაში არიან მკვდრები. განვიხილოთ მკვდრეთით აღდგომის რვა შემთხვევა, რომელიც ღვთივშთაგონებით ბიბლიაში ჩაიწერა. იხილეთ ჩარჩო „ ბიბლიაში ჩაწერილი მკვდრეთით აღდგომის რვა შემთხვევა“.
მკვდრეთით აღდგომის შემდეგ არც ერთ მათგანს არ უთქვამს, რომ ისინი სადმე ნეტარებას განიცდიდნენ ან იტანჯებოდნენ. თუ ეს ადამიანები მსგავს ადგილას იქნებოდნენ, ნუთუ ხალხს არ უამბობდნენ მასზე? და განა ღვთივშთაგონებით ბიბლიაში არ ჩაიწერებოდა, რათა ყველას გაეგო ამის შესახებ? ბიბლიაში მსგავსი არაფერია ნათქვამი. როგორც ჩანს, მათ მოსაყოლი არაფერი ჰქონდათ, რადგან ისინი უგრძნობ მდგომარეობაში იყვნენ, თითქოს ღრმად ეძინათ. ბიბლიაში ზოგჯერ სიკვდილი ძილთან არის შედარებული. მაგალითად, ღვთის ერთგულ დავითსა და სტეფანეზე ნათქვამია, რომ მათ „სიკვდილის ძილით“ დაიძინეს (საქმეები 7:60; 13:36).
რა იმედი არსებობს გარდაცვლილთათვის? შესაძლებელია მათი „სიკვდილის ძილისგან“ გამოღვიძება?
^ აბზ. 7 ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ებრაული სიტყვა „შეოლისა“ და ბერძნული სიტყვა „ჰადესის“ ნაცვლად გამოყენებულია სიტყვა „სამარე“. ბიბლიის ზოგი თარგმანი იყენებს სიტყვა „ჯოჯოხეთს“. მაგრამ სწავლება ცეცხლოვანი საწამებელი ადგილის შესახებ არაბიბლიურია.