გაუსინჯეთ გემო სიცოცხლის პურს?
უძველესი ქალაქის, ბეთლემის დათვალიერებამ დაღლილ ტურისტებს შიმშილის გრძნობა გაუმძაფრა; გადაწყვიტეს, რაღაც ადგილობრივი საჭმელი გაესინჯათ. ერთმა ტურისტმა შენიშნა, რომ იქვე ახლოს რესტორანი ხალხს ფალაფელის დაგემოვნებას სთავაზობდა. „ფალაფელი“ გახლავთ პომიდვრით, ხახვით და სხვა ბოსტნეულით შეზავებული მუხუდო, რომელსაც მიირთმევენ „პიტა პურთან“ ერთად. უგემრიელესი ფალაფელით წახემსებამ მგზავრებს ძალა შემატა ტურის გასაგრძელებლად.
ტურისტებმა შეიძლება არც კი იცოდნენ, რომ უბრალო პურს, რომელსაც ისინი მიირთმევდნენ, საუკუნოვანი ისტორია ჰქონდა. თვითონ ქალაქის სახელი „ბეთლემი“ ნიშნავს „პურის სახლს“ და აქ პურს ათასობით წელია, რაც აცხობენ (რუთი 1:22; 2:14). „პიტა პური“ დღეს ბეთლემში პურის ერთ-ერთი გავრცელებული სახეობაა.
დაახლოებით ოთხი ათასი წლის წინათ ბეთლემის სამხრეთით, ქალაქიდან არც ისე შორს, აბრაამის ცოლმა სარამ მოულოდნელად მოსულ სტუმრებს პურები დაუცხო (დაბადება 18:6). „წმინდად დაფქული ფქვილი“, რომელიც სარამ გამოიყენა, შეიძლება ყოფილიყო ასლი (ხორბლის ერთ-ერთი სახეობა) ან ქერი. სარას სასწრაფოდ უნდა გამოეცხო პური და ამისთვის მან შესაძლოა გავარვარებული ქვები გამოიყენა (1 მეფეები 19:6).
ამ შემთხვევიდან ჩანს, რომ აბრაამის ოჯახი პურს თვითონ აცხობდა. ვინაიდან აბრაამი და სარა მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სარა და მისი მსახურები პურს ღუმელში ვერ გამოაცხობდნენ, ისე როგორც ამას ერთ დროს ურში აკეთებდნენ. სარა ფქვილს ამზადებდა ადგილობრივი მარცვლეულისგან. ეს ალბათ შრომატევადი საქმე იყო, რადგან მარცვალს ჯერ ხელსაფქვავში ფქვავდნენ, შემდეგ კი, სავარაუდოდ, როდინში ნაყავდნენ.
ოთხი საუკუნის შემდეგ მოსეს კანონში ჩაიწერა, რომ ხელსაფქვავი არავის უნდა წაეღო გირაოდ, რადგან ის ადამიანის საარსებო წყაროს წარმოადგენდა (კანონი 24:6). ღმერთი ხელსაფქვავს მნიშვნელოვნად მიიჩნევდა, რადგან მის გარეშე ოჯახი პურს ვერ შეჭამდა (იხილეთ ჩარჩო „მარცვლეულის ფქვა და პურის ცხობა ბიბლიურ დროში“).
პური ჩვენი არსობისა
წმინდა წერილებში სიტყვა პურს დაახლოებით 350-ჯერ ვხვდებით; ის ხშირად საჭმლის სინონიმადაც მოიხსენიება. იესომ თქვა, რომ ღვთის მსახურებს შეეძლოთ გულდაჯერებით ელოცათ: „მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური“ (მათე 6:11). „პურში“ აქ ზოგადად საჭმელი იგულისხმება. იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ შეგვიძლია ღმერთზე ვიყოთ დაიმედებული, რომ ის უზრუნველგვყოფს ყოველდღიური საზრდოთი (ფსალმუნი 37:25).
მაგრამ პურზე უფრო მნიშვნელოვანიც არსებობს. „კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“, — თქვა იესომ (მათე 4:4). აქ იესომ გაიმეორა იეჰოვას სიტყვები, რომლებიც მან ღვთის ანაბარა დარჩენილ ისრაელებს განუცხადა. ეს მოხდა ისრაელების ეგვიპტიდან გათავისუფლების შემდეგ მალევე. თითქმის უკვე ერთი თვე იყო, რაც სინას უდაბნოში იყვნენ და საჭმლის მარაგიც გამოლეოდათ. იმის შიშით, რომ უდაბნოში შიმშილისგან სული ამოხდებოდათ, ისინი დრტვინვასა და წუწუნს მოჰყვნენ: „ეგვიპტის მიწაზე . . . პურს ძღომამდე ვჭამდით“ (გამოსვლა 16:1—3).
უდავოა, რომ ეგვიპტეში გემრიელ პურს აცხობდნენ. მოსეს დროს მცხობელები პურ-ფუნთუშეულის ფართო ასორტიმენტს სთავაზობდნენ ეგვიპტელებს. მაგრამ იეჰოვას განზრახვა არ ყოფილა, რომ თავისი ხალხი საერთოდ პურის გარეშე დაეტოვებინა უდაბნოში. იეჰოვამ უთხრა მოსეს: „პურს ვაწვიმებ ციდან“. მართლაც, სისხამ დილით მიწაზე გამოჩნდა რაღაც „ხრაშუნა, თრთვილივით წვრილი“. სწორედ ეს იყო პური ციდან. „ეს რომ ისრაელის ძეებმა დაინახეს, ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ეს რა არისო“. მოსემ უთხრა მათ: „ეს ის პურია, რომელიც იეჰოვამ მოგცათ საჭმელად“. ამ პურს მათ „მანანა“ უწოდეს. * ისრაელები 40 წელი იკვებებოდნენ ამ პურით (გამოსვლა 16:4, 13—15, 31).
სასწაულებრივად მოვლენილი მანანა, თავდაპირველად, უსათუოდ აღაფრთოვანებდა ისრაელებს. მას „თაფლიანი კვერის გემო ჰქონდა“ და იმდენი იყო, რომ ყველას ყოფნიდა (გამოსვლა 16:18). მაგრამ დროთა განმავლობაში მათ მოენატრათ ეგვიპტის მრავალფეროვანი საჭმელი და წუწუნს მოჰყვნენ: „მანანას მეტს ვერაფერს ხედავს ჩვენი თვალი“ (რიცხვები 11:6). ბოლოს გაბრაზებულებმა თქვეს: „შესძულდა ჩვენს სულს ეს საზიზღარი პური“ (რიცხვები 21:5). „ზეციური პური“ მათთვის უგემური და საზიზღარი გახდა (ფსალმუნი 105:40).
სიცოცხლის პური
აშკარაა, რომ პური, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, შეიძლება ჩვეულებრივ რამედ ჩავთვალოთ. თუმცა ბიბლია განსაკუთრებული სახის პურსაც მოიხსენიებს, რომლის უგულებელყოფა არამც და არამც არ შეიძლება. ამ პურს მარადიული კეთილდღეობის მოტანა შეუძლია. ეს პური იესომ მანანას შეადარა, რომლის მიმართაც ისრაელებმა უმადურობა გამოავლინეს.
„მე სიცოცხლის პური ვარ, — უთხრა იესომ თავის მსმენელს. — თქვენი მამა-პაპა უდაბნოში მანანას ჭამდა, მაგრამ მაინც დაიხოცნენ. ეს არის პური, რომელიც ზეციდან ჩამოდის, რათა თითოეულმა ჭამოს და არ მოკვდეს. მე ზეციდან ჩამოსული სიცოცხლის პური ვარ. ვინც ამ პურს ჭამს, მარადიულად იცოცხლებს. ეს პური ჩემი ხორცია, რომელსაც ქვეყნიერების სიცოცხლისთვის გავიღებ“ (იოანე 6:48—51).
ბევრი ვერ ხვდებოდა გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამ იესოს სიტყვების, „პურისა“ და „ხორცის“ მნიშვნელობას. და მაინც, იესომ მართებული შედარება მოიყვანა. ფიზიკური პური იუდეველებს სიცოცხლეს უნარჩუნებდა, ისევე როგორც ისრაელებს უდაბნოში მანანა 40 წლის განმავლობაში. მართალია, მანანა ღვთისგან იყო, მაგრამ მას არ შეეძლო ადამიანებისთვის მარადიული სიცოცხლის მიცემა. იესოს მიერ გაღებულ მსხვერპლს კი შეუძლია მარადიული სიცოცხლე უბოძოს მას, ვინც მისადმი რწმენას ავლენს. იესოს ნამდვილად შეიძლება ეწოდოს „სიცოცხლის პური“.
როცა შიმშილის გრძნობა მოგეძალებათ, შესაძლოა, მაშინვე პურისკენ იწვდით ხელს და, ალბათ, ღმერთსაც უხდით მადლობას ყოველდღიური საზრდოსთვის (მათე 6:11). და თუ ასე ვაფასებთ ღვთისგან ბოძებულ ამ გემრიელ საკვებს, მოდი, არც იესოს, „სიცოცხლის პურის“, ფასი დავივიწყოთ!
რით შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ მოსეს დღეებში მცხოვრები უმადური ისრაელებისგან განსხვავებით, არ ვაუბრალოებთ ამ ფასდაუდებელ პურს? „თუ გიყვარვართ, ჩემს მცნებებს დაიცავთ“, — თქვა იესომ (იოანე 14:15). თუ დავიცავთ იესოს მცნებებს, გემრიელი პური არასოდეს მოგვაკლდება (კანონი 12:7).
^ აბზ. 10 სიტყვა „მანანა“, როგორც ჩანს, მომდინარეობს ებრაული გამოთქმიდან „მან ჰუ?“, რაც ნიშნავს „ეს რა არის?“.