ასწავლეთ შვილებს
ღმერთს შეიძლება გული ეტკინოს — როგორ შეგვიძლია მისი გახარება
დაგწყვეტია ოდესმე გული ისე, რომ გიტირია? ~ * ეს ყველას მოგვსვლია. ზოგჯერ შეიძლება იმიტომ გვიტირია, რომ რაღაცა ძალიან გვწყენია. შეიძლება ვინმემ ისეთი რამ თქვას ჩვენზე, რაც სიმართლე არ არის. ამან შეიძლება გული გვატკინოს, ხომ ასეა? ~ ღმერთსაც გული სტკივა, როცა მასზე ტყუილს ამბობენ. მოდი, ვისაუბროთ ამაზე და ვნახოთ, როგორ შეგვიძლია გული გავუხაროთ ღმერთს.
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ზოგმა ადამიანმა, ვინც ამბობდა, ღმერთი მიყვარსო, „გაანაწყენა იგი“. დიახ, მათ ღმერთს ტკივილი მიაყენეს. ცხადია, იეჰოვა ღმერთს ფიზიკურ ტკივილს ვერავინ მიაყენებს. ის ხომ ყოვლისშემძლეა. მაშ, მოდი გავიგოთ, რატომ სტკივა იეჰოვას გული, როცა არ ვაკეთებთ იმას, რასაც გვეუბნება.
ღვთის შექმნილმა პირველმა ადამიანებმა მას დიდი ტკივილი მიაყენეს. ისინი ცხოვრობდნენ დედამიწაზე გაშენებულ სამოთხეში, რომელსაც „ედემის ბაღი“ ეწოდებოდა. იცი, ვინ იყვნენ ისინი? ~ მართალია, ადამი და ევა. ვნახოთ, რა გააკეთეს მათ ისეთი, რითაც იეჰოვა გაანაწყენეს.
იეჰოვამ ისინი ედემის ბაღში დაასახლა და უთხრა, რომ ბაღისთვის მოევლოთ. ღმერთმა მათ ისიც უთხრა, რომ შვილები ჰყოლოდათ და ერთად ეცხოვრათ მარადიულად. მაგრამ სანამ ადამსა და ევას შვილები ეყოლებოდათ, საშინელი რამ მოხდა. იცი, რა მოხდა? ~ ერთმა ანგელოზმა ევა და შემდეგ ადამი წააქეზა, არ დამორჩილებოდნენ იეჰოვა ღმერთს. ვნახოთ, როგორ მოხდა ეს.
ანგელოზმა გველი აალაპარაკა. გველმა ევას უთხრა, რომ ღმერთივით გახდებოდა. ევას მოეწონა მისი ნათქვამი, დაუჯერა მას და ის გააკეთა, რაც გველმა უთხრა. იცი, რა გააკეთა? ~
ევამ იმ ხის ნაყოფი შეჭამა, რომლის ჭამაც იეჰოვამ ადამს აუკრძალა. ევას შექმნამდე ღმერთმა ადამს უთხრა: „ბაღის ყოველი ხიდან შეგიძლია ჭამო, რამდენიც გესიამოვნება, მაგრამ სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ, იმ დღესვე მოკვდები“.
ამის შესახებ ევამაც იცოდა. მაგრამ ის დაჟინებით უყურებდა იმ ხეს და დაინახა, რომ „ხეს საჭმელად კარგი და თვალისთვის მიმზიდველი ნაყოფი ჰქონდა . . . მოწყვიტა მისი ნაყოფი და შეჭამა“. მოგვიანებით ის ნაყოფი ადამსაც მისცა და „მანაც შეჭამა“. შენი აზრით, რატომ მოიქცა ადამი ასე? ~ იმიტომ რომ, ადამს ევა უფრო უყვარდა, ვიდრე იეჰოვა. მან არჩია ღმერთზე მეტად ევასთვის ესიამოვნებინა. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უფრო მნიშვნელოვანია იეჰოვას დავემორჩილოთ, ვიდრე ვინმე სხვას.
გახსოვს, წეღან ვთქვით, რომ ევას გველი ელაპარაკა. როგორც თოჯინას ალაპარაკებს ვიღაც, გველიც ვიღაცამ აალაპარაკა. ვისი ხმით ლაპარაკობდა გველი? ~ ეს იყო „ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია“.
იცი, როგორ უნდა გაახარო ღმერთი? ~ თუ ყოველთვის იმას შეეცდები, რომ მას დაემორჩილო. სატანა იკვეხნის, რომ ყველას იმას გააკეთებინებს, რაც მას სურს. ამიტომ იეჰოვა გვეუბნება: „შვილო, იყავი ბრძენი და გული გამიხარე, რომ პასუხი გავცე ჩემს დამცინავს“. სატანა დასცინის იეჰოვას. ის ამბობს, რომ მას შეუძლია ყველა ადამიანი ჩამოაშოროს ღმერთს. მაშ მოდი, დავემორჩილოთ ღმერთს, ყოველთვის მას ვემსახუროთ და გავახაროთ მისი გული! მთელი გულით შეეცდები იეჰოვას გახარებას? ~
წაიკითხე შენს ბიბლიაში
^ აბზ. 3 ბავშვთან ამ სტატიის კითხვის დროს ტილდასთან პაუზა გააკეთეთ და მას თავისი აზრი გამოათქმევინეთ.