წერილი ბენინიდან
ნეტავ, რა ძალა მადგა?
დასავლეთ აფრიკაში ერთი ჩვეულებრივი დილა გათენდა. ჰაერში საწებლებისა და ბრინჯის ნახარშის სუნი ტრიალებს. ქალებს თავზე მძიმე ტვირთი ადევთ და სადღაც მიიჩქარიან. ირგვლივ ჟრიამული ისმის — ზოგი გამყიდველებს ევაჭრება, ზოგი კი გულიანად იცინის. მართალია, ჯერ ისევ დილაა, მაგრამ მზის სხივები უკვე მცხუნვარედ აჭერს.
როგორც კი „იოვო“ ანუ თეთრკანიანი დამინახეს, ბავშვების გუნდი შემომეხვია; მათ ცეკვა და სიმღერა დაიწყეს. სიმღერა იწყებოდა სიტყვებით: „იოვო, იოვო, ბონ სუარ!“ („თეთრკანიანო, თეთრკანიანო, საღამო მშვიდობისა!“). ბოლოს კი ამ სიტყვებით მთავრდებოდა: „ამ სიმღერის სანაცვლოდ რას მოგვცემ?“ მათგან ერთი ბიჭუნა ხმას არ იღებდა. როცა გზა განვაგრძე, უკან გამომყვა და რაღაცას ხელებით მანიშნებდა. როგორც ჩანს, ჟესტების ენაზე მელაპარაკებოდა. შეერთებულ შტატებში ამერიკული ჟესტების ენის ანბანი ვისწავლე, მაგრამ ბენინი ფრანგულენოვანი ქვეყანაა.
ვცადე, ჟესტებით მეჩვენებინა ჩემის სახელის რვა ასო. ბიჭუნას სახე გაებადრა. მან ხელი მომკიდა და ვიწრო ქუჩებით თავისი ოროთახიანი ბლოკით ნაშენი სახლისკენ წამიყვანა. მისი ოჯახის წევრები გარს შემომეხვივნენ — ყველა ჟესტების ენაზე ლაპარაკობდა. მათაც ჟესტებით ვაჩვენე ჩემი სახელი და შემდეგ დავუწერე, რომ მისიონერი ვიყავი; ვუთხარი, რომ ბიბლიას ვასწავლიდი ხალხს და კვლავ მივაკითხავდი. ზოგი მათი მეზობელიც თანხმობის ნიშნად თავს მიქნევდა. „ნეტავ, რა ძალა მადგა?“ — გავიფიქრე გულში.
შინ როცა ვბრუნდებოდი, ვფიქრობდი: «ვიღაცამ ხომ უნდა გააგებინოს ამ ხალხს, რას ჰპირდება ღმერთი ყრუ-მუნჯებს: „ყრუებს ყურები გაეხსნებათ“» (ესაია 35:5). როგორც გავიგე, ბოლო მონაცემებით, ბენინში ყრუ-მუნჯთა და სმენადაქვეითებულთა რიცხვი 12 000-ს შეადგენდა. ძალიან გავოცდი, როცა შევიტყვე, რომ ყრუ-მუნჯთა სკოლაში ამერიკულ ჟესტების ენაზე ასწავლიდნენ და არა ფრანგულ ჟესტების ენაზე. მაგრამ მეტად სამწუხარო იყო ის ფაქტი, რომ არც ერთმა იეჰოვას მოწმემ ამერიკული ჟესტების ენა არ იცოდა. ერთ ადგილობრივ მოწმეს შევჩივლე: „ნეტავ ჩამოვიდეს ვინმე ისეთი, რომელმაც იცის ამერიკული ჟესტების ენა და დაგვეხმაროს“. მან მომიგო: „შენ აქ არა ხარ?“ ეს და მართალი იყო. შევუკვეთე ენის თვითმასწავლებელი სახელმძღვანელო და ამერიკული ჟესტების ენაზე გამოცემული იეჰოვას მოწმეთა DVD დისკები. ლოცვებზე პასუხი მაშინ მივიღე, როცა კამერუნიდან ბენინში ჩამოვიდა ერთი მოწმე, რომელმაც კარგად იცოდა ამერიკული ჟესტების ენა.
მალე ყველამ გაიგო, რომ ჟესტების ენას ვსწავლობდი. ვიღაცამ მითხრა, რომ უნდა მომენახულებინა აბრების მხატვარი, ბრაისი. მისი სახელოსნო პალმის ტოტებით იყო გადახურული და ცხელ და ნესტიან კლიმატში კარგად ნიავდებოდა. რადგან ბრაისი წლების მანძილზე ფუნჯებს კედლებზე წმენდდა, კედლები ცისარტყელას ფერებით იყო აჭრელებული. ტაბურეტებიდან მტვერი გადაწმინდა, დაჯდომა შემომთავაზა და მომაჩერდა იმის მოლოდინში, თუ რას ვეტყოდი. DVD დისკი ჩავდე ჩემს პორტატიულ პლეიერში და ჩავრთე. მან თავისი ტაბურეტი ახლოს მოაჩოჩა, რომ პლეიერის პატარა ეკრანი კარგად დაენახა. „ყველაფერი გასაგებია!“, — მითხრა მან ჟესტებით. მეზობელ ცნობისმოყვარე ბავშვებს კისრები წაეგრძელებინათ და გვიყურებდნენ. ერთმა ისიც კი წამოიძახა: „რატომ უყურებენ უხმო კინოს?“.
ბრაისთან ყოველი შემდგომი მისვლისას ჩემი პორტატიული პლეიერის ირგვლივ შეკრებილი ხალხის რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. მალე ბრაისმა და მისმა ზოგმა მეზობელმა ქრისტიანულ კრების შეხვედრებზე დასწრება დაიწყეს. რადგან მათთვის პროგრამის ჟესტების ენაზე თარგმნა მიწევდა, ამან მნიშვნელოვანწილად განაპირობა ჩემი პროგრესი. რაც უფრო იზრდებოდა ჯგუფი, მით უფრო მატულობდა ჩემთან ურთიერთობის მსურველთა რიცხვი. მაგალითად, ერთ დღეს როდესაც ჩემი ძველი ავტომობილით გვერდი ავუარე თხებსა და ღორებს და საბურავი ორმოში ჩავარტყი, ავტომობილმა საშინელი ხმა გამოსცა. ამას ისიც დაემატა, რომ უკნიდან დარტყმის ხმა გავიგე. „ესღა მაკლდა“, — გავიფიქრე. საბედნიეროდ, არავინ დამჯახებია. ეს ერთი ყრუ-მუნჯი მამაკაცი იყო, რომელიც უკან გამომდევნებოდა და ყურადღება რომ მიექცია, ავტომობილზე მიბრახუნებდა.
ამერიკულ ჟესტების ენაზე ჯგუფები სხვა ქალაქებშიც ჩამოყალიბდა. როდესაც დაიგეგმა, რომ საოლქო კონგრესზე პროგრამის გარკვეული ნაწილი ჟესტების ენაზე უნდა თარგმნილიყო, მთარგმნელთა შორის მეც ვიყავი. როცა სცენაზე ვიდექი და ველოდი, როდის დაიწყებდა მომხსენებელი საუბარს, წამიერად ბენინში ჩასვლის პირველი დღეები გამახსენდა. „ამაზე უკეთესს რას გავაკეთებდი აფრიკაში მისიონერული მსახურებისას?“, — გავიფიქრე ჩემთვის. ვუყურებდი აუდიტორიას და პასუხი ნათელი იყო — კვლავაც უნდა გამეგრძელებინა მისიონერული მსახურება და დავხმარებოდი ყრუ-მუნჯებს. დღეს უკვე აღარ ვეკითხები საკუთარ თავს: „ნეტავ, რა ძალა მადგა?“.