ისწავლეთ ღვთის სიტყვიდან
რატომ გამოგზავნა ღმერთმა იესო დედამიწაზე?
ამ სტატიაში დასმულია კითხვები, რომლებზეც შესაძლოა არაერთხელ გიფიქრიათ, და მითითებულია ის ბიბლიური მუხლები, რომლებიც ამ კითხვებს სცემს პასუხს. იეჰოვას მოწმეები დიდი სიამოვნებით იმსჯელებენ თქვენთან ერთად ბიბლიურ მუხლებზე.
1. სად იყო იესო, სანამ ღმერთი დედამიწაზე გამოგზავნიდა?
სანამ იესო ბეთლემში დაიბადებოდა, სულიერი ქმნილება იყო. ის ღვთის პირველი ქმნილება იყო, რომელიც მან დამოუკიდებლად შექმნა. ამიტომ უწოდებს ბიბლია მას ღვთის მხოლოდშობილ ძეს. ზეცაში ის ხშირად საუბრობდა, როგორც ღვთის წარმომადგენელი. ამიტომ ეწოდება მას სიტყვა. ის შემოქმედებით საქმიანობაში ღმერთს ეხმარებოდა და ყოველივეს შექმნაში იღებდა მონაწილეობას (იოანე 1:2, 3, 14). სანამ დედამიწაზე ადამიანებს შექმნიდნენ, იესო ზეცაში ღმერთთან ერთად მილიონობით წლის მანძილზე ცხოვრობდა (წაიკითხეთ მიქას 5:2; იოანეს 17:5).
2. როგორ გამოგზავნა ღმერთმა თავისი ძე დედამიწაზე?
იეჰოვამ იესოს სიცოცხლე წმინდა სულის მეშვეობით ზეციდან მარიამის საშვილოსნოში გადაიტანა. ამიტომ, იესოს მიწიერი მამა არ ჰყოლია. ანგელოზებმა მისი დაბადება აუწყეს მწყემსებს, რომლებსაც თავიანთი ფარები ღია ცის ქვეშ ჰყავდათ ღამით (ლუკა 2:8—12). ამგვარად, იესო შუა ზამთარში კი არა, როგორც ჩანს, ოქტომბრის დასაწყისში უნდა დაბადებულიყო, როცა ჯერ კიდევ არ ციოდა. მოგვიანებით მარიამმა და მისმა ქმარმა, იოსებმა, იესო ნაზარეთში წაიყვანეს და იქ გაზარდეს. იოსები თავის შვილობილზე ისე ზრუნავდა, როგორც საკუთარ შვილზე (წაიკითხეთ მათეს 1:18—23).
იესო დაახლოებით 30 წლისა მოინათლა და ღმერთმა საქვეყნოდ განაცხადა, რომ ის მისი ძე იყო. ამის შემდეგ იესომ იმის გაკეთება დაიწყო, რისთვისაც ღმერთმა დედამიწაზე გამოაგზავნა (წაიკითხეთ მათეს 3:16, 17).
3. რატომ გამოგზავნა ღმერთმა იესო დედამიწაზე?
ღმერთმა იესო იმიტომ გამოგზავნა, რომ ხალხისთვის ჭეშმარიტება ესწავლებინა. იესო ქადაგებდა ღვთის სამეფოს, ზეციერი მთავრობის, შესახებ, რომელიც დედამიწაზე კაცობრიობას მშვიდობას მოუტანდა. ამასთანავე, ადამიანებს მარადიული სიცოცხლის იმედს უნერგავდა (იოანე 4:14; 18:36, 37). იესო ადამიანებს იმასაც ასწავლიდა, თუ როგორ შეეძლოთ ნამდვილი ბედნიერება ეპოვათ (მათე 5:3; 6:19—21). სწავლებისას იესო მაგალითებს იყენებდა. მაგალითად, უჩვენებდა, როგორ შეძლებდნენ რთულ ვითარებაშიც კი ღვთის ნების შესრულებას. ის სამაგიეროს არ უხდიდა ადამიანებს, როცა ისინი ცუდად ეპყრობოდნენ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 2:21—24).
იესო თავის მიმდევრებს ასწავლიდა, ერთმანეთის მიმართ თავგანწირული სიყვარული გამოევლინათ. ის ზეცაში მამასთან ერთად იყო და განსაკუთრებული მდგომარეობა ეკავა, მაგრამ დაემორჩილა მამას და დედამიწაზე ჩამოვიდა, რომ ადამიანთა შორის ეცხოვრა. იესოზე კარგად არავის შეუძლია დაგვანახვოს, რა არის ნამდვილი სიყვარული (წაიკითხეთ იოანეს 15:12, 13; ფილიპელების 2:5—8).
4. რა გააკეთა იესომ საკუთარი სიცოცხლის გაწირვით?
იეჰოვამ იესო დედამიწაზე იმ მიზნითაც გამოგზავნა, რომ ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად მომკვდარიყო (იოანე 3:16). ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ არასრულყოფილები ვართ და ვცოდავთ. სწორედ ამიტომ ვხდებით ავად და ვკვდებით. პირველი ადამიანი, ადამი კი სრულყოფილი იყო. ის უცოდველი იყო და არასოდეს გახდებოდა ავად და მოკვდებოდა. მაგრამ მან სრულყოფილება დაკარგა, როცა ღმერთს არ დაემორჩილა. ჩვენ ადამისგან მემკვიდრეობით ცოდვა და მისი საზღაური, სიკვდილი, მივიღეთ (წაიკითხეთ რომაელების 5:12; 6:23).
იესო კი, რომელიც სრულყოფილი ადამიანი იყო, თავისი ცოდვების გამო არ მომკვდარა. ის ჩვენი ცოდვების გამო მოკვდა. სწორედ იესოს მიერ მსხვერპლად გაღებული სიცოცხლის წყალობით მივიღებთ ღვთის კურთხევებს და მარადიულად ვიცოცხლებთ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:18).