გწამთ წინა ცხოვრების?
„ფაქტია, რომ სიცოცხლეს ხელმეორედ ვუბრუნდებით და ისიც ფაქტია, რომ ადამიანები, რომლებიც ერთ დროს დაიხოცნენ, ხელმეორედ მოევლინენ ქვეყანას და რომ მიცვალებულთა სულები განაგრძობენ არსებობას“, — პლატონი, ძვ. წ. V საუკუნეში მოღვაწე ბერძენი ფილოსოფოსი, ციტირებს სოკრატეს.
„რადგან სული სხეულის გარეშე არ არსებობს, თუმცა თავადაც არ გააჩნია სხეული, მას შეუძლია ხან ერთ და ხან მეორე სხეულში ჩასახლდეს და ასე გაგრძელდეს უსასრულოდ“, — ჯორდანო ბრუნო, იტალიელი ფილოსოფოსი, ახ. წ. XVI საუკუნე.
„არავინ და არაფერი კვდება; ადამიანები თავს გვაჩვენებენ, რომ კვდებიან . . . შემდეგ კი სხვა სხეულში ჩასახლებულნი, თითქოსდა, სარკმლიდან ადევნებენ თვალს მიმდინარე მოვლენებს“, — რალფ უოლდოუ ემერსონი, ამერიკელი ესეისტი და პოეტი, ახ. წ. XIX საუკუნე.
ოდესმე დაგბადებიათ კითხვა, ვინ ხართ სინამდვილეში? წარმოგისახავთ, რომ ადრეც ცხოვრობდით? თუ დიახ, თქვენ ნამდვილად არ ხართ გამონაკლისი. უძველესი დროიდან მოყოლებული სხვადასხვა კულტურის ხალხს მოსვენებას არ აძლევდა ეს კითხვები. ამ კითხვებზე პასუხების ძიების პროცესში ზოგმა დაიჯერა მოძღვრება რეინკარნაციის შესახებ, ანუ იწამა, რომ ადამიანის სიკვდილის შემდეგ სული ტოვებს სხეულს და ხელახლა იბადება ახალი სხეულით — ადამიანის, ცხოველის ან მცენარის სახით; და ეს შესაძლოა არაერთხელ მოხდეს.
მართალია, ზოგს აკმაყოფილებს ამგვარი პასუხი, მაგრამ რამდენად შეესაბამება ის სინამდვილეს? რას ამბობს ღვთის სიტყვა, ბიბლია, ამასთან დაკავშირებით? უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიგოთ, თუ საიდან იღებს დასაბამს მოძღვრება რეინკარნაციის შესახებ.
საიდან იღებს დასაბამს მოძღვრება რეინკარნაციის შესახებ?
ისტორიკოსთა და სწავლულთა აზრით, ძვ. წ. მესამე ათასწლეულის მიწურულს დაარსებული ქალაქის, ბაბილონის, მკვიდრნი ხშირად საუბრობდნენ ადამიანის სულის უკვდავებაზე. მორის ჯასტროუ თავის წიგნში ამბობს: „ბაბილონელი ღვთისმეტყველები ხშირად მანიპულირებდნენ სულის უკვდავების სწავლებით“ (The Religion of Babylonia and Assyria). ბაბილონელთათვის „სიკვდილი სხვა სახის ცხოვრების დასაწყისი იყო, — ამბობს ჯასტროუ. — ადამიანს უჭირდა იმის დაჯერება, რომ სიკვდილის შემდეგ ის მარადიულად უგრძნობ მდგომარეობაში იქნებოდა, რის გამოც ირწმუნა ეს პრიმიტიული თეორია, რომლის თანახმადაც რაიმე ფორმით კვლავ და კვლავ მოევლინებოდა ქვეყანას“.
მოძღვრება სულის გარდასახვისა და ხელახლა დაბადების შესახებ ბაბილონიდან უძველესი მსოფლიოს სხვა ხალხებშიც გავრცელდა. ინდოელმა ფილოსოფოსებმა სულის გარდასახვასთან დაკავშირებით დეტალური მოძღვრება ჩამოაყალიბეს, რომელიც დაფუძნებული იყო „ნაცვალგების კანონზე“ ანუ კარმაზე. გავლენიანმა ბერძენმა ფილოსოფოსებმაც იწამეს რეინკარნაციის მოძღვრება, რის შედეგადაც ეს მოძღვრება ფართოდ გავრცელდა.
დასავლეთის ქვეყნებში დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს მოძღვრება რეინკარნაციის შესახებ. ცნობილი ადამიანები და ახალგაზრდები დიდ ინტერესს იჩენენ აღმოსავლური რელიგიების მიმართ. დღეისათვის უამრავ წიგნში თუ ვებ-გვერდზე მოთხრობილია შემთხვევები, რომლებიც ვითომდაც ადამიანებს წინა ცხოვრებაში გადახდათ. ბევრ ქვეყანაში ელვის სისწრაფით იხვეჭს პოპულარობას „რეგრესიული თერაპია“, რომლის დროსაც ჰიპნოზის მეშვეობით ადამიანი მოგზაურობს წინა ცხოვრებაში, რათა ახსნას, თუ რითაა განპირობებული მისი დღევანდელი მდგომარეობა.
მართლა ხდება რეინკარნაცია?
მართალია, რეინკარნაციის შესახებ მოძღვრება საუკუნეებს ითვლის, მაგრამ მაინც უნდა გაეცეს პასუხი ერთ მნიშვნელოვან კითხვას — ნამდვილად ხდება გარდასახვა? ქრისტიანები უნდა დარწმუნდნენ, შეესაბამება თუ არა მოძღვრება რეინკარნაციის შესახებ ბიბლიაზე დაფუძნებულ ქრისტიანულ რწმენას (იოანე 17:17). რადგან ჩვენი შემოქმედი, იეჰოვა ღმერთი, სიცოცხლის წყარო და „საიდუმლოთა განმცხადებელია“, ის ნათელს ჰფენს სიცოცხლესა და სიკვდილთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, რომელიც ადამიანისთვის უცნობია. ამ საკითხზე სარწმუნო პასუხი რომ მივიღოთ, ღვთის სიტყვას, ბიბლიას, უნდა მივმართოთ (დანიელი 2:28; საქმეები 17:28).
ამ კითხვაზე ნათელ პასუხს ღმერთი სწორედ თავისი სიტყვის, ბიბლიის, მეშვეობით გაგვცემს. მაგალითად, დაბადების 3:19-ში ვკითხულობთ, რა უთხრა ღმერთმა ადამს, როცა ის და ევა ეურჩნენ მას: „პიროფლიანი შეჭამ პურს, სანამ მიწას დაუბრუნდები, რადგან მისგან ხარ აღებული; მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი“. ადამი მტვრისგან იყო შექმნილი და სიკვდილის შემდეგაც მტვრად იქცეოდა. ამ სიტყვებით ღმერთმა ნათელი მოჰფინა იმას, თუ რა მოხდებოდა სიკვდილის შემდეგ. აქედან გამომდინარე, სიკვდილის შემდეგ ადამიანი სხვა სხეულში კი არ გარდაისახება, არამედ წყვეტს არსებობას. * როგორც ცხელია ცივის ანტონიმი, მშრალი — სველის, ნათელი — ბნელის, ისე სიკვდილია სიცოცხლის ანტონიმი ანუ საპირისპირო მდგომარეობა. მკვდარი მართლაც მკვდარია! ეს უბრალო და ლოგიკური ახსნაა.
წარსულის მოგონებებს შესაძლოა სხვაგვარი ახსნაც მოეძებნოს. ის, თუ როგორ ფუნქციონირებს ადამიანის ტვინი და ქვეცნობიერი და, ამავე დროს, რა გავლენას ახდენს მასზე მედიკამენტები თუ მიღებული ტრავმები, ბოლომდე შესწავლილი არაა. მეხსიერებაში დაგროვილი ზღვა ინფორმაციის შედეგად სიზმრები და გონებაში წარმოსახული მოვლენები შესაძლოა იმდენად ცხადი იყოს, რომ რეალობა გვეგონოს. ზოგჯერ ბოროტმა სულიერმა ძალებმა შეიძლება ისეთი რამ გააკეთონ, რომ არარეალური რეალურად მოგვაჩვენონ (1 სამუელი 28:7—19).
ბუნებრივია, რომ ადამიანებს აქვთ სიცოცხლის სურვილი და ისიც აინტერესებთ, თუ რა ელით მომავალში. მაგრამ საიდან გაუჩნდათ ასეთი სურვილი? შემოქმედის შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: „მან . . . მარადიულობაც კი ჩადო მათ გულებში“ (ეკლესიასტე 3:11). ასე რომ, ადამიანებს მარადიული ცხოვრების სურვილი აქვთ.
თუკი შემოქმედმა, იეჰოვა ღმერთმა, მარადიულობა ჩადო ადამიანთა გულებში, ლოგიკურია გვჯეროდეს, რომ იმასაც გაგვიმჟღავნებდა, თუ როგორ გახდებოდა ეს რეალური ჩვენს შემთხვევაში. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ შემოქმედს განზრახული აქვს, დააჯილდოოს მორჩილი ადამიანები მარადიული სიცოცხლით სამოთხეში დედამიწაზე. ფსალმუნმომღერალმა დავითმა ღვთის შთაგონებით დაწერა: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29). ბიბლიის ერთ-ერთი მთავარი სწავლება, რომელიც ღვთის მარადიული განზრახვის განუყოფელი ნაწილია, მკვდრეთით აღდგომაა (საქმეები 24:15; 1 კორინთელები 15:16—19).
მკვდრეთით აღდგომის იმედი
ბიბლიაში მოყვანილია მკვდრეთით აღდგომის რვა ისეთი შემთხვევა, რომელსაც თვითმხილველები ჰყავდა. * რვავე შემთხვევაში მიცვალებულების რეინკარნაცია კი არ მომხდარა, არამედ ისინი მკვდრეთით აღდგნენ. მკვდრეთით აღდგენილებს მაშინვე ცნობდნენ ოჯახის წევრები და მეგობრები. არც ერთ შემთხვევაში მათ ნათესავებს არ დასჭირვებიათ ახალდაბადებულთა შორის თავიანთი საყვარელი მიცვალებულების ძებნა და ამოცნობა (იოანე 11:43—45).
მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ მიცვალებულთა უმეტესობა მკვდრეთით აღდგება ღვთის ახალ ქვეყნიერებაში, რომელიც მალე ამ ბოროტ ქვეყნიერებას ჩაანაცვლებს (2 პეტრე 3:13, 14). დღეს კი იეჰოვას სრულყოფილ მეხსიერებაში, რომელიც თითოეულ ვარსკვლავს თავისი სახელით მოუხმობს, შემონახულია მილიარდობით გარდაცვლილი ადამიანი მათთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით (ფსალმუნი 147:4; გამოცხადება 20:13). როდესაც ახალ ქვეყნიერებაში ის თანმიმდევრულად აღადგენს სხვადასხვა თაობის ადამიანებს, მათ ექნებათ შესაძლებლობა, გაიცნონ თავიანთი წინაპრები. ეს მართლაც შესანიშნავი იმედია!
^ აბზ. 13 დამატებითი ინფორმაცია იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-6 თავში, „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
^ აბზ. 18 ეს რვა შემთხვევა ჩაწერილია შემდეგ მუხლებში: 1 მეფეები 17:17—24; 2 მეფეები 4:32—37; 13:20, 21; ლუკა 7:11—17; 8:40—56; იოანე 11:38—44; საქმეები 9:36—42; 20:7—12. როდესაც ბიბლიის ამ მონაკვეთებს გაეცნობით, ყურადღება მიაქციეთ, რომ მკვდრეთით აღდგომის რვავე შემთხვევას თვითმხილველები ჰყავდა. მეცხრე შემთხვევაში კი თავად იესო ქრისტე აღდგა მკვდრეთით (იოანე 20:1—18).