არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რჩევები ოჯახებისთვის

რა უნდა ვქნათ, თუ ვალი დაგვედო?

რა უნდა ვქნათ, თუ ვალი დაგვედო?

იანისი: * „მაშინ გავკოტრდი, როცა საბერძნეთში ფინანსური კრიზისი დაიწყო. ვეღარც ბინის ქირას ვიხდიდით და ვეღარც კრედიტს ვფარავდით. ისე განვიცდიდი, რომ ძილი არ მეკარებოდა“.

კატერინა: „ჩვენ ხომ დიდი სიყვარულით მოვიწყვეთ მყუდრო ბუდე და იმის გაფიქრებაც კი მზარავდა, რომ შეიძლება დაგვეკარგა. ვალების გამო მე და იანისი გამუდმებით ვკამათობდით“.

ვალებმა შეიძლება ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა დაძაბოს ან დაანგრიოს კიდეც ოჯახი. ერთ-ერთი მკვლევრის, ჯეფრი დიუს, დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ წყვილები, რომელთაც ვალები აქვთ, ნაკლებ დროს ატარებენ ერთად, ხშირად ჩხუბობენ და უწინდებურად ბედნიერები აღარ არიან. ოჯახში უთანხმოების გამომწვევ სხვა მიზეზებთან შედარებით, კამათის მიზეზი უმთავრესად სწორედ ვალები და ფინანსური პრობლემები ხდება, რაც სიტყვიერ თუ ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზრდება და სხვა პრობლემებსაც წარმოქმნის ხოლმე. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ შეერთებულ შტატებში გაყრის მიზეზი ყველაზე ხშირად ფულთან დაკავშირებული უთანხმოებებია.

ვალებმა შეიძლება ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა დაძაბოს ან დაანგრიოს კიდეც ოჯახი

როდესაც ადამიანს დიდი ვალი აქვს, ამან შეიძლება მის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას — დასჩემდეს უძილობა, თავისა და მუცლის ტკივილი, მიიღოს ინფარქტი ან დეპრესიაში ჩავარდეს. მარტა იხსენებს: „ვალების გამო ჩემს ქმარს, ლუისს, ისეთი დეპრესია ჰქონდა, რომ თითქმის მთელი დღე ეძინა. კაცი, რომელიც ყოველთვის ოჯახის ბურჯი იყო, საოცრად უმწეო გახდა“. ზოგი ასეთ სტრესს ვერ უძლებს. სამაუწყებლო კომპანია ბი-ბი-სი ახალ ამბებში იუწყებოდა, რომ ინდოეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრებმა ერთმა ქალმა შვილის სამკურნალოდ ბანკიდან გამოტანილი ვალი, რომლის რაოდენობამაც პროცენტთან ერთად 840 აშშ დოლარი შეადგინა, ვერ გადაიხადა და თავი მოიკლა.

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენც გაქვთ ვალები და ასეთი სტრესი არც თქვენთვის არის უცხო? მოდი, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა პრობლემებს ხვდებიან ოჯახები, რომელთაც ვალები აქვთ, და ვნახოთ, როგორ გვეხმარება ბიბლია ასეთი პრობლემების მოგვარებაში.

პრობლემა 1: ერთმანეთის დადანაშაულება.

ლუკაში იხსენებს: „როცა ცოლი მსაყვედურობდა, რომ ჩემი სეზონური სამუშაოს გამო არ გვქონდა საკმარისი ფული, მე მას ვადანაშაულებდი და ვეუბნებოდი, რომ ეს სწორედ მისი ბრალი იყო, რადგან ფულს ფლანგავდა“. რა დაეხმარება წყვილს, ვალების გამო ერთმანეთთან ურთიერთობა რომ არ გაუფუჭდეთ?

გამოსავალი: ერთად შეეჭიდეთ პრობლემას.

მაშინაც კი, თუ თქვენი ბრალი არაა, რომ ვალი დაგედოთ, იერიშს ნუ მიიტანთ მეუღლეზე, რადგან ამით მდგომარეობას ვერ გამოასწორებთ. სწორედ ამ დროს დაგეხმარებათ ეფესოელების 4:31-ში ჩაწერილი სიტყვები: „მოიშორეთ ყოველგვარი გამწარება, ბრაზი, რისხვა, ყვირილი და ლანძღვა ყოველგვარ ბოროტებასთან ერთად“.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენ კი არ ხართ ერთმანეთის მტრები, არამედ თქვენ გყავთ საერთო მტერი — ვალი. ერთი მამაკაცი, სტეფანოსი, იხსენებს: „ჩვენ გვესმოდა, რომ ვალი ჩვენი საერთო მტერი იყო“. სწორედ ასეთ თანამშრომლობაზეა საუბარი იგავების 13:10-ში: „კადნიერება უთანხმოებას იწვევს, მოთათბირეებთან კი სიბრძნეა“. იმის ნაცვლად, რომ გაკადნიერდეთ და ყველაფერი ისე გააკეთოთ, როგორც თავად გსურთ, გულახდილად ესაუბრეთ მეუღლეს და საჭირო ზომები ერთად მიიღეთ.

ამ პრობლემის მოგვარებაში შვილებსაც შეუძლიათ თავიანთი წვლილის შეტანა. ერთი არგენტინელი მამაკაცი, სახელად ედგარდო იხსენებს: „ჩემს პატარა ბიჭს ახალი ველოსიპედი უნდოდა, ჩვენ კი მას ავუხსენით, თუ რატომ ვერ ვუყიდიდით. მაგრამ, გული რომ არ დასწყვეტოდა, პაპამისის ნაქონი ველოსიპედი ვაჩუქეთ. მან ძალიან გაიხარა. მაშინ დავინახე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როცა ოჯახის თითოეული წევრი მხარში გიდგას“.

ეცადეთ, ასე მოიქცეთ: გამოყავით დრო, რომ თქვენს ფინანსურ პრობლემებზე გულახდილად და მშვიდად ესაუბროთ ოჯახის წევრებს. აღიარეთ შეცდომები, რომელიც დაუშვით. ნუღარ გაიხსენებთ წარსულს. თუ ბიბლიური პრინციპების გათვალისწინებას შეეცდებით, მომავალში თავიდან აირიდებთ ფინანსურ პრობლემებს (ფსალმუნი 37:21; ლუკა 12:15).

პრობლემა 2: ვალებიდან თავის დაღწევა, ერთი შეხედვით, შეუძლებელია.

„ჩემი ბიზნესის გამო დიდი ვალი დამედო. მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდა, როცა არგენტინაში ფინანსური კრიზისი დაიწყო, — იხსენებს ენრიკე. — იმ დროს ჩემს მეუღლეს ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. მეგონა, ვალებს ვეღარასდროს გავისტუმრებდი. თავს ისე უსუსურად ვგრძნობდი, როგორც ობობას ქსელში გაბმული მწერი“. ბრაზილიელმა რობერტომ მთელი თავისი დანაზოგი ბიზნესში დააბანდა. გარდა ამისა, 12 ბანკის ვალიც დაედო. „მეგობრებთან შეხვედრას გავურბოდი. თავი არარაობად მიმაჩნდა“.

რა უნდა გააკეთოთ, თუ გულგატეხილი ხართ, ვალების გამო თავს დამნაშავედ და უხერხულად გრძნობთ?

გამოსავალი: გონივრულად განკარგეთ ფინანსები.

 *

1. შეადგინეთ ოჯახის ბიუჯეტი. აწარმოეთ, სულ მცირე, ორი კვირის შემოსავალ-გასავლის ჩანაწერები. მაგრამ თუ შემოსავალ-გასავალი არასტაბილურია, შესაძლოა ხარჯთაღრიცხვის წარმოება უფრო დიდი ხნის მანძილზე მოგიწიოთ. ჩანაწერებში შეიტანეთ ის თანხაც, რომელიც ყოველდღიურად არ გეხარჯებათ, მაგალითად, თანხა, რომელსაც იხდით გადასახადებში, დაზღვევასა და ტანსაცმელში. ბოლოს კი გამოთვალეთ, თითოეულში რამდენი გეხარჯებათ საშუალოდ თვეში.

2. ეძებეთ შემოსავლის დამატებითი წყარო. შეგიძლიათ დამატებითი საათები იმუშაოთ სამსახურში. გარდა ამისა, შეგიძლიათ შემოსავლის სხვა წყაროც ეძებოთ, მაგალითად, შეასრულოთ სეზონური სამუშაო, აიყვანოთ მოსწავლეები, ჩააბაროთ ჯართი ან მაკულატურა, ანდა თქვენი ჰობი ოჯახის ბიზნესად აქციოთ. გაფრთხილება: არ დაუშვათ, რომ თქვენმა სამუშაომ სულიერი საქმეებისთვის განკუთვნილი დრო წაგართვათ. სულიერი საქმეები ხომ ქრისტიანისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია.

3. შეამცირეთ ხარჯები. მხოლოდ ის იყიდეთ, რაც გჭირდებათ. არ იყიდოთ ნივთი მხოლოდ იმიტომ, რომ მასზე ფასდაკლებაა (იგავები 21:5). „კარგია, თუ ნაჩქარევად არ შეიძენ რაიმეს, — ამბობს ზემოთ მოხსენიებული ენრიკე. — სწორედ ეს დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, გჭირდებათ ეს ნივთი თუ უბრალოდ მისი შეძენა გსურთ“. აი, რამდენიმე რჩევა:

  • საცხოვრებელი: თუ შესაძლებელია, ისეთ ბინაში გადადით, რომელშიც ყოველთვიურად ნაკლებს გადაიხდით. ეკონომიურად მოიხმარეთ ელექტროენერგია, წყალი და გაზი.

  • საკვები: იმის მაგივრად, რომ ყოველთვის კაფეში ჭამოთ, სახლიდან წაიღეთ საჭმელი. გამოიყენეთ დაგროვების ბარათები და სხვა სპეციალური შემოთავაზებები. „ხილსა და ბოსტნეულს ბაზარში დღის ბოლოს შეღავათიან ფასებში ვყიდულობ“, — ამბობს ბრაზილიელი ჟოელმა.

  • მგზავრობა: თუ გყავთ სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც აღარ იყენებთ, გაყიდეთ. თუ ის ტექნიკურად გაუმართავია, შეაკეთეთ, ნაცვლად იმისა, რომ ახალი იყიდოთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლოთ ან ფეხით იაროთ.

თუ შეამცირებთ ხარჯებს, დაზოგილი თანხა შეგიძლიათ ბევრს კარგ საქმეს მოახმაროთ.

4. გამოიკვლიეთ, რატომ დაგედოთ ვალი და შესაბამისად იმოქმედეთ. პირველ რიგში, გამოთვალეთ, რა პროცენტის გადახდა მოგიწევთ თითოეული სესხისთვის, რა შედეგი მოჰყვება, თუ გადახდა დაგიგვიანდებათ ან საერთოდ ვერ გადაიხდით. გულდასმით გაეცანით სესხის აღების დროს დადებულ შეთანხმებას, რადგან კრედიტორებმა შეიძლება შეცდომაში შეგიყვანონ. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი სააგენტო, რომელიც მოკლევადიან სესხებს გასცემდა, მომხმარებლებს ვითომდა 24-პროცენტიან სესხს სთავაზობდა, სინამდვილეში კი პროცენტის რაოდენობა 400-ს აღემატებოდა.

შემდეგ დაადგინეთ, რა თანმიმდევრობით გადაიხდით ვალებს. შეგიძლიათ პირველ რიგში ის ვალი გაისტუმროთ, რომელიც მაღალი პროცენტით გაქვთ აღებული. ან შეიძლება არჩიოთ, რომ თავიდან წვრილ-წვრილი, დაბალპროცენტიანი სესხები დაფაროთ. ამგვარად უფრო დამშვიდებულად იგრძნობთ თავს, რადგან უფრო ცოტა კრედიტორთან გექნებათ შეხება. თუ მაღალპროცენტიანი ვალი გაქვთ, შეგიძლიათ აიღოთ ახალი, შედარებით დაბალპროცენტიანი სესხი, რომლითაც ძველ ვალს გაისტუმრებთ და ახალსაც ნელ-ნელა დაფარავთ.

თუ ყველაფერი იღონეთ, მაგრამ ვალის გადახდას ვერ ახერხებთ, ეცადეთ კრედიტორს მოელაპარაკოთ, რომ ხელშეკრულების პირობები შეცვალოთ. სთხოვეთ, გაგიგრძელონ თანხის დაფარვის ვადა ან პროცენტი შეგიმცირონ. ზოგმა კრედიტორმა შეიძლება გადასახდელი თანხა შეგიმციროთ, თუ გარკვეულ თანხას ერთბაშად გადაუხდით. იყავით გულწრფელი და თავაზიანი, როცა თქვენს ფინანსურ პრობლემებზე ესაუბრებით კრედიტორს (კოლოსელები 4:6; ებრაელები 13:18). შემდეგ დადეთ წერილობითი ხელშეკრულება. თუ პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდება, ფარ-ხმალს ნუ დაყრით და კიდევ სცადეთ (იგავები 6:1—5).

რეალურად შეაფასეთ საკუთარი ფინანსური მდგომარეობა. ყველაზე კარგად გათვლილმა სამოქმედო გეგმამაც შეიძლება ვერ გაამართლოს თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რადგან ხშირად ფული „არწივის ფრთებს შეისხამს და ცაში გაფრინდება“ (იგავები 23:4, 5).

ეცადეთ ასე მოიქცეთ: როცა ოჯახის ბიუჯეტს შეადგენთ, იმსჯელეთ როგორ შეგიძლიათ ხარჯების შემცირება და შემოსავლის გაზრდა. შეეცადეთ პრობლემას ერთობლივი ძალით შეეჭიდოთ.

პრობლემა 3: ვალის გარდა ვეღარაფერზე ფიქრობთ.

ვალების გადახდაზე გამუდმებულმა ზრუნვამ შეიძლება ის დაგვავიწყოს, რაც უფრო მნიშვნელოვანია. „ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ მთელი ოჯახის საზრუნავი ვალების გასტუმრება გახდა და ის, რაც ცხოვრებაში პირველ ადგილზე უნდა დაგვეყენებინა, უკანა პლანზე გადავწიეთ“, — ამბობს გეორგიოსი.

გამოსავალი: ცხოვრებაში უმთავრესი ფული არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ ძალ-ღონეს არ იშურებთ, შესაძლოა არაერთი წლის მანძილზე მოგიწიოთ ვალების გასტუმრება. მთელი ამ ხნის მანძილზე დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორი დამოკიდებულება გექნებათ პრობლემისადმი. ნაცვლად იმისა, რომ გამუდმებით ფულის შოვნაზე იფიქროთ ან მისი არქონის გამო იწუწუნოთ, კარგი იქნება, გაითვალისწინოთ შემდეგი ბიბლიური რჩევა: „თუ გვაქვს საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი, ამით დავკმაყოფილდეთ“ (1 ტიმოთე 6:8).

თუ კმაყოფილი იქნებით იმით, რაც გაქვთ, შეძლებთ „დარწმუნდეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილიპელები 1:10). „უფრო მნიშვნელოვანი“ კი ღმერთთან მეგობრობა და ოჯახის წევრებთან მჭიდრო კავშირია. ზემოთ მოხსენიებული გეორგიოსი ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ ვალები ბოლომდე ჯერ არ დაგვიფარავს, ის უკვე აღარ არის მთავარი საფიქრალი ჩვენს ოჯახში. მე და ჩემს მეუღლეს ახლა უკეთესი ურთიერთობა გვაქვს, უფრო მეტ დროს ვუთმობთ სულიერ საქმეებს, შვილებსა და ერთმანეთს“.

ეცადეთ, ასე მოიქცეთ: ჩამოწერეთ ყველაფერი ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია და რასაც ფულით ვერ იყიდით. შემდეგ განსაზღვრეთ, რა დაგეხმარებათ მეტი დრო და ენერგია მოახმაროთ თითოეულ მათგანს.

ვალები ბევრ საფიქრალს უჩენს ადამიანს და მათ გასასტუმრებლად შეიძლება არაერთი მსხვერპლის გაღება მოუწიოს, მაგრამ ეს ღირს ძალისხმევად. პოლონელი მამაკაცი, ანჯეი, ამბობს: „როდესაც გავიგე, რომ ჩემი ცოლი თანამშრომელს თავდებად დაუდგა და ბანკიდან დიდი თანხა გამოატანინა, ის კი მოგვიანებით ისე გაუჩინარდა, რომ სესხი არ დაფარა, ოჯახში სიტუაცია დაგვეძაბა“. დღეს იგი იხსენებს, როგორ გაართვეს თავი მან და მისმა მეუღლემ პრობლემას, და ამბობს: „თავად პრობლემამ კი არა, მის გადასაჭრელად ბრძოლამ გაგვაერთიანა“.

^ აბზ. 3 სტატიაში ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 17 დამატებითი რჩევები იხილეთ სტატიაში „როგორ გავანაწილოთ შემოსავალი“, „გამოიღვიძეთ!“, 2011 წლის სექტემბერი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

ჰკითხეთ საკუთარ თავს . . .

  • როგორ დავეხმარო ოჯახს ვალების გადახდაში?

  • რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი ვალების გასტუმრება არ გახდეს და ერთმანეთთან ურთიერთობა არ გაგვიფუჭდეს?