არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახლა ვიცნობ ღმერთს, რომელსაც თაყვანს ვცემ

ახლა ვიცნობ ღმერთს, რომელსაც თაყვანს ვცემ

ერთხელ ორმოცდაათიანელთა ეკლესიის მღვდელმსახური გვეწვია, რომელზეც ამბობდნენ, რომ განკურნების ძალა ჰქონდა. როდესაც შემეხო, რაღაც ძალამ მომიცვა და უგონოდ დავეცი. როდესაც გონზე მოვედი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ განკურნების ძალა მეც მივიღე. რა მოხდა ამის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში? ნება მომეცით, ყველაფერი თავიდან გიამბოთ.

დავიბადე 1968 წლის 10 დეკემბერს ილოკოს-ნორტეში (ფილიპინები). ოჯახში ათი და-ძმა ვიყავით, რომელთაგანაც მეშვიდე მე გახლდით. ფილიპინელთა უმეტესობის მსგავსად, ჩვენც კათოლიკურ ეკლესიაში დავდიოდით. სკოლა 1986 წელს დავამთავრე; მინდოდა, ექთანი გავმხდარიყავი. სამწუხაროდ, ჩემს ოცნებას ფრთები არ შეესხა, რადგან სერიოზულად დავავადდი. გამოჯანმრთელების იმედიც აღარ მქონდა. უფალს ვევედრებოდი, დამხმარებოდა, და აღვუთქვი კიდეც, თუ გამოვკეთდებოდი, მთელი ცხოვრება მას ვემსახურებოდი.

მართალია, სანამ გამოვჯანმრთელდებოდი, დიდი დრო გავიდა, მაგრამ პირობა არ დამვიწყნია. 1991 წელს ორმოცდაათიანელთა ბიბლიურ სასწავლებელში შევედი. როგორც ამბობდნენ, ამ სკოლის სასწავლო პროგრამის გავლის შედეგად „წმინდა სულის ძღვენსაც“ მივიღებდი. ძალიან მსურდა, ავადმყოფების განკურნების უნარი მომცემოდა. სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ ამ ძღვენს იმ შემთხვევაში მივიღებდით, თუ გამუდმებით ვიმარხულებდით და ვილოცებდით. ისე ძლიერ მსურდა, სხვებს დაეჯერებინათ, რომ უკვე მქონდა „წმინდა სულის ძღვენი“, რომ ერთ თანაკლასელს თავი მოვაჩვენე, თითქოს უკვე მქონდა განსაკუთრებული უნარი. ერთხელ, როდესაც ის კუთხეში თავისთვის ხმამაღლა ლოცულობდა, ჩუმად მოვუსმინე. ლოცვას რომ ამთავრებდა, ჩემს ადგილს დავუბრუნდი და კვლავ ჩავიმუხლე. შემდეგ სიტყვასიტყვით მოვუყევი, რას შესთხოვდა ღმერთს, რის შემდეგაც იგი დარწმუნდა, რომ უკვე მქონდა „წმინდა სულის ძღვენი“.

სასწავლებელში სწავლის დროს არაერთი კითხვა გამიჩნდა. მაგალითად, დავინტერესდი მათეს 6:9-ში იესოს მიერ მოხსენიებული მამის ვინაობითა და მისი სახელით, რომელიც უნდა განწმენდილიყო. როდესაც ეს კითხვები მასწავლებლებს დავუსვი, მათ საკმაოდ ბუნდოვნად და ორაზროვნად მიპასუხეს, რამაც არ დამაკმაყოფილა. ისინი სამებაზე მესაუბრებოდნენ და იმასაც დასძენდნენ, რომ ეს წმინდა საიდუმლო იყო. მიუხედავად უპასუხოდ დარჩენილი კითხვებისა, მე კვლავ დინებას მივყვებოდი და მსურდა, პასტორი გავმხდარიყავი.

პირველი შეხება იეჰოვას მოწმეებთან

სასწავლებელში გვასწავლიდნენ, რომ ცრუ რელიგიებს შორის ყველაზე საშინელი იეჰოვას მოწმეთა რელიგია იყო. ისინი მათ ანტიქრისტეებადაც მოიხსენიებდნენ, რამაც საბოლოოდ შემაძულა ეს ხალხი.

მეორე კურსზე ვიყავი, როცა არდადეგების დროს მშობლებთან ჩავედი. ჩემმა ერთ-ერთმა უფროსმა დამ, კარმენმა, გაიგო, რომ დავბრუნდი და მანაც გვინახულა. ამ დროისთვის ის უკვე იეჰოვას მოწმე და სრული დროით მქადაგებელი იყო. როდესაც მან ღმერთზე საუბარი წამოიწყო, ხმას ავუწიე და გამოვუცხადე: „მე უკვე ვიცნობ ღმერთს, რომელსაც ვემსახურები!“. ყვირილისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, იგი თავიდან მოვიცილე და საუბრის გაგრძელების საშუალება აღარ მივეცი.

სასწავლებელში დაბრუნების შემდეგ კარმენმა გამომიგზავნა ბროშურა „უნდა გწამდეს სამება?“. * ბროშურა მაშინვე დავჭმუჭნე და დავწვი. კარმენზე ჯერ კიდევ გაბრაზებული ვიყავი.

ვხდები პასტორი

სასწავლებელში სწავლის დროს ჩემს რწმენაზე რამდენიმე ადამიანი მოვაქციე. ამასთან, პირად წარმატებად ვთვლიდი, რომ დედაჩემიც და უფროსი ძმაც, ჩემი აღმსარებლობის მიმდევრები, ორმოცდაათიანელები, გახდნენ.

1994 წლის მარტში სწავლა დავამთავრე. სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ორმოცდაათიანელი მღვდელმსახური სწორედ მაშინ გვეწვია. თითოეული კურსდამთავრებული ვესწრაფოდით მის სიახლოვეს ყოფნას, რადგან ყველას გვჯეროდა, რომ „განკურნების ძღვენი“ ჰქონდა. ბენდი უკრავდა, ჩვენ ვხტოდით და მუსიკას ტაშს ვაყოლებდით. ვისაც ის ეხებოდა, თითქოს მათზე სული გადმოდიოდა, რომლის გავლენითაც ძირს ეცემოდნენ. * როდესაც მეც შემეხო, ძირს უგონოდ დავეცი. გონზე მოსვლის შემდეგ მართალია, კვლავ შეშინებული ვიყავი, მაგრამ ვიგრძენი, რომ უკვე მეც შემწევდა ძალა, განმეკურნა სხვები. ამან ძალიან გამახარა.

„სულის მიღებიდან“ მალევე ჩემი განსაკუთრებული უნარი ბავშვის განსაკურნავად გამოვიყენე, რომელსაც მაღალი სიცხე ჰქონდა. ლოცვის დასრულებისთანავე ბავშვს ოფლმა დაასხა და სიცხემ დაუწია. როგორც იქნა, შევძელი სისრულეში მომეყვანა ის, რაც ღმერთს აღვუთქვი. თუმცა, კვლავ სიცარიელეს ვგრძნობდი; ვხვდებოდი, რომ არსებობდა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, რომელსაც არ ვიცნობდი. გარდა ამისა, ჩემი ეკლესიის ბევრ სწავლებაშიც ეჭვი მეპარებოდა.

ჩემი განსაკუთრებული უნარი ბავშვის განსაკურნავად გამოვიყენე, რომელსაც მაღალი სიცხე ჰქონდა

რამ იმოქმედა ჩემს აზროვნებაზე

ამ ყველაფრის შემდეგ იეჰოვას მოწმეები კიდევ უფრო შემძულდნენ. როცა კი ხელში ჩამივარდებოდა მათი პუბლიკაციები, დაუყოვნებლივ ვწვავდი. შემდეგ მოხდა ის, რასაც ყველაზე ნაკლებად ველოდი და რამაც შოკში ჩამაგდო. გაირკვა, რომ დედას აღარ აკმაყოფილებდა ჩვენი რელიგია. მას კარმენი ბიბლიას ასწავლიდა. ჩემს დაზე გავცოფდი.

დედასთან სახლში ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ს გადავაწყდი. ალბათ, სხვა შემთხვევაში ფერფლად ვაქცევდი, ახლა კი დამაინტერესა, რას კითხულობდა დედა. სწრაფად გადავფურცლე ჟურნალი. შემთხვევით ჩემი ყურადღება მიიქცია ერთი მამაკაცის ისტორიამ, რომელსაც ადრე მტკიცედ სწამდა ის, რასაც თავისი ეკლესია ასწავლიდა. იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციების წაკითხვისა და ბიბლიასთან შედარების შემდეგ, დარწმუნდა, რომ ისეთი სწავლებები, როგორიცაა სამება, ჯოჯოხეთის ცეცხლი და სულის უკვდავება არაბიბლიურია. ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე, რადგან სწორედ ეს საკითხები მაღელვებდა. ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ, ერთი სული მქონდა, რაც შეიძლება მალე გავცნობოდი ბიბლიას და გამეგო ჭეშმარიტება.

მას შემდეგ, რაც ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის ფურცლებიდან ერთი ყოფილი ლოთი და ნარკომანი მამაკაცის ისტორიას გავეცანი, რომელიც სწორედ ბიბლიის შესწავლის წყალობით გამოსწორდა, იეჰოვას მოწმეების სხვა პუბლიკაციების კითხვაც დავიწყე. ბროშურის „ღვთის მარადიული სახელი“ (რუს.) * წაკითხვის შემდეგ გავიგე, რომ ღმერთს იეჰოვა ჰქვია. ძალიან გამიხარდა, რომ უკვე ერთადერთი ღვთის ჭეშმარიტი სახელი ვიცოდი (კანონი 4:39; იერემია 10:10).

ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე სიმართლე ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთის შესახებ

არავის ვუმხელდი, რომ იეჰოვას მოწმეთა პუბლიკაციებს ვკითხულობდი და ასე ფარულად ვიგებდი უფრო და უფრო მეტს ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე. თუ ორმოცდაათიანელთა სასწავლებელში მასწავლეს, რომ იესო ღმერთი იყო, ახლა უკვე ვიცოდი ბიბლიიდან, რომ ის „ცოცხალი ღვთის ძეა“ (მათე 16:15, 16).

რამ იმოქმედა ჩემს გულზე

როდესაც კარმენს კვლავ შევხვდი და ბროშურის „ღვთის მარადიული სახელი“ პირადი ეგზემპლარი და იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული სხვა პუბლიკაციები ვთხოვე, გაოცდა. რელიგიურ სასწავლებელში რამდენიმე წელი ვიღებდი განათლებას, მაგრამ იქ ჭეშმარიტება არავის უსწავლებია. სულიერ წყვდიადში ვიმყოფებოდი. ახლა გული სიხარულით მქონდა სავსე, რადგან ბიბლიური ჭეშმარიტება უფრო და უფრო ნათელი ხდებოდა ჩემთვის. საკუთარ თავზე გამოვცადე იესოს სიტყვების ძალა: „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოანე 8:32). ბიბლიიდან ნასწავლი ნელ-ნელა ცვლიდა ჩემს ცხოვრებას.

ბიბლიიდან ნასწავლი ნელ-ნელა ცვლიდა ჩემს ცხოვრებას

გარკვეული ხნის მანძილზე მეგონა, რომ შევძლებდი ფარულად იეჰოვასთვისაც მეცა თაყვანი და პასტორადაც მემსახურა. მალე გავაცნობიერე, რომ ნამდვილად გამიჭირდებოდა ჩემი ეკლესიის ზოგიერთი სწავლების შესახებ ქადაგება. გარდა ამისა, შევფიქრიანდი: „თუ აღარ ვიქნებოდი პასტორი, როგორ ვირჩენდი თავს? ან რამხელა სირცხვილს ვაჭმევდი თანამსახურთ, თუ მე, ერთ-ერთი პასტორთაგანი, იეჰოვას მოწმე გავხდებოდი?!“. გადავწყვიტე, პასტორად მსახურება გამეგრძელებინა, თუმცა ყველანაირად ვირიდებდი თავიდან ისეთ სწავლებების შესახებ ქადაგებას, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.

კარმენმა მორიგი შეხვედრის დროს იეჰოვას მოწმეების კრების შეხვედრაზე დამპატიჟა. რადგანაც ჩვენს მთავარ საკრებულოში ანგარიშის წარდგენა მევალებოდა, დროდადრო ქალაქ ლაოაგში ჩავდიოდი. სწორედ იქ მოვძებნე ყველასგან უჩუმრად იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი და შეხვედრას დავესწარი. იქ გავიცანი ერთი იეჰოვას მოწმე, სრული დროით მქადაგებელი ქალი — ალმა ვილიარინი. მას მეტსახელად „პრესიოსას“ ეძახდნენ, რაც „ძვირფასს“ ნიშნავს. მართალია, ჯერ კიდევ ეჭვის თვალით ვუყურებდი მოწმეებს, მაგრამ მას დავთანხმდი ბიბლიის შესწავლაზე.

ჩემი და დიდ მოთმინებას ავლენდა, როცა ბიბლიურ ცოდნას მიზიარებდა. პრესიოსაც ბევრს მითმენდა. ის არასდროს გამოდიოდა წყობიდან და კვლავაც მოთმინებით მიხსნიდა ბიბლიურ სწავლებებს მაშინაც კი, თუ რაიმეზე ვღიზიანდებოდი, ვეკამათებოდი, ხმას ვუწევდი ან ჩემსას ჯიუტად ვიჟინებდი. ჩემზე სასიკეთოდ იმოქმედა იმან, რომ პრესიოსაც და სხვა მოწმეებიც გულწრფელ ინტერესს იჩენდნენ ჩემდამი, და ამავე დროს, მეტად თავმდაბლები და რბილი ხასიათისანი იყვნენ. სწორედ ამან გადამაწყვეტინა, რომ მათ მსგავსად იეჰოვასთვის მეცა თაყვანი.

1995 წლის ივლისში მივხვდი, რომ სხვა გამოსავალი აღარ მქონდა — ეკლესიიდან უნდა წამოვსულიყავი. ამ დასკვნამდე გამოცხადების 18:4-ში ჩაწერილმა სიტყვებმა მიმიყვანა, სადაც ცრუ რელიგიებზე ნათქვამია: „გამოდით მისგან, ჩემო ხალხო, თუ არ გინდათ, მისი ცოდვების თანამონაწილენი იყოთ და მისი წყლულები მიიღოთ“. თავს როგორღა ვირჩენდი? ებრაელების 13:5-მა ჩამისახა იმედი, რომ თუ ღვთის ნებას დავაყენებდი პირველ ადგილზე, ღმერთი „არ დამტოვებდა და არ მიმატოვებდა“.

მართალია, მამაჩემი და ჩემი ძმა გაშმაგებით მეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ ორი კვირით ადრე, სანამ მოვინათლებოდი და იეჰოვას მოწმე გავხდებოდი, გამბედაობა მოვიკრიბე, დავბრუნდი სახლში და დავწვი ყველაფერი, რასაც პასტორად მსახურების დროს ვიყენებდი. შედეგად ყოველგვარი ზებუნებრივი უნარი და „სულის ძღვენი“ დავკარგე. სანამ საეკლესიო ნივთებს თავიდან მოვიშორებდი, ღამღამობით კიდევ ვგრძნობდი რაღაც უჩინარი ძალის ზეწოლას, ახლა კი ამ უსიამოვნო შეგრძნებამაც გაიარა. უწინდებურად აღარც ლანდებს ვხედავ ფანჯარაში. ბიბლიის შესწავლის შედეგად დავინახე, რომ დღესდღეობით ყოველგვარი ზებუნებრივი უნარისა თუ ეგრეთ წოდებული „სულის ძღვნის“ მიღმა ღმერთი კი არა, ბოროტი სულიერი ქმნილებები დგანან. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავთავისუფლდი მათი გავლენისგან იმ გოგონას მსგავსად, რომლისგანაც პავლემ და ბარნაბამ განდევნეს „დემონი, რომელიც მკითხაობის ძალას აძლევდა“ (საქმეები 16:16—18).

1996 წლის სექტემბერში მე და დედამ იეჰოვას მივუძღვენით თავი და მოვინათლეთ. ენით აუწერელი სიხარული დამეუფლა, როცა მოსანათლავთა შორის მე და დედა გვერდიგვერდ მივაბიჯებდით. ნათლობის შემდეგ სრული დროით მსახურება დავიწყე და არაერთი წლის მანძილზე ასე ვემსახურებოდი იეჰოვას.

დღეს დაქორწინებული ვარ და ჩემს მეუღლესთან, სილვერთან ერთად ბიბლიური ნორმებით ვზრდი ქალიშვილს. ჩემი ორი უფროსი და ერთი უმცროსი და დღეს იეჰოვას ემსახურებიან. მართალია, ვნანობ იმას, რომ წლების მანძილზე არ ვიცნობდი იეჰოვას, მაგრამ დღეს ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობ ღმერთს, რომელსაც თაყვანს ვცემ.

^ აბზ. 10 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. ამჟამად აღარ გამოიცემა.

^ აბზ. 13 ზოგი რელიგია იყენებს გამოთქმას „სულის გადმოსვლა“, რაც აღმატებული ძალის მიღებას გულისხმობს, რომლის ზემოქმედებითაც ადამიანი ძირს ვარდება.

^ აბზ. 18 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.