არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღმერთია იესო?

ღმერთია იესო?

საუბრები ბიბლიურ თემებზე — ღმერთია იესო?

იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით ესაუბრებიან ადამიანებს ბიბლიურ საკითხებზე. გაგჩენიათ ბიბლიური კითხვები, რომლებზეც ისურვებდით პასუხის მიღებას? გაინტერესებთ, რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს? თუ ასეა, ჰკითხეთ მათ, როცა შეხვდებით. ისინი დიდი სიამოვნებით გაგესაუბრებიან.

ქვემოთ მოყვანილია იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს საუბარი. წარმოიდგინეთ, რომ ერთი იეჰოვას მოწმე, სახელად მაკა, ესაუბრება ერთ ქალს, ნონას.

მართალია, რომ თქვენ არ გწამთ იესო?

ნონა: ჩემმა მოძღვარმა მითხრა, რომ იეჰოვას მოწმეებს არ სწამთ იესო. მართალია ეს?

მაკა: მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ნამდვილად გვჯერა იესოსი. ისიც გვწამს, რომ გადარჩენისთვის აუცილებელია იესოსადმი რწმენის გამოვლენა.

ნონა: ამის მეც მჯერა.

მაკა: ამ საკითხზე ორივეს ერთი აზრი გვაქვს. ხო მართლა, მე მაკა მქვია. თქვენ რა გქვიათ?

ნონა: ნონა. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.

მაკა: ჩემთვისაც ნონა. ალბათ, გაინტერესებთ: თუ იეჰოვას მოწმეებს ნამდვილად სწამთ იესო, რატომ ფიქრობს ხალხი მათზე სხვაგვარად?

ნონა: კი, საინტერესოა.

მაკა: მოკლედ რომ გითხრათ ნონა, ჩვენ გვწამს იესოსი, მაგრამ ჩვენ არ გვჯერა ყველაფრის, რასაც ხალხი ამბობს მასზე.

ნონა: რას გულისხმობთ?

მაკა: ზოგის აზრით, იესო მხოლოდ კარგი ადამიანი იყო, მაგრამ ჩვენთვის ის გაცილებით მეტია.

ნონა: ამაში მეც გეთანხმებით.

მაკა: აი, კვლავ დაემთხვა ჩვენი აზრები ერთმანეთს. იეჰოვას მოწმეებს არც იმ სწავლებების სჯერათ, რომლებიც ეწინააღმდეგება იმას, რასაც თავად იესო ამბობს მამასთან ურთიერთობაზე.

ნონა: რას გულისხმობთ?

მაკა: ბევრი რელიგია ასწავლის, რომ იესო ღმერთია. შეიძლება თქვენც ასე გასწავლეს.

ნონა: დიახ, ჩემი მოძღვარი ამბობს, რომ ღმერთი და იესო ერთნი არიან.

მაკა: ალბათ, დამეთანხმებით, რომ ყველაზე კარგად იესოს იმ შემთხვევაში გავიცნობთ, თუ გავიგებთ, რას ამბობდა თავად ის საკუთარ თავზე.

ნონა: რასაკვირველია.

რას ამბობდა იესო საკუთარ თავზე?

მაკა: მოდი, განვიხილოთ ერთი ბიბლიური მუხლი, რომელიც დაგვეხმარება ამ საკითხის უკეთ გაგებაში. ყურადღება მიაქციეთ, რას ვკითხულობთ იოანეს 6:38-ში. იესომ თქვა: „ზეციდან ჩემი ნების შესასრულებლად კი არ ჩამოვსულვარ, არამედ ჩემი გამომგზავნელისა“. იესო ღმერთი რომ ყოფილიყო, ამ სიტყვებს ხომ არ იტყოდა?

ნონა: ვერ ვხვდები, რისი თქმა გინდათ?

მაკა: ყურადღება მიაქციეთ, იესომ თქვა, რომ ზეციდან თავისი ნების შესასრულებლად არ ჩამოსულა.

ნონა: მართალი ხართ. იესომ თქვა, რომ თავისი გამომგზავნელის ნების შესასრულებლად მოვიდა.

მაკა: მაგრამ, თუ იესო ღმერთია, ვინ გამოგზავნა ის ზეციდან? და რატომ შეასრულა თავისი გამომგზავნელის ნება?

ნონა: ვხვდები, რისი თქმაც გინდათ. თუმცა ამ მუხლიდან არ ჩანს, რომ იესო ღმერთი არ არის.

მაკა: ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს იესო იოანეს მე-7 თავში. შეგიძლიათ წაიკითხოთ იოანეს 7:16?

ნონა: რასაკვირველია. «მაშინ იესომ მიუგო მათ: „რასაც ვასწავლი, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი გამომგზავნელისაა“».

მაკა: მადლობა, ნონა. რა გამოჩნდა ამ მუხლიდან? ასწავლიდა იესო თავის იდეებს?

ნონა: არა, იესომ თქვა, რომ იმას ასწავლიდა, რაც თავისმა გამომგზავნელმა დაავალა.

მაკა: მართალი ხართ. მაგრამ იბადება კითხვა: ვინ გამოგზავნა იესო? და ვის სიტყვას ასწავლიდა ის ხალხს? არის ის იესოზე დიდი? ბოლოს და ბოლოს გამომგზავნელი ხომ გამოგზავნილზე დიდია?!

ნონა: საინტერესოა. ეს მუხლი არასდროს წამიკითხავს.

მაკა: განვიხილოთ იოანეს 14:28-ში ჩაწერილიც: „ხომ მოისმინეთ, რომ გითხარით, მივდივარ და დავბრუნდები-მეთქი თქვენთან. რომ გიყვარდეთ, გაგიხარდებოდათ, მამასთან რომ მივდივარ, რადგან მამა ჩემზე დიდია“. ამ მუხლიდან გამომდინარე, უტოლებდა იესო თავის თავს მამას?

ნონა: არა. მან თქვა, რომ მამა მასზე დიდია. მივხვდი, იესო ღმერთს თავისზე მაღლა მდგომად თვლიდა.

მაკა: მართალი ხართ. მოდი, წავიკითხოთ მათეს 28:18 და ვნახოთ, რა უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული“. უნდოდა ამით იესოს იმის თქმა, რომ ყოველთვის ჰქონდა ძალაუფლება?

ნონა: არა, იესომ თქვა, რომ მას ძალაუფლება მისცეს.

მაკა: ვინ მისცემდა იესოს უფრო მეტ ძალაუფლებას, თავად რომ ყოფილიყო ღმერთი?

ნონა: ამაზე არ მიფიქრია.

ვის მიმართავდა იესო?

მაკა: თუ იესო ღმერთია, მაშინ ცოტა არ იყოს, ჩიხში ვექცევით.

ნონა: რა ჩიხში?

მაკა: ნახეთ, რა წერია ლუკას 3:21, 22-ში. შეგიძლიათ წაიკითხოთ?

ნონა: «ყველა რომ მოინათლა, იესოც მოინათლა და, როცა ლოცულობდა, გაიხსნა ცა და წმინდა სული სხეულებრივად, მტრედის სახით, გადმოვიდა მასზე და ციდან გაისმა ხმა: „შენა ხარ ჩემი საყვარელი ძე, მე მოგიწონე“».

მაკა: მიაქციეთ ყურადღება, რას აკეთებდა იესო, როცა ინათლებოდა?

ნონა: ლოცულობდა.

მაკა: მართალი ხართ. მაგრამ, თუ იესო ღმერთია, ვის მიმართავდა ლოცვით?

ნონა: კარგი კითხვაა. ჩემს მოძღვარს ვკითხავ.

მაკა: ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ როდესაც იესო წყლიდან ამოვიდა, ზეციდან ხმა გაისმა. იცით, რას ამბობდა ის?

ნონა: ის ამბობდა, რომ იესო მისი ძე იყო, რომელიც მოიწონა და შეიყვარა.

მაკა: მართალი ხართ. მაგრამ, თუ იესო ღმერთია, ზეციდან ვინღა ლაპარაკობდა?

ნონა: ამ კუთხით არასდროს შემიხედავს ამ საკითხისთვის.

რატომ „მამა“ და „ძე“?

მაკა: მოდი, ახლა სხვა კუთხითაც შევხედოთ ამ საკითხს. ჩვენ წავიკითხეთ, რომ იესომ ღმერთი თავის ზეციერ მამად მოიხსენია. როდესაც იესო მოინათლა, ზეციდან გაისმა ხმა, რომელიც ამბობდა, რომ იესო მისი ძე იყო. თავად იესომაც თავის თავს ღვთის ძე უწოდა. დავუშვათ, მეუბნებით, რომ ორი ადამიანი თანასწორია. თუ ოჯახის მაგალითს ავიღებთ, რომელი წევრები შეიძლება ჩაითვალონ თანასწორებად.

ნონა: მაგალითად, ორი ძმა.

მაკა: მართალი ხართ; თუნდაც ტყუპები, რომლებიც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. მაგრამ იესომ ღმერთს მამა უწოდა, თავის თავს კი — ძე. როგორ ფიქრობთ, რისი თქმა უნდოდა მას?

ნონა: მივხვდი, რასაც გულისხმობთ. იესომ თავისზე უფროსად და უფრო მეტი ძალაუფლების მქონედ მოიხსენია ის.

მაკა: მართალი ბრძანდებით. საინტერესოა, რომ მათი თანასწორობის აღსაწერად ორივეს ძმების, ტყუპების, მაგალითი მოგვივიდა თავში. იესო რომ ღმერთი იყოს, მას, როგორც დიდებულ მასწავლებელს, განა გაუჭირდებოდა, მსგავსი ან უკეთესი შედარება მოეყვანა?

ნონა: რა თქმა უნდა, არა.

მაკა: მაგრამ ღმერთთან თავისი ურთიერთობის აღსაწერად სიტყვები „მამა“ და „ძე“ გამოიყენა.

ნონა: ძალიან საინტერესოა.

რას ამბობდნენ იესოს მიმდევრები პირველ საუკუნეში?

მაკა: თუ გაქვთ რამდენიმე წუთი, კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხო.

ნონა: კი, მცალია.

მაკა: იესო ღმერთი რომ ყოფილიყო, განა მისი მოწაფეებიც არ მოიხსენიებდნენ მას ღმერთად?

ნონა: ლოგიკურია.

მაკა: მაგრამ ბიბლიაში არსად წერია, რომ მოწაფეები იესოს ღმერთად მოიხსენიებდნენ. ყურადღება მიაქციეთ, რა დაწერა იესოს ერთმა მოციქულმა, პავლემ. ფილიპელების 2:9-ში ნათქვამია, თუ რა გააკეთა ღმერთმა იესოს სიკვდილისა და მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ: „ამის გამო ღმერთმა ის [იესო] უფრო მეტად აამაღლა და მიანიჭა ყველა სახელზე აღმატებული სახელი“. როგორც ამ მუხლიდან ჩანს, როგორ მოექცა ღმერთი იესოს?

ნონა: ამ მუხლიდან ვხედავთ, რომ ღმერთმა მას უფრო მაღალი მდგომარეობა უბოძა.

მაკა: მართალია. მაგრამ, თუ იესო სიკვდილამდე ღვთის თანასწორი იყო, მაშინ, როცა მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ღმერთმა მას უფრო მაღალი მდგომარეობა უბოძა, განა ღმერთზე აღმატებული არ გახდებოდა? განა შეიძლება, რომ ღმერთზე მაღლა ვინმე იდგეს?

ნონა: არა, ეს შეუძლებელია.

მაკა: გეთანხმებით. ამ ბიბლიური მუხლებიდან გამომდინარე, შეგვიძლია იმის თქმა, რომ იესო ღმერთია?

ნონა: როგორც ჩანს, არა. ბიბლია ამბობს, რომ იესო ღვთის ძეა.

მაკა: მართალი ხართ. ნონა, მინდა იცოდეთ, რომ იეჰოვას მოწმეები დიდ პატივს სცემენ იესოს. ჩვენ გვჯერა, რომ აღთქმული მესიის მიერ მსხვერპლად გაღებული სიცოცხლე ერთგულ ადამიანებს ხსნას მოუტანს.

ნონა: ამის მეც მჯერა.

მაკა: გიფიქრიათ ოდესმე, როგორ შეგიძლიათ გამოხატოთ მადლიერება იესოს მიმართ, რომელმაც ჩვენთვის თავისი სიცოცხლე გაიღო? *

ნონა: მიფიქრია.

მაკა: თუ ისურვებთ, ისევ მოგინახულებთ და ბიბლიის დახმარებით ვიმსჯელოთ ამ საკითხზე. მომდევნო კვირას ამ დროს სახლში იქნებით?

ნონა: დიახ.

მაკა: ძალიან კარგი. მაშ, შეხვედრამდე.

[სქოლიო]