აბრაამი — მოსიყვარულე კაცი
აბრაამი — მოსიყვარულე კაცი
აბრაამს მწუხარებისგან გული დამძიმებოდა. მას ხომ საყვარელი მეუღლე გამოეცალა ხელიდან. სანამ სამარხთან საბოლოოდ გამოემშვიდობებოდა სარას, მოხუცებულ აბრაამს წარსულის არაერთი ლამაზი მოგონება წარმოუდგა თვალწინ. გულმოკლული მოხუცი მწარედ ქვითინებდა (დაბადება 23:1, 2). მას არ რცხვენოდა ცრემლების, რადგან სწორედ ეს ცრემლები მეტყველებდა მის დიდ სიყვარულზე.
რა არის სიყვარული? სიყვარული არის თბილი გრძნობა — განსაკუთრებული სიახლოვე ვინმესთან. მოსიყვარულე ადამიანი თავის სიყვარულს საქმეებით ამტკიცებს მაშინაც კი, თუ ამისთვის მსხვერპლის გაღება უწევს.
როგორ ავლენდა აბრაამი სიყვარულს? აბრაამი ოჯახის წევრებისადმი დიდ სიყვარულს ავლენდა. ცხადია, მას ბევრი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი, მაგრამ არასდროს რჩებოდა მხედველობიდან ოჯახის ემოციური თუ სულიერი მოთხოვნილებები. თავად იეჰოვამაც აღნიშნა, რომ აბრაამი, როგორც ოჯახის თავი, ყოველთვის ზრუნავდა ოჯახის სულიერ მოთხოვნილებებზე (დაბადება 18:19). ღმერთმა განსაკუთრებული ყურადღება აბრაამის სიყვარულზე გაამახვილა. მასთან საუბრისას იეჰოვამ ხაზი გაუსვა იმას, თუ რა ძლიერ უყვარდა აბრაამს თავისი ვაჟი, ისაკი (დაბადება 22:2).
აბრაამის სიყვარული მაშინაც კარგად გამოჩნდა, როცა საყვარელი მეუღლე, სარა ხელიდან გამოეცალა. აბრაამი მწარედ ქვითინებდა. მართალია, ის ძლიერი და ვაჟკაცური იყო, მაგრამ თავისი დარდის გამოხატვის არ ერიდებოდა. ის სათნო, მაგრამ, ამავე დროს, მტკიცე ხასიათის ადამიანი იყო.
1 იოანეს 5:3-ში ჩაწერილ სიტყვებს გვახსენებს: „ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს“. თუ ამ განმარტების მიხედვით ვიმსჯელებთ, აბრაამის მიერ ღვთისადმი გამოვლენილი სიყვარული მართლაც შეუდარებელია.
აბრაამი ღვთისადმი სიყვარულს ავლენდა. მან თავისი ცხოვრებით ცხადყო, რომ უყვარდა ღმერთი, რაცროდესაც იეჰოვამ აბრაამს დავალება მისცა, ის უსიტყვოდ დაემორჩილა (დაბადება 12:4; 17:22, 23; 21:12—14; 22:1—3). რაც არ უნდა რთული შესასრულებელი ყოფილიყო დავალება, აბრაამი ემორჩილებოდა ღმერთს. ამას ისე აკეთებდა, თითქოს იცოდა, რატომ სთხოვდა იეჰოვა ამას. აბრაამისთვის მნიშვნელოვანი არ იყო, ყველაფერი დაწვრილებით სცოდნოდა. იგი მზად იყო, ყველაფერი გაეკეთებინა, რასაც ღმერთი მოისურვებდა. აბრაამი თვლიდა, რომ თითოეული დავალების შესრულებისას იეჰოვასადმი სიყვარულის გამოვლენის შესაძლებლობა ეძლეოდა.
რა შეგვიძლია ვისწავლოთ? ჩვენ შეგვიძლია მივბაძოთ აბრაამს და თბილი გრძნობები გამოვავლინოთ სხვების, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრების მიმართ. არ უნდა დავუშვათ, რომ ცხოვრებისეულმა სირთულეებმა საყვარელი ადამიანებისათვის განკუთვნილი დრო წაგვართვას.
აგრეთვე მთელი გულით უნდა შევიყვაროთ იეჰოვა. ასეთი სიყვარული ცხოვრებაში დიდ სტიმულს მოგვცემს. მაგალითად, სიყვარული აღგვძრავს, შევიცვალოთ დამოკიდებულება, გავისუფთაოთ ბაგე და ისე მოვიქცეთ, როგორც ღმერთს ესიამოვნება (1 პეტრე 1:14—16).
ცხადია, ყოველთვის ადვილი არ არის იეჰოვას მითითებების მიყოლა. მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი, რომელიც დაეხმარა აბრაამს და თავისი მეგობარი უწოდა, ჩვენც დაგვეხმარება (ესაია 41:8). მისი სიტყვა, ბიბლია, გვპირდება: „[ღმერთი] განგამტკიცებთ და გაგაძლიერებთ“ (1 პეტრე 5:10). მართლაც რომ გულს გვითბობს აბრაამის მეგობრის ასეთი შესანიშნავი დანაპირები!
[ჩარჩო 11 გვერდზე]
სისუსტის ნიშანია ტირილი?
ბევრი მართლაც ასე ფიქრობს. ალბათ, მათ გაუკვირდებათ იმის გაგება, რომ ბიბლიაში მოხსენიებული ღვთის ერთგული და ძლიერი მამაკაცებიდან აბრაამი ერთ-ერთია, რომელსაც უბედურების დროს ცრემლების არ შერცხვა. ტირილისგან თავი არც იოსებს, დავითს, პეტრე მოციქულს, ეფესოს კრების უხუცესებს და არც იესოს შეუკავებია (დაბადება 50:1; 2 სამუელი 18:33; ლუკა 22:61, 62; იოანე 11:35; საქმეები 20:36—38). აშკარაა, ბიბლიაში არსად წერია, რომ ტირილი სისუსტის ნიშანია.