როდის განადგურდა ძველი იერუსალიმი? — ნაწილი I
როდის განადგურდა ძველი იერუსალიმი? — ნაწილი I
რატომ არის ამის ცოდნა მნიშვნელოვანი? რაზე მეტყველებს ფაქტები?
ეს არის „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი ორი სტატიიდან პირველი. ამ სტატიებში მოცემულია მეცნიერების მოსაზრებები ძველი იერუსალიმის განადგურების თარიღის შესახებ. განვიხილავთ საგულდაგულოდ გამოკვლეულ და ბიბლიაზე დაფუძნებულ პასუხებს იმ კითხვებზე, რომელიც საგონებელში აგდებს ზოგ მკითხველს.
„ისტორიკოსები და არქეოლოგები იერუსალიმის განადგურების თარიღად ძვ. წ. 586 ან 587 წლებს ასახელებენ. * მაშ რატომ ამტკიცებენ იეჰოვას მოწმეები, რომ იერუსალიმი ძვ. წ. 607 წელს განადგურდა? რის საფუძველზე ასახელებთ ამ თარიღს?“
ასეთი კითხვა მოგვწერა ერთმა ჩვენმა მკითხველმა. მაგრამ, რატომ არის მნიშვნელოვანი ვიცოდეთ, ზუსტად რომელ წელს გაანადგურა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II-მ იერუსალიმი? პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ მოვლენამ დიდი გარდატეხა მოახდინა ღვთის ხალხის ისტორიაში. ერთმა ისტორიკოსმა აღნიშნა, რომ ამან ისრაელი „უბედურებამდე, უდიდეს კატასტროფამდეც კი მიიყვანა“. ამ წელს განადგურდა ტაძარი, რომელიც ყოვლისშემძლე ღვთის თაყვანისმეცმლობის ცენტრი იყო 400 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. „ღმერთო! — მოთქვამდა ფსალმუნმომღერალი. — შებილწეს შენი წმიდა ტაძარი, იერუსალიმი ნანგრევებად აქციეს“ (ფსალმუნი 78:1, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა, [79:1, აქ]). *
გარდა ამისა, ამ „უდიდესი კატასტროფის“ დაწყების ზუსტი თარიღის ცოდნა და იმის გაგება, თუ რა ზედმიწევნით შესრულდა ბიბლიური წინასწარმეტყველება და აღდგა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა იერუსალიმში, ღვთის სიტყვისადმი რწმენას განგვიმტკიცებს. მაშ, რატომ არის, რომ იეჰოვას მოწმეების მიერ დასახელებულ იერუსალიმის განადგურების თარიღსა და ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულ თარიღს შორის 20-წლიანი სხვაობა? ამ კითხვაზე პასუხს თავად ბიბლია გვცემს.
„სამოცდაათი წელი“ — ვისთვის?
იერუსალიმის განადგურებამდე წლებით ადრე წინასწარმეტყველმა იერემიამ ამ პერიოდთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი დეტალი მოიხსენია. ბიბლიაში ჩაწერილია მისი გამაფრთხილებელი სიტყვები, რომლითაც „იერუსალიმის ყველა მცხოვრებს“ მიმართა: „გაოხრდება და გაუკაცურდება მთელი ეს ქვეყანა, ბაბილონის მეფის მორჩილებაში იქნებიან სამოცდაათ წელიწადს ეს ხალხები“ (იერემია 25:1, 2, 11, სსგ). წინასწარმეტყველმა დასძინა: «აი რას ამბობს იეჰოვა: „როცა სამოცდაათი წელი შესრულდება ბაბილონში, მაშინ მოგხედავთ და განვამტკიცებ ჩემს სასიკეთო სიტყვას და დაგაბრუნებთ ამ ადგილზე“» (იერემია 29:10). რატომ არის მნიშვნელოვანი „სამოცდაათი წელი“? როგორ გვეხმარება ეს პერიოდი იერუსალიმის განადგურების თარიღის დადგენაში?
ბიბლიის ბევრ თარგმანში ნაცვლად იმისა, რომ ეწეროს 70 წელი „შესრულდება ბაბილონში“, წერია 70 წელი „შეუსრულდებოდა ბაბილონს“ (სსგ). ზოგიერთი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ეს 70-წლიანი პერიოდი ბაბილონის იმპერიას ეხება. ისტორიულ წყაროებზე დაფუძნებული ქრონოლოგიის თანახმად, ბაბილონელები იუდასა და იერუსალიმზე თითქმის 70 წელი ბატონობდნენ — დაახლოებით ძვ. წ. 609 წლიდან ძვ. წ. 539 წლამდე, როცა ბაბილონის დედაქალაქი აიღეს.
თუმცა, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ 70 წელი იქნებოდა დროის ის პერიოდი, როცა ღმერთი მკაცრად დასჯიდა იუდასა და იერუსალიმში მცხოვრებ ხალხს, რომლებიც შეთანხმების თანახმად უნდა დამორჩილებოდნენ მას (გამოსვლა 19:3—6). როდესაც უარი თქვეს, მიეტოვებინათ ცუდი საქმეები, ღმერთმა უთხრა მათ: „მოვუხმობ . . . ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს . . . ამ მიწის წინააღმდეგ, მის მკვიდრთა წინააღმდეგ და მის მეზობელ ხალხთა წინააღმდეგ“ (იერემია 25:4, 5, 8, 9). მართალია, ბაბილონელთა რისხვა ახლოს მცხოვრებ ხალხებსაც დაატყდებოდა თავს, მაგრამ იერუსალიმის განადგურებას და 70-წლიან გადასახლებას იერემიამ მოგვიანებით თავისი „ხალხის . . . სასჯელი უწოდა“, რადგან იერუსალიმმა „მძიმედ შესცოდა“ (გოდება 1:8; 3:42; 4:6, სსგ).
ასე რომ, ბიბლიის თანახმად, 70 წელი სწორედ ის პერიოდი იყო, როცა ღმერთი ბაბილონელებს გამოიყენებდა იუდას მკაცრად დასასჯელად. მაგრამ ღმერთმა იუდეველებს უთხრა: „როცა სამოცდაათი წელი შესრულდება . . . დაგაბრუნებთ ამ ადგილზე“ ანუ იუდასა და იერუსალიმში (იერემია 29:10).
როდის დაიწყო „სამოცდაათი წელი“?
მემატიანე ეზრამ, რომელიც იერემიას მიერ ნაწინასწარმეტყველები 70-წლიანი გაპარტახების შემდგომ პერიოდში ცხოვრობდა, მეფე ნაბუქოდონოსორის შესახებ დაწერა: „მახვილს გადარჩენილები ტყვედ წაასხა ბაბილონში და მისი და მისი ვაჟების მორჩილები გახდნენ ისინი სპარსეთის სამეფოს აღზევებამდე, რათა შესრულებულიყო იერემიას პირით ნათქვამი იეჰოვას სიტყვა და მიწას აენაზღაურებინა თავისი შაბათები. მთელი უკაცრიელობის ხანი იცავდა ის შაბათს, ვიდრე სამოცდაათი წელი შესრულდებოდა“ (2 მატიანე 36:20, 21).
ამგვარად, იუდასა და იერუსალიმის მიწაზე 70 წლის მანძილზე დასვენების შაბათი იქნებოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მიწა არ დამუშავდებოდა — არ დათესავდნენ თესლს და არ გასხლავდნენ ვენახებს (ლევიანები 25:1—5). რადგან ღვთის ხალხი დაუმორჩილებლობას ავლენდა და, ალბათ, შაბათსაც არ იცავდა, იმით დაისჯებოდა, რომ მათი მიწა 70 წლის მანძილზე დაუმუშავებელი და გაუდაბურებული იქნებოდა (ლევიანები 26:27, 32—35, 42, 43).
როდის გაუდაბურდა იუდას მიწა? სინამდვილეში ბაბილონელები ნაბუქოდონოსორის მეთაურობით ორჯერ, სხვადასხვა დროს, დაესხნენ იერუსალიმს თავს. რა დროიდან დაიწყო 70 წლის ათვლა? უდავოა, ეს მაშინ არ დაიწყო, როცა ნაბუქოდონოსორმა პირველად შემოარტყა ალყა იერუსალიმს. მართალია, იმ დროს ნაბუქოდონოსორმა უამრავი ტყვე წაასხა იერუსალიმიდან ბაბილონში, მაგრამ ქვეყანაშიც ბევრი დატოვა. ამასთანავე, არც ქალაქი გაუნადგურებია. გადასახლების შემდეგ იუდაში მხოლოდ „მდაბიო ხალხი“ ცხოვრობდა წლების მანძილზე (2 მეფეები 24:8—17). მაგრამ მოგვიანებით ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა.
იუდეველთა აჯანყების შემდეგ ბაბილონელები კვლავ დაბრუნდნენ იერუსალიმში (2 მეფეები 24:20; 25:8—10). მათ გაანადგურეს ქალაქი, მათ შორის წმინდა ტაძარიც, ბევრი იუდეველი კი ბაბილონში ტყვედ წაიყვანეს. ორ თვეში „ადგა მთელი ხალხი [ქვეყანაში დარჩენილები] დიდიან პატარიანად და მხედართმთავრები, და ეგვიპტეში გადაიხვეწნენ ქალდეველების შიშით“ (2 მეფეები 25:25, 26; ბიბლიური საზოგადოების გამოცემა). მხოლოდ მას შემდეგ, ებრაული კალენდრის მიხედვით ამავე წლის მეშვიდე თვეში (თიშრი, სექტემბერ-ოქტომბერი) გაუდაბურდა იერუსალიმი და დაიწყო „დასვენების შაბათი“. ღმერთმა იერემიას მეშვეობით ეგვიპტეში გადახვეწილ იუდეველებზე თქვა: „თქვენ იხილეთ მთელი უბედურება, რომელიც მოვაწიე იერუსალიმსა და იუდას ყველა ქალაქს; გაპარტახებულია ეს ადგილები და არავინ ცხოვრობს იქ“ (იერემია 44:1, 2). აშკარაა, რომ ამ მოვლენიდან დაიწყო 70 წლის ათვლა. რომელი წელი იყო ეს? ამ კითხვაზე პასუხი რომ მივიღოთ, უნდა გავიგოთ, როდის დასრულდა ეს პერიოდი.
როდის დასრულდა „სამოცდაათი წელი“?
წინასწარმეტყველი დანიელი მანამდე ცხოვრობდა, სანამ სპარსეთის სამეფო ასპარესზე გამოვიდოდა. ის ბაბილონში განვითარებული მოვლენების თვითმხილველი იყო და სწორედ იქ გამოთვალა, როდის უნდა დასრულებულიყო 70 წელი. მან დაწერა: „მე, დანიელმა, წიგნებიდან გავიგე იმ წლების რიცხვი, რომელიც იეჰოვამ იერემია წინასწარმეტყველს გამოუცხადა — იერუსალიმი სამოცდაათი წელიწადი უნდა ყოფილიყო განადგურებული“ (დანიელი 9:1, 2).
ეზრამ, რომელიც ფიქრობდა იერემიას წინასწარმეტყველებაზე, „სამოცდაათი წლის“ დასასრული დააკავშირა იმ პერიოდთან, როცა „უფალმა აღძრა სპარსეთის მეფის, კიროსის სული და მან საქვეყნოდ გამოაცხადა მთელ თავის სამეფოში“ (2 მატიანე 36:21, 22, სსგ). როდის გათავისუფლდნენ ტყვეობიდან იუდეველები? მათი გათავისუფლების ბრძანება გამოიცა „სპარსეთის მეფის, კიროსის, პირველ წელს“ (იხილეთ ჩარჩო „წელთა ათვლის წერტილი“). ამგვარად, ძვ. წ. 537 წლის შემოდგომაზე იუდეველები იერუსალიმში დაბრუნდნენ, რათა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა აღედგინათ (ეზრა 1:1—5; 2:1; 3:1—5).
ბიბლიური ქრონოლოგიის თანახმად, 70 წელი სწორედ ძვ. წ. 537 წელს დასრულდა. თუ 70 წელს უკან გადავითვლით, გამოდის, რომ ეს პერიოდი ძვ. წ. 607 წელს დაიწყო.
თუკი წმინდა წერილებიდან აშკარად ჩანს, რომ ძვ. წ. 607 წელი იერუსალიმის განადგურების თარიღია, რატომ ამტკიცებს ბევრი ისტორიკოსი, რომ ეს ძვ. წ. 587 წელს მოხდა? ისინი ეყრდნობიან ანტიკური ხანის ისტორიკოსების ჩანაწერებსა და პტოლემეს კანონს. არის ეს წყაროები წმინდა წერილებზე უფრო სანდო?
რამდენად ზუსტია ანტიკური ხანის ისტორიკოსების მიერ მოწოდებული ცნობები?
ისტორიკოსები, რომლებიც ცხოვრობდნენ იერუსალიმის განადგურების პერიოდში, ახალი ბაბილონის მეფეების შესახებ, განსხვავებულ ცნობებს გვაწვდიან * (იხილეთ ჩარჩო „ახალი ბაბილონის მეფეები“). მათ მიერ ქრონოლოგიურად დათარიღებული მოვლენები არ ეთანხმება ბიბლიაში მოცემულ თარიღებს. მაგრამ რამდენად სანდოა მათი ჩანაწერები?
ბაბილონელი ისტორიკოსი და „ბელის ქურუმი“ ბეროსი იმ პერიოდში ცხოვრობდა, როდესაც ახალბაბილონური ეპოქა უკვე დასრულებული იყო. მისი ნაშრომი „ბაბილონიაკა“, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 281 წლით თარიღდება, დაიკარგა და მხოლოდ მისი ფრაგმენტები შემორჩა სხვა ისტორიკოსების ნაშრომებში. ბეროსმა თავისი ნაშრომი დააფუძნა „წიგნებზე, რომლებსაც ბაბილონში ძალიან აფასებდნენ“.1 ნამდვილად ისტორიკოსი იყო ბეროსი? განვიხილოთ ერთი მაგალითი.
ბეროსმა დაწერა, რომ ასურეთის მეფე სინახერიბი გამეფდა „[თავისი] ძმის მეფობის“ შემდეგ; მის შემდეგ გამეფდა მისი ვაჟი [ასარხადონი] და 8 წელი იმეფა, შემდეგ კი — სამუგენი [შამაშ-შუმუქინი], რომელმაც 21 წელი იმეფა“ („ბაბილონიაკა“ III, 2. 1, 4). მაგრამ ბაბილონელი ისტორიკოსების ჩანაწერებში, რომლებიც ბეროსამდე დიდი ხნით ადრე დაიწერა, ნათქვამია, რომ სინახერიბი ტახტზე თავისი მამის სარგონ II-ის და არა თავისი ძმის შემდეგ ავიდა. ასარხადონი მეფობდა 12 წელი და არა — 8, შამაშ-შუმუქინი კი 20 წელი და არა — 21. ისტორიკოსი ვან დერ სპეკი აღიარებს, რომ ბეროსი ეყრდნობოდა ბაბილონურ ქრონიკებს, მაგრამ, ამავე დროს, წერს: „ეს მას ხელს არ უშლიდა, რომ თავის ჩანაწერებში რაღაც ჩაემატებინა და ცნობები თავისი ინტერპრეტაციით გადმოეცა“.2
რა შეხედულება აქვთ სხვა ისტორიკოსებს ბეროსზე? „წარსულში ბეროსს ისტორიკოსად მიიჩნევდნენ“, — აღნიშნავს სტენლი ბერსტაინი, რომელმაც საგულდაგულოდ გამოიკვლია ბეროსის ნაშრომები. თუმცა, მან დაასკვნა: «მისი ნაშრომი არ უნდა მივიჩნიოთ ისტორიულ ნაშრომად. „ბაბილონიაკას“ დღემდე შემორჩენილ ფრაგმენტებშიც კი ბევრი უმარტივესი ფაქტია დამახინჯებული . . . ისტორიკოსს არ ეპატიება ასეთი შეცდომების დაშვება. გამოდის, რომ თვითონ ბეროსსაც არ ჰქონდა პრეტენზია ისტორიკოსობაზე».3
რა დასკვნას აკეთებთ ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე? უნდა მივიჩნიოთ ბეროსის მიერ დათარიღებული მოვლენები სანდოდ? რა შეიძლება ითქვას სხვა ძველი დროის ისტორიკოსებზე, რომლებიც თავიანთი ნაშრომების უმეტესობას ბეროსის ჩანაწერებზე აფუძნებდნენ? განა შეიძლება ვენდოთ მათ დასკვნებს, რომლებიც ისტორიულ მოვლენებს ეხება?
პტოლემეს კანონი
ახ. წ. მეორე საუკუნის ასტრონომი კლავდიოს პტოლემეც, რომელმაც შეადგინა „მეფეთა ქრონოლოგიური კანონი“, მხარს უჭერს იმ მოსაზრებას, რომ იერუსალიმი ძვ. წ. 587 წელს განადგურდა. პტოლემეს მიერ შედგენილი მეფეთა სია საფუძვლად
უდევს უძველესი ისტორიის ქრონოლოგიას, მათ შორის ახალბაბილონურ ეპოქასაც.პტოლემემ მეფეთა სია ახალბაბილონური ეპოქის დასრულებიდან დაახლოებით 600 წლის შემდეგ შეადგინა. როგორ დაადგინა მან პირველი მეფის ტახტზე ასვლის თარიღი? როგორც პტოლემე ხსნის, მან მიმართა ასტრონომიულ გამოთვლებს, მათ შორის მთვარის დაბნელების თარიღებს, და დაადგინა, რომ მეფე ნაბონასარი უნდა ყოფილიყო მის სიაში პირველ ადგილზე.4 ბრიტანეთის მუზეუმის თანამშრომელი კრისტოფერ ვოლკერი ამბობს, რომ პტოლემემ თავისი კანონი იმ მიზნით შეადგინა, რომ თანმიმდევრული ქრონოლოგია მიეწოდებინა ასტრონომებისთვის და არა ზუსტი ცნობები მეფეთა შესახებ — ისტორიკოსებისთვის.5
„დიდი ხანია ცნობილია, რომ პტოლემეს კანონი ასტრონომიულად სანდოა, — წერს ლეო დეპაუტი, პტოლემეს ერთ-ერთი ყველაზე თავგამოდებული დამცველი. — მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს კანონი ისტორიულადაც სანდოა“. პტოლემეს მიერ შედგენილი მეფეთა სიის შესახებ პროფესორი დეპაუტი დასძენს: „იმის დასადგენად, თუ როდის დაიწყეს მეფობა პირველმა მეფეებმა [რომელთა შორის არიან ახალი ბაბილონის მეფეები], პტოლემეს კანონი უნდა შევადაროთ ლურსმულ ჩანაწერებს“.6
რა არის ლურსმული ჩანაწერები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ, რამდენად ზუსტია ისტორიულად პტოლემეს კანონი? ამ ჩანაწერებში შედის ბაბილონური ქრონიკები, მეფეთა სიები და სავაჭრო ხასიათის წარწერების შემცველი ფირფიტები — ლურსმული წარწერები, რომლებიც ახალბაბილონურ პერიოდს ან მოგვიანებით მცხოვრებ მწიგნობრებს ეკუთვნოდა.7
როგორ შეგვიძლია შევადაროთ პტოლემეს მიერ შედგენილი სიები ლურსმულ ჩანაწერებს? ქვემოთ მოცემულ ჩარჩოში „როგორ შევადაროთ პტოლემეს კანონი უძველეს ფირფიტებს?“ ნაჩვენებია ამ კანონის ნაწილი, რომელიც შედარებულია უძველეს ლურსმულ ჩანაწერთან. ყურადღება მიაქციეთ, რომ პტოლემეს სიაში მხოლოდ ოთხი მეფეა მოხსენიებული ბაბილონელი მეფეების ქანდალანუსა და ნაბონიდს შორის. მაგრამ ურუქის მეფეთა სიიდან, რომელიც ერთ-ერთ ლურსმული წარწერის შემცველ ფირფიტაზეა ამოტვიფრული, ჩანს, რომ ამ მეფეებს შორის შვიდი მეფე მეფობდა. იმდენად ცოტა ხანს მეფობდნენ ეს მეფეები, რომ პტოლემემ მოხსენიების ღირსადაც არ ჩათვალა? სავაჭრო ხასიათის წარწერის შემცველ ერთ ფირფიტაზე ეწერა, რომ ამ მეფეებიდან ერთ-ერთი შვიდი წელი მეფობდა.8
ლურსმულ ჩანაწერებში მოცემული კიდევ ერთი ძლიერი მტკიცება ის არის, რომ ბაბილონში ნაბუფალასარის მეფობამდე (ახალი ბაბილონის ეპოქის პირველი მეფე) მეფობდა კიდევ ერთი მეფე (აშურ-ეტელ-ილანი). გარდა ამისა, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ქვეყანას მეფე არ ჰყოლია.9 ყოველივე ამის შესახებ პტოლემეს კანონი არაფერს ამბობს.
რატომ გამოტოვა პტოლემემ ზოგიერთი მეფე თავის სიაში? როგორც ჩანს, ის მათ ბაბილონის კანონიერ მმართველებად არ მიიჩნევდა.10 მაგალითად, მან გამოტოვა ახალი ბაბილონის მეფე ლაბაშ-მარდუქი. მაგრამ ლურსმული ჩანაწერების თანახმად, მეფეები, რომლებიც პტოლემემ არ მოიხსენია თავის სიაში, მართლაც მეფობდნენ ბაბილონში.
დღეს პტოლემეს კანონი ზუსტ ისტორიულ წყაროდ არის აღიარებული. მაგრამ, თუ მხედველობაში მივიღებთ ზემოაღნიშნულს, შეიძლება ეს კანონი სანდო ისტორიულ წყაროდ მივიჩნიოთ?
ფაქტებზე დაფუძნებული დასკვნა
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ: ბიბლია გასაგებად ამბობს, რომ იუდეველები გადასახლებაში 70 წელი იყვნენ. არსებობს საფუძვლიანი მტკიცებულება, რომ იუდეველები გადასახლებიდან ძვ. წ. 537 წელს დაბრუნდნენ იერუსალიმში, როგორც ამას ისტორიკოსების უმეტესობა აღიარებს. თუ ამ წლიდან უკან გადავითვლით 70 წელს, მაშინ გამოდის, რომ იერუსალიმი ძვ. წ. 607 წელს უნდა განადგურებულიყო. ანტიკური ხანის ისტორიკოსების ჩანაწერები და პტოლემეს კანონი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, რის გამოც მათ მიერ მოწოდებული ცნობების სიზუსტე ეჭვქვეშ დგება. სინამდვილეში, ანტიკური ხანის ისტორიკოსების ჩანაწერებსა და პტოლემეს კანონში მოცემული ცნობები არ გვაწვდის საკმარის მტკიცებულებებს იმისთვის, რომ ბიბლიური ქრონოლოგია ეჭვქვეშ დავაყენოთ.
გარდა ამისა, სხვა კითხვებიც წამოიჭრება. არსებობს რაიმე ისტორიული მტკიცებულება, რომელიც მხარს უჭერს იმ მოსაზრებას, რომ იერუსალიმი ძვ. წ. 607 წელს განადგურდა, როგორც ეს ბიბლიაშია ნათქვამი? ამტკიცებს თუ არა ამას ლურსმული ჩანაწერები, რომელთა უმეტესობა თვითმხილველების მიერ იყო შესრულებული? ამის შესახებ შემდეგ ნომერში ვისაუბრებთ.
[სქოლიოები]
^ აბზ. 4 ისტორიულ წყაროებში ორივე თარიღია მოხსენიებული. დაბნეულობის თავიდან ასარიდებლად ამ სტატიებში მხოლოდ ძვ. წ. 587 წელს მოვიხსენიებთ.
^ აბზ. 5 იეჰოვას მოწმეებმა გამოსცეს ბიბლიის სანდო თარგმანი, სახელწოდებით „ბიბლია — ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. მაგრამ, თუ იეჰოვას მოწმე არა ხართ, ალბათ, ბიბლიური საკითხების განხილვისას ბიბლიის სხვა თარგმანის გამოყენებას ამჯობინებთ. ამ სტატიაში მოვიყვანთ ციტატებს ბიბლიის სხვადასხვა თარგმანებიდან.
^ აბზ. 23 ახალი ბაბილონის იმპერია დაარსდა ნაბუქოდონოსორის მამის ნაბუფალასარის მეფობის დროს და არსებობა ნაბონიდის მეფობის დროს შეწყვიტა. ამ პერიოდით ისტორიკოსები განსაკუთრებით იმიტომ ინტერესდებიან, რომ 70-წლიანი გაპარტახების პერიოდის უდიდეს ნაწილს მოიცავს.
[ჩარჩო⁄სურათები 28 გვერდზე]
წელთა ათვლის წერტილი
მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ კიროს II-მ ძვ. წ. 539 წელს აიღო ბაბილონი:
▪ უძველესი ისტორიული წყაროები და ფირფიტები ლურსმული წარწერებით: დიოდორე სიცილიელმა (დაახლოებით ძვ. წ. 80—20) დაწერა, რომ კიროსი სპარსეთის მეფე გახდა „55-ე ოლიმპიურ წელს“, ანუ ძვ. წ. 560 წელს (Historical Library, წიგნი IX, 21). ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე (დაახლოებით ძვ. წ. 485—425) აღნიშნავს, რომ კიროსი მოკვდა „გამეფებიდან 29 წლის შემდეგ“, რაც იმას ნიშნავს რომ ეს მოხდა მისი მეფობის 30-ე წელს, ანუ ძვ. წ. 530 წელს (Histories, წიგნი I, „კლიო“, 214). ფირფიტები ლურსმული წარწერებით აჩვენებს, რომ კიროსმა ბაბილონი სიკვდილამდე 9 წლით ადრე დაიპყრო. თუკი ძვ. წ. 530 წლიდან, ანუ იმ წლიდან, როცა კიროსი გარდაიცვალა, უკან 9 წელს გადავითვლით, ძვ. წ. 539 წლამდე მივალთ. ეს კი სწორედ ის წელი იყო, როცა კიროსმა ბაბილონი აიღო.
არაზუსტი ცნობების შემცველი ფირფიტები ლურსმული წარწერებით: ერთ-ერთი ასტრონომიული გამოთვლების შემცველი ბაბილონური თიხის ფირფიტა (BM 33066) კიროსის სიკვდილის თარიღად ძვ. წ. 530 წელს ასახელებს. თუმცა, ამ ფირფიტაზე ასტრონომიული გამოთვლების მხრივ რამდენიმე არაზუსტი ინფორმაციაა მოცემული. ამ ფირფიტაზე აღწერილია ორი მთვარის დაბნელება, რომელიც მოხდა კიროსის ვაჟის, კამბისე II-ის მეფობის მეშვიდე წელს. მთვარის ეს დაბნელებები დაფიქსირდა ბაბილონში ძვ. წ. 523 წლის 16 ივლისს და ძვ. წ. 522 წლის 10 იანვარს; ამ გამოთვლის თანახმად, გამოდის, რომ კამბისეს მეფობის მეშვიდე წელი ძვ. წ. 523 წლის დასაწყისია, მისი მეფობის პირველი წელი კი — ძვ. წ. 529 წელი. აქედან გამომდინარე, კიროსის მეფობის უკანასკნელი წელი ძვ. წ. 530 წელი უნდა იყოს, და, შესაბამისად, ბაბილონის დაპყრობის თარიღი — ძვ. წ. 539 წელი.
[საავტორო უფლება]
Tablet: © The Trustees of the British Museum
[ჩარჩო 31 გვერდზე]
მოკლე მიმოხილვა
▪ ისტორიკოსების უმეტესობა ამტკიცებს, რომ იერუსალიმი ძვ. წ. 587 წელს განადგურდა.
▪ ბიბლიური ქრონოლოგიიდან აშკარად ჩანს, რომ იერუსალიმი ძვ. წ. 607 წელს განადგურდა.
▪ ისტორიკოსები თავის დასკვნებს, ძირითადად, აფუძნებენ ანტიკური ხანის ისტორიკოსების ჩანაწერებსა და პტოლემეს კანონზე.
▪ ანტიკური ხანის ისტორიკოსების ჩანაწერებში აღმოჩენილია სერიოზული შეცდომები და ეს ჩანაწერები ყოველთვის არ ეთანხმება თიხის ფირფიტებზე მოცემულ ცნობებს.
[ჩარჩო 31 გვერდზე]
წყაროები
1. Babyloniaca (Chaldaeorum Historiae), Book One, 1.1.
2. Studies in Ancient Near Eastern World View and Society, page 295.
3. The Babyloniaca of Berossus, page 8.
4. Almagest, III, 7, translated by G. J. Toomer, in Ptolemy’s Almagest, published 1998, page 166. Ptolemy knew that Babylonian astronomers used mathematical schemes to “compute” the times of past and future eclipses because they discovered that eclipses of the same character reoccur every 18 years.—Almagest, IV, 2.[1]
5. Mesopotamia and Iran in the Persian Period, pages 17-18.
6. Journal of Cuneiform Studies, Volume 47, 1995, pages 106-107.
7. Cuneiform is a form of writing in which a scribe pressed various signs into the surface of a soft clay tablet using a sharp stylus with a wedge-shaped point.[2]
8. Sin-sharra-ishkun ruled for seven years, and 57 economic tablets of this king are dated from his accession year through year seven. See Journal of Cuneiform Studies, Volume 35, 1983, pages 54-59.[3]
9. The economic tablet C.B.M. 2152 is dated in the fourth year of Ashur-etel-ilani. (Legal and Commercial Transactions Dated in the Assyrian, Neo-Babylonian and Persian Periods—Chiefly From Nippur, by A.T. Clay, 1908, page 74.) Also the Harran Inscriptions of Nabonidus, (H1B), I, line 30, has him listed just before Nabopolassar. (Anatolian Studies, Vol. VIII, 1958, pages 35, 47.) For the kingless period, see Chronicle 2, line 14, of Assyrian and Babylonian Chronicles, pages 87-88.[4]
10. Some scholars contend that certain kings were omitted by Ptolemy—who supposedly listed only kings of Babylon—because these were called by the title “King of Assyria.”[5a-t] However, as you will note in the box on page 30, several kings included in Ptolemy’s canon also had the title “King of Assyria.” Economic tablets, cuneiform letters, and inscriptions clearly reveal that kings Ashur-etel-ilani, Sin-shumu-lishir, and Sin-sharra-ishkun ruled over Babylonia.
[ცხრილი⁄სურათი 29 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ახალი ბაბილონის მეფეები
თუ ისტორიკოსები სანდო ინფორმაციას გვაწვდიან, რატომ არ ეთანხმება მათი ცნობები ერთმანეთს?
მეფეები
ნაბუფალასარი
ბეროსე დაახლ. ძვ.წ. 350—270 (21)
პოლიჰისტორი ძვ.წ 105—? (20)
იოსებ ფლავიუსი ახ.წ 37—?100 (—)
პტოლემე დაახლ. ახ.წ. 100—170 (21)
ნაბუქოდონოსორ II
ბეროსე დაახლ. ძვ.წ. 350—270 (43)
პოლიჰისტორი ძვ.წ 105—? (43)
იოსებ ფლავიუსი ახ.წ 37—?100 (43)
პტოლემე დაახლ. ახ.წ. 100—170 (43)
ამელ-მარდუქი
ბეროსე დაახლ. ძვ.წ. 350—270 (2)
პოლიჰისტორი ძვ.წ 105—? (12)
იოსებ ფლავიუსი ახ.წ 37—?100 (18)
პტოლემე დაახლ. ახ.წ. 100—170 (2)
ნერიგლისარი
ბეროსე დაახლ. ძვ.წ. 350—270 (4)
პოლიჰისტორი ძვ.წ 105—? (4)
იოსებ ფლავიუსი ახ.წ 37—?100 (40)
პტოლემე დაახლ. ახ.წ. 100—170 (4)
ლაბაშ-მარდუქი
ბეროსე დაახლ. ძვ.წ. 350—270 (9 თვე)
პოლიჰისტორი ძვ.წ 105—? (—)
იოსებ ფლავიუსი ახ.წ 37—?100 (9 თვე)
პტოლემე დაახლ. ახ.წ. 100—170 (—)
ნაბონიდი
ბეროსე დაახლ. ძვ.წ. 350—270 (17)
პოლიჰისტორი ძვ.წ 105—? (17)
იოსებ ფლავიუსი ახ.წ 37—?100 (17)
პტოლემე დაახლ. ახ.წ. 100—170 (17)
ანტიკური ხანის ისტორიკოსების მიერ დასახელებული მეფეების მეფობის წლების ხანგრძლივობა
[საავტორო უფლება]
Photograph taken by courtesy of the British Museum
[ცხრილი⁄სურათები 30 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
როგორ შევადაროთ პტოლემეს კანონი უძველეს ფირფიტებს?
პტოლემემ თავის სიაში გამოტოვა ზოგი მეფის სახელი. რატომ?
პტოლემეს კანონი
ნაბონასარი
ნაბუნადინზერი (ნადინუ)
მუქინ-ზერი და პული
ულულაი (სალმანასარ V) „ასურეთის მეფე“
მეროდაქ-ბალადანი
სარგონ II, „ასურეთის მეფე“
პირველი უმეფობის ხანა
ბელიბნი
აშურნადინშუმი
ნერგალუშეზიბი
მუშეზიბამარდუქი
მეორე უმეფობის ხანა
ასარხადონი, „ასურეთის მეფე“
შამაშ-შუმუქინი
ქანდალანუ
ნაბუფალასარი
ნაბუქოდონოსორი
ამელ-მარდუქი
ნერიგლისარი
ნაბონიდი
კიროსი
კამბისე
უძველეს ფირფიტებზე ამოტვიფრული ურუქის მეფეთა სია
ქანდალანუ
სინშუმილიშირი
სინშარიშქუნი
ნაბუფალასარი
ნაბუქოდონოსორი
ამელ-მარდუქი
ნერიგლისარი
ლაბაშ-მარდუქი
ნაბონიდი
[სურათი]
ეს ბაბილონური მატიანეები არის ლურსმული ჩანაწერების ნაწილი, რომელიც გვეხმარება იმის დადგენაში, თუ რამდენად ზუსტია პტოლემეს კანონი
[საავტორო უფლება]
Photograph taken by courtesy of the British Museum
[სურათის საავტორო უფლება 31 გვერდზე]
Photograph taken by courtesy of the British Museum