არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხოცვა-ჟლეტა სკოლაში ტრავმირებულთა ნუგეშისცემა

ხოცვა-ჟლეტა სკოლაში ტრავმირებულთა ნუგეშისცემა

ხოცვა-ჟლეტა სკოლაში ტრავმირებულთა ნუგეშისცემა

გაზეთის პირველ გვერდზე შავ ფონზე დიდი ასოებით მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა: „რატომ?“. ეს კითხვა არაერთხელ დაისვა მას შემდეგ, რაც სამხრეთ გერმანიის ქალაქ ვინენდენში 17 წლის ახალგაზრდამ 15 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, თავად კი თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მთელ გერმანიაში დროშები დაუშვეს. ამ ამბავმა მთელი მსოფლიო შეძრა.

ვინენდენი ეკონომიკურად სტაბილური და წყნარი ქალაქია. მას ვენახები და ხეხილის ბაღები აკრავს გარს. 2009 წლის 11 მარტის დილა ალბერტვილის სკოლის მოსწავლეებისთვის ჩვეულებრივად დაიწყო. მაგრამ მოულოდნელად, დილის ათის ნახევრისთვის იქაურობა ქაოსმა მოიცვა.

ერთი ახალგაზრდა თავის ყოფილ სკოლაში შეიჭრა. ხელში მას მშობლების ოთახიდან მოპარული ცეცხლსასროლი იარაღი ეჭირა. ერთიმეორეზე მიყოლებით სამ საკლასო ოთახში და დერეფანში მან ცხრა მოსწავლე და სამი მასწავლებელი მოკლა, გაცილებით მეტი კი დაჭრა. რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე პოლიციაც მივიდა. მკვლელი ახლომდებარე ფსიქიატრიული კლინიკის ეზოს გავლით გაიქცა. გზად მან კლინიკის ეზოში მომუშავე მამაკაცი მოკლა, შემდეგ კი იარაღის მუქარით მძღოლი აიძულა, ავტომანქანით იქაურობას გაცლოდნენ. დაახლოებით 40 კილომეტრის გავლის შემდეგ მძღოლმა გაქცევა მოახერხა. ავტომობილების ბაზრობაზე მან კიდევ ორი ადამიანი მოკლა, ორი პოლიციელი კი, რომლებიც მას მისდევდნენ, მძიმედ დაჭრა. ბოლოს, როცა პოლიცია დაეწია, მან თავი მოიკლა.

მკვლელის ნაცნობებმა თქვეს, რომ ის სხვა მოზარდებისგან არაფრით გამოირჩეოდა.უბრალოდ, მას მეგობრები არ ჰყავდა და სურდა, თანატოლებს თავიანთ სამეგობრო წრეში მიეღოთ. მაგრამ რამ განაპირობა ის, რომ მან ასეთი საშინელი საქციელი ჩაიდინა? მას შესაძლოა დეპრესია ჰქონდა. ამასთანავე, ის პნევმატიკური იარაღით და ძალადობრივი კომპიუტერული თამაშებით ერთობოდა. ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ასე ათასობით სხვა მოზარდიც ერთობა. მაგრამ დახოცილებზე რაღას ვიტყვით? მიზანმიმართულად მოკლა მან თითოეული მათგანი, თუ ისინი უბრალოდ შემთხვევითობამ იმსხვერპლა? დღემდე გაურკვეველია, რატომ მოკლა მან რვა გოგონა და მხოლოდ ერთი ბიჭი.

ხალხის რეაქცია

„არ დავიჯერე, როცა შვილმა დამირეკა და მითხრა, რომ სკოლაში სროლა ატყდა, — იხსენებს ჰიკა, — მაგრამ როცა პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანების ხმა გავიგონე და დავინახე, რომ ერთმანეთის მიყოლებით ჩაიქროლეს, შიშმა ამიტანა“. პოლიციას რომ დაუყოვნებლივ არ ემოქმედა, მსხვერპლი შეიძლება უფრო მეტი ყოფილიყო. ევაკუაციის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მივიდნენ მედპერსონალი, ფსიქოლოგები და სასულიერო პირები, რომლებმაც მოსწავლეთა დასახმარებლად ძალ-ღონე არ დაიშურეს.

ტრაგედიის ადგილზე რეპორტიორებიც მალევე გაჩნდნენ. ისინი ცდილობდნენ, ინტერვიუ აეღოთ მოსწავლეებისგან, რომელთაგან მრავალი ჯერ კიდევ შოკში იყო. ერთმა მოსწავლემ დაითვალა, რომ სკოლის წინ 26 ტელევიზიის 28 ავტომანქანა იყო გაჩერებული. ჟურნალისტებს შორის დიდი კონკურენცია იყო, ვინ უფრო მეტ სენსაციურ მასალას მიაწვდიდა საზოგადოებას, რამაც დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებას შეუწყო ხელი. ერთი ჟურნალისტი ტრაგედიის დღესვე დაუკავშირდა ერთ-ერთი დაღუპული გოგონას ოჯახს და ფოტოსურათები სთხოვა. სხვები კი ფულს უხდიდნენ მოსწავლეებს, რომ ფოტოკამერების წინ მათი მითითებების თანახმად მოქცეულიყვნენ. ირგვლივ ქაოსი იყო. ზოგ რეპორტიორს იმდენად უნდოდა სენსაციური ინფორმაციის მოპოვება, რომ მხედველობიდან გამორჩათ დაზარალებულთა მდგომარეობა.

როგორც ასეთ სიტუაციებში ხდება ხოლმე, ხალხმა ნუგეშის მისაღებად რელიგიას მიმართა. ტრაგედიის დღეს სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ღვთისადმი ერთობლივი ლოცვები აღავლინეს. ბევრი მადლიერებით გამოეხმაურა ასეთ მხარდაჭერას. მაგრამ, ვისაც ღვთის სიტყვიდან ნამდვილი ნუგეშის მიღება სურდა, იმედგაცრუებული დარჩა, რადგან მათ კითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს. ერთი ოჯახი თავიანთი შვილის თანაკლასელის დაკრძალვას დაესწრო. დედა იხსენებს: „მღვდელმა იობის ტანჯვაზე ისაუბრა. ვფიქრობდი, რომ იობის ცხოვრებიდან ჩვენ სანუგეშებლად რამეს იტყოდა, მაგრამ ვერაფრით გვანუგეშა. ერთი სიტყვაც არ უთქვამს, რატომ იტანჯებოდა იობი და როგორ დასრულდა მისი ისტორია“.

ერთი კაცი ძალიან განარისხა მღვდლის არაფრისმთქმელმა სიტყვებმა. ის 30 წლის წინ იეჰოვას მოწმეებთან სწავლობდა ბიბლიას. ამ შემთხვევის შემდეგ მან განაახლა კრების შეხვედრებზე დასწრება.

14 წლის ვალიზა, რომელიც იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობს, მკვლელობის დროს გვერდით საკლასო ოთახში იმყოფებოდა. როცა მან სროლის ხმა გაიგონა, იეჰოვას მიმართა ლოცვით. როგორც ვალიზამ თქვა, ამ მოვლენამ ის კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ბიბლიაში აღწერილ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1—5). ორი იეჰოვას მოწმე მეზობლებს მანუგეშებელ ცნობას უზიარებდა ბიბლიიდან. მათთან ერთი ხანდაზმული ქალი მივიდა და უთხრა: „კარგი იქნებოდა, ამ საქმეს უფრო მეტი რომ აკეთებდეს“. ამ თავზარდამცემმა ამბავმა ბევრი აღძრა, ღვთის სიტყვაში ჩაწერილი იმედისმომცემი ცნობა მოესმინა.

ტრავმის შედეგები

ცხადია, ვერანაირი თბილი სიტყვა ვერ ანუგეშებს იმ სასოწარკვეთილ და შოკში მყოფ ადამიანებს, რომელთაც პირადად შეეხო ეს ტრაგედია. განა შეუძლია რამეს სრულად ანუგეშოს ის მშობლები, რომლებმაც შვილი დაკარგეს, ან ის პოლიციელი, რომელმაც თავისი ცოლი მოკლულებს შორის იპოვა?!

მოსწავლეები, რომლებიც ამ საშინელებას გადაურჩნენ, და მათი მშობლები ტრავმირებულები იყვნენ. როგორც კი მკვლელმა ცეცხლი გახსნა, ვასილიოსი საავარიო გასასვლელი ფანჯრიდან გადახტა. „როდესაც ფანჯრიდან გადავხტი, — იხსენებს ვასილიოსი, — იეჰოვას ლოცვით მივმართე. ვფიქრობდი, რომ სიკვდილს ვერ გადავურჩებოდი. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ეს ჩემი ბოლო ლოცვა იყო“. მომდევნო კვირების განმავლობაში მას კოშმარები ესიზმრებოდა და ხალხთან ლაპარაკს გაურბოდა. მას განსაკუთრებით აღიზიანებდა ის, რომ მედიისთვის ეს ტრაგედია ფულის კეთების საშუალებად იქცა და ისეთ დეტალებს აშუქებდნენ, რითაც ამ სისხლიანი ისტორიით ტრავმირებულთა გრძნობებს არ ითვალისწინებდნენ. დროთა განმავლობაში მან შეძლო, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაბრუნებოდა.

იონასმა, რომელიც ვასილიოსის კლასელია, საკუთარი თვალით ნახა, როგორ მოკლეს მისი ხუთი თანაკლასელი. ის ამბობს: „ტრაგედიის შემდეგ არ მიმძიმდა იმაზე საუბარი, რაც ჩემ თვალწინ მოხდა; ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს საშინელებათა ფილმი ვნახე. მაგრამ თავს ახლა უფრო ცუდად ვგრძნობ. ხან ამ ამბის გახსენებაც არ მინდა, ხან კი სულ ამაზე ვლაპარაკობ“. ვასილიოსის მსგავსად, იონასსაც ღამის კოშმარები ტანჯავს.

ამ ამბიდან რამდენიმე დღის შემდეგ მოსწავლეებს დაუბრუნეს თავიანთი ნივთები, რომლებიც საკლასო ოთახებში დარჩათ. მაგრამ ფსიქოლოგები შიშობდნენ, ასეთი ნივთების დანახვისას, მოსწავლეებს შეიძლებოდა ის სისხლიანი დღე გახსენებოდათ. იონასს თავიდან თავისი ქურთუკის, ჩანთის და მოტოციკლის ჩაფხუტის დანახვაც კი არ უნდოდა. გარდა ამისა, ის მკვლელის მსგავსი გარეგნობის ბიჭებს, ან მათ, ვისაც ზურგჩანთით დაინახავდა, ეჭვის თვალით უყურებდა. იონასი მდგომარეობიდან მაშინაც გამოდიოდა, როცა მისი მშობლები ისეთ ფილმს უყურებდნენ, რომელშიც სროლები იყო. ექიმები ცდილობდნენ, დახმარებოდნენ მოსწავლეებს სტრესთან გამკლავებაში.

იონასის მამა, იურგენი იმ კლინიკაში მუშაობს, სადაც ერთ-ერთი მუშაკი მოკლეს. იურგენი ამბობს, რომ მის თანამშრომლებსა და მოსწავლეების მშობლებს მოსვენებას არ აძლევთ შემდეგი კითხვები: „რატომ მოხდა ეს? მეც რომ მოვეკალი?“. მაგალითად, აივანზე გასულმა კლინიკის ერთმა თანამშრომელმა დაინახა, რომ მკვლელი მის აივანს გაუსწორდა. მას ეგონა, მკვლელი მასაც მოკლავდა და შიშისგან ისეთი ძლიერი სტრესი მიიღო, რომ ფსიქიატრთან დასჭირდა მკურნალობა.

როგორ დაეხმარნენ ზოგს?

რა დაეხმარა ზოგს ამ საშინელების გადატანაში? იურგენი ამბობს: „ზოგჯერ რთულია ხალხის გარემოცვაში ყოფნა, მაგრამ ძალიან დამხმარეა, როცა სხვები შენ გვერდით არიან და გრძნობ, რომ ისინი ზრუნავენ შენზე“.

იონასიც ძალიან მადლიერია, რომ მის მიმართ ყურადღებას ავლენენ. ის გვიყვება: „ბევრი მიგზავნიდა ბარათებსა და ტექსტურ შეტყობინებებს. ზოგი ბიბლიური მუხლებითაც მამხნევებდა“. კიდევ რა ეხმარება მას? „როცა ღამე მეღვიძება და საშინელი ფიქრები მიპყრობს, ლოცვას ვიწყებ. ზოგჯერ მუსიკას ვრთავ ან „გამოიღვიძეთ!“-ის * აუდიოჩანაწერებს ვუსმენ“. შემდეგ ის დასძენს: „ბიბლიიდან ვიცით, რატომ ხდება ეს ყველაფერი — ამ ქვეყნიერებას სატანა მართავს და ბოლო დღეებში ვცხოვრობთ“. იონასის მამა აღნიშნავს, რომ ამ ყოველივეს ცოდნა მათ სტრესთან გამკლავებაში ეხმარება.

მალე ტანჯვა აღარ იქნება

რამდენიმე დღეში სკოლის წინა ეზო სანთლებით, ყვავილებითა და ბარათებით დაიფარა. კერსტინმა შეამჩნია, რომ ბარათებში ბევრი სვამდა კითხვას, რატომ დაუშვა ღმერთმა ასეთი საშინელება. მან და კიდევ სხვა ორმა იეჰოვას მოწმემ საჭიროდ ჩათვალეს, პასუხი გაეცათ ამ კითხვისთვის, ამიტომ ბარათი დაწერეს და სხვა ბარათების გვერდით დადეს.

ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ დღეს ერთ-ერთმა ტელევიზიამ მოწმეების მიერ დაწერილი ბარათის შესავალი სიტყვებიდან ციტირება მოახდინა: „ამ ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე არაერთხელ დაისვა კითხვა: რატომ? ხალხს განსაკუთრებით აინტერესებს: სად იყო ღმერთი იმ დროს და რატომ დაუშვა მან ასეთი რამ?“ სამწუხაროდ, ციტატა აქ წყდებოდა.

ციტატის აქ შეწყვეტა იმიტომ იყო სამწუხარო, რომ სწორედ შემდეგ იწყებოდა იმის ახსნა, თუ რამ გამოიწვია კაცობრიობის ტანჯვა და როგორ „აღმოფხვრის ღმერთი ადამიანთა ყველა უკეთურებას“. ბარათში შემდეგ ეწერა: „ბიბლიის ბოლო წიგნში ნათქვამია, რომ ღმერთი ადამიანებს მოსწმენდს ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“. იეჰოვა ღმერთი მკვდრებსაც კი გააცოცხლებს. მისი სამეფოს მმართველობისას, რომელიც მალე დამყარდება, მეტად აღარ იქნება ტრაგედიები, ხოცვა-ჟლეტა და ტანჯვა. ღმერთი გვპირდება: „აი, ვქმნი ყველაფერს ახალს“ (გამოცხადება 21:4, 5).

[სქოლიო]

^ აბზ. 20 ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ და მისი აუდიოჩანაწერები გამოიცემა იეჰოვას მოწმეების მერ.

[სურათი 12 გვერდზე]

იონასმა მიიღო ბარათი, რომელშიც ეწერა: „ჩვენ ვფიქრობთ შენზე“

[სურათის საავტორო უფლება 9 გვერდზე]

Focus Agency/WPN

[სურათის საავტორო უფლება 9 გვერდზე]

© imagebroker/Alamy

[სურათის საავტორო უფლება 10 გვერდზე]

Foto: picture alliance

[სურათის საავტორო უფლება 11 გვერდზე]

Foto: picture alliance