აუცილებელია ებრაულის და ბერძნულის ცოდნა?
აუცილებელია ებრაულის და ბერძნულის ცოდნა?
ბიბლია ძირითადად ორ ენაზე, ებრაულსა და ბერძნულზე დაიწერა. * ბიბლიის წიგნების დამწერებს ამ ენებზე წერისას ღვთის წმინდა სული ხელმძღვანელობდა (2 სამუელი 23:2). აქედან გამომდინარე, რაც მათ დაწერეს „ღვთისგან არის შთაგონებული“ (2 ტიმოთე 3:16, 17).
აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით ბიბლიის მკითხველთა უმეტესობამ არ იცის ებრაული და ბერძნული ენები. ამიტომ მათ უწევთ მშობლიურ ენაზე შესრულებული თარგმანის კითხვა. შეიძლება თქვენს შემთხვევაშიც ასეა. ეს თარგმანები ღვთის შთაგონებით არ არის შესრულებული, ამიტომ შეიძლება ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა ბიბლიაში ჩაწერილი ცნობის ზუსტად გაგება; თუ ამისთვის ებრაული და ბერძნული ენის ცოდნაა საჭირო?
გასათვალისწინებელი ფაქტორები
სანამ ამ კითხვას ვუპასუხებთ, საჭიროა რამდენიმე ფაქტორი გავითვალისწინოთ. პირველი ფაქტორი: ძველი ებრაულის ან ბერძნულის ცოდნა იმას არ ნიშნავს, რომ ბიბლიის გაგების სასწაულებრივ უნარს შევიძენთ. თავის თანამედროვე ებრაელებს იესომ ასეთი სიტყვები უთხრა: „წმინდა წერილებს იკვლევთ, რადგან ფიქრობთ, რომ მათი მეშვეობით გექნებათ მარადიული სიცოცხლე. სწორედ ისინი მოწმობენ ჩემზე, თქვენ კი არ გინდათ ჩემთან მოსვლა, რომ სიცოცხლე გქონდეთ“ (იოანე 5:39, 40). მათი პრობლემა ებრაულის ენის არცოდნა არ ყოფილა. ისინი შესანიშნავად ფლობდნენ ენას. მაგრამ იესომ მათ უთხრა: „კარგად ვიცი, რომ არ გიყვართ ღმერთი“ (იოანე 5:42).
მსგავსად ამისა ბერძნულ ენაზე მოლაპარაკე კორინთელ ქრისტიანებს პავლემ ასეთი სიტყვები უთხრა: „იუდეველები ნიშნებს ითხოვენ, ბერძნები სიბრძნეს ეძებენ, ჩვენ კი ვქადაგებთ ბოძზე გაკრულ ქრისტეს, რაც იუდეველებისთვის დაბრკოლებაა, უცხოტომელებისთვის — უგუნურება“ (1 კორინთელები 1:22, 23). აშკარაა, რომ მხოლოდ ებრაულის ან ბერძნულის ცოდნა არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანს ღვთის სიტყვა გაეგო.
მეორე ფაქტორი: მიუხედავად იმისა, რომ დღეს ხალხი საუბრობს თანამედროვე ებრაულსა და ბერძნულზე, ეს ენები საკმაოდ განსხვავდება ბიბლიის დაწერისას გამოყენებული ძველი ებრაულისა და ბერძნულისგან. ბერძნულ ენაზე მოლაპარაკეთა უმეტესობას საქმეების 7:20-სა და ებრაელების 11:23-ში გვხვდება, თანამედროვე ბერძნულზე „სასაცილოს“ ნიშნავს. გარდა ამისა, საგრძნობი ცვლილებები მოხდა ენის გრამატიკასა და სინტაქსში.
უჭირს ძველ ბერძნულად დაწერილი ტექსტების სწორად გაგება, რადგან მას შემდეგ ენას ახალი სიტყვები დაემატა, ძველი ტერმინები შეიცვალა და მრავალმა სიტყვამ ახალი მნიშვნელობა შეიძინა. მაგალითად, სიტყვა „ლამაზი“, რომელიცთანამედროვე ებრაული და ბერძნული ენის სწავლაც არ იქნება იმის გარანტია, რომ ბიბლიას ორიგინალის ენებზე უკეთესად გაიგებთ. თქვენ მაინც დაგჭირდებათ ლექსიკონები და გრამატიკის სახელმძღვანელოები, რომ გაერკვეთ იმ ენების სპეციფიკაში, რომლებზეც ბიბლია თავდაპირველად დაიწერა.
გასათვალისწინებელია მესამე ფაქტორიც: ახალი ენის სწავლა საკმაოდ რთული პროცესია. უცხო ენაზე რამდენიმე ფრაზის შესწავლა შეიძლება ერთი შეხედვით ადვილი მოგეჩვენოთ, მაგრამ წლები სჭირდება ენის ყველა თავისებურების გაგებას. ზედაპირული ცოდნა ზოგჯერ სახიფათოა. რატომ?
რა მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვას?
თუ ვინმეს თქვენთვის უკითხავს, რას ნიშნავს ესა თუ ის სიტყვა თქვენს ენაზე, ალბათ, გეცოდინებათ, რომ ყოველთვის ადვილი არ არის ზუსტი პასუხის გაცემა. რატომ? ზოგიერთ სიტყვას რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. ალბათ ასეთი ადამიანისთვის გითხოვიათ, მოეყვანა კონკრეტული მაგალითი ან წინადადება, რომელშიც ეს სიტყვაა გამოყენებული. კონტექსტის გარეშე რთულია იმის განსაზღვრა, კონკრეტულ შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ სიტყვას. მაგალითად, შეიძლება ვინმემ გკითხოთ, რას ნიშნავს ქართული სიტყვა „თავი“. ამ სიტყვას კონტექსტის მიხედვით შეიძლება განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდეს. ის შეიძლება ნიშნავდეს ადამიანის ან ცხოველის ყელს ზევითა ნაწილს, მეთაურს ან თხზულების დასრულებულ ნაწილს. ზოგჯერ შეიძლება საუკეთესო ხარისხის ან რაიმეს წამომწყების მნიშვნელობით იყოს გამოყენებული. მაგალითად, ფრაზაში „თავს დაანებებს“, ამ სიტყვას სრულიად ეცვლება მნიშვნელობა და ვინმეს მიტოვების, მოშორების მნიშვნელობა აქვს. როგორ უნდა გავიგოთ, რომელი მნიშვნელობით არის ესა თუ ის სიტყვა გამოყენებული?
ლექსიკონში შეიძლება კონკრეტული სიტყვის მრავალი მნიშვნელობა ნახოთ. ზოგ ლექსიკონში სიტყვების მნიშვნელობა იმის მიხედვით არის ჩამოწერილი, თუ როგორ გამოიყენება მეტყველებაში. მაგრამ მხოლოდ კონტექსტის მეშვეობით შეიძლება ამა თუ იმ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობის დადგენა. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ მეტ-ნაკლებად ერკვევით მედიცინაში და გინდათ დაადგინოთ, რომელ დაავადებას ახასიათებს სიმპტომები, რომლებიც თქვენ გაწუხებთ. შეგიძლიათ სამედიცინო ლექსიკონი გამოიყენოთ. ლექსიკონში შეიძლება ახსნილი იყოს, რომ გამოვლენილი სიმპტომების 90 პროცენტი მოდის ერთ კონკრეტულ დაავადებაზე, 10 პროცენტი კი სრულიად განსხვავებულ დაავადებაზე. სწორი დიაგნოზის დასასმელად უფრო მეტი ინფორმაციის მოძიება დაგჭირდებათ. მსგავსადვე, რომელიმე სიტყვის ძირითადი მნიშვნელობის ცოდნა ვერ დაგეხმარებათ იმ საკვანძო ტექსტის სწორად გაგებაში, რომელშიც ეს სიტყვა სხვა მნიშვნელობით არის გამოყენებული. სიტყვის სწორად გასაგებად თქვენ უფრო მეტი უნდა გაიგოთ კონტექსტის შესახებ.
იმავეს თქმა შეიძლება ბიბლიაში გამოყენებულ სიტყვებზეც. უნდა იცოდეთ, რა კონტექსტშია ესა თუ ის სიტყვა გამოყენებული. მაგალითად, ორიგინალში გამოყენებულ სიტყვას, რომელიც ხშირ შემთხვევაში „სულად“ ითარგმნება, კონტექსტის მიხედვით შეიძლება სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდეს. ზოგჯერ ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც „ქარი“ (გამოსვლა 10:13; იოანე 3:8). ზოგ კონტექსტში ის აღნიშნავს ყოველი ცოცხალი ქმნილების, ადამიანისა თუ ცხოველის სასიცოცხლო ძალას (დაბადება 7:22; ფსალმუნი 104:29; იაკობი 2:26). უხილავ ზეციერ ქმნილებებსაც სულები ეწოდებათ (1 მეფეები 22:21, 22; მათე 8:16). ღვთის მოქმედ ძალასაც წმინდა სული ეწოდება (დაბადება 1:2; მათე 12:28). იგივე სიტყვა გამოიყენება იმ ძალის აღსაწერად, რომელიც ადამიანში გარკვეულ განწყობას, დამოკიდებულებას ან ემოციას აღძრავს. ეს ეხება იმ განწყობასაც, რომელსაც ადამიანების გარკვეული ჯგუფი ავლენს (დაბადება 26:34, 35; გალატელები 6:18).
შეიძლება ებრაულ ან ბერძნულ ლექსიკონში ერთი სიტყვის მრავალი მნიშვნელობა ნახოთ, მაგრამ მხოლოდ კონტექსტი დაგეხმარებათ იმის განსაზღვრაში, კონკრეტულ შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვას. * მნიშვნელობა არა აქვს, ბიბლიას ორიგინალის ენაზე ვკითხულობთ თუ მშობლიურ ენაზე, ეს პრინციპი ორივე შემთხვევაში მოქმედებს.
არასწორია თარგმანის გამოყენება?
ზოგს დიდი ძალისხმევა დასჭირდა ძველი ებრაულისა და ბერძნულის შესასწავლად. შეიძლება მათ ბოლომდე არ ესმით წაკითხული, მაგრამ მაინც დიდი სიამოვნებით კითხულობენ ბიბლიას ორიგინალის ენაზე და თვლიან, რომ შედეგი ნამდვილად ღირდა ძალისხმევად. თუ არ შეგიძლიათ იგივეს გაკეთება, ამის გამო ნამდვილად არ უნდა აიცრუოთ გული ბიბლიური ჭეშმარიტების ძიებაზე. ასეთ დასკვნამდე რამდენიმე მიზეზს მივყავართ.
პირველი: ნამდვილად არ ღირს ბიბლიის თარგმანის წაკითხვაზე უარის თქმა, რადგან ქრისტიანულ-ბერძნული წერილების, იგივე „ახალი აღთქმის“ დამწერები, ებრაული წერილების ციტირებისას ბერძნულ თარგმანს იყენებდნენ * (ფსალმუნი 40:6; ებრაელები 10:5, 6). ბიბლიის დამწერები ფლობდნენ ებრაულს და შეეძლოთ ორიგინალის ენაზე გაეკეთებინათ ციტირება, მაგრამ მათ ამჯობინეს გამოეყენებინათ იმ მუხლების თარგმანი, რომელიც ხელმისაწვდომი იყო მათთვის, ვისაც ისინი წერილებს სწერდნენ (დაბადება 12:3; გალატელები 3:8).
მეორე: ადამიანმა რომც იცოდეს ძველი ებრაული და ბერძნული ენები, იესოს სიტყვების წაკითხვა მხოლოდ თარგმანის მეშვეობით შეუძლია, რადგან სახარებების დამწერებმა ბერძნულად დაწერეს იესოს სიტყვები, რომელიც მან სინამდვილეში ებრაულ ენაზე წარმოთქვა. * აქედან გამომდინარე, ვინც თვლის, რომ იეჰოვას ძველ მსახურთა სიტყვების ორიგინალის ენაზე წაკითხვა განსაკუთრებულ სიბრძნეს შესძენს, ისიც უნდა ახსოვდეს, რომ იესოს სიტყვების წაკითხვა, მხოლოდ თარგმანის მეშვეობითაა შესაძლებელი. ის ფაქტი, რომ იეჰოვამ თავისი გამორჩეული მსახურის სიტყვები მხოლოდ იმ დროს ფართოდ გავრცელებულ ენაზე თარგმანის სახით შემოგვინახა, იმაზე მეტყველებს, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს იმას, რა ენაზე ვკითხულობთ ბიბლიას. მთავარი ის არის, რომ ღვთის შთაგონებით დაწერილი სიტყვები იმ ენაზე წავიკითხოთ, რომელიც კარგად გვესმის და რომელიც ჩვენს გულს ეხება.
მესამე: ბიბლიაში ჩაწერილი „სასიხარულო ცნობა“ „ყოველი ერისთვის, ტომისთვის, ენისა და ხალხისთვის“ უნდა გამხდარიყო ხელმისაწვდომი (გამოცხადება 14:6; ლუკა 10:21; 1 კორინთელები 1:27—29). აქედან გამომდინარე, ღვთის განზრახვის გასაგებად ადამიანთა უმეტესობას არ სჭირდება უცხო ენის შესწავლა. ამის გაგება მათ მშობლიურ ენაზე ნათარგმნი ბიბლიიდან შეუძლიათ. მრავალ ენაზე არსებობს ბიბლიის რამდენიმე თარგმანი, რაც მკითხველს არჩევნის საშუალებას აძლევს. *
მაშ, როგორ უნდა დარწმუნდეთ, რომ გესმით ბიბლიაში ჩაწერილი ჭეშმარიტება? იეჰოვას მოწმეები თავად დარწმუნდნენ, რომ ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ჭეშმარიტების გასაგებად საუკეთესო საშუალებაა ბიბლიის თემატური შესწავლა კონტექსტის გათვალისწინებით. შესწავლის დროს ისინი ირჩევენ ერთ კონკრეტულ თემას, მაგალითად, „ქორწინება“ და ეძებენ მუხლებს, რომლებიც ამ თემას ეხება. ამგვარად, ამა თუ იმ მუხლს ისინი ბიბლიის მუხლებითვე ხსნიან. კარგს იზამთ, თუ შეისწავლით ბიბლიას, რაშიც იეჰოვას მოწმეები უანგაროდ დაგეხმარებიან. მნიშვნელობა არა აქვს, რომელ ენაზე ლაპარაკობთ, ღმერთს სურს, „ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმოთე 2:4; გამოცხადება 7:9).
[სქოლიოები]
^ აბზ. 2 ბიბლიის ზოგიერთი ნაწილი ძველი ებრაულის მონათესავე ენაზე, არამეულზე დაიწერა. მაგალითად ამ ენაზეა შესრულებული შემდეგი ფრაგმენტები: ეზრას 4:8—6:18 და 7:12—26; იერემიას 10:11; დანიელის 2:4ბ—7:28.
^ აბზ. 14 უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიის ზოგიერთ ლექსიკონში რომელიმე სიტყვის ცალკეული მნიშვნელობა კი არ არის განმარტებული, არამედ ის, თუ როგორ არის ნათარგმნი კონკრეტული სიტყვა ამა თუ იმ თარგმანში, მაგალითად ერთ-ერთ ცნობილ „მეფე ჯეიმზის თარგმანში“.
^ აბზ. 17 იესო ქრისტესა და მისი მოციქულების დროს უკვე არსებობდა ებრაული წერილების ყველა წიგნის ბერძნული თარგმანი, რომელსაც სეპტუაგინტა ეწოდა. ამ თარგმანით ძირითადად გაბერძნებული ებრაელები სარგებლობდნენ. ებრაული წერილებიდან ციტირებული იმ ასობით ციტატიდან, რომლებსაც ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ვხვდებით, უმეტესობა სეპტუაგინტიდან არის აღებული.
^ აბზ. 18 როგორც ვარაუდობენ, მათეს სახარება მოციქულმა მათემ თავდაპირველად ებრაულად დაწერა. ასეც რომ ყოფილიყო, ჩვენამდე მოღწეულია ამ სახარების ორიგინალიდან გაკეთებული ბერძნული თარგმანი, რომელიც სავარაუდოდ მათესვე ეკუთვნის.
^ აბზ. 19 დაწვრილებითი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა თარგმანები არსებობს და როგორ შევარჩიოთ ზუსტი თარგმანი, იხილეთ ამ ჟურნალის 2008 წლის 1 მაისის ნომერში, „ბიბლიის რომელ თარგმანს მივანიჭოთ უპირატესობა?“.
[ჩარჩო⁄სურათი 22 გვერდზე]
სეპტუაგინტა
იესოსა და მისი მოციქულების დროს მცხოვრები ბერძნულენოვანი ებრაელები უმეტესწილად ებრაული წერილების ბერძნული თარგმანით, სეპტუაგინტით სარგებლობდნენ. სეპტუაგინტა განსაკუთრებული თარგმანია, რადგან ეს იყო წმინდა წერილების პირველი წარმატებული და ამავე დროს ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი თარგმანი. მთარგმნელთა ჯგუფმა სეპტუაგინტაზე მუშაობა ძვ. წ. მესამე საუკუნეში დაიწყო, მაგრამ თარგმანი ერთი საუკუნის შემდეგ სხვა მთარგმნელებმა დაასრულეს.
პირველმა ქრისტიანებმა მალევე დაიწყეს სეპტუაგინტის გამოყენება ხალხისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ იესო იყო ქრისტე, აღთქმული მესია. ისინი იმდენად წარმატებით იყენებდნენ სეპტუაგინტას, რომ ბევრი ამ თარგმანს ქრისტიანების თარგმანს უწოდებდა. ამის გამო სეპტუაგინტამ ებრაელთა შორის პოპულარობა დაკარგა და შედეგად შეიქმნა ბერძნულ ენაზე შესრულებული რამდენიმე ახალი თარგმანი. ერთ-ერთი იყო ახ. წ. მეორე საუკუნეში ებრაელი პროზელიტის, აკვილას მიერ შესრულებული თარგმანი. ამ თარგმანზე საუბრისას ერთმა ბიბლეისტმა მოიხსენია მისი „განსაკუთრებული თავისებურება“. აკვილას ბერძნულ თარგმანში არაერთხელ გვხვდება ძველი ებრაული ასოებით გადმოცემული ღვთის სახელი, იეჰოვა.
[საავტორო უფლება]
Israel Antiquities Authority
[სურათები 23 გვერდზე]
ღვთის შთაგონებით დაწერილი სიტყვები იმ ენაზე უნდა წავიკითხოთ, რომელიც კარგად გვესმის და რომელიც ჩვენს გულს ეხება