კაცობრიობის მომავალი
რას ვსწავლობთ იესოსგან?
კაცობრიობის მომავალი
ჰპირდებოდა იესო ადამიანებს ზეცაში ცხოვრებას?
დიახ. თავად იესო მკვდრეთით აღდგა და ზეცად ამაღლდა მამასთან. სანამ იგი მოკვდებოდა და მკვდრეთით აღდგებოდა, თავის თერთმეტ მოციქულს უთხრა: „მამაჩემის სახლში ბევრი ადგილია . . . მე მივდივარ, რომ ადგილი მოგიმზადოთ“ (იოანე 14:2). მაგრამ ზეცაში ცხოვრების უპირატესობა ბევრს არ ექნებოდა. ეს კარგად გამოჩნდა მოწაფეებისთვის ნათქვამი იესოს სიტყვებიდან: „ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, რადგან თქვენმა მამამ მოისურვა თქვენთვის სამეფოს მოცემა“ (ლუკა 12:32).
რას გააკეთებს „მცირე სამწყსო“ ზეცაში?
ზეციერ მამას სურს, რომ ამ მცირე ჯგუფმა იესოსთან ერთად იმეფოს ზეცაში. საიდან ვიცით ეს? მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესომ მოციქულ იოანეს გაუმხილა, რომ ზოგი ერთგული მსახური მეფე და დედამიწის მმართველი იქნებოდა (გამოცხადება 1:1; 5:9, 10). ეს სასიხარულო ამბავია! ადამიანებს ძალიან სჭირდებათ კარგი მთავრობა. რას გააკეთებს ხელისუფლება, რომელსაც იესო უდგას სათავეში? მან თქვა: „ხელახლა შექმნისას, როცა კაცის ძე თავის დიდებულ ტახტზე დაჯდება, თქვენც, ვინც მე გამომყევით, თორმეტ ტახტზე დასხდებით“ (მათე 19:28). იესოსა და მისი თანამმართველების მეფობას „ხელახლა შექმნა“ ანუ განახლება მოჰყვება — დედამიწაზე აღდგება ის სრულყოფილი პირობები, რომელშიც ცხოვრობდნენ პირველი ადამიანები ცოდვის ჩადენამდე.
რა იმედი მისცა იესომ სხვებს?
იესოსგან განსხვავებით, რომელიც ზეცაში ცხოვრებისთვის იყო შექმნილი, ღმერთმა ადამიანები დედამიწაზე საცხოვრებლად შექმნა (ფსალმუნი 115:16). სწორედ ამიტომ თქვა იესომ: „თქვენ დაბლიდან ხართ, მე — მაღლიდან“ (იოანე 8:23). იესომ არაერთხელ აღნიშნა, რომ კაცობრიობას შესანიშნავი მომავალი ელოდა დედამიწაზე. ერთხელ მან თქვა: „ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (მათე 5:5). მან ფსალმუნმომღერლის აზრი გაიმეორა, რომელმაც დაწერა: „თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით. მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:11, 29).
ასე რომ, მხოლოდ ზეციური მოწოდების მქონე „მცირე სამწყსოს“ როდი აქვს მარადიული სიცოცხლის იმედი. იესო აგრეთვე ლაპარაკობდა იმ იმედზე, რომელიც მილიონებს ექნებოდათ დედამიწაზე. მან თქვა: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16).
როგორ იხსნის ღმერთი ადამიანებს ბოროტებისგან?
იესო ბოროტების ორი სათავისგან გათავისუფლებას გულისხმობდა, როცა თქვა: „ახლა ქვეყნიერების სასამართლოა, ამ ქვეყნიერების მმართველი ახლა გარეთ განიდევნება“ (იოანე 12:31). პირველი, უღმრთო ადამიანები, რომელთა მიზეზითაც მრავალი უბედურება ხდება, გასამართლდებოდნენ და განადგურდებოდნენ. და მეორე, სატანა განიდევნებოდა და აღარ აცდუნებდა ადამიანებს.
მაგრამ იმ ადამიანებზე რას ვიტყვით, რომლებმაც ისე იცხოვრეს და დაიღუპნენ, რომ ღვთისა და ქრისტეს მიმართ რწმენის გამოვლენის შესაძლებლობა არ მიეცათ? იესომ მის გვერდით ძელზე გაკრულ ბოროტმოქმედს უთხრა: „ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23:43). მას სხვა მილიონობით ადამიანთან ერთად შესაძლებლობა ექნება, გაიცნოს ღმერთი, როცა იესო მას დედამიწაზე სამოთხეში აღადგენს. ის იქნება თვინიერებსა და მართლებს შორის, რომლებიც მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე (საქმეები 24:15).
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ *, მე-3 და მე-7 თავები.
[სქოლიო]
^ აბზ. 13 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[სურათი 23 გვერდზე]
„მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29)