არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მართლა ზრუნავს ვინმე ჩემზე?

მართლა ზრუნავს ვინმე ჩემზე?

მართლა ზრუნავს ვინმე ჩემზე?

გიგრძნიათ ოდესმე თავი მარტოდ ან უმწეოდ, თითქოს არავის ესმოდა თქვენი? ხომ არ გიფიქრიათ, რომ ისინიც კი არ ზრუნავენ თქვენზე, ვინც თქვენი პრობლემების შესახებ იცის?

ზოგჯერ განსაცდელები შეიძლება შტორმივით დაგვატყდეს თავს და ვიფიქროთ, რომ ისინი არასოდეს დასრულდება. ზოგჯერ შეიძლება დავასკვნათ, რომ ასეთ საშინელებასა და უსამართლობას მეტად ვეღარ გავუძლებთ. ხშირად ასე თავს მაშინ ვგრძნობთ, როცა ემოციური ტრავმა გვტანჯავს, დეპრესიაში ვართ, ცხოვრებისეულმა სირთულეებმა ძალები გამოგვაცალა, ქრონიკული დაავადება ან სხვა მსგავსი რამ გვაწუხებს. შეიძლება თავს იმდენად უმწეოდ და უიმედოდ ვგრძნობთ, რომ არ ვიცით, ვის მივმართოთ ნუგეშისთვის და ვფიქრობთ: „მართლა ზრუნავს ვინმე ჩემზე?“

„ყოველგვარი ნუგეშის“ ღმერთი ზრუნავს ჩვენზე

ბიბლიაში ღმერთს „თანაგრძნობისა და ყოველგვარი ნუგეშის მამა“ ეწოდება (2 კორინთელები 1:3). ღმერთმა, რომლის სახელიც არის იეჰოვა, იცის, რომ ნუგეში გვჭირდება. ბიბლიაში სიტყვა „ნუგეშის“ ასზე მეტი ფორმაა გამოყენებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ღმერთი არა მხოლოდ ხედავს ჩვენს პრობლემებს, არამედ სურს გვანუგეშოს კიდეც. ამის ცოდნა გვარწმუნებს, რომ იეჰოვა ღმერთი ზრუნავს ჩვენზე მაშინაც კი, როცა ვფიქრობთ, რომ სხვები ვერ ამჩნევენ ჩვენს პრობლემებს და არ ესმით ჩვენი.

იეჰოვა რომ თითოეულ ადამიანზე ზრუნავს, ეს კარგად ჩანს წმინდა წერილებიდან. ბიბლიაში ნათქვამია: „იეჰოვას თვალი ყველგან არის, აკვირდება კეთილებსა და ბოროტებს“ (იგავები 15:3). მსგავსი აზრია მოცემული იობის 34:21-ში: „ადამიანის გზას დაჰყურებს მისი თვალები და მის ნაბიჯებს ხედავს იგი“. იეჰოვა ჩვენს კარგ საქციელსაც ხედავს და ცუდსაც; მან კარგად იცის ჩვენი მდგომარეობა და შეუძლია სიტუაციის შესაბამისად საუკეთესო დახმარება აღმოგვიჩინოს. ეს კარგად ჩანს წინასწარმეტყველ ხანანის სიტყვებიდან, რომელმაც იუდას მეფე ასას უთხრა: „იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას, რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით არის მასთან“ (2 მატიანე 16:7, 9).

იეჰოვა სხვა მიზეზის გამოც გვაკვირდება. იესომ თქვა: „ჩემთან ვერავინ მოვა, თუ მამამ, ჩემმა გამომგზავნელმა, არ მიიზიდა“ (იოანე 6:44). იეჰოვა იკვლევს ადამიანის გულს, რომ დაინახოს, რამდენად არის ის ღვთის გაცნობით დაინტერესებული. თუ ღმერთი მასში ასეთ ინტერესს დაინახავს, აუცილებლად დაეხმარება. მაგალითად, დომინიკელთა რესპუბლიკაში ერთ ქალს სიმსივნე ჰქონდა და საავადმყოფოში იწვა ოპერაციის გასაკეთებლად. ის ღმერთს სთხოვდა, ჭეშმარიტი რელიგიის პოვნაში დახმარებოდა. მალევე მას ქმარმა მიუტანა ბროშურა სათაურით „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან“. * ეს ბროშურა მას ერთმა იეჰოვას მოწმემ მისცა, რომელიც იმ დილით კარდაკარ ქადაგებდა. ქალმა წაიკითხა ბროშურა და მიხვდა, რომ ეს მისი ლოცვის პასუხი იყო. მან მოწმესთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო და ექვსი თვეც არ იყო გასული, რომ ღმერთს თავი მიუძღვნა და მოინათლა.

ბიბლიის წიგნ „ფსალმუნებში“ ვხვდებით ებრაელი ფსალმუნმომღერლების, მაგალითად მეფე დავითის გულში ჩამწვდომ გამოთქმებს, რომლებიდანაც ჩანს, თუ როგორ ზრუნავს იეჰოვა სიყვარულით თავის მსახურებზე. ფსალმუნის 56:8-ში დავით მეფე ღმერთს სთხოვს: „შეაგროვე ჩემი ცრემლები შენს ტიკში! განა შენს წიგნში არ არის ისინი?!“. ამ შედარების მოყვანით დავითმა ცხადყო, რომ იეჰოვამ არა მხოლოდ იცოდა მისი გასაჭირი, არამედ იმასაც ხედავდა, თუ რას განიცდიდა ის. იეჰოვას ახსოვდა დავითის ემოციური ტკივილით გამოწვეული ცრემლები. ჩვენს შემოქმედს მხედველობიდან არ რჩება ისინი, ვინც მისი ნების შესრულებას ცდილობს, „ვინც მთელი გულით არის მასთან“.

ბიბლიის კიდევ ერთი მონაკვეთი, სადაც ღვთის სიყვარულით აღსავსე მზრუნველობაა აღწერილი, 23-ე ფსალმუნია. ამ ფსალმუნის შესავალ სიტყვებში ღმერთი მზრუნველ მწყემსთან არის შედარებული: „იეჰოვაა ჩემი მწყემსი, არაფერი მომაკლდება“. ახლო აღმოსავლეთში მწყემსი თითოეულ ცხვარზე ზრუნავს და ყველას სახელს არქმევს. ყოველდღე ის უხმობს თავის ცხვარს და ეფერება. თუ ჭრილობებს უპოვის, ზეთს ან მალამოს უსვამს. თუ ცხვარი ავად არის, მწყემსმა შეიძლება ძალით ჩაასხას პირში წამალი და წამოდგომაში მიეხმაროს, რომ მიწაზე არ ეგდოს და არ მოკვდეს. დავითის მიერ ნათქვამი სიტყვები კარგად აღწერს იეჰოვას მზრუნველობას მათდამი, ვინც მას უახლოვდება.

ლოცვა და მკვდრეთით აღდგომის იმედი

ეს და სხვა ფსალმუნები იმიტომ არ ჩაწერილა ბიბლიაში, რომ ისინი უბრალოდ სასიამოვნო წასაკითხია. ამ ფსალმუნებიდან ვიგებთ, რომ ძველად ღვთის ერთგული მსახურები გულს უღვრიდნენ იეჰოვას, დახმარებას სთხოვდნენ და მადლობას უხდიდნენ ხელმძღვანელობისა და კურთხევებისთვის. ეს გამონათქვამები ცხადყოფს, რომ ისინი დარწმუნებულები იყვნენ ღვთის მზრუნველობაში. ამ გულში ჩამწვდომი სიტყვების კითხვა და მათზე ფიქრი დაგვეხმარება, რომ ღვთის შესახებ ჩვენც იგივე გრძნობა დაგვეუფლოს. ლოცვა ძლიერი მტკიცებაა იმისა, რომ ღმერთი ზრუნავს ჩვენზე.

მაგრამ ზოგჯერ შეიძლება პრობლემებმა ისე დაგვამძიმოს, რომ თავს ვეღარ ვაბამდეთ ლოცვას. ნიშნავს ეს, რომ იეჰოვას არ ესმის ჩვენი საწუხარი? რომაელების 8:26-ში ვკითხულობთ: „სულიც გვეხმარება ჩვენს უძლურებაში, რადგან, როცა უნდა ვილოცოთ და არ ვიცით, რაზე ვილოცოთ, სული გვშუამავლობს გამოუთქმელი ოხვრით“. ამ მუხლიდან ვიგებთ, რომ ძველ დროში ღვთის ერთგული მსახურების მიერ წარმოთქმული ლოცვების წაკითხვამ შეიძლება ჩვენი გრძნობები გამოხატოს და იეჰოვამ, „ლოცვების მომსმენმა“, ისე მიიღოს ეს ლოცვა, თითქოს ჩვენ წარმოგვეთქვას (ფსალმუნი 65:2).

მკვდრეთით აღდგომის იმედი ღვთის მზრუნველობის კიდევ ერთი მტკიცებაა. იესომ თქვა: „მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც [სამახსოვრო] სამარხებში არიან, მის [იესოს] ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29, სქოლიო). ბერძნული გამოთქმა აქ ნათარგმნია „სამახსოვრო სამარხად“ და არა უბრალოდ „სამარხად“. აქედან ჩანს, რომ ღმერთს ყველაფერი ახსოვს იმ ადამიანის შესახებ, ვინც მოკვდა.

დაფიქრდით, ღმერთმა რომ ადამიანი გააცოცხლოს, ყველაფერი უნდა იცოდეს მის შესახებ, მაგალითად მისი გარეგნობა, მემკვიდრეობით მიღებული თუ შეძენილი თვისებები და მეხსიერება! (მარკოზი 10:27). ეს ადამიანი ღმერთს ათასობით წლის შემდეგაც კი არ ავიწყდება (იობი 14:13—15; ლუკა 20:38). ამგვარად, იეჰოვა ღმერთს მილიარდობით გარდაცვლილი ადამიანი ახსოვს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის თითოეულზე ზრუნავს!

იეჰოვა აჯილდოებს თავის თაყვანისმცემლებს

რა უნდა გავაკეთოთ, რომ ღმერთმა სიყვარულით იზრუნოს ჩვენზე? უპირველესად, უნდა ცხადვყოთ, რომ გვწამს ის და ვენდობით და ვემორჩილებით მას. მოციქულმა პავლემ დაგვანახვა, თუ რა კავშირი არსებობს რწმენასა და ღვთის მზრუნველობას შორის. მან დაწერა: „რწმენის გარეშე შეუძლებელია ასიამოვნო ღმერთს, რადგან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ის არსებობს და აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (ებრაელები 11:6).

ყურადღება მიაქციეთ, რომ ღვთისადმი რწმენა ორი რამით გამოიხატება. პირველი, ჩვენ უნდა ‘გვწამდეს, რომ ის არსებობს’. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დარწმუნებულები ვართ ღვთის არსებობაში და მას უზენაეს მმართველად ვაღიარებთ, რომელიც ჩვენს მორჩილებასა და თაყვანისცემას იმსახურებს. მეორე, ჩვენ უნდა გვწამდეს, რომ ის „აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“. ჭეშმარიტ რწმენას მაშინ ვავლენთ, როცა გვჯერა, რომ ღმერთი დაინტერესებულია ყველა მისი გულწრფელი მძებნელის კეთილდღეობით და აჯილდოებს მათ. თუ შეისწავლით ღვთის სიტყვას და მის მორჩილებს შორის იქნებით, თქვენც განივითარებთ ასეთ რწმენას და ღმერთი სიყვარულით იზრუნებს თქვენზეც.

დღეს ბევრი ფიქრობს, რომ ღმერთი არ ავლენს ჩვენდამი ინტერესს. მაგრამ, როგორც ბიბლიიდან დავინახეთ, ღმერთი ზრუნავს მათზე, ვინც მისდამი ნამდვილ რწმენას ავლენს. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში უამრავი ტანჯვის, წუხილის, იმედგაცრუებისა და ტკივილის ატანა გვიწევს, გული არ უნდა გავიტეხოთ, რადგან იეჰოვა ღმერთი ზრუნავს ჩვენზე. ის სიყვარულით მოგვიწოდებს, რომ მხარდაჭერისთვის მას მივმართოთ. ფსალმუნმომღერალი წერდა: „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში, ის არასოდეს დაუშვებს მართლის წაბორძიკებას“ (ფსალმუნი 55:22).

[სქოლიო]

^ აბზ. 7 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩარჩო⁄სურათი 29 გვერდზე]

ეს ბიბლიური მუხლები დაგარწმუნებს, რომ ღმერთი სიყვარულით ზრუნავს შენზე

„იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას, რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით არის მასთან“ (2 მატიანე 16:9).

„შეაგროვე ჩემი ცრემლები შენს ტიკში! განა შენს წიგნში არ არის ისინი?!“ (ფსალმუნი 56:8).

„იეჰოვაა ჩემი მწყემსი, არაფერი მომაკლდება“ (ფსალმუნი 23:1).

„ლოცვების მომსმენო, შენთან მოვა ყოველი ხორციელი“ (ფსალმუნი 65:2).

„დამიძახებ და მე პასუხს გაგცემ, ვინაიდან მოგენატრება შენი ხელის ქმნილება“ (იობი 14:15).

„ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ის არსებობს და აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (ებრაელები 11:6).

„იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში, ის არასოდეს დაუშვებს მართლის წაბორძიკებას“ (ფსალმუნი 55:22).