არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იესოს სრულყოფილი მაგალითი

იესოს სრულყოფილი მაგალითი

იესოს სრულყოფილი მაგალითი

გსურთ, უკეთესი ადამიანი იყოთ და უფრო ბედნიერად იგრძნოთ თავი? მოციქული პეტრე გვეუბნება, რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის: „ქრისტე თქვენთვის ეტანჯა და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევს“ (1 პეტრე 2:21). ჩვენ ნამდვილად ბევრის სწავლა შეგვიძლია იესო ქრისტეს ცხოვრებიდან. თუ უკეთ გავეცნობით მის ცხოვრებას და მივბაძავთ მას, უკეთესები ვიქნებით და უფრო ბედნიერად ვიგრძნობთ თავს. განვიხილოთ, რით გამოირჩეოდა ეს დიდებული ადამიანი და რის სწავლა შეგვიძლია მისი ცხოვრებიდან.

იესო გაწონასწორებული იყო. მართალია, იესოს „თავის დასადები ადგილი“ არ ჰქონდა, მაგრამ მას ასკეტურად არ უცხოვრია და ამისკენ არც არავისთვის მოუწოდებია (მათე 8:20). ის დადიოდა წვეულებებზე (ლუკა 5:29). ბიბლიაში მოხსენიებული მისი პირველი სასწაული ქორწილში წყლის ღვინოდ გადაქცევა იყო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის არც განდეგილი ყოფილა და არც ასკეტი (იოანე 2:1—11). მაგრამ იესომ მკაფიოდ გამოხატა, რა იყო მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი: „ჩემი საჭმელი ის არის, რომ ჩემი გამომგზავნელის ნება შევასრულო და მისი საქმე დავასრულო“ (იოანე 4:34).

გიფიქრიათ, რის გაკეთება გმართებთ იმისათვის, რომ კეთილდღეობაზე ზრუნვას სულიერობა არ შეეწიროს?

იესოსთან მისვლა ადვილი იყო. ბიბლიიდან ჩანს, რომ იესო თბილი იყო და მეგობრული. ის არ ღიზიანდებოდა, როცა ხალხი მას პრობლემების მოგვარებას და რთულ კითხვებზე პასუხის გაცემას სთხოვდა. ერთხელ იესოს დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა უკან, 12 წლის განმავლობაში საშინელი სნეულებით დატანჯული ქალი მის მოსასხამს შეეხო და ეჭვი არ შეჰპარვია, რომ განიკურნებოდა. ერთი შეხედვით კადნიერი საქციელის გამო იესოს არ უსაყვედურია ქალისთვის. პირიქით, იესომ თბილად უთხრა: „შვილო, შენმა რწმენამ გამოგაჯანმრთელა“ (მარკოზი 5:25—34). იესოსთან ბავშვებიც კარგად გრძნობდნენ თავს; ის უყურადღებოდ არ ტოვებდა მათ (მარკოზი 10:13—16). იესო გულთბილი და მეგობრული იყო თავის მოწაფეებთანაც, და ისინიც თავისუფლად მიდიოდნენ მასთან (მარკოზი 6:30—32).

თავისუფლად გრძნობენ თქვენთან თავს სხვები?

იესო თანამგრძნობი იყო. მას შეეძლო საკუთარი თავის სხვების ადგილზე დაყენება, და არა მხოლოდ თანაგრძნობა, არამედ მათი დახმარებაც. იოანეს სახარებიდან ვიგებთ, რომ ლაზარეს სიკვდილის გამო მოტირალი მარიამის დანახვაზე, იესომ „სულით ამოიოხრა . . . აფორიაქდა“, და აცრემლდა. იქ მყოფთათვის აშკარა იყო, როგორ უყვარდა იესოს ლაზარეს ოჯახი, და ისიც, რომ არც თავისი გრძნობების გამოხატვის შერცხვენია. ლაზარეს მკვდრეთით აღდგომამ შესანიშნავად დაგვანახვა, როგორი თანამგრძნობი იყო იესო (იოანე 11:33—44).

ერთხელ ყველასგან გარიყული კეთროვანი შეევედრა იესოს: „უფალო, თუკი გსურს, შეგიძლია ჩემი განწმენდა“. იესომაც დიდად თანაუგრძნო, «ხელი გაიწოდა, შეეხო მას და უთხრა: „მსურს, განიწმინდე!“» (მათე 8:2, 3). იესო მხოლოდ იმიტომ არ კურნავდა ხალხს, წინასწარმეტყველება რომ შესრულებულიყო. მას მთელი გულით უნდოდა მათთვის ტკივილის შემსუბუქება. მის ყოველ საქციელში აირეკლებოდა პრინციპი, რომელიც დღემდე ახსოვს ხალხს: „როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (ლუკა 6:31).

თანამგრძნობ ადამიანად გიცნობენ?

იესო გამგები და გამჭრიახი იყო. თავად უცოდველი იესო სხვებისგან სრულყოფილებას არ მოელოდა და არც თავის უპირატესობას აგრძნობინებდა ვინმეს. იესო ყოველთვის სრულ სურათს ითვალისწინებდა. ერთხელ, ფარისეველთან სტუმრობისას, „ცოდვილის სახელით“ ცნობილმა ერთმა ქალმა რწმენისა და მადლიერების ნიშნად ფეხები ცრემლით დაბანა. იესოს არ შეუჩერებია ის, მასპინძელმა კი დიდად გაიკვირვა და მკაცრად განსაჯა ქალი. მაგრამ იესომ ქალის გულწრფელობა რომ დაინახა, არ გაკიცხა ის ჩადენილი ცოდვებისთვის. პირიქით, მან უთხრა ქალს: „შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით“. ალბათ, სწორედ ასეთმა თბილმა დამოკიდებულებამ აღძრა ქალი, ზურგი ექცია თავისი წარსული ცხოვრებისთვის (ლუკა 7:37—50).

დადებით ადამიანად გახასიათებენ?

იესო მიუკერძოებელი იყო და ყველას პატივს სცემდა. იესოს განსაკუთრებით უყვარდა იოანე. შესაძლოა იმიტომ, რომ ნათესავები იყვნენ ან ერთნაირი ხასიათი ჰქონდათ. * მიუხედავად ამისა, იესო მიკერძოებული არ ყოფილა და იოანე სხვა მოწაფეებზე მაღლა არ დაუყენებია (იოანე 13:23). როცა იესოს იოანემ და მისმა ძმამ, იაკობმა, ღვთის სამეფოში განსაკუთრებული მდგომარეობის დაკავება სთხოვეს, მან უპასუხა: „ჩემ მარჯვნივ ან მარცხნივ დაჯდომა ჩემზე არ არის დამოკიდებული“ (მარკოზი 10:35—40).

იესო ყოველთვის პატივისცემით ეპყრობოდა სხვებს და მასზე გავლენას არ ახდენდა უმრავლესობის აზრი. მაგალითად, მაშინ ქალებს დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებად მიიჩნევდნენ; თუმცა იესო ყოველთვის ღირსეულად და პატივისცემით ეპყრობოდა მათ. იუდეველები სამარიელებს ზემოდან უყურებდნენ, სალამსაც კი არ აძლევდნენ, მაგრამ იესომ პირველად სწორედ სამარიელს და თანაც ქალს უთხრა, რომ მესია იყო (იოანე 4:7—26). და სწორედ ქალებს ეჩვენა პირველად მკვდრეთით აღდგომის შემდეგ (მათე 28:9, 10).

მიუკერძოებელი ხართ? რა დამოკიდებულება გაქვთ სხვა წარმომავლობის, სქესის და ეროვნების ადამიანის მიმართ?

ის კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის პასუხისმგებლობას ოჯახში. როგორც ჩანს, იესოს მამობილი იოსები იესოს სიყმაწვილეში გარდაიცვალა. იოსების სიკვდილის შემდეგ დედისა და უმცროსი და-ძმების სარჩენად იესო, ალბათ, დურგლად მუშაობდა (მარკოზი 6:3). იესოს სიცოცხლის ბოლო წუთებშიც კი არ დავიწყებია დედა, და მასზე ზრუნვა მოწაფე იოანეს მიანდო (იოანე 19:26, 27).

ჰბაძავთ იესოს და პასუხისმგებლობით ეკიდებით ოჯახურ ვალდებულებებს?

იესო ნამდვილი მეგობარი იყო. იესომ ჭეშმარიტი მეგობრობის მაგალითი დაგვიტოვა. ის თავისი მეგობრების ერთგული იყო მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთსა და იმავე შეცდომას სჩადიოდნენ. მართალია, მოწაფეები ხშირად არ იქცეოდნენ იესოს მოსაწონად, მაგრამ ის ყურადღებას მაინც მათ დადებით თვისებებზე ამახვილებდა და არასდროს მიაწერდა არასწორ მოტივებს (მარკოზი 9:33—35; ლუკა 22:24—27). ნაცვლად იმისა, რომ სხვებისთვის თავისი აზრი მოეხვია თავს, მასთან ყველა თავისუფლად გამოხატავდა თავის შეხედულებას (მათე 16:13—15).

უპირველეს ყოვლისა, იესოს უყვარდა თავისი მეგობრები (იოანე 13:1). მისი სიტყვებიდან ჩანს, როგორ უყვარდა ისინი: „იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს მეგობრებისთვის“ (იოანე 15:13). რა უნდა იყოს იმაზე დიდი მსხვერპლი, როცა სიცოცხლეს სწირავ მეგობრებისთვის?!

მზად ხართ უერთგულოთ მეგობარს მაშინაც კი, როცა გაწყენინებთ და გულს გატკენთ?

იესო მამაცი და ვაჟკაცური იყო. მხატვრები ხშირად იესოს უსუსურ და უღონო ადამიანად წარმოგვიდგენენ, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. სახარებიდან ვიგებთ, რომ იესო ძლიერი და ენერგიული იყო. მან ტაძრიდან ორჯერ გაყარა გამყიდველები და გასაყიდი საქონელი მიმოუბნია (მარკოზი 11:15—17; იოანე 2:14—17). იესომ მის შესაპყრობად მისული ბრბო რომ დაინახა, რამდენიმე ნაბიჯი წინ გადადგა, და ამით ანიშნა, რომ ის იყო იესო ნაზარეთელი. ამის შემდეგ თავისი მოწაფეების დასაცავად უთხრა მათ: „მე ვარ . . . თუ მე მეძებთ, ესენი გაუშვით“ (იოანე 18:4—9). ასე რომ, დაპატიმრებული და შეურაცხყოფილი იესოს გაბედულების შემხედვარე პონტიუს პილატემ არცთუ უსაფუძვლოდ განაცხადა: „აი კაცი!“ (იოანე 19:4, 5).

საჭიროების შემთხვევაში უყოყმანოდ და გაბედულად მოქმედებთ?

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა იესოს სხვა მრავალი შესანიშნავი თვისება ჰქონდა, ამიტომაა ის ჩვენთვის სრულყოფილი მაგალითი. თუ დავფიქრდებით მის მაგალითზე და მივბაძავთ მას, უკეთესი ადამიანები ვიქნებით და მეტ ბედნიერებას ვიგრძნობთ. სწორედ ამიტომ ურჩია პეტრე მოციქულმა ქრისტიანებს, რომ ერთგულად მიჰყოლოდნენ იესოს ნაკვალევს. თქვენც ცდილობთ შეძლებისდაგვარად ზუსტად მიჰყვეთ იესოს ნაკვალევს?

იესომ არა მხოლოდ მისაბაძი მაგალითი დაგვიტოვა

იესოს ცხოვრებას უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე მხოლოდ მაგალითის დატოვება. მან თქვა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (იოანე 14:6). იესომ ხალხს არა მხოლოდ ღვთის შესახებ სიმართლე ასწავლა და ღმერთთან დაახლოების შესაძლებლობა მისცა, არამედ ღვთის ერთგულთა გადარჩენაზეც იზრუნა (იოანე 3:16).

დედამიწაზე იესოს მოსვლის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ადამიანების გადარჩენა იყო. მან თქვა: „კაცის ძეც არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ თვითონ მოემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ (მათე 20:28). სიცოცხლის მსხვერპლად გაღებით იესომ სიცოცხლით მარადიულად ტკბობის შესაძლებლობა მისცა ყველას. რის გაკეთება გვმართებს თითოეულ ჩვენგანს, მარადიულად რომ ვიცხოვროთ? იესომ თქვა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).

მარადიული სიცოცხლე რომ მივიღოთ, მნიშვნელოვანია, უფრო მეტი გავიგოთ იესოს შესახებ, მივბაძოთ მის მაგალითს და ვირწმუნოთ, რომ მან თავისი სიკვდილით გამოგვისყიდა. გამონახეთ დრო ბიბლიის შესასწავლად და მთელი გულით ეცადეთ, იესოს მსგავსად ბიბლიაში ჩაწერილის თანახმად იცხოვროთ *.

იესოს ცხოვრებიდან ვსწავლობთ, როგორი ადამიანები უნდა ვიყოთ. სიცოცხლის მსხვერპლად გაღებით იესო შესაძლებლობას გვაძლევს გავთავისუფლდეთ ცოდვისა და მისი საზღაურისგან — სიკვდილისგან (რომაელები 6:23). რომ არა იესო ქრისტე, ჩვენი მდგომარეობა მეტისმეტად სავალალო იქნებოდა. არასდროს მისცეთ ცხოვრებისეულ საზრუნავსა და პრობლემებს იმის უფლება, რომ ხელი შეგიშალოთ, იფიქროთ ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანის, იესო ქრისტეს, ცხოვრებაზე, და ერთგულად მიჰყვეთ მის მაგალითს.

[სქოლიოები]

^ აბზ. 12 იოანეს დედა სალომე დასაშვებია, რომ იესოს დეიდა ყოფილიყო. შეადარეთ მათეს 27:55, 56 მარკოზის 15:40-სა და იოანეს 19:25-ს.

^ აბზ. 26 იესოს დედამიწაზე ცხოვრება დაწვრილებით არის განხილული წიგნში „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩარჩო⁄სურათები 7 გვერდზე]

▪ იესო იყო გაწონასწორებული

▪ . . . მეგობრული

▪ . . . თანამგრძნობი

თქვენც ცდილობთ, რაც შეიძლება ზუსტად მიჰყვეთ იესოს ნაკვალევს?

[სურათები 5 გვერდზე]

იესო მიუკერძოებლად და პატივისცემით ეპყრობოდა სხვებს

მან ბოლომდე უერთგულა თავის მეგობრებს

ის მამაცი იყო