„არასოდეს დაივიწყო კარდაკარ ქადაგება“
„არასოდეს დაივიწყო კარდაკარ ქადაგება“
მოგვითხრო იაკობ ნოიფელდმა
„რაც არ უნდა მოხდეს, არასოდეს დაივიწყო კარდაკარ ქადაგება“. ამ სიტყვებზე ფიქრში სამი მილი გავიარე და ყველაზე ახლომდებარე სოფელში შევედი. გამბედაობა არ მყოფნიდა, რომ პირველ კართან მივსულიყავი. კარგა ყოყმანის შემდეგ ტყეში შევედი და ლოცვაში ღმერთს მთელი გულით ვთხოვე, გამბედაობა მოეცა, რომ მექადაგა. ბოლოს, როგორც იქნა, გამბედაობა მოვიკრიბე, ისევ მივედი პირველ კართან და შეთავაზება გავაკეთე.
ალბათ დაგაინტერესებთ, თუ რატომ წავედი მარტო პარაგვაის ერთ-ერთ მივარდნილ სოფელში საქადაგებლად. ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით მოგითხრობთ. დავიბადე 1923 წელს უკრაინის სოფელ კრონსტალში, გერმანელ მენონიტების დასახლებაში. 1700-იანი წლების ბოლოს მენონიტები გერმანიიდან უკრაინაში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც გარკვეული შეღავათებით სარგებლობდნენ. მათ თავისუფლად შეეძლოთ თავიანთი რელიგიური მსახურების შესრულება (ოღონდ არ უნდა მიემართათ პროზელიტიზმისთვის), ჰქონდათ საკუთარი თვითმმართველობა და ისინი გათავისუფლებულნი იყვნენ სამხედრო სამსახურიდან.
როდესაც ხელისუფლებაში კომუნისტები მოვიდნენ, მენონიტები ვეღარ სარგებლობდნენ იმავე უფლებებით, რაც მანამდე ჰქონდათ. 1920 წლის ბოლოს მენონიტების მეურნეობის დიდი ნაწილი სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. მათ, ვინც არ ემორჩილებოდა ხელისუფლებას, საკვებს აღარ აძლევდნენ. მკაცრად სჯიდნენ ყველას, ვინც ამ ახალი რეჟიმის წინააღმდეგ წავიდოდა. 1930-იან წლებში კა-გე-ბეს (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) თანამშრომლები ღამით მოდიოდნენ სოფლებში და მამაკაცები მიჰყავდათ. ბოლოს სოფლებში რამდენიმე კაციღა დარჩა. 1938 წელს, როცა 14 წლის ვიყავი, მამაჩემიც წაიყვანეს და მას შემდეგ ის აღარ მინახავს. ორი წლის შემდეგ ჩემს უფროს ძმასაც იგივე ბედი ეწია.
1941 წელს ჰიტლერის ჯარებმა უკრაინის ტერიტორია დაიკავეს. ეს ჩვენთვის კომუნისტური რეჟიმისგან გათავისუფლებას ნიშნავდა. თუმცა ყველასთვის ასე როდი იყო. ჩვენს დასახლებაში მცხოვრები რვა ებრაელი ოჯახი მოულოდნელად გაუჩინარდა. ყოველივე ამის გამო მრავალი კითხვა მიჩნდებოდა. მაინტერესებდა, რატომ ხდებოდა ასეთი რამ?
პატიოსნებამ გადამარჩინა
1943 წელს გერმანიის ჯარებმა უკან დაიხიეს. მათ ომის მხარდასაჭერად გერმანელი ოჯახების უმრავლესობა თან წაიყვანეს, მათ შორის ვიყავით მე და ჩემი ოჯახის წევრები. იმ დროისთვის მე უკვე ესესელი (გერმანიის მცველი რაზმის წევრი) ვიყავი და რუმინეთში ვმსახურობდი. ამ პერიოდში მომხდარმა ერთმა უბრალო შემთხვევამ სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება.
სამხედრო ნაწილის კაპიტანმა გამომცადა, რამდენად პატიოსანი ვიყავი. მან მითხრა, რომ მისი სამხედრო ფორმა ქიმწმენდაში წამეღო. ფორმის ჯიბეში მას თურმე ფული ჩაუდია. როცა ფული ვიპოვე და უკან მივუტანე, მან მითხრა, რომ ჯიბეები კარგად შეამოწმა და მასში არაფერი დარჩენია. მე კი ვეუბნებოდი, რომ ფული სწორედ მის ჯიბეში ვიპოვე. ამ შემთხვევიდან ცოტა ხნის შემდეგ მის თანაშემწედ დამნიშნეს. მე მევალებოდა საკანცელარიო საქმეების კეთება და მორიგეებისთვის დავალებების განაწილება. გარდა ამისა, ჩვენი ნაწილის ფულიც მე ჩამაბარეს.
ერთ ღამეს რუსეთის ჯარმა ტყვედ წაიყვანა მთელი ნაწილი. მე გადავრჩი, რადგან იმ დროს ჩემს სამუშაო ადგილზე ვიყავი და კაპიტნის მიერ დავალებულ საქმეს ვასრულებდი. რამდენადაც მახსოვს, იმ დროს მხოლოდ მე გადავურჩი დატყვევებას. პატიოსნად რომ მოვიქეცი, ამიტომ დამავალეს ასეთი საქმის კეთება, თორემ იმ ღამეს მეც დატყვევებულთა შორის აღმოვჩნდებოდი.
1944 წელს მოულოდნელად გამათავისუფლეს სამხედრო სამსახურიდან და მითხრეს, რომ კვლავ გამომიძახებდნენ. მე დედასთან დავბრუნდი სახლში. გადავწყვიტე, რომ კალატოზობა მესწავლა. ეს ხელობა მოგვიანებით ძალიან გამომადგა. 1945 წლის აპრილში ჩვენი ქალაქი, რომელიც მაგდებურგთან ახლოს მდებარეობდა, ამერიკის ჯარებმა დაიკავეს. ერთი თვის შემდეგ ომი დამთავრდა. ჩვენ ცოცხლები დავრჩით და მომავალს იმედის თვალით ვუყურებდით.
ივნისის ერთ დღეს მთელ ქალაქში გამოცხადდა: „ამერიკის ჯარებმა წუხელ დატოვეს ჩვენი ქალაქი. დღეს 11 საათზე რუსეთის ჯარები შემოვლენ“. იმედი გაგვიცრუვდა, როცა გავიგეთ, რომ ისევ კომუნისტურ რეჟიმში მოგვიწევდა ცხოვრება. მე და ჩემმა ბიძაშვილმა დაუყოვნებლივ შევადგინეთ გაქცევის გეგმა. შუა ზაფხულში ამერიკის დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიაზე გადავედით. ნოემბერში დიდი სირთულეებისა და რისკის მიუხედავად კვლავ უკან დავბრუნდით და ჩვენი ოჯახები მალულად გადავიყვანეთ ჩვენს ახალ თავშესაფარში.
„დიდი ყურადღებით მოისმინე და შეადარე“
ჩვენ დავსახლდით იმ ტერიტორიაზე, რომელსაც შემდეგ დასავლეთ გერმანია ეწოდა. დროთა განმავლობაში ბიბლიით დავინტერესდი. კვირაობით ტყეში მივდიოდი და ბიბლიას იქ ვკითხულობდი, მაგრამ ბევრი რამ ჩემთვის გაუგებარი იყო და ვფიქრობდი, რომ მასში ჩაწერილი მხოლოდ შორეულ წარსულს ეხებოდა. აგრეთვე ვესწრებოდი კატეხიზმოს შემსწავლელ კურსებს და ვემზადებოდი, რომ მენონიტად მოვნათლულიყავი. ძალიან გავოცდი, როცა კატეხიზმოს წიგნში შემდეგი რამ წავიკითხე: „მამა არის ღმერთი, ძე არის ღმერთი და სულიწმინდა არის ღმერთი“. შემდეგ მასში ისმებოდა კითხვა: „სამი ღმერთი არსებობს?“ პასუხი ქვემოთ ეწერა: „არა, ეს სამი ერთია“. მე ვკითხე ერთ-ერთ მენონიტს, რომელიც ღვთისმსახურებას ატარებდა, როგორ შეიძლებოდა, რომ სამი ღმერთი ერთი ყოფილიყო. მან მიპასუხა: „ადამიანმა ასეთ საკითხებზე ღრმად არ უნდა იფიქროს. ზოგი ასეთ რამეებზე ბევრი ფიქრისგან ჭკუიდან შეიშალა“. მაშინ გადავწყვიტე, რომ აღარ მოვნათლულიყავი.
რამდენიმე დღის შემდეგ ჩემი მამიდაშვილისა და ვიღაც უცხო კაცის ლაპარაკს მოვკარი ყური. მათმა საუბარმა დამაინტერესა. მივედი მათთან და იმ კაცს რამდენიმე შეკითხვა დავუსვი. ეს უცხო კაცი, როგორც მოგვიანებით გავიგე, იყო ერიკ ნიკოლაიციგი, რომელსაც ვეველსბურგის საკონცენტრაციო ბანაკი ჰქონდა გამოვლილი. მან მკითხა, მსურდა თუ არა ბიბლიის უკეთ გაგება. როდესაც დავთანხმდი, მან დამარწმუნა, რომ რასაც კი მასწავლიდა, ყველაფერს ჩემივე ბიბლიიდან ამომიკითხავდა.
რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ერიკმა იეჰოვას მოწმეების საოლქო კონგრესზე დამპატიჟა. როგორც მახსოვს, ომის შემდეგ ეს პირველი კონგრესი იყო. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რაც მოვისმინე. მომხსენებლების მიერ ამოკითხულ თუ მოხსენიებულ ყველა მუხლს ვიწერდი. მალე მივხვდი, რომ ის, რასაც ბიბლიიდან ვსწავლობდი, გარკვეულ პასუხისმგებლობებს მაკისრებდა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ შესწავლა შემეწყვიტა. აგრეთვე მიჭირდა იმაში დარწმუნება, რომ მხოლოდ ერთი რელიგია იყო ჭეშმარიტი. როდესაც ერიკმა დაინახა, რომ ჩემს ძველ ეკლესიას უნდა დავბრუნებოდი, მან შემდეგი რჩევა მომცა: „რასაც იქ იტყვიან დიდი ყურადღებით მოისმინე და შეადარე“.
ჩემი ძველი ეკლესიის მსახურებთან სულ რაღაც ორი შეხვედრის შემდეგ მივხვდი, რომ თავადაც ბოლომდე არ ესმოდათ, რასაც ასწავლიდნენ. დავრწმუნდი, რომ მათთან ჭეშმარიტება არ იყო. მათ რამდენიმე ბიბლიური კითხვა მივწერე. ერთ-ერთმა მათგანმა მიპასუხა: „შენ არა გაქვს უფლება, ბიბლიური საკითხები გამოიკვლიო, რადგან მეორედ მონათლული არა ხარ“.
მე და ერთ გოგოს ერთმანეთი მოგვწონდა. ის ყველანაირად ცდილობდა, რომ იეჰოვას მოწმეებთან კავშირი გამეწყვიტა, რადგან თვითონ მენონიტების მეორედ მონათლულთა მიმდინარეობის წევრი იყო. თავისი ოჯახის წაქეზებით, რომლებსაც სძულდათ იეჰოვას მოწმეები, მან მითხრა, რომ თუ არ დავივიწყებდი ჩემს ახალ რელიგიას, ის აღარასოდეს შემხვდებოდა. იმ დროისთვის უკვე დარწმუნებული ვიყავი, თუ რომელი რელიგია იყო ჭეშმარიტი, ამიტომ სწორი არჩევანი გავაკეთე და, შესაბამისად, იმ გოგოსაც მეტად აღარ შევხვედრივარ.
ცოტა ხანში ჩემთან ერიკი მოვიდა. მან მითხრა, რომ მომავალ კვირაში ნათლობა იგეგმებოდა, ამიტომ აინტერესებდა, მსურდა თუ არა, რომ მოვნათლულიყავი. მე უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ იეჰოვას მოწმეები ჭეშმარიტებას ასწავლიდნენ, ამიტომ მინდოდა, იეჰოვა ღმერთისთვის მემსახურა. ასე რომ, დავთანხმდი მას და 1948 წლის მაისში აბაზანაში მოვინათლე.
მონათვლიდან მალევე ჩემი ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ საცხოვრებლად პარაგვაიში გადასულიყვნენ. დედამ ძალიან მთხოვა, რომ მეც მათთან ერთად წავსულიყავი. მე დავთანხმდი, თუმცა წასვლა არ მინდოდა, რადგან კვლავ მჭირდებოდა დახმარება, რომ სულიერად გავძლიერებულიყავი და ბიბლიიდან უფრო მეტი მესწავლა. ერთხელ ვისბადენში იეჰოვას მოწმეების ფილიალში ავგუსტ პეტერს შევხვდი. მან შემახსენა ჩემი პასუხისმგებლობა, რომ ოჯახზე უნდა მეზრუნა. ძმა პეტერსმა აგრეთვე ასეთი რჩევა მომცა: „რაც არ უნდა მოხდეს არასოდეს საქმეები 20:20, 21).
დაივიწყო კარდაკარ ქადაგება, თორემ ქრისტიანული სამყაროს რელიგიის წევრებისგან არაფრით იქნები განსხვავებული“. დღემდე კარგად მესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია „კარდაკარ“ ქადაგება („ცრუწინასწარმეტყველი“ პარაგვაიში
ავგუსტ პეტერსთან შეხვედრიდან ცოტა ხნის შემდეგ ჩემს ოჯახთან ერთად სამხრეთ ამერიკაში გავემგზავრე გემით. ჩვენ ჩავედით გრან-ჩაკოში, პარაგვაის ერთ-ერთ მხარეში, სადაც მენონიტების დასახლება იყო. ჩვენი ჩასვლიდან ორი კვირის შემდეგ მეზობელ სოფელში მარტო წავედი საქადაგოდ, რის შესახებაც დასაწყისში გიამბეთ. მალე ჩვენს დასახლებაში ხმა გავრცელდა, რომ ახალ ჩასულებს შორის „ცრუ წინასწარმეტყველი“ იყო.
კალატოზობა აქ ძალიან გამომადგა. სხვადასხვა ტერიტორიებიდან გადმოსახლებულ ყველა ოჯახს სახლი სჭირდებოდა. სახლებს აგურით აშენებდნენ და ზემოდან ჩალას აფარებდნენ. თავიდან ექვსი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი საქმე მქონდა, რაც არაფორმალურად დამოწმების შესანიშნავ შესაძლებლობას მაძლევდა. ხალხი ძალიან თავაზიანი იყო, მაგრამ როგორც კი მათი სახლებისთვის კედლების აგებას მოვრჩებოდი, სიამოვნებით გამომისტუმრებდნენ ხოლმე.
იმ პერიოდში გემებით უფრო მეტი და მეტი მენონიტი ლტოლვილი შემოჰყავდათ გერმანიიდან. მათ შორის იყო ახალგაზრდა გოგო კატერინა შელენბერგი, რომელსაც ადრე იეჰოვას მოწმეებთან ჰქონდა ურთიერთობა და მალევე დაინახა, რომ მათი რელიგია ჭეშმარიტი იყო. მართალია, ის მონათლული არ იყო, მაგრამ გემზე სხვებს თავი იეჰოვას მოწმედ წარუდგინა. ამის გამო მას უფლება არ მისცეს, რომ გზა განეგრძო და გერმანიის დასახლებაში ჩასულიყო. კატერინა პარაგვაის დედაქალაქში, ასუნსიონში, დატოვეს. მან იქ შინამოსამსახურედ დაიწყო მუშაობა, ისწავლა ესპანური ენა, დაუკავშირდა იეჰოვას მოწმეებს და მოინათლა. 1950 წლის ოქტომბერში მე და კატერინა დავქორწინდით. ის უდიდეს დახმარებას მიწევს და წლების განმავლობაში ერთგულად მიდგას მხარში.
მოკლე დროში იმდენი ფული დავაგროვე, რომ ეტლი და ორი ცხენი ვიყიდე, რაც ძალიან მადგებოდა მსახურებაში. ყოველთვის მახსოვდა ძმა პეტერსის რჩევა. ჩემი და, რომელიც აგრეთვე იეჰოვას მოწმე გახდა, მე და კატერინას მსახურებაში შემოგვიერთდა. ჩვენ ხშირად დილის ოთხ საათზე ვდგებოდით, ოთხი საათი ვმგზავრობდით, მერე ორი-სამი საათი ვქადაგებდით და უკან ვბრუნდებოდით.
ჩვენს პუბლიკაციაში წავიკითხე, რომ ძმები კრებებში საჯარო მოხსენებებით გამოდიოდნენ, ამიტომ გადავწყვიტე, მოხსენებით მეც გამოვსულიყავი. გერმანიაში კრების შეხვედრებზე არასოდეს ვყოფილვარ და ზუსტად არ ვიცოდი, როგორ უნდა გაკეთებულიყო საჯარო მოხსენება. ამიტომ, მოხსენება ისე ავაგე როგორც ვვარაუდობდი და ღვთის სამეფოზე ვილაპარაკე. შეხვედრას რვა ადამიანი დაესწრო. ამან ძალიან გააღიზიანა მენონიტური ეკლესიის მსახურები. ჩვენ მიერ გავრცელებული ლიტერატურა ხალხს უკან გამოართვეს და უთხრეს, რომ არასოდეს მოესმინათ ჩვენთვის და არც კი მოგვსალმებოდნენ.
შემდეგ, მენონიტების დასახლების ადმინისტრაციული ცენტრის ხელმძღვანელებმა დამიბარეს და რამდენიმე საათი კითხვებს მისვამდნენ. მათთან ერთად კანადიდან ჩამოსული იყო ორი მენონიტი მსახური. ბოლოს ერთ-ერთმა მითხრა: „ახალგაზრდავ, შენ რაც გინდა, ის გწამდეს, მაგრამ უნდა დაგვპირდე, რომ შენი რწმენის შესახებ სხვებს არ დაელაპარაკები“. ცხადია, ამის პირობას ვერ მივცემდი. ამიტომ მითხრეს, რომ დასახლებიდან წავსულიყავი, რადგან არ სურდათ, „ერთგულ საძმოს“ შორის „ცრუწინასწარმეტყველი“ ყოფილიყო. როდესაც ამაზეც უარი განვუცხადე, მათ მითხრეს, რომ ოღონდაც კი წავსულიყავი, მთელი ჩემი ოჯახის მგზავრობის საფასურს თავად გადაიხდიდნენ. მე გადაწყვეტილება არ შემიცვლია და საცხოვრებლად სხვაგან არ გადავსულვარ.
იმავე წელს, 1953 წლის ზაფხულში, ასუნსიონში საოლქო კონგრესს დავესწარი. იქ შევხვდი ნეითან ნორს, რომელიც ბრუკლინში (ნიუ-იორკი) არსებული იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარი სამმართველოდან იყო ჩამოსული. მან მირჩია, რომ დედაქალაქში
გადავსულიყავი და მისიონერების პატარა ჯგუფთან მეთანამშრომლა. გადასვლა იმიტომ მირჩია, რომ მენონიტების დასახლებაში ჩვენი საქმიანობა ძალიან შეზღუდული იყო.სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე ვაყენებთ
იმ დროს პარაგვაიში მხოლოდ 35 მოწმე იყო. მე დაველაპარაკე ჩემს მეუღლეს, რომ გადავსულიყავით პარაგვაიში. მართალია, მას დიდ ქალაქში ცხოვრების სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ ყოყმანის გარეშე დამთანხმდა. 1954 წელს მე და კატერინამ აგურის სახლი ავაშენეთ. სახლს მხოლოდ მაშინ ვაშენებდით, როცა თავისუფალი დრო გვრჩებოდა. ჩვენ კრების არც ერთ შეხვედრას არ ვაცდენდით და შაბათ-კვირა ხალხს ბიბლიის შესახებ ვესაუბრებოდით.
ხშირად სხვადასხვა პასუხისმგებლობის შესრულება მიწევდა. ჩემთვის დიდი პატივი იყო სარაიონო ზედამხედველთან თანამშრომლობა. ის პარაგვაიში გერმანულ ენაზე მოლაპარაკე დასახლებებს ინახულებდა. მე მისი მთარგმნელი ვიყავი. ესპანური ცოტა ვიცოდი, ამიტომ ესპანურიდან გერმანულზე თარგმნა ჩემთვის ყველაზე რთული დავალება იყო, რაც კი მქონია.
1957 წელს კანადაში გადავედით საცხოვრებლად, რადგან ჩემს ცოლს ჯანმრთელობა შეერყა. შემდეგ კი, 1963 წელს შეერთებულ შტატებში გადავედით. სადაც არ უნდა ვყოფილიყავით, ვცდილობდით, რომ სამეფოს ინტერესები ყოველთვის პირველ ადგილზე დაგვეყენებინა (მათე 6:33). ძალიან მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომ შესაძლებლობა მომცა, მისი სიტყვიდან, ბიბლიიდან, ჭეშმარიტება მესწავლა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ახალგაზრდა ვიყავი. ბიბლიის ცოდნა მთელი ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა!
მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, სხვებს გავუზიარო ბიბლიური ჭეშმარიტება. ღვთის სიტყვის შესწავლამ პირადად მე დიდი შვება მომიტანა. უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რომ ყველა ჩემი შვილი და შვილიშვილი ბავშვობიდანვე იძენს ბიბლიურ ცოდნას. ისინი მიჰყვებიან ძმა პეტერსის რჩევას, რომელმაც დიდი ხნის წინ მითხრა: „რაც არ უნდა მოხდეს, არასოდეს დაივიწყო კარდაკარ ქადაგება“.
[ჩანართი 22 გვერდზე]
უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რომ ყველა ჩემი შვილი და შვილიშვილი ბავშვობიდანვე იძენს ბიბლიურ ცოდნას
[სურათები 20, 21 გვერდებზე]
მე და კატერინა ჩვენს ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე, 1950 წელი
[სურათი 21 გვერდზე]
ჩვენს პირველ შვილთან ერთად პარაგვაიში, 1952 წელი
[სურათი 23 გვერდზე]
ჩემს დიდ ოჯახთან ერთად დღეს
[საავტორო უფლება]
Photo by Keith Trammel © 2000
[სურათის საავტორო უფლება 19 გვერდზე]
Photo by Keith Trammel © 2000