არასწორია ღვთის სახელის მოხსენიება?
არასწორია ღვთის სახელის მოხსენიება?
ებრაულ წერილებში, რომელსაც ხშირად „ძველ აღთქმას“ უწოდებენ, ღვთის სახელი თითქმის 7 000-ჯერ გვხვდება יהוה-ს (იკითხება მარჯვნიდან მარცხნივ) სახით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ოთხი ებრაული ასოთი ჲოდ, ჰე, ვავ და ჰე წარმოდგენილ ღვთის სახელს, ჩვეულებრივ, ტრანსლიტერაციას უკეთებდნენ და ჲჰვჰ-დ გადმოჰქონდათ.
ძველ დროს იუდეველებმა ცრუ რწმენის საფუძველზე არასწორად მიიჩნიეს ღვთის სახელის მოხსენიება. ამიტომ ისინი აღარ წარმოთქვამდნენ ამ სახელს და არც წერდნენ; შედეგად, ღვთის სახელის ნაცვლად მათ სხვა სიტყვების გამოყენება დაიწყეს. მაგრამ ბიბლიის მრავალმა მთარგმნელმა ეს სახელი „იაჰვედ“ ან „იეჰოვად“ თარგმნა. ამ თარგმანებს შორისაა ბიბლიის რუსული სინოდალური თარგმანიც. აღნიშნული თარგმანის თანახმად, როდესაც მოსემ ღმერთს ჰკითხა, რა უნდა ეპასუხა ისრაელების შეკითხვაზე, ვინ გამოგზავნა ის, ღმერთმა მიუგო: „იეჰოვამ, თქვენი წინაპრების, აბრაამის, ისააკის და იაკობის ღმერთმა გამომგზავნა თქვენთან. ეს არის ჩემი სახელი სამარადისოდ, და ამ სახელით მომიხსენიებენ თაობიდან თაობაში“ (გამოსვლა 3:15).
ლოცვისას იესომ ღვთის სახელის შესახებ თქვა: „მე ვაუწყე მათ შენი სახელი, და კვლავაც ვაუწყებ“. „მამაო ჩვენოს“ სახელით ცნობილ ლოცვაში იესომ ასე მიმართა ღმერთს: „მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი“ (იოანე 17:26; მათე 6:9, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).
ამიტომ შეიძლება გაგიკვირდეთ ის, რომ არც ისე დიდი ხნის წინათ გამოცემულ წიგნში „იესო ნაზარეთელი“ პაპმა ბენედიქტე XVI-მ ღვთის სახელის გამოყენების შესახებ აღნიშნა: „ისრაელები . . . აბსოლუტურად სწორად მოიქცნენ, როდესაც უარი თქვეს ჲჰვჰ-თი გამოხატული ღვთის პირადი სახელის მოხსენიებაზე, რათა ეს სახელი წმინდად შეენახათ და მის მიმართ ისეთივე დამოკიდებულება არ ჩამოყალიბებულიყო, როგორიც წარმართული ღვთაებების სახელების მიმართ. ასე რომ, არასწორად იქცევიან ბიბლიის მთარგმნელები, რომლებიც ამ სახელს — რომელსაც ისრაელები ყოველთვის იდუმალებით მოცულად მიიჩნევდნენ და არ წარმოთქვამდნენ — ისე მოიხსენიებენ, როგორც ერთ-ერთ ჩვეულებრივ ძველ სახელს“.
თქვენ რას ფიქრობთ? სწორია თუ არა ღვთის სახელის მოხსენიება? თუ თავად იეჰოვა ამბობს — „ეს არის ჩემი სახელი სამარადისოდ, და ამ სახელით მომიხსენიებენ თაობიდან თაობაში“ — აქვს ვინმეს უფლება, მას შეეწინააღმდეგოს?!
[სურათი 30 გვერდზე]
იესომ ლოცვაში წარმოთქვა ღვთის სახელი