არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 9

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 51 ღმერთს მივუძღვენით თავი

ნუ გადადებთ მონათვლას!

ნუ გადადებთ მონათვლას!

„ნუღარ დააყოვნებ. ადექი, მოინათლე“ (ᲡᲐᲥ. 22:16).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიაში განვიხილავთ სამარიელების, ტარსოსელი სავლეს, კორნელიუსის და კორინთელების მაგალითებს, რაც საჭირო მოტივაციას მოგცემთ, თავი მიუძღვნათ იეჰოვას და მოინათლოთ.

1. რატომ ვინათლებით?

 ᲒᲘᲧᲕᲐᲠᲗ იეჰოვა, რომელმაც სიცოცხლესთან ერთად ბევრი კარგი რამ გიბოძათ? გსურთ, დაუმტკიცოთ მას თქვენი სიყვარული? ამის საუკეთესო საშუალება ისაა, რომ თავი მიუძღვნათ მას და მოინათლოთ. ნათლობით იეჰოვას დიდ ოჯახს შეუერთდებით, იეჰოვა კი, როგორც თქვენი მამა და მეგობარი, იზრუნებს თქვენზე და საჭირო რჩევა-დარიგებას მოგცემთ (ფსალმ. 73:24; ეს. 43:1, 2). თუ ამ ნაბიჯებს გადადგამთ, იმის საშუალებაც მოგეცემათ, რომ უსასრულოდ გაიხაროთ ცხოვრებით (1 პეტ. 3:21).

2. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

2 უნდა აღინიშნოს, რომ ზოგი თავს იკავებს ნათლობისგან. თუ თქვენც მათ შორის ხართ, გულს ნუ გაიტეხთ. მილიონობით ადამიანმა შეძლო, ცხოვრებაში ცვლილებები მოეხდინა, რომ მონათლულიყო. დღეს ისინი მთელი გულით ემსახურებიან იეჰოვას. ნათლობამდე სირთულეების გადალახვა პირველ საუკუნეში მცხოვრებ ადამიანებსაც უწევდათ. ამიტომ ამ სტატიაში მათ მაგალითებს განვიხილავთ და დავინახავთ, რისი სწავლა შეგვიძლია მათგან.

ᲡᲐᲛᲐᲠᲘᲔᲚᲔᲑᲘ

3. რა სირთულეების გადალახვა მოუწიათ სამარიელებს?

3 სამარიელები იმ რელიგიურ სექტას მიეკუთვნებოდნენ, რომელიც იუდეის ჩრდილოეთით, ძველი შექემისა და სამარიის ტერიტორიაზე, არსებობდა. ისინი ღვთისგან შთაგონებულად მხოლოდ ბიბლიის პირველ ხუთ წიგნს („დაბადებიდან“ „კანონის“ ჩათვლით) და, შესაძლოა, „იესო ნავეს ძესაც“ მიიჩნევდნენ. ამიტომ რომ მონათლულიყვნენ, საჭირო იყო, ებრაული წერილების სხვა წიგნებიც ეღიარებინათ ღვთის სიტყვად და ცოდნა გაეღრმავებინათ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კანონის 18:18, 19-ში ჩაწერილი ღვთის დაპირებისამებრ, ისინი მესიის მოსვლას ელოდნენ (იოან. 4:25). ამიტომ მათ ისიც უნდა ერწმუნათ, რომ იესო იყო აღთქმული მესია. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ბევრმა სამარიელმა ირწმუნა კიდეც იგი (იოან. 4:39). გარდა ამისა, მათ უნდა შეეცვალათ მტრული დამოკიდებულება იუდეველების მიმართ (ლუკ. 9:52–54).

4. როგორ მოიქცა ზოგი სამარიელი მას შემდეგ, რაც ფილიპემ უქადაგა? (საქმეები 8:5, 6, 14).

4 რა ნაბიჯები გადადგეს სამარიელებმა, რომ მონათლულიყვნენ? როცა მახარობელმა ფილიპემ მათ ქრისტეს შესახებ უქადაგა, სამარიელთაგან ზოგმა მიიღო ღვთის სიტყვა (წაიკითხეთ საქმეების 8:5, 6, 14). მიუხედავად იმისა, რომ ფილიპე იუდეველი იყო, მათ გადალახეს წინასწარშექმნილი აზრი და მოუსმინეს მას. შესაძლოა მათ ამაში ხუთწიგნეულიდან ნასწავლი დაეხმარა, კერძოდ ის, რომ ღმერთი მიუკერძოებელია (კან. 10:17–19). ისინი ყურადღებით უსმენდნენ ფილიპეს, როცა იესოს შესახებ საუბრობდა. სამარიელები აშკარად ხედავდნენ, რომ ფილიპეზე ღვთის სული მოქმედებდა. ის ხომ უამრავ სასწაულს ახდენდა – ავადმყოფებს კურნავდა და დემონებს დევნიდა (საქ. 8:7).

5. რას სწავლობთ სამარიელებისგან?

5 სამარიელებს ვერც წინასწარშექმნილმა აზრმა თუ მათთვის სრულიად ახალმა სწავლებამ ვერ შეუშალა ხელი, ღმერთთან დასაახლოებლად საჭირო ნაბიჯები გადაედგათ. ბიბლიაში ნათქვამია: „როცა სასიხარულო ცნობა ირწმუნეს, რომელსაც ფილიპე ღვთის სამეფოსა და იესო ქრისტეს სახელის შესახებ აუწყებდა, კაცებიც მოინათლნენ და ქალებიც“ (საქ. 8:12). ალბათ შენიშნეთ, რომ მათ ყოყმანი აღარ დაუწყიათ და მაშინვე მოინათლნენ, როცა დარწმუნდნენ, რომ ფილიპე ჭეშმარიტებას აუწყებდა. რისი სწავლა შეგიძლიათ მათგან? დაფიქრდით: გჯერათ, რომ ღვთის სიტყვა ჭეშმარიტებაა და რომ სწორედ იეჰოვას მოწმეები ავლენენ იმ სიყვარულს, რომლითაც ნამდვილი ქრისტიანები გამოირჩევიან? (იოან. 13:35). თუ ასეა, ნურც თქვენ გადადებთ ნათლობას. ეჭვი არ შეგეპაროთ, იეჰოვა აკურთხებს ამ გადაწყვეტილებას.

6. რას სწავლობთ რუბენის მაგალითიდან?

6 დავფიქრდეთ ერთი გერმანელი ძმის, რუბენის, მაგალითზე, რომელიც იეჰოვას მოწმეების ოჯახში გაიზარდა. მოზარდობის წლებში მას ეჭვი შეეპარა ღვთის არსებობაში. რუბენი მიხვდა, რომ ამ საკითხზე საკმარისი ინფორმაცია არ ჰქონდა, ამიტომ მისი უკეთ გამოკვლევა გადაწყვიტა. ის ამბობს: „პირადი შესწავლის დროს არაერთხელ გამოვიკვლიე ევოლუციის საკითხი და ისეთი ინფორმაცია მოვიძიე, რომელიც ჩემს კითხვებზე პასუხის გაცემაში დამეხმარებოდა“. რუბენისთვის განსაკუთრებით დამხმარე აღმოჩნდა წიგნი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“. საბოლოოდ, ის იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მთავარ სამმართველოში სტუმრობამაც. იქ ნანახი მას დაეხმარა, უფრო მეტად დაეფასებინა მსოფლიო საძმოს ერთობა. ამიტომ, როცა გერმანიაში დაბრუნდა, მას უკვე აღარაფერი უშლიდა ხელს, რომ მონათლულიყო. რუბენი 17 წლის ასაკში მოინათლა. რისი სწავლა შეგიძლიათ მისგან? თუ რომელიმე საკითხი თქვენც გიჩენთ კითხვებს, გამოიკვლიეთ ის ჩვენი პუბლიკაციების დახმარებით. საფუძვლიანი ცოდნის მიღება თქვენც დაგეხმარებათ ეჭვების მოშორებაში (ეფეს. 4:13, 14, სქ.). გარდა ამისა, მეტად დააფასებთ მსოფლიო საძმოს, თუ დააკვირდებით, როგორი სიყვარულითა და ერთობით გამოირჩევიან და-ძმები როგორც თქვენს კრებაში, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ᲢᲐᲠᲡᲝᲡᲔᲚᲘ ᲡᲐᲕᲚᲔ

7. რა ცვლილებები უნდა მოეხდინა სავლეს?

7 ტარსოსელი სავლე კარგად ერკვეოდა იუდეველთა კანონებსა თუ ადათ-წესებში და საკმაოდ დიდი გავლენითაც სარგებლობდა (გალ. 1:13, 14; ფილ. 3:5). იმ პერიოდში იუდეველები ქრისტიანებს განდგომილებად მიიჩნევდნენ, ამიტომ რა გასაკვირია, რომ სავლე გაშმაგებით დევნიდა მათ. არათუ დევნიდა, ეგონა, რომ ასე ღვთის ნებას ასრულებდა (საქ. 8:3; 9:1, 2; 26:9–11). სავლეს თავადაც მოუწევდა იმ აზრთან შეგუება, რომ დევნილი გახდებოდა, თუ იესოს ირწმუნებდა და მოინათლებოდა.

8. ა) რა დაეხმარა სავლეს, მოსანათლად საჭირო ნაბიჯები გადაედგა? ბ) როგორ დაეხმარა მას ანანია? (საქმეები 22:12–16; იხილეთ აგრეთვე სურათი).

8 რა დაეხმარა სავლეს, მოსანათლად საჭირო ნაბიჯები გადაედგა? გავიხსენოთ, რა მოხდა, როცა მას ზეცად ამაღლებული იესო ეჩვენა. სავლემ მხედველობა დაკარგა (საქ. 9:3–9). მომდევნო სამი დღე არაფერს ჭამდა და, ალბათ, სულ იმაზე ფიქრობდა, რაც თავს გადახდა. შედეგად ის იმ დასკვნამდე მივიდა, რომ იესო იყო აღთქმული მესია და, რომ მისი მიმდევრები ჭეშმარიტებას ასწავლიდნენ. სავლეს სინდისიც შეაწუხებდა იმის გამო, რომ სტეფანეს სიკვდილში მისი ხელი ერია (საქ. 22:20). სამი დღის შემდეგ მასთან იესოს ერთ-ერთი მოწაფე, ანანია, მივიდა. მან სავლეს თვალი აუხილა და მოუწოდა, დაუყოვნებლივ მონათლულიყო (წაიკითხეთ საქმეების 22:12–16). სავლემ თავი დაიმდაბლა, გაითვალისწინა ანანიას რჩევა და მოინათლა (საქ. 9:17, 18).

მიჰბაძავთ სავლეს, რომელმაც გაითვალისწინა ანანიას რჩევა და მოინათლა? (იხილეთ აბზაცი 8).


9. რას სწავლობთ სავლესგან?

9 რას სწავლობთ სავლესგან? სიამაყეს და საზოგადოებრივ აზრს შეიძლება ხელი შეეშალა სავლესთვის, რომ მონათლულიყო. თუმცა მან თავმდაბლობა გამოავლინა და შეიცვალა (საქ. 26:14, 19). სავლემ იცოდა, რომ ისიც დევნილი გახდებოდა, მაგრამ არც ამის გამო დაუხევია უკან (საქ. 9:15, 16; 20:22, 23). ნათლობის შემდეგაც ის იეჰოვაზე იყო მინდობილი, რაც სხვადასხვა განსაცდელის ატანის ძალას აძლევდა (2 კორ. 4:7–10). როცა მოინათლებით, შეიძლება თქვენი რწმენაც გამოიცადოს. მაგრამ პავლეს მსგავსად ყოველთვის უნდა გქონდეთ ღვთისა და ქრისტეს დახმარების იმედი (ფილ. 4:13).

10. რას სწავლობთ ანას მაგალითიდან?

10 დავფიქრდეთ ერთი ქურთი დის, ანას, მაგალითზე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ცხოვრობს. როცა ანას დედა მოინათლა, მამის ნებართვით მანაც დაიწყო ბიბლიის შესწავლა. მაშინ ის 9 წლის იყო. თუმცა ამის გამო ის დიდ წინააღმდეგობას შეხვდა ოჯახის სხვა წევრებისგან და ნათესავებისგან. ისინი თვლიდნენ, რომ ანა მთელ ოჯახს არცხვენდა, რადგან მამაპაპისეულ რწმენაზე ამბობდა უარს. 12 წლის რომ გახდა, ანამ მონათვლა გადაწყვიტა და მამას ნებართვა სთხოვა. მამა დაინტერესდა, ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო თუ ამის გაკეთებას ვინმე აძალებდა. როცა გაიგო, რომ ანას იეჰოვას სიყვარულის გამო უნდოდა მონათვლა, დათანხმდა. თუმცა ნათლობის შემდეგ ნათესავები თუ სხვები ანას კვლავაც დასცინოდნენ და ცუდად ეპყრობოდნენ. ერთხელ პაპამისმა ასეთი რამეც კი უთხრა: „ჯობია, სიგარეტს ეწეოდე და უზნეოდ ცხოვრობდე, ვიდრე იეჰოვას მოწმე იყო“. ანა გვიზიარებს, თუ რა დაეხმარა, გამკლავებოდა ამ სირთულეს: „იეჰოვა მაძლევდა საჭირო ძალას და მშობლებიც ყოველთვის მხარში მედგნენ“. გარდა ამისა, ის ყოველთვის იწერს იმ შემთხვევებს, როცა განსაკუთრებულად გრძნობს იეჰოვას ხელს თავის ცხოვრებაში. ანა შიგადაშიგ გადახედავს ხოლმე ჩანაწერებს, რომ არასოდეს დაავიწყდეს, როგორ ამოუდგა იეჰოვა მხარში. თუ გაშინებთ იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება წინააღმდეგობას თქვენც შეხვდეთ, გახსოვდეთ, იეჰოვა არც თქვენ დაგტოვებთ დახმარების გარეშე (ებრ. 13:6).

ᲙᲝᲠᲜᲔᲚᲘᲣᲡᲘ

11. რატომ შეიძლება შეეკავებინა თავი კორნელიუსს ნათლობისგან?

11 კორნელიუსი რომაელთა ჯარის ასისთავი იყო (საქ. 10:1). სამხედრო სტატუსის გამო მას საზოგადოებაშიც დიდი გავლენა ექნებოდა. საქმეების 10:2-ში მასზე ისიც არის ნათქვამი, რომ „იგი გაჭირვებულებს ეხმარებოდა“. იეჰოვამ მასთან მოციქული პეტრე გაგზავნა, რომ მისთვის სასიხარულო ცნობა ეუწყებინა. ხომ არ შეუშლიდა ხელს კორნელიუსს მაღალი მდგომარეობა, რომ მონათლულიყო?!

12. რამ გაუადვილა კორნელიუსს მონათვლა?

12 რამ გაუადვილა კორნელიუსს მონათვლა? როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, „ის და მისი შინაურები მორწმუნეები და ღვთისმოშიშები იყვნენ“. გარდა ამისა, კორნელიუსი „ყოველთვის მხურვალედ ლოცულობდა ღვთის წინაშე“ (საქ. 10:2). ამიტომ, როცა პეტრემ მას სასიხარულო ცნობა გაუცხადა, მანაც და მისმა ოჯახმაც ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ (საქ. 10:47, 48). ეჭვგარეშეა, კორნელიუსი მზად იქნებოდა, ნებისმიერი რამ შეეცვალა ცხოვრებაში, რათა ოჯახთან ერთად ეცა თაყვანი იეჰოვასთვის (იეს. 24:15; საქ. 10:24, 33).

13. რას სწავლობთ კორნელიუსისგან?

13 სავლეს მსგავსად არც კორნელიუსისთვის შეუშლია ხელი მაღალ მდგომარეობას, რომ მონათლულიყო და ქრისტიანი გამხდარიყო. თქვენც ხომ არ გიწევთ დიდი ცვლილებების მოხდენა იმისთვის, რომ მოინათლოთ? თუ ასეა, გახსოვდეთ, იეჰოვა ყოველთვის თქვენ გვერდით იქნება. ის დაგეხმარებათ, ბიბლიური პრინციპების თანახმად იცხოვროთ და მისი თაყვანისმცემელი გახდეთ.

14. რას სწავლობთ ციოშის მაგალითიდან?

14 მოვიყვანოთ იაპონიაში მცხოვრები ერთი ძმის, ციოშის, მაგალითი. ნათლობისთვის საჭირო მოთხოვნები რომ დაეკმაყოფილებინა, გარკვეული ცვლილებები უნდა მოეხდინა. ის „იკენობო“ სკოლაში მუშაობდა, სადაც ყვავილებისგან კომპოზიციის შექმნის იაპონურ ხელოვნებას ასწავლიან. ციოში სკოლის ხელმძღვანელის ასისტენტი იყო. ხელმძღვანელი კომპოზიციებს ბუდისტური დაკრძალვის ცერემონიებისთვისაც ქმნიდა და მათში მონაწილეობდა კიდეც. მაგრამ, როცა ვერ ახერხებდა ცერემონიაზე მისვლას, ციოშის აგზავნიდა. მას შემდეგ, რაც ციოშიმ ბიბლიიდან სიმართლე გაიგო მიცვალებულების შესახებ, მიხვდა, რომ ვერ მოინათლებოდა, თუ ამ რიტუალებში მონაწილეობას გააგრძელებდა (2 კორ. 6:15, 16). ის ამ საკითხზე სკოლის ხელმძღვანელს დაელაპარაკა და აუხსნა, რომ ვეღარ მიიღებდა მონაწილეობას ბუდისტურ რიტუალებში. გაინტერესებთ, როგორ განვითარდა მოვლენები? მან სამსახური შეინარჩუნა, თანაც ისე, რომ რიტუალებშიც აღარ მოუწევდა მონაწილეობის მიღება. ბიბლიის შესწავლის დაწყებიდან ის დაახლოებით ერთ წელში მოინათლა. a თუ თქვენც გიწევთ სამსახურთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებების მოხდენა, გახსოვდეთ, იეჰოვა აუცილებლად იზრუნებს თქვენი და თქვენი ოჯახის საჭიროებებზე (ფსალმ. 127:2; მათ. 6:33).

ᲙᲝᲠᲘᲜᲗᲔᲚᲔᲑᲘ

15. რას შეიძლება შეეშალა ხელი კორინთელებისთვის, რომ მონათლულიყვნენ?

15 ძველი კორინთი იმდროინდელ მსოფლიოში ფუფუნებასა და გარყვნილებასთან ასოცირდებოდა. კორინთელების უმეტესობას საერთოდ არ აინტერესებდა ღვთის თვალსაზრისი და თავისუფალი ცხოვრებით ცხოვრობდა. ასეთ გარემოში მცხოვრები ხალხისთვის რთული იქნებოდა, ერწმუნა სასიხარულო ცნობა. თუმცა, როცა მოციქული პავლე ამ ქალაქში ჩავიდა და იქადაგა, „მრავალმა კორინთელმა მოისმინა სასიხარულო ცნობა, ირწმუნა და მოინათლა“ (საქ. 18:7–11). მოგვიანებით იესო ქრისტემ პავლეს ხილვაში ასეთი რამ უთხრა: „ამ ქალაქში ბევრმა უნდა მირწმუნოს“. ამიტომ პავლე წელიწად-ნახევრის განმავლობაში დარჩა იქ და ქადაგებდა.

16. რა დაეხმარა კორინთელებს, ცვლილებები მოეხდინათ და მონათლულიყვნენ? (2 კორინთელები 10:4, 5).

16 რა დაეხმარა კორინთელებს, ცვლილებები მოეხდინათ და მონათლულიყვნენ? (წაიკითხეთ 2 კორინთელების 10:4, 5). ღვთის სიტყვისა და წმინდა სულის დახმარებით მათ შეძლეს, რადიკალურად შეეცვალათ ცხოვრება (ებრ. 4:12). იმ კორინთელებმა, რომლებმაც ირწმუნეს ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობა, მოიშორეს ძვალსა და რბილში გამჯდარი ჩვევები, მაგალითად, ლოთობა, ქურდობა და ჰომოსექსუალიზმი (1 კორ. 6:9–11). b

17. რას სწავლობთ კორინთელებისგან?

17 კორინთელებს არ უფიქრიათ, რომ ძვალსა და რბილში გამჯდარ ცუდ ჩვევებს ვერასდროს მოიშორებდნენ. მათ დიდი ძალისხმევა მოახმარეს, რომ მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვან ვიწრო გზას დადგომოდნენ (მათ. 7:13, 14). თქვენც ხომ არ ებრძვით მავნე ჩვევებს, რომლებიც ხელს გიშლით ნათლობაში? თუ ასეა, არ დანებდეთ და ბოლომდე განაგრძეთ ბრძოლა. იეჰოვას სთხოვეთ წმინდა სული, რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ არასწორ სურვილებს.

18. რა ისწავლეთ მონიკას მაგალითიდან?

18 მოვიყვანოთ საქართველოში მცხოვრები ერთი დის, მონიკას, მაგალითი. როცა მოზარდი იყო, საუბრის დროს ხშირად იყენებდა უწმაწურ სიტყვებს. მას ისეთი გართობაც უყვარდა, რაც ხელს უშლიდა მონათვლაში. მონიკა ამბობს: „ლოცვა დამეხმარა, საკუთარ თავში ძალა მეპოვა. იეჰოვა ხედავდა, როგორ მინდოდა, სწორად მოვქცეულიყავი და ვგრძნობდი კიდეც, რომ ის მეხმარებოდა და ხელმძღვანელობას მიწევდა“. საბოლოოდ, მონიკამ დაძლია ცუდი ჩვევები და 16 წლის ასაკში მოინათლა. თქვენც ხომ არ გიწევთ ისეთ ჩვევასთან ბრძოლა, რომელიც ხელს გიშლით, იეჰოვას მსახური გახდეთ? თუ ასეა, კვლავაც სთხოვეთ მას, მოგცეთ ძალა, რომ შეიცვალოთ. გახსოვდეთ, ის გულუხვად იძლევა თავის სულს (იოან. 3:34).

ᲠᲬᲛᲔᲜᲘᲗ ᲛᲗᲘᲡᲛᲐᲒᲕᲐᲠ ᲓᲐᲑᲠᲙᲝᲚᲔᲑᲔᲑᲡ ᲒᲐᲓᲐᲚᲐᲮᲐᲕᲗ

19. რა დაგეხმარებათ მთისმაგვარი დაბრკოლებების გადალახვაში? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

19 ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ იეჰოვას უყვარხართ და სურს, მისი სულიერი ოჯახის წევრი გახდეთ. ეს ასეა იმ შემთხვევაშიც, თუ ჯერ კიდევ არ გადაგილახავთ ის სირთულეები, რომლებიც მონათვლაში ხელს გიშლით. იესომ პირველ საუკუნეში თავის მოწაფეებს უთხრა: „მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და ამ მთას უთხრათ, აქედან იქით გადადიო, გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი“ (მათ. 17:20). მართალია, მოწაფეები რამდენიმე წლის მანძილზე მის გვერდით იყვნენ, მაგრამ მაინც სჭირდებოდათ რწმენის გაძლიერება. ამიტომ იესომ დაარწმუნა ისინი, რომ თუ რწმენას განივითარებდნენ, იეჰოვა დაეხმარებოდა მთისმაგვარი დაბრკოლებების გადალახვაში. დარწმუნებული იყავით, იეჰოვა თქვენს შემთხვევაშიც ასე მოიქცევა.

ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ იეჰოვას უყვარხართ და სურს, მისი სულიერი ოჯახის წევრი გახდეთ (იხილეთ აბზაცი 19). c


20. რისი სურვილი გაგიძლიერათ ამ სტატიაში მოყვანილმა მაგალითებმა?

20 თუ რაღაც მიზეზის გამო ვერ ინათლებით, დაუყოვნებლივ გადადგით საჭირო ნაბიჯები, რომ დაძლიოთ ის. დაფიქრდით პირველი საუკუნის და თანამედროვე დროის ქრისტიანების მაგალითებზე. ეს სურვილს აღგიძრავთ და ძალას მოგცემთ, თავი მიუძღვნათ იეჰოვას და მოინათლოთ. ამაზე უკეთეს გადაწყვეტილებას ცხოვრებაში ვერასდროს მიიღებთ!

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 38 ის გაგაძლიერებთ

a ციოში ფუჯის ავტობიოგრაფია იხილეთ 2005 წლის 8 აგვისტოს „გამოიღვიძეთ!“-ში, გვ. 20–23 [ინგლ.].

b ვებსაიტზე jw.org იხილეთ ვიდეო „რაღად აყოვნებ? . . მოინათლე“.

c ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: და-ძმები გულთბილად ესალმებიან ახალმონათლულებს.