ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 12
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 119 რწმენა უნდა გვქონდეს
კვლავაც იარეთ რწმენით
„ჩვენ რწმენით დავდივართ და არა იმით, რასაც ვხედავთ“ (2 ᲙᲝᲠ. 5:7).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
ეს სტატია დაგვანახებს, როგორ დაგვეხმარება რწმენა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში.
1. რატომ იყო პავლე თავისი განვლილი ცხოვრებით კმაყოფილი?
ᲛᲝᲪᲘᲥᲣᲚᲛᲐ პავლემ იცოდა, რომ მალე მას სიკვდილით დასჯიდნენ. თუმცა ის კმაყოფილი იყო განვლილი გზით, რომელიც ასე შეაფასა: „სარბიელი ბოლომდე გავირბინე და რწმენა შევინარჩუნე“ (2 ტიმ. 4:6–8). მთელი თავისი ქრისტიანული ცხოვრების განმავლობაში პავლე გონივრულ გადაწყვეტილებებს იღებდა. ამიტომ მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ იეჰოვა იწონებდა მის მსახურებას. პავლეს მსგავსად ჩვენც გვინდა, გონივრული გადაწყვეტილებებით დავიმსახუროთ იეჰოვას მოწონება. რა დაგვეხმარება ამაში?
2. რა იგულისხმება რწმენით სიარულში?
2 ერთგულ ქრისტიანებზე საუბრისას პავლემ აღნიშნა: „ჩვენ რწმენით დავდივართ და არა იმით, რასაც ვხედავთ“ (2 კორ. 5:7). რა იგულისხმება ამ სიტყვებში? ბიბლიაში სიტყვა „სიარული“ ხშირად იმ კურსის აღსანიშნავად გამოიყენება, რომელსაც ადამიანი ცხოვრებაში ირჩევს. თუ ის რწმენით არ დადის, გადაწყვეტილებებს მხოლოდ საკუთარი აღქმის საფუძველზე იღებს, ანუ ფიზიკური შეგრძნებებით მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა. მაგრამ თუ ადამიანი რწმენით დადის, მისი გადაწყვეტილებებიდან ჩანს, რომ იეჰოვას ენდობა. ის ღვთის სიტყვაში ჩაწერილი რჩევებით ხელმძღვანელობს, რადგან დარწმუნებულია, რომ მისი ნდობა ახლაც დაჯილდოვდება და მომავალშიც (ფსალმ. 119:66; ებრ. 11:6).
3. რა შედეგი მოაქვს რწმენით სიარულს? (2 კორინთელები 4:18).
3 ცხადია, სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ზოგჯერ ფიზიკური შეგრძნებებით მიღებული ინფორმაცია გვეხმარება. მაგრამ მხოლოდ ამ შეგრძნებების იმედად არ უნდა ვიყოთ, მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე სერიოზულ გადაწყვეტილებას ეხება. ეს იმიტომ, რომ ზოგჯერ ჩვენს შეგრძნებებს შეცდომაში შევყავართ. შეიძლება იქამდეც კი მივიდეთ, რომ იეჰოვას რჩევებს საერთოდ წავუყრუოთ (ეკლ. 11:9; მათ. 24:37–39). მაგრამ თუ რწმენით დავდივართ, უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ იეჰოვასთვის მოსაწონ გადაწყვეტილებას მივიღებთ (ეფეს. 5:10). თანაც ღვთის რჩევების მიყოლა შინაგან სიმშვიდეს გვგვრის და გვაბედნიერებს (ფსალმ. 16:8, 9; ეს. 48:17, 18). საბოლოო ჯამში კი რწმენით სიარული მარადიულ სიცოცხლემდე მიგვიყვანს (წაიკითხეთ 2 კორინთელების 4:18).
4. როგორ მივხვდეთ, დავდივართ თუ არა რწმენით?
4 როგორ მივხვდეთ, დავდივართ თუ არა რწმენით? ამის განსაზღვრაში შემდეგ კითხვაზე დაფიქრება დაგვეხმარება: რითი ვხელმძღვანელობთ გადაწყვეტილების მიღებისას – მხოლოდ „იმით, რასაც ვხედავთ“, თუ იეჰოვასგან მიღებული რჩევებით? ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ ვიაროთ რწმენით, როცა საქმე ეხება: 1) სამუშაოს არჩევას, 2) ოჯახის შექმნას და 3) თეოკრატიული მითითებების მიყოლას. იმაზეც ვიმსჯელებთ, რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ საკითხებში სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ.
ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝ
5. რა არის გასათვალისწინებელი სამუშაოს არჩევისას?
5 ჩვეულებრივ სამუშაო იმისთვის გვჭირდება, რომ დავაკმაყოფილოთ ჩვენი და ჩვენი ოჯახის მოთხოვნილებები (ეკლ. 7:12; 1 ტიმ. 5:8). თუ მაღალანაზღაურებადი სამსახური გვაქვს, ყოველდღიურ მოთხოვნილებებსაც ვიკმაყოფილებთ და დანაზოგსაც ვაკეთებთ. დაბალანაზღაურებადი სამსახური მხოლოდ ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებას გვაძლევს. ასე რომ, ანაზღაურება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რასაც სამუშაოს არჩევისას ყურადღებას ვაქცევთ. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ რწმენით დავდივართ, თუ გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ ამ ფაქტორს ვითვალისწინებთ?
6. რაში გამოჩნდება, რომ რწმენით დავდივართ? (ებრაელები 13:5).
6 თუ რწმენით დავდივართ, კარგად ავწონ-დავწონით, როგორ იმოქმედებს სამუშაო იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე. ამიტომ ღირს დავფიქრდეთ: თუ ამ სამუშაოს დავთანხმდები, ხომ არ მომიწევს ისეთი რამის კეთება, რაც იეჰოვას სძულს? (იგავ. 6:16–19). ხომ არ გამიცდება კრების შეხვედრები? მექნება დრო მსახურებისთვის, პირადი და ოჯახური შესწავლისთვის? დიდი ხნით ხომ არ მომიწევს ოჯახისგან შორს ყოფნა? (ფილ. 1:10). თუ ამ კითხვებიდან რომელიმეზე პასუხი დადებითია, აჯობებს, უარი ვთქვათ ასეთ სამსახურზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენს ქვეყანაში დასაქმება არც ისე მარტივია. თუ გვჯერა, რომ იეჰოვა იზრუნებს ჩვენზე, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რითაც ვაჩვენებთ, რომ რწმენით დავდივართ (მათ. 6:33; წაიკითხეთ ებრაელების 13:5).
7, 8. როგორ დაამტკიცა ერთმა ძმამ, რომ რწმენით დადის? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
7 განვიხილოთ ერთი სამხრეთ ამერიკელი ძმის, ხავიერის, a შემთხვევა, რომელსაც პიონერად მსახურების სურვილი ჰქონდა. ის ამბობს: „კომპანიაში, სადაც ვმუშაობდი, დაწინაურება ვითხოვე. თუ ჩემს თხოვნას დააკმაყოფილებდნენ, ორმაგი ხელფასი მექნებოდა და საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობაც მომეცემოდა. გასაუბრებაზე დამიბარეს გენერალურ მენეჯერთან. დარწმუნებული ვიყავი, რომ იეჰოვა სწორ მიმართულებას მომცემდა, ამიტომ გასაუბრებამდე ლოცვით ვთხოვე დახმარება. პროფესიული კუთხით განვითარება მინდოდა, მაგრამ არა სულიერი მიზნების ხარჯზე“.
8 „გასაუბრების დროს მენეჯერმა მითხრა, რომ სისტემატურად მომიწევდა დამატებითი დროით მუშაობა. ავუხსენი, რომ ამას ვერ შევძლებდი, რადგან ჩემი რელიგიური საქმიანობისთვისაც მჭირდებოდა დრო“. ხავიერმა უარი თქვა დაწინაურებაზე და ორ კვირაში პიონერობა დაიწყო. მოგვიანებით მან ნახევარგანაკვეთიანი სამსახური იპოვა. ის ამბობს: „იეჰოვამ უპასუხა ჩემს ლოცვას და ისეთი სამსახური მაპოვნინა, რომელიც პიონერობაში ხელს არ მიშლის. მიხარია, რომ ჩემი სამუშაო გრაფიკი მაძლევს საშუალებას, მეტი დრო დავუთმო იეჰოვას მსახურებას და და-ძმებს“.
9. რითაა თქვენთვის საინტერესო ტრესორის შემთხვევა?
9 როგორ მოვიქცეთ, თუ ჩვენი სამსახური ხელს გვიშლის რწმენით სიარულში? განვიხილოთ ერთი კონგოელი ძმის, ტრესორის, შემთხვევა. ის ამბობს: „როგორც იქნა საოცნებო სამსახური ვიპოვე. წინა სამსახურთან შედარებით სამმაგს მიხდიდნენ და დიდ პატივსაც მცემდნენ“. თუმცა სამსახურის გამო ტრესორს ხშირად უცდებოდა კრებები. მას იმასაც აიძულებდნენ, რომ ტყუილებზე დაეხუჭა თვალი. ტრესორს სამსახურიდან წამოსვლა უნდოდა, მაგრამ უმუშევრად დარჩენის ეშინოდა. ის თავად ამბობს, რა დაეხმარა მას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში: „აბაკუმის 3:17–19-ში ჩაწერილმა დამარწმუნა, რომ იეჰოვა იზრუნებდა ჩემზე, თუნდაც შემოსავლის გარეშე დავრჩენილიყავი. ამიტომ სამსახურიდან წამოვედი. ბევრი დამსაქმებელი ფიქრობს, რომ მაღალანაზღაურებადი სამსახურისთვის ადამიანი ყველაფერს გაწირავს, იქნება ოჯახი თუ ღმერთი. მიხარია, რომ არც იეჰოვასთან გავიფუჭე ურთიერთობა და არც ოჯახის წევრებთან. ერთი წლის შემდეგ იეჰოვას დახმარებით სტაბილური სამსახური ვიპოვე. მართალია, ამჟამად გაცილებით ნაკლები შემოსავალი მაქვს, მაგრამ სულიერი საქმეებისთვის უფრო მეტი დრო მრჩება. მაშინაც კი, როცა იეჰოვას პირველ ადგილზე ვაყენებთ, არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ფინანსურად არასდროს გაგვიჭირდება. მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა მზრუნველობის გარეშე არ დაგვტოვებს“. თუ ვითვალისწინებთ იეჰოვას რჩევებს და ვენდობით მის დაპირებებს, გამოდის, რომ რწმენით დავდივართ. ჩვენი რწმენა კი აუცილებლად დაჯილდოვდება.
ᲝᲯᲐᲮᲘᲡ ᲨᲔᲥᲛᲜᲐ
10. ჩვეულებრივ რა ფაქტორებს ვითვალისწინებთ მეუღლის არჩევისას?
10 ქორწინება იეჰოვასგან ბოძებული ძღვენია და ბუნებრივია, თუ დაოჯახება გვსურს. ჩვეულებრივ რა ფაქტორებს ვითვალისწინებთ მეუღლის არჩევისას? დავუშვათ, დას b რომელიმე ძმა მოსწონს. ალბათ ის ყურადღებას მიაქცევს მის პიროვნულ თვისებებს, გარეგნობას, რეპუტაციას, ფინანსურ მდგომარეობას და იმას, რა ოჯახური ვალდებულებები აქვს. ამ დისთვის ისიც იქნება მნიშვნელოვანი, თუ როგორ გრძნობს მის გვერდით თავს. რა თქმა უნდა, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინება მნიშვნელოვანია. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ის რწმენით დადის, თუ გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ ამ ფაქტორებს გაითვალისწინებს?
11. რა მიანიშნებს იმაზე, რომ დაუქორწინებელი ქრისტიანი რწმენით დადის? (1 კორინთელები 7:39).
11 იეჰოვას ძალიან სიამოვნებს, როცა ქრისტიანები მეუღლის არჩევისას მის რჩევებს ითვალისწინებენ. მაგალითად, არ ჩქარობენ და „სიყმაწვილის ასაკში“ არ იწყებენ ვინმესთან ურთიერთობას (1 კორ. 7:36). განსაკუთრებით ყურადღებას იმას აქცევენ, აქვს თუ არა ამ ადამიანს ის თვისებები, რაც იეჰოვას თვალში კარგ მეუღლეს უნდა ახასიათებდეს (იგავ. 31:10–13, 26–28; ეფეს. 5:33; 1 ტიმ. 5:8). 1 კორინთელების 7:39-ში (წაიკითხეთ) ჩაწერილი რჩევის თანახმად ისინი არ იჩენენ რომანტიკულ ინტერესს მის მიმართ, ვინც არ ემსახურება იეჰოვას. მათ ეჭვი არ ეპარებათ, რომ იეჰოვამ ყველაზე უკეთ იცის, რა სჭირდებათ ბედნიერებისთვის. ამიტომაც ითვალისწინებენ ზემოხსენებულ რჩევებს და ამტკიცებენ, რომ რწმენით დადიან (ფსალმ. 55:22).
12. რითაა თქვენთვის საინტერესო როსას შემთხვევა?
12 დავფიქრდეთ ერთი კოლუმბიელი პიონერი დის, როსას, მაგალითზე. მას სამსახურში ხშირი ურთიერთობა უწევდა მამაკაცთან, რომელიც არ იყო იეჰოვას მოწმე. დროთა განმავლობაში თანამშრომელს როსას მიმართ რომანტიკული ინტერესი გაუჩნდა. გულგრილი არც როსა იყო. ის ამბობს: „ყველანაირად წესიერი ადამიანი ჩანდა. მოხალისეობრივ პროგრამებში მონაწილეობდა და ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდა. მომწონდა, როგორც მექცეოდა. ზუსტად ასეთი ქმარი მინდოდა. მხოლოდ ის მაკავებდა, რომ არ ემსახურებოდა იეჰოვას. უარის თქმა ძალიან გამიჭირდა, რადგან გულით მართლა მინდოდა მასთან ურთიერთობა. თანაც იმ პერიოდში მარტოობის გრძნობას ვებრძოდი, რადგან კრებაში შესაფერისი მეორე ნახევარი ვერ ვიპოვე“. საბოლოოდ როსამ გადაწყვეტილება გულის კარნახით კი არა, რწმენით მიიღო. ეს იმიტომ, რომ არ სურდა იეჰოვასთან ურთიერთობის გაფუჭება. მან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა ამ მამაკაცთან და უფრო მეტად ჩაება სულიერ საქმეებში. მალევე როსა სამეფოს მახარობელთა სკოლაში მიიწვიეს და ახლა ის სპეციალურ პიონერად მსახურობს. ის ამბობს: „იეჰოვას წყალობით გული სიხარულით მაქვს სავსე და ბედნიერი ვარ“. შეიძლება ყოველთვის ადვილი არ იყოს საკუთარი სურვილების წინააღმდეგ წასვლა და რწმენით სიარული, მაგრამ ეს ნამდვილად ღირს.
ᲗᲔᲝᲙᲠᲐᲢᲘᲣᲚᲘ ᲛᲘᲗᲘᲗᲔᲑᲔᲑᲘ
13. რამ შეიძლება შეგვიშალოს ხელი რწმენით სიარულში?
13 ჩვენ ხშირად გვაძლევენ მსახურებასთან დაკავშირებულ მითითებებს უხუცესები, სარაიონო ზედამხედველი, ფილიალი და ხელმძღვანელი საბჭო. მაგრამ რა შეიძლება მოხდეს, თუ ვერ ვხვდებით, რატომ ვიღებთ ამა თუ იმ მითითებას? შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ მითითების მიყოლა კარგ შედეგს არ გამოიღებს, ან თავად ხელმძღვანელი ძმების მიმართ განვეწყოთ კრიტიკულად. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ რწმენით დავდივართ, თუ ასე ვრეაგირებთ მითითებებზე?
14. რა დაგვეხმარება რწმენით სიარულში, როცა მითითებებს ვიღებთ? (ებრაელები 13:17).
14 თუ რწმენით დავდივართ, ჩვენ იმაშიც ვართ დარწმუნებული, რომ იეჰოვა ხელმძღვანელობს თავის ორგანიზაციას და იცის, რა არის საუკეთესო ჩვენთვის. ეს კი სიხარულით მორჩილებას გვიადვილებს (წაიკითხეთ ებრაელების 13:17). ჩვენ კარგად გვესმის, რომ მორჩილება კრებაში მშვიდობასა და ერთობას უწყობს ხელს (ეფეს. 4:2, 3). მართალია, ხელმძღვანელი ძმები სრულყოფილები არ არიან, მაგრამ გვჯერა, რომ იეჰოვა გვაკურთხებს მორჩილებისთვის (1 სამ. 15:22). თუ რაიმე არასწორად ხდება და შესაცვლელია, იეჰოვა თავის დროზე ამაზეც იზრუნებს (მიქ. 7:7).
15, 16. როგორ დაეხმარა ერთ ძმას რწმენით სიარული ეჭვების დაძლევაში? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
15 განვიხილოთ ერთი მაგალითი, საიდანაც კარგად ჩანს, რა შედეგი მოაქვს რწმენით სიარულს. პერუში უმეტესობა ესპანურად საუბრობს, მაგრამ ქვეყანაში ადგილობრივ ინდიელთა ენებიცაა გავრცელებული. ერთ-ერთია კეჩუა. წლების მანძილზე კეჩუა ენაზე მოსაუბრე და-ძმები მსახურების დროს ეძებდნენ ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხს. თუმცა მოგვიანებით ახალი სამთავრობო დადგენილების გამო მათ ფილიალიდან მითითებები მიიღეს, თუ როგორ უნდა გაეგრძელებინათ ამ ხალხის ძებნა (რომ. 13:1). ზოგ და-ძმას ეჭვი გაუჩნდა, რამდენად გაამართლებდა ახალი მეთოდი. მიუხედავად ამისა, მათ გაითვალისწინეს ეს მითითება და იეჰოვამაც აკურთხა მათი ძალისხმევა.
16 ერთი უხუცესი კევინიც მათ შორის იყო, ვინც თავიდან ამ სიახლეს ეჭვის თვალით უყურებდა. ის ამბობს: „ჩემთვის ვფიქრობდი, ასე ხალხი როგორ უნდა ვიპოვოთ-მეთქი. მერე გამახსენდა იგავების 3:5. დავფიქრდი მოსეს მაგალითზეც. როცა ისრაელი ეგვიპტიდან გამოიყვანა, ღვთის მითითებით ისეთ ადგილას უნდა მიეყვანა, სადაც, ფაქტობრივად, კუთხეში მოემწყვდეოდნენ. მაგრამ ის დაემორჩილა მითითებას და იეჰოვამაც მათ სასიკეთოდ დააგვირგვინა ყველაფერი“ (გამ. 14:1, 2, 9–11, 21, 22). ასე რომ, კევინმა გაითვალისწინა მითითებები. შედეგებზე ის თავად საუბრობს: „გაოცებული დავრჩი, როგორ მოგვიმართა იეჰოვამ ხელი. ადრე ბევრი სიარული გვიწევდა, რომ ერთი-ორი კაცი მაინც გვეპოვა, ახლა კი ისეთ ტერიტორიებზე ვქადაგებთ, სადაც ბევრი კეჩუაენოვანი ცხოვრობს. უფრო მეტ ადამიანსაც ვესაუბრებით, მეტ განმეორებით მონახულებასაც ვაკეთებთ და მეტ ბიბლიის შესწავლასაც ვატარებთ. კრების შეხვედრებსაც უფრო მეტი ადამიანი ესწრება“. აშკარაა, იეჰოვა ყოველთვის დაგვაჯილდოებს რწმენით სიარულისთვის.
17. რა ისწავლეთ ამ სტატიიდან?
17 ამ სტატიაში განვიხილეთ სამი მხარე და დავინახეთ, როგორ უნდა ვიაროთ რწმენით. მაგრამ რწმენით სიარული მაშინაც გვმართებს, როცა საქმე ეხება, მაგალითად, გართობას, დასვენებას, განათლებას ან ბავშვების აღზრდას. გადაწყვეტილებების მიღების დროს მხოლოდ ჩვენი აღქმებით არ უნდა ვიხელმძღვანელოთ. მხედველობაში უნდა მივიღოთ იეჰოვასთან ჩვენი ურთიერთობა, მისი რჩევები და დაპირება, რომ იზრუნებს ჩვენზე. თუ ასე მოვიქცევით, მაშინ „ჩვენი ღვთის, იეჰოვას, სახელით ვივლით მარადჟამს“ (მიქ. 4:5).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 156 რწმენის თვალით