არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიოგრაფია

ცხოვრებაში უკეთესი „კარიერა“ შევიქმენით

ცხოვრებაში უკეთესი „კარიერა“ შევიქმენით

მე და გვენმა ცეკვაზე სიარული 5 წლისებმა დავიწყეთ. მართალია, მაშინ ერთმანეთს არ ვიცნობდით, მაგრამ რაც უფრო ვიზრდებოდით, მით უფრო მწიფდებოდა ორივე ჩვენგანში საერთო მიზანი — ცხოვრება საბალეტო ხელოვნებისთვის მიგვეძღვნა და ცნობილი მოცეკვავეები გავმხდარიყავით. საბალეტო კარიერაში ზენიტისკენ რომ მივიწევდით, სწორედ მაშინ დავანებეთ ცეკვას თავი. ალბათ, გაინტერესებთ, რამ მიგვაღებინა ასეთი გადაწყვეტილება.

დეივიდი: დავიბადე 1945 წელს ინგლისში, შროფშირის საგრაფოში. ჩვენ მშვიდ გარემოში, სოფლად, ფერმაში ვცხოვრობდით. გაკვეთილების შემდეგ, ძალიან მსიამოვნებდა წიწილებზე ზრუნვა, კვერცხების შეგროვება და ცხვარ-ძროხის მოვლა. არდადეგების დროს მამას მოსავლის აღებაშიც ვეხმარებოდი და ტრაქტორსაც ვმართავდი.

თუმცა იყო კიდევ ერთი რამ, რაც ძალიან მიტაცებდა. სულ პატარა ვიყავი, როცა მამამ შეამჩნია, რომ მუსიკის ჩართვისთანავე ცეკვას ვიწყებდი. ხუთი წლის ვიყავი, როცა მამამ დედას უთხრა, ადგილობრივ ქორეოგრაფიულ სტუდიაში შევეყვანე, რომ სტეპის ცეკვა შემესწავლა. მასწავლებელმა შენიშნა, რომ ჩემგან კარგი ბალერონი დადგებოდა, ამიტომ ბალეტშიც მამეცადინებდა. 15 წლისა ვიყავი, როცა ლონდონის პრესტიჟულ სამეფო საბალეტო სკოლაში სწავლა დამიფინანსდა. სწორედ იქ შევხვდი გვენს, რომელიც ცეკვაში ჩემი მეწყვილე გახდა.

გვენი: დავიბადე 1944 წელს ლონდონში, სადაც სიცოცხლე დუღდა. ჯერ კიდევ პატარას, ღმერთი ძალიან მიყვარდა. ბიბლიის კითხვის დაწყება რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ მიჭირდა მისი გაგება. ხუთი წლისამ ცეკვაზე დავიწყე სიარული. ექვსი წლის შემდეგ გავიმარჯვე დიდი ბრიტანეთის მასშტაბით ჩატარებულ ცეკვის კონკურსში და სამეფო საბალეტო სკოლაში მცირეწლოვანთა კლასში სწავლის უფლება მოვიპოვე. ეს სკოლა ლონდონის გარეუბანში, რიჩმონდის პარკში, გეორგიანული ეპოქის უმშვენიერეს შენობაში, უაით-ლოჯში, იყო განთავსებული. იქ მაღალკვალიფიციური პედაგოგები გვაზიარებდნენ საცეკვაო ხელოვნებას. 16 წლის ასაკში კი სხვა უფროსკლასელებთან ერთად ლონდონის ცენტრში განთავსებულ სკოლაში გადამიყვანეს, სადაც დეივიდი გავიცანი. გაცნობიდან რამდენიმე თვეში ჩვენ უკვე ერთად ვმონაწილეობდით კოვენტ-გარდენის სამეფო ოპერის თეატრში გამართულ საბალეტო წარმოდგენებში.

ცეკვით მსოფლიო შემოვიარეთ

დეივიდი: დიახ, როგორც გვენმა აღნიშნა, ჩვენი წარმატებული საცეკვაო კარიერის წყალობით, ორივენი სამეფო ოპერის თეატრის სცენაზე და ლონდონის საფესტივალო ბალეტის დასში (ამჟამად ინგლისის ნაციონალური ბალეტი) აღმოვჩნდით. ლონდონის სამეფო საბალეტო სკოლის ერთ-ერთმა ქორეოგრაფმა, რუპერტალში (გერმანია) დააარსა ახალი საერთაშორისო დასი, სადაც სოლისტებად მიგვიწვიეს. ჩვენი ქორეოგრაფიული მოღვაწეობის პერიოდში, მოგვიწია მსოფლიოს არაერთი თეატრის სცენაზე დგომა და ცეკვა ისეთ კორიფეებთან ერთად, როგორებიც იყვნენ: მარგო ფონტეინი და რუდოლფ ნურიევი. დამეთანხმებით, როცა ხელოვნების „მწვერვალებს“ იპყრობ, დიდია იმის ცდუნებაც, რომ ვარსკვლავური სენი შეგეყაროს. ჩვენც ბოლომდე მივეძღვენით ხელოვნებას.

გვენი: ცეკვას მთელი არსებით — გონებითა და სხეულით — მივეძღვენი. მე და დეივიდს, ორივეს გვსურდა, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესონი ვყოფილიყავით. მსიამოვნებდა ავტოგრაფების დარიგება, ყვავილები და მქუხარე ტაში. ჩემ ირგვლივ ბევრი უზნეოდ ცხოვრობდა, ეწეოდა და სვამდა. ბევრი სხვა ხელოვანის მსგავსად, მეც წარმატებას საკუთარ თილისმებს ვუმადლოდი.

ძირეული ცვლილებები

ჩვენი ქორწინების დღე

დეივიდი: არაერთი წლის მანძილზე ჩემი კარიერით ვცხოვრობდი. მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ ძალიან დამღალა გასტროლებზე სიარულმა და ცხოვრების დაძაბულმა რიტმმა. როგორც დასაწყისში ვახსენე, ფერმაში გავიზარდე; ამიტომ, რაც დრო გადიოდა, მით უფრო მენატრებოდა სოფელი და უბრალო ცხოვრება. 1967 წელს კარიერაზე უარი ვთქვი და მშობლიურ სახლთან ახლოს, ერთ დიდ ფერმაში დავიწყე მუშაობა. ფერმის მეპატრონემ საცხოვრებლად ერთი პატარა კოტეჯი მომაქირავა. ამ ამბიდან მალევე გვენს თეატრში დავურეკე და ხელი ვთხოვე. ის უკვე სოლისტი იყო და კარიერაში ზენიტისკენ მიიწევდა. გვენი მართლაც რთული არჩევნის წინაშე დავაყენე. თუმცა, მან მიიღო ჩემი წინადადება, გადმოვიდა სოფლად და შეეჭიდა ცხოვრების ახალ წესს, რომლისაც ბევრი არაფერი გაეგებოდა.

გვენი: სიმართლე გითხრათ, სოფლის ცხოვრებასთან შეგუება გამიჭირდა. ზამთარ-ზაფხულ სამეურნეო საქმეების კეთება — ძროხების მოწველა, ღორებისა და ქათმების დაპურება — მართლაც ძირეულად განსხვავდებოდა ცხოვრების იმ სტილისგან, რომლითაც ადრე ვცხოვრობდი. დეივიდი, პარალელურად, სამეურნეო კოლეჯში გადიოდა სწავლების 9-თვიან კურსს და ამ სფეროში უახლეს მეთოდებს ეუფლებოდა. იგი შინ საკმაოდ გვიან ბრუნდებოდა. მისი არყოფნის დროს თავს მარტოსულად ვგრძნობდი. ამ დროს ჩვენი პირველი ქალიშვილი, გილი, მოევლინა ქვეყანას. დეივიდის რჩევით, ავტომობილის მართვა ვისწავლე. ერთ დღესაც, როცა მეზობელ ქალაქში მანქანით გადავედი, გაელს შევხვდი. ამ ქალბატონს ჩვენი სახლის სიახლოვეს მდებარე ერთ-ერთი მაღაზიიდან ვიცნობდი, სადაც იგი ადრე გამყიდველად მუშაობდა.

ჩვენს ფერმაში

გაელმა თავისთან სახლში ფინჯან ჩაიზე მიმიპატიჟა. ჩვენ ერთმანეთს ქორწილის ფოტოსურათები დავათვალიერებინეთ. ერთ-ერთ ფოტოზე შეჯგუფებული ხალხის ფონზე „სამეფო დარბაზი“ შევნიშნე. ვკითხე, „ეგ რაღა ეკლესიაა-მეთქი?“. მაშინ მან მითხრა, რომ ის და მისი მეუღლე იეჰოვას მოწმეები იყვნენ, რამაც ძალიან გამახარა. მამიდაჩემიც იეჰოვას მოწმე იყო. ისიც გამახსენდა, თუ როგორ ეწინააღმდეგებოდა ხოლმე მამა. ერთხელ, ლიტერატურაც კი გადაუყარა. სულ მაინტერესებდა, რატომ ექცეოდა მამაჩემი, ყველასადმი კეთილად განწყობილი და გაწონასწორებული ადამიანი, თავის დას ასე სასტიკად.

ბოლოს და ბოლოს, მომეცა შანსი, გამეგო, რით განსხვავდებოდა ეკლესიის სწავლებები იმისგან, რაც მამიდაჩემს სწამდა. გაელი მესაუბრა, თუ რას ამბობდა ბიბლია სინამდვილეში სხვადასხვა საკითხზე. გავოცდი, როცა გავიგე, რომ ეკლესიის ბევრი მოძღვრება, მაგალითად, სწავლებები სულის უკვდავებასა და სამებაზე, ბიბლიაში ჩაწერილ ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგებოდა (ეკლ. 9:5, 10; იოან. 14:28; 17:3). ამას გარდა, ცხოვრებაში პირველად, ბიბლიაში ღვთის სახელი, იეჰოვა, ამოვიკითხე (გამ. 6:3).

დეივიდი: გვენმა გამიზიარა გაელისგან მოსმენილი აზრები. მეც გამახსენდა, თუ როგორ ჩამჩიჩინებდა ბავშვობაში მამაჩემი, რომ წმინდა წერილები მეკითხა. ამიტომ, მე და გვენმა გაელსა და მის მეუღლესთან, დერიკთან, ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ. ექვს თვეში ოსვესტრში გადავედით; ოსვესტრიც შროფშირის საგრაფოში მდებარეობდა. იქ პატარა ფერმა ავიღეთ იჯარით. ბიბლიის შესწავლა ერთ ადგილობრივ მოწმესთან, დეირდრისთან, განვაგრძეთ. თავდაპირველად სულიერად ძალიან ნელა მივიწევდით წინ, ამიტომ ჩვენს მასწავლებელს დიდი მოთმინება სჭირდებოდა, რომ ჩვენთვის ბიბლიის შესწავლა გაეგრძელებინა. სამეურნეო საქმესა და საქონლის მოვლას ჩვენგან დიდი დრო მიჰქონდა. თუმცა ჭეშმარიტებამ მაინც გაიდგა ფესვი ჩვენს გულში.

გვენი: ჩემთვის ყველაზე რთული ცრურწმენისგან თავის დაღწევა აღმოჩნდა. ესაიას 65:11-დან გავიგე, რომ იეჰოვა არ იწონებს მას, ვინც „იღბლიანობის ღმერთს უშლის სუფრას“. რა თქმა უნდა, ყველა თილისმასა თუ ავგაროზს ერთბაშად ვერ შეველიე, მაგრამ გამუდმებული ლოცვის წყალობით, შევძელი ამ ნივთების მოშორება. მათეს სახარებაში ჩაწერილმა იესოს სიტყვებმა, „ვინც თავს იმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს იმდაბლებს, ამაღლდება“, დამანახვა, სინამდვილეში როგორი პიროვნებაა მისაღები იეჰოვასთვის (მათ. 23:12). მთელი გულით მსურდა, მემსახურა ღვთისთვის, რომელსაც იმდენად ვუყვარვართ, რომ ჩვენს გამოსასყიდად ყველაზე ძვირფასი, თავისი საყვარელი ძის სიცოცხლე, გაიღო. ამ დროისთვის უკვე მეორე ქალიშვილიც გვყავდა და მთელი გულით ვხარობდით იმ იმედით, რომ მთელი ოჯახი ახალ ქვეყნიერებაში სამოთხეში ვიცხოვრებდით.

დეივიდი: როდესაც შევიტყვე, თუ რა საოცრად სრულდებოდა მათეს 24-ე თავსა და დანიელის წიგნში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ რასაც ვსწავლობდი, ჭეშმარიტება იყო. გავიაზრე, რომ იეჰოვასთან კარგ ურთიერთობაზე უკეთესი ამქვეყნად არაფერი იყო. დრო-ჟამის სვლასთან ერთად, ჩემში ამბიციები ცხრებოდა. მივხვდი, რომ ეგოისტი არ უნდა ვყოფილიყავი და მხედველობაში ცოლ-შვილის აზრიც უნდა მიმეღო. ფილიპელების 2:4-მა დამარწმუნა, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე არ მეფიქრა. ნაცვლად იმისა, რომ მეურნეობის გაფართოებაზე მეზრუნა, გადავწყვიტე, ცხოვრებაში პირველი ადგილი იეჰოვას მსახურებისთვის დამეთმო. მოწევას თავი დავანებე. თუმცა შაბათობით კრებაზე დასწრება არ იყო იოლი საქმე, რადგან კრების შეხვედრა ჩვენი სახლიდან 10 კილომეტრში ტარდებოდა და თანაც — საღამოს. არადა, სწორედ საღამოხანს ვწველიდით ძროხებს. თუმცა გვენის ხელშეწყობით კრება არასდროს გაგვცდენია. კვირა დილით ძროხების მოწველის შემდეგ ჩვენს ქალიშვილებთან ერთად რეგულარულად გავდიოდით მსახურებაში.

ჩვენს ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს ნათესავები დიდი სიხარულით არ შეხვედრიან. გვენს მამამისი ექვსი წლის განმავლობაში არ სცემდა ხმას. ჩემი მშობლებიც ცდილობდნენ, რამენაირად ჩამოვეშორებინეთ მოწმეებს.

გვენი: ამ სირთულეების დაძლევაში იეჰოვა დაგვეხმარა. დროთა განმავლობაში ოსვესტრის კრება ჩვენთვის ოჯახივით გახდა. და-ძმები გასაჭირის დროს ყოველთვის გვერდში გვედგნენ (ლუკ. 18:29, 30). 1972 წელს ჩვენ თავი მივუძღვენით იეჰოვას და მოვინათლეთ. მინდოდა, ბევრი მეშრომა, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანის ყურამდე მიმეწვდინა ჭეშმარიტება. სწორედ ამან გადამაწყვეტინა პიონერად მსახურება.

ახალი „კარიერა“

დეივიდი: მართალია, ფერმაში მუშაობის წლებში ფიზიკურად ვიღლებოდით, მაგრამ ყველანაირად ვცდილობდით, ჩვენი სულიერობისთვის სათანადო ყურადღება მიგვექცია და ჩვენი ქალიშვილებისთვის კარგი მაგალითი მიგვეცა. დროთა განმავლობაში მთავრობამ შეგვიმცირა მეურნეობისთვის გამოყოფილი თანხა, რის გამოც ფერმის დატოვება მოგვიხდა. დავრჩით სახლ-კარისა და სამუშაოს გარეშე. იმ დროს ჩვენი მესამე გოგონა მხოლოდ ერთი წლისა იყო. ძალიან ბევრს ვლოცულობდით და იეჰოვას ხელმძღვანელობას შევთხოვდით. ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ნიჭი ოჯახის საკეთილდღეოდ გამოგვეყენებინა და ქორეოგრაფიული სტუდია გავხსენით. ცხოვრებაში სულიერ საკითხებს რომ პირველი ადგილი დავუთმეთ, ამან კარგი ნაყოფი გამოიღო. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩვენმა სამივე ქალიშვილმა პიონერად მსახურება დაიწყო. იმ დროს ჩემი მეუღლე, გვენიც, პიონერი იყო და ყოველდღიურად თანამშრომლობდა ჩვენს გოგონებთან.

როდესაც ჩვენი უფროსი გოგონები, გილი და დენისი, გათხოვდნენ, ქორეოგრაფიული სტუდია დავხურეთ. ამის შემდეგ ფილიალს წერილი მივწერეთ და ვთხოვეთ, დავეკვალიანებინეთ — სად შეგვეძლო გადასვლა მსახურების გაფართოების მიზნით. მათ გვიპასუხეს, რომ კარგი იქნებოდა, თუ ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქებში ვიქადაგებდით. ჩვენ მივყევით ფილიალის ხელმძღვანელობას. ვინაიდან ჩვენთან მხოლოდ უმცროსი ქალიშვილი, დები, ცხოვრობდა, მეც პიონერულ მსახურებას შევუდექი. 5 წლის შემდეგ ძმებმა გვთხოვეს, რომ ინგლისის ჩრდილოეთში მდებარე კრებებს დავხმარებოდით. მას შემდეგ, რაც დებიც გათხოვდა, ჩვენ წილად გვხვდა პატივი, რომ 10 წლის განმავლობაში მონაწილეობა მიგვეღო ზიმბაბვეში, მოლდავეთში, უნგრეთსა და კოტ-დ’ივუარში მიმდინარე საერთაშორისო სამშენებლო პროექტებში. შემდეგ სამშობლოში დავბრუნდით და ჩვენი წვლილი ლონდონის ბეთელის მშენებლობაშიც შევიტანეთ. ვინაიდან სამეურნეო გამოცდილება გამაჩნდა, ძმებმა მთხოვეს, დავხმარებოდი ფილიალს ფერმაში, რომელიც იმ დროს ფუნქციონირებდა. დღესდღეობით კი, მე და გვენი, ინგლისის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში პიონერებად ვმსახურობთ.

ძალიან გვახარებდა საერთაშორისო სამშენებლო პროექტებში მონაწილეობა

გვენი: მართალია, კარიერამ, რომელსაც ახალგაზრდობა შევალიეთ, იმხანად კმაყოფილება მოგვგვარა, მაგრამ ის წარმავალი აღმოჩნდა. ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით „კარიერაზე“, რომელიც პირველს ვარჩიეთ. იეჰოვასადმი თავის მიძღვნამ დიდი სიხარული მოგვანიჭა და ეს სიხარული მარადიულია. ჩვენ დღესაც პარტნიორები ვართ, ოღონდ ერთი განსხვავებით: დღეს კი არ ვცეკვავთ ერთად, არამედ ვმსახურობთ. ჩვენ ბევრ ადამიანს ვეხმარებით და ვაგებინებთ ჭეშმარიტებას, რომელსაც სიცოცხლე მოაქვს. ეს ქრისტიანული საქმეები კი ის „საშუამდგომლო წერილებია“, რომელიც ნამდვილად აღემატება ქვეყნიურ დიდებას (2 კორ. 3:1, 2). რომ არა ჭეშმარიტება, დღეს ხელთ გარდასულ დღეთა დიდების ნაშთიღა შემოგვრჩებოდა — მოგონებები, ძველი ფოტოსურათები და ერთ დროს ნათამაშები სპექტაკლების პროგრამები.

დეივიდი: იეჰოვას მსახურებამ ჩვენს ცხოვრებაში გარდამტეხი ცვლილებები მოახდინა. მისი წყალობით მე უკეთესი მამა და ქმარი გავხდი. როგორც ბიბლია მოგვითხრობს, მირიამი, მეფე დავითი თუ სხვა პერსონაჟები თავიანთ სიხარულს ცეკვით გამოხატავდნენ. ჩვენ ერთი სული გვაქვს, რომ ჩვენს საყვარელ და-ძმებთან ერთად, ბედნიერებმა ვიცეკვოთ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში! (გამ. 15:20; 2 სამ. 6:14).