არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ტაივანი

მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ტაივანი

ოცდათხუთმეტ წლამდე ასაკის ჩუნგ კიუნგი და მისი მეუღლე ჯული დაახლოებით 5 წლის წინ ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში სრული დროით მსახურობდნენ. „ავსტრალიაში ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობდით და კომფორტულად ვცხოვრობდით, — იხსენებს ჩუნგ კიუნგი. — კლიმატი შესანიშნავი იყო და გადასარევად ვცხოვრობდით. ძალიან გვსიამოვნებდა ოჯახის წევრებთან და ახლო მეგობრებთან ყოფნა“. ამის მიუხედავად, მათ სრული ბედნიერებისთვის მაინც რაღაც აკლდათ. ჩუნგ კიუნგი და ჯული ხვდებოდნენ, რომ თავიანთი მდგომარეობიდან გამომდინარე იეჰოვასთვის უფრო მეტის კეთება შეეძლოთ, მაგრამ ფეხს ითრევდნენ.

ამ წყვილისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა 2009 წლის კონგრესი. იქ ერთ-ერთმა მომხსენებელმა მათი მისამართით, ვისაც მსახურების გაფართოება შეეძლო, თქვა: „მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: მანქანისთვის საჭირო მიმართულების მიცემა მხოლოდ მოძრაობისას არის შესაძლებელი. მსგავსად ამისა, იესომ მხოლოდ მაშინ შეიძლება გვიხელმძღვანელოს და მსახურების გაფართოებაში დაგვეხმაროს, თუ საამისოდ ერთ ადგილზე არ ვართ გაჩერებული და ძალ-ღონეს არ ვიშურებთ“. * ჩუნგ კიუნგსა და ჯულის ისეთი შეგრძნება დაეუფლათ, რომ მომხსენებელი უშუალოდ მათ მიმართავდა. გარდა ამისა, ამავე კონგრესზე ინტერვიუ აიღეს წყვილისგან, რომლებიც ტაივანში მისიონერებად მსახურობდნენ. მათ ისაუბრეს მსახურებაში განცდილ სიხარულზე და ყურადღება იმაზე გაამახვილეს, რომ ტაივანში ჯერ კიდევ ბევრი საქმე იყო გასაკეთებელი. ჩუნგ კიუნგსა და ჯულის კიდევ ერთხელ გაუჩნდათ ისეთი განცდა, რომ ეს წყვილიც მათ ესაუბრებოდა.

„კონგრესის შემდეგ, — იხსენებს ჯული, — იეჰოვას ლოცვაში გაბედულებას ვთხოვდით, რაც ძალიან გვჭირდებოდა იმისათვის, რომ ტაივანში გადავსულიყავით“. ჯული ამატებს: „ვშიშობდით. ისეთი განცდა გვქონდა, რომ ღრმა  აუზში უნდა ჩავმხტარიყავით და თანაც პირველად“. ჩუნგ კიუნგსა და ჯულის ამ შიშის დაძლევაში დიდად დაეხმარა ეკლესიასტეს 11:4: „ვინც ქარს შეჰყურებს, თესლს ვერ დათესავს; ვინც ღრუბლებს შესცქერის, ვერ მოიმკის“. ჩუნგ კიუნგი ასეთ რამეს ამბობს: „საკუთარ თავს შემოვუძახეთ: გვეყო შორიდან ყურება. ახლა თესვისა და მკის დროა“. ჩუნგ კიუნგი და ჯული ამ საკითხზე ლოცვას არ წყვეტდნენ, კითხულობდნენ ჩვენს ჟურნალებში დაბეჭდილ მისიონერთა ისტორიებს და გაცხარებული მიმოწერა ჰქონდათ იმ და-ძმებთან, რომლებიც მსახურების გასაფართოებლად იყვნენ ტაივანში გადასულები. ამ ყოველივეს შედეგად მათ მიიღეს გადაწყვეტილება: გაყიდეს მანქანები, ავეჯი და სამი თვის შემდეგ ტაივანში გადავიდნენ.

ქადაგებაში სიხარული პოვა

ამჟამად ტაივანში 100-ზე მეტი და-ძმა მსახურობს ისეთ ტერიტორიებზე, სადაც სამეფოს მეტი მქადაგებელია საჭირო. ამ და-ძმების ასაკი 21—73 წლამდე მერყეობს. ისინი ტაივანში ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან, იაპონიიდან, კანადიდან, კორეიდან, საფრანგეთიდან და შეერთებული შტატებიდან ჩავიდნენ. ამ ქრისტიანებიდან 50-ზე მეტი დაუქორწინებელი დაა. საინტერესოა, რამ გადააწყვეტინა ამ გულმოდგინე და-ძმებს უცხო ქვეყანაში გადასვლა და მსახურება? მოდი, მათ მოვუსმინოთ.

ლაურა

ერთი კანადელი დაუქორწინებელი და, სახელად ლაურა, დღეს დასავლეთ ტაივანში პიონერად მსახურობს. თუმცა დაახლოებით ათი წლის წინ მას ქადაგება დიდად არ ეხალისებოდა. ის ასეთ რამეს გვეუბნება: „ქადაგება არ მსიამოვნებდა, რადგან იშვიათად ვქადაგებდი“. ერთ დღესაც ლაურას მეგობრებმა შესთავაზეს, რომ ერთი თვით მათთან ერთად წასულიყო მექსიკაში და ექადაგა. ის იხსენებს: „ცხოვრებაში პირველად ვიქადაგე ამდენი და ჩემდა გასაოცრად, ამან უზომო კმაყოფილება მომგვარა“.

მექსიკაში წასვლა ლაურასთვის ერთგვარი ბიძგი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ის კანადაში უცხოენოვან კრებაში გადასულიყო. მან ჩინური ენის შესწავლა დაიწყო; ქადაგებდა ჩინურენოვან ჯგუფთან ერთად და მიზნად დაისახა, რომ ტაივანში გადასულიყო. მან ეს მიზანი 2008 წლის სექტემბერში განახორციელა. „დაახლოებით ერთი წელი დამჭირდა იმისათვის, რომ თავისუფლად მეგრძნო თავი ახალ გარემოში, — გვიამბობს ლაურა. — მაგრამ დღეს  ვერც კი წარმომიდგენია, როგორ უნდა დავბრუნდე კანადაში“. ალბათ გაინტერესებთ, ახლა რას ფიქრობს ლაურა სამქადაგებლო საქმეზე. აი, ნახეთ, რას ამბობს იგი: „ქადაგება ერთი სიამოვნებაა! იმის ხილვას არაფერი სჯობს, როცა ბიბლიის შემსწავლელები იეჰოვას გაცნობის შემდეგ იცვლებიან. ტაივანში მსახურების წყალობით ასეთი სიხარული არაერთხელ განვიცადე“.

ენობრივი ბარიერი

ბრაიანი და მიშელი

ბრაიანი და მიშელი დაახლოებით 35 წლისანი არიან. ეს წყვილი სადღაც რვა წლის წინ გადავიდა ტაივანში შეერთებული შტატებიდან. თავიდან ისინი ფიქრობდნენ, რომ მსახურებაში ბევრს ვერაფერს აკეთებდნენ, მაგრამ ერთმა გამოცდილმა მისიონერმა ასეთი რამ უთხრა: „ნუ დაგავიწყდებათ: შესაძლოა სულ ერთი ბუკლეტი მისცეთ ადამიანს, მაგრამ სწორედ მისი წყალობით შეიტყოს მან იეჰოვას შესახებ. ამიტომ გახსოვდეთ, რომ თქვენ მსახურებაში ძალიან დიდი წვლილი შეგაქვთ“. ამ აზრმა ბრაიანი და მიშელი გაამხნევა; მათ გადაწყვიტეს, რომ ხელი არ ჩაექნიათ. სხვა ძმამ ასეთი რჩევა მისცა: „გული რომ არ გაგიტყდეთ, ეცადეთ, ყოველდღიურად არ შეაფასოთ თქვენი ცოდნის დონე ჩინურ ენაში; უმჯობესი იქნება, თუ ცოდნის დონეს კონგრესიდან კონგრესამდე შეაფასებთ“. ბრაიანი და მიშელი დაეუფლნენ ჩინურ ენას და დღეს ისინი წარმატებული პიონერები არიან.

რამ შეიძლება უცხო ენის შესწავლისკენ წაგახალისოთ? ეცადეთ, მოინახულოთ ის ქვეყანა, სადაც მსახურება გსურთ. იქ ჩასვლის შემდეგ დაესწარით კრების შეხვედრებს, იურთიერთეთ ადგილობრივ და-ძმებთან და ითანამშრომლეთ მათთან მსახურებაში. ბრაიანი გვიზიარებს: „როდესაც დაინახავთ, რომ ბევრი ინტერესით ისმენს სამეფოს შესახებ ცნობას და იგრძნობთ და-ძმების დიდ სიყვარულს, აღარ შეგაშინებთ ის სირთულეები, რასაც შესაძლოა უცხო ქვეყანაში შეხვდეთ“.

სამუშაო

კრისტენი და მიშელი

ტაივანში გადასულთაგან ზოგი, თავის რჩენის მიზნით, პიონერული მსახურების პარალელურად ადგილობრივებს ინგლისურ ენაში ამზადებს. ზოგი კი, მაგალითად, კრისტენი და მიშელი ზღვის პროდუქტებს ყიდიან. კრისტენი ამბობს: „ეს საქმე ადრე არასოდეს მიკეთებია, მაგრამ დღეს სწორედ ამ საქმის წყალობით გამაქვს თავი უცხო ქვეყანაში“. კრისტენს დღეს მუდმივი კლიენტები ჰყავს. ის და მისი მეუღლე ნახევარ განაკვეთზე მუშაობენ. შედეგად, ისინი თავსაც ირჩენენ და ქადაგებისთვისაც საკმარისი დრო რჩებათ; მსახურობენ პიონერებად და „ადამიანთა მებადურები“ არიან.

„არც ის გამოგრჩეს მხედველობიდან, რომ მოგზაურობითაც ისიამოვნო“

ცოლ-ქმარი უილიამი და ჯენიფერი შეერთებული შტატებიდან ტაივანში დაახლოებით შვიდი წლის წინ ჩავიდნენ. „უცხო ენის შესწავლა, პიონერად მსახურება, კრების საჭიროებებზე ზრუნვა და საკუთარი თავის ფინანსურად უზრუნველყოფა ზოგჯერ ძალას გვაცლის“, — ამბობს უილიამი. მაგრამ საინტერესოა, რა ეხმარება ამ წყვილს, რომ კვლავაც წარმატებულნი და ბედნიერები იყვნენ? ისინი გონივრულ მიზნებს ისახავენ. მაგალითად, როცა ჩინური ენის შესწავლა დაიწყეს, არ ფიქრობდნენ, რომ ერთბაშად აითვისებდნენ ენას; აქედან გამომდინარე, გული აღარ უტყდებოდათ, როცა ხედავდნენ, რომ სწრაფად ვერ მიიწევდნენ წინ.

უილიამი და ჯენიფერი

უილიამი იხსენებს, თუ რა უთხრა ერთხელ მას მიმომსვლელმა ზედამხედველმა: „შესაძლოა ერთი სული გქონდეს, მიაღწიო დანიშნულების ადგილს, თუმცა არც ის გამოგრჩეს მხედველობიდან, რომ მოგზაურობითაც ისიამოვნო“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სულიერი მიზნის დასახვის შემდეგ ადამიანს სიხარულს უნდა ჰგვრიდეს მიზნისკენ გადადგმული თითოეული ნაბიჯი. უილიამის აზრით, მას და მის მეუღლეს ეს რჩევა დაეხმარა, ყოფილიყვნენ მოხერხებულები, ყურად ეღოთ პასუხისმგებელი ძმების რჩევები და ყველაფერი ისე გაეკეთებინათ, რომ უცხო ქვეყანაში ნაყოფიერად ემსახურათ. უილიამი დასძენს: „მიმომსვლელი ზედამხედველის რჩევა გავითვალისწინეთ. ჩვენ საკუთარ თავსაც ვუთმობდით დროს: ვათვალიერებდით კუნძულს და ვტკბებოდით ბუნების მშვენიერებით“.

უილიამისა და ჯენიფერის მსგავსად, ერთი პიონერი და მეგანიც „ტკბება მოგზაურობით“; მისი მიზანი ჩინური ენის შესწავლაა. იგი ტაივანში შეერთებული შტატებიდან ჩამოვიდა. მეგანი ყოველ შაბათ-კვირას მაუწყებლების  ჯგუფთან ერთად მეტად თვალწარმტაც ადგილას, ტაივანის ყველაზე დიდ ნავსადგურში, კაოსიუნგში ქადაგებს. მეგანი სასიხარულო ცნობას ხალხს გემიდან გემზე უზიარებს; იგი უქადაგებს ბანგლადეშიდან, ვანუატუდან, ინდოეთიდან, ინდონეზიიდან, ტაილანდიდან და ფილიპინებიდან ჩასულ მეთევზეებს. მეგანი გვეუბნება: „რაკიღა მეთევზეები ნავსადგურში ცოტა ხნით ჩერდებიან, ჩვენ მათთან პირდაპირ ბიბლიის შესწავლას ვიწყებთ. ყველასთან მისვლა რომ შევძლოთ, ხშირად ოთხ-ხუთ ადამიანს ერთდროულად ვუტარებთ შესწავლას“. საინტერესოა, როგორ ართმევს მეგანი თავს ჩინური ენის სწავლას? იგი ამბობს: «ვისურვებდი, რომ უფრო სწრაფად მესწავლა ენა, მაგრამ არ მავიწყდება ერთი ძმის სიტყვები: „შენ შენი მაქსიმუმი აკეთე და დანარჩენზე იეჰოვა იზრუნებს“».

მეგანი

უბრალო, მაგრამ სიხარულით აღსავსე ცხოვრება

ქეთიმ, სანამ მსახურების გაფართოების მიზნით ბრიტანეთს დატოვებდა, საგულდაგულოდ გამოიკვლია, თუ რომელი ქვეყანა იქნებოდა მისთვის, როგორც დაუქორწინებელი დისთვის, უსაფრთხო. ის ლოცვაში სთხოვდა ხელმძღვანელობას იეჰოვას და ამის თაობაზე რამდენიმე ფილიალს მისწერა. იგი ყურადღებით გაეცნო ფილიალებიდან მიღებულ საპასუხო წერილებს და მიხვდა, რომ მისთვის ტაივანი ყველაზე უსაფრთხო ადგილი იქნებოდა.

2004 წელს, როცა ქეთი 31 წლის იყო, ტაივანში გადავიდა. ის დღეს აუცილებლით კმაყოფილდება. ქეთი ამბობს: „ადგილობრივ და-ძმებს გამოვკითხე, სად შევიძენდი ყველაზე იაფად ხილ-ბოსტნეულს. მათი პრაქტიკული რჩევები დამეხმარა, რომ რაც შეიძლება დიდხანს გამეწვდინა დანაზოგი“. რა ეხმარება მას, რომ მცირედით დაკმაყოფილდეს? ამ კითხვაზე ქეთი ასე გვპასუხობს: „ხშირად ვთხოვ იეჰოვას, რომ დავჯერდე უბრალო საჭმელსა და ტანსაცმელს. ვგრძნობ, ღმერთი ჩემს ლოცვებს უპასუხოდ არ ტოვებს და მასწავლის, რომ ზღვარი გავავლო საჭიროებებსა და სურვილებს შორის. ბედნიერი ვარ, რომ ასე გავიმარტივე ცხოვრება; ეს მეხმარება, უფრო მეტად სულიერზე ვიფიქრო“.

ქეთი

მართალია, ქეთი ფუფუნებაში არ ცხოვრობს, მაგრამ მას სიხარული არ აკლია. იგი ამის მიზეზსაც გვიზიარებს: „ვქადაგებ იქ, სადაც ბევრი ისმენს სასიხარულო ცნობას. ამას ჩემთვის უდიდესი სიხარული მოაქვს“. როდესაც ქეთი ტაივანში ჩავიდა, ქალაქში, სადაც მან პიონერული მსახურება დაიწყო, მხოლოდ ორი ჩინურენოვანი კრება იყო; დღეს კი უკვე შვიდია. ქეთი ამბობს: „როცა ხედავ ამხელა ზრდას და იმასაც ხვდები, რომ ამ ყოველივეში წვლილი შენც მიგიძღვის, ეს ხალისს გმატებს“.

„მათ მეც კი დავჭირდი“

როგორ წარიმართა ჩუნგ კიუნგისა და მისი მეუღლის, ჯულის, ცხოვრება, რომლებიც სტატიის დასაწყისში მოვიხსენიეთ? ჩუნგ კიუნგს თავდაპირველად ეგონა, რომ თავისი დამტვრეული ჩინურით კრებას ბევრი ვერაფრით დაეხმარებოდა. მაგრამ ძმები ნამდვილად აფასებდნენ მის დახმარებას. „როდესაც კრება გაიყო, მე, როგორც მომსახურეს, ბევრი პასუხისმგებლობის შესრულება დამევალა. აი, მაშინ კი ვიგრძენი, რომ ნამდვილად იქ ვმსახურობდი, სადაც საჭირო ვიყავი. ეს ძალიან სასიამოვნო გრძნობა იყო. მათ მეც კი დავჭირდი“, — ღიმილით დასძენს იგი. დღეს ჩუნგ კიუნგი უხუცესია. ჯული ქმრის ნათქვამს აგრძელებს: „სასიამოვნოა იმის განცდა, რომ მონდობილს თავი გავართვით. ასეთი კმაყოფილება და ბედნიერება ჯერ არასდროს გვიგრძვნია. მართალია, აქ სხვების დასახმარებლად ჩამოვედით, მაგრამ მიღებული გამოცდილება თავად წაგვადგა. აქ მსახურების შესაძლებლობა იეჰოვამ მოგვცა, ამიტომ ძლიერ ვემადლიერებით მას“.

მრავალ ტერიტორიაზე სულიერ სამკალში ჯერ კიდევ ბევრი მუშაა საჭირო. ამთავრებთ სწავლას და ფიქრობთ, რა გზას დაადგეთ ცხოვრებაში? ჯერ არ დაოჯახებულხართ და გსურთ, იეჰოვას ორგანიზაციაში მეტი აკეთოთ? გინდათ, თქვენს ოჯახს მდიდარი სულიერი მემკვიდრეობა დაუტოვოთ? გახვედით პენსიაზე და გსურთ, რომ, თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება სხვებსაც გაუზიაროთ? თუ გააფართოებთ მსახურებას და გადახვალთ იქ, სადაც სამეფოს მეტი მაუწყებელია საჭირო, იეჰოვასგან უხვ სულიერ კურთხევებს მოიმკით!

^ აბზ. 3 იხილეთ წიგნის „საფუძვლიანად დაამოწმეთ ღვთის სამეფოზე“ მე-16 თავის მე-5 და მე-6 აბზაცები.