ჩვენი არქივიდან
„ევრიკადრამა“ ბევრს ბიბლიური ჭეშმარიტების აღმოჩენაში დაეხმარა
„ევრიკა!“ („ვიპოვე“). ასეთი შეძახილით გამოხატავდა სიხარულს ოქროს მაძიებელი, როცა მისი წერაქვი საოცნებო ლითონს მოხვდებოდა. მსგავს სურათს მე-19 საუკუნის კალიფორნიაში, რომელიც „ოქროს ციებ-ცხელებას“ შეეპყრო, ბევრგან ნახავდით. ჩარლზ ტეიზ რასელმა და მისმა თანამოაზრეებმაც იპოვეს რაღაც ახალი, ოქროზე ბევრად ძვირფასი — ბიბლიური ჭეშმარიტება! ახლა მათ უკვე ერთი სული ჰქონდათ, ეს „განძი“ სხვებისთვისაც გაეზიარებინათ.
1914 წლის ზაფხულში მეგაპოლისებში მცხოვრები მილიონები კინოდარბაზებს მიაწყდნენ 8-საათიანი „შემოქმედების ფოტოდრამის“ საყურებლად, რომელიც ბიბლიის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაციის (ბმსა) მიერ იყო მომზადებული. არაჩვეულებრივად გახმოვანებულმა და მოძრავი სურათებით, ფერადი სლაიდებითა და კლასიკური მუსიკით გაფორმებულმა ბიბლიურმა დრამამ მაყურებელი კაცობრიობის ისტორიის გარიჟრაჟიდან იესო ქრისტეს ათასწლიანი მეფობის მიწურულამდე ამოგზაურა (გამოცხ. 20:4). *
მაგრამ შეძლებდნენ პატარა ქალაქებსა თუ დაბებში მცხოვრებნი ამ დრამის ყურებას? ამ დრამის ნახვას ყველა სულიერსმოწყურებული ადამიანი შეძლებდა, ვინაიდან 1914 წლის აგვისტოში ბიბლიის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაციამ გამოსცა „ფოტოდრამის“ შემოკლებული ვერსია „ევრიკადრამა“, რომელიც არ შეიცავდა მოძრავ კადრებს და რომლის ჩვენებაც პორტატიული მოწყობილობითაც იყო შესაძლებელი. „ევრიკადრამა“ რამდენიმე ენაზე გამოიცა სამ ვარიანტად: „ევრიკა X“, „ევრიკა Y“ და „ევრიკადრამა ოჯახებისთვის“. პირველ ვარიანტში შესული იყო ავტორის ტექსტი, რომელსაც ფონად ედო მუსიკა, მეორე ვარიანტი შეიცავდა ფერადი სლაიდებით გაფორმებულ ყველა აუდიოჩანაწერს, ხოლო მესამე ვარიანტში შესული იყო სადიდებლები და ნაწყვეტები მთხრობელის ტექსტიდან, რომლის მოსმენა სახლის პირობებშიც იყო შესაძლებელი. იმხანად ფონოგრაფებისა და საპროექციო აპარატების ყიდვა საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად შეიძლებოდა.
ბიბლიის მკვლევრები სოფლად მცხოვრებთ სრულიად უსასყიდლოდ აჩვენებდნენ „ევრიკადრამას“, რისთვისაც მათ კინოპროექტორი და ეკრანი არ სჭირდებოდათ; ამგვარად სამეფოს შესახებ ცნობას უფრო და უფრო მეტი ადამიანი ისმენდა. „ევრიკა X“-ის მოსმენა, ნებისმიერ დროს, დღითა თუ ღამით, შეიძლებოდა, ვინაიდან ეს ვარიანტი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სლაიდებს არ შეიცავდა. ხოლო რაც შეეხება „ევრიკა Y“-ს, სლაიდების საჩვენებლად საჭირო იყო დიაპროექტორი, რომელიც ელექტროენერგიის გარდა კარბიდის ლამპაზეც მუშაობდა. ანგარიშში, რომელიც ფინურ ენაზე გამოცემულ „საგუშაგო კოშკში“ გამოქვეყნდა, ნათქვამი იყო: „ამ სლაიდების ჩვენება თითქმის ყველგან შეგვიძლია“. ეს მართლაც ასე იყო!
ყაირათიანი ბიბლიის მკვლევრები თანხის დაზოგვის მიზნით, კინოთეატრების დაქირავების ნაცვლად, „ევრიკადრამის“ აუდიტორიისთვის საჩვენებლად სკოლებს, სასამართლო შენობებს, რკინიგზის სადგურებსა და საცხოვრებელი სახლების ვესტიბიულებს იყენებდნენ. ბევრი ჩვენება ღია ცისქვეშ ეწყობოდა; ეკრანის მოვალეობას ვრცელი თეთრი ზეწარი ითავსებდა, რომელსაც ბეღლის გარეთა კედელზე ჰკიდებდნენ. ენტონი ჰამბუხმა დაწერა: „ფერმერები თავიანთ ბაღებში სკამების ნაცვლად კუნძებს აწყობდნენ, რომლებზეც ხალხი სხდებოდა და სიამოვნებით ადევნებდა თვალს პროგრამას“. ბიბლიის მკვლევართა ჯგუფი, რომელიც მოსახლეობას „ევრიკადრამას“ უჩვენებდა, ფურგონით გადაადგილდებოდა. სწორედ ის იყო მათი „საძინებელიც“, „გარდერობიცა“ და „სამზარეულოც“.
„ევრიკადრამის“ თითოეულ „სეანსზე“ დამსწრეთა რიცხვი ერთი მუჭა ხალხიდან ასობით ადამიანამდე მერყეობდა. შეერთებული შტატების ერთ-ერთ პატარა ქალაქში, რომელშიც, სულ რაღაც, 150 ადამიანი ცხოვრობდა, სკოლაში გამართულ ჩვენებას 400 კაცი დაესწრო. სხვა მხარეში „ევრიკადრამის“ სანახავად ზოგმა სახლიდან 8 კილომეტრიც კი გაიარა. „ევრიკადრამის“ ჩანაწერის მოსმენის შემდეგ შვედეთში, შარლოტა ალბერგის პატარა სახლში შეკრებილი მეზობლები სულით ხორცამდე შეიძრნენ. ავსტრალიაში, ერთ მივარდნილ მაღაროელთა ქალაქში გამართულ ჩვენებას დაახლოებით 1 500 ადამიანი დაესწრო. „საგუშაგო კოშკი“ იუწყებოდა, რომ სკოლებისა და კოლეჯების „მოსწავლეებზე, სტუდენტებსა თუ პროფესორ-მასწავლებლებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მშვენიერმა სურათებმა და აუდიოჩანაწერებმა“. დიახ, „ევრიკადრამა“ იმ ქალაქებშიც კი პოპულარობით სარგებლობდა, სადაც კინოთეატრები იყო.
„დათესილი თესლის“ მოვლა
„ევრიკადრამამ“ დიდად შეუწყო ხელი ბიბლიის მკვლევართა ახალი „კლასების“ ჩამოყალიბებას. იმ ტერიტორიებზე, სადაც ბიბლიის მკვლევრებმა ჭეშმარიტების თესლი დათესეს, ისინი ახალი „კლასების“ ჩამოსაყალიბებლად მომხსენებლებს აგზავნიდნენ. ძალიან რთულია იმ ადამიანთა რიცხვის განსაზღვრა, ვინც მოისმინა „ევრიკადრამა“ ან უყურა მას, თუმცა ერთი რამ ფაქტია: „ევრიკადრამის“ უამრავი ეგზემპლარი ხელიდან ხელში გადადიოდა. დასანანია, რომ 1915 წელს 86 ჯგუფიდან, რომელიც მოსახლეობას „ევრიკადრამით“ სტუმრობდა, მხოლოდ 14 ჯგუფი აღრიცხავდა დამსწრეთა რაოდენობას. მიუხედავად არასრული მონაცემებისა, წლიური ანგარიშის შედეგად გამოვლინდა, რომ „ევრიკადრამას“ მილიონზე მეტი ადამიანი ეზიარა, რომელთა შორის დაახლოებით 30 000-მა ბიბლიური ლიტერატურის წაკითხვის სურვილიც გამოთქვა.
მართალია, „ევრიკადრამამ“ კაცობრიობის ისტორიას ღრმა კვალი ვერ დააჩნია, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ავსტრალიიდან არგენტინამდე, სამხრეთ აფრიკიდან ბრიტანეთის კუნძულებამდე, ინდოეთსა თუ კარიბის ზღვის კუნძულებზე, სავარაუდოდ, მილიონებმა ნახეს ან მოისმინეს ის. მათ შორის ბევრმა, ოქროზე გაცილებით ძვირფასი რამ, ბიბლიური ჭეშმარიტება პოვა. მათაც სიხარულით „შესძახეს“: „ევრიკა!“.
^ აბზ. 4 იხილეთ 2014 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკის“ რუბრიკა „ჩვენი არქივიდან“, სტატია „100-წლიანი ეპოსი, რომელიც რწმენას გვიმტკიცებს“, გვ. 30—32.