„თქვენა ხართ ჩემი მოწმეები“
„თქვენა ხართ ჩემი მოწმეები, — ამბობს იეჰოვა“ (ეს. 43:10).
1, 2. ა) რა შედის მოწმის მოვალეობაში და რა მხრივ მოიკოჭლებენ დღეს მედიასაშუალებები? ბ) რატომ შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვა მედიის იმედად არაა დარჩენილი?
როგორ განიმარტება სიტყვა „მოწმე“? ერთ-ერთი ლექსიკონი ამ სიტყვას ასე განმარტავს: „პირი, რომელიც რაიმე მოვლენის თვითმხილველია და ამოწმებს მასზე“. მაგალითად, ქალაქ პიტერმარიცბურგში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) უკვე 160 წელზე მეტია, რაც გამოიცემა გაზეთი „მოწმე“. გაზეთის სახელწოდება ნამდვილად შეესატყვისება მისი გამოცემის მიზანს — ობიექტურად და ზუსტად გააშუქოს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები. გაზეთ „მოწმის“ დამაარსებელმა რედაქტორმა თქვა, რომ მისი გუნდის დევიზია: „სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა!“.
2 სამწუხაროდ, მსოფლიო მედიასაშუალებები მეტად მნიშვნელოვან ფაქტებს ხშირად გვერდს უვლის და ამახინჯებს კიდეც. საინფორმაციო საშუალებები ღვთის შესახებაც უმალავს სიმართლეს ხალხს. თუმცა ყოვლისშემძლე ღმერთმა წინასწარმეტყველ ეზეკიელს ასეთი რამ დააწერინა: „გაიგებენ ხალხები, რომ მე ვარ იეჰოვა“ (ეზეკ. 39:7). საბედნიეროდ, უზენაესი მმართველი მედიასაშუალებების იმედად არაა. მას დაახლოებით 8 მილიონი მოწმე ჰყავს, რომლებიც ყველა ერის ადამიანს უმოწმებენ მის შესახებ და მოუთხრობენ, თუ რა გააკეთა მან წარსულში და რას აკეთებს ახლა. მოწმეთა ეს დიდი ლაშქარი ხალხს იმასაც აუწყებს, თუ რა დიდებულ მომავალს ჰპირდება ღმერთი კაცობრიობას. იეჰოვას მოწმეთათვის ცხოვრებაში უმთავრესი დამოწმების საქმეა. ამგვარად ისინი ამართლებენ ღვთის მიერ ბოძებულ სახელს, რომლის შესახებაც ესაიას 43:10-ში ვკითხულობთ: „თქვენა ხართ ჩემი მოწმეები, — ამბობს იეჰოვა, — ჩემი მსახური, რომელიც მე ავირჩიე“.
3, 4. ა) როდის ეწოდათ ბიბლიის მკვლევრებს ახალი სახელი და რა გრძნობები აღძრა ამან მათში? (იხილეთ სურათი 23-ე გვერდზე) ბ) რა კითხვებს განვიხილავთ?
3 მართლაც უდიდესი პატივია, ვატარებდეთ ღვთის სახელს, რომელიც „მარადიულობის მეფეა“ და რომელმაც საკუთარ თავზე თქვა: „ეს არის ჩემი სახელი მარადიულად და ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობაში“ (1 ტიმ. 1:17; გამ. 3:15; შეადარეთ ეკლესიასტეს 2:16). 1931 წელს ბიბლიის მკვლევრებს იეჰოვას მოწმეები ეწოდათ. მას შემდეგ ამის თაობაზე არაერთი სამადლობელი წერილი მივიღეთ, რომლებიც ჟურნალ „საგუშაგო კოშკში“ დაიბეჭდა. მაგალითად, კანადის ერთ-ერთი კრებიდან მოგვწერეს: «როცა გავიგეთ, რომ „იეჰოვას მოწმეები“ გვეწოდა, გული სიხარულით აგვიძგერდა და ძალა განგვიახლდა. ამან მეტი შემართებით განგვაწყო, რათა ღირსეულად გვეტარებინა ახალი სახელი».
4 ამ სტატიაში განვიხილავთ შემდეგ კითხვებს: როგორ შეგიძლიათ გამოხატოთ მადლიერება იმისთვის, რომ ღვთის სახელის ტარების უდიდესი პატივი გხვდათ წილად? შეგიძლიათ რომელიმე ბიბლიური მონაკვეთი მოიშველიოთ იმის ასახსნელად, თუ რატომ გვეწოდა იეჰოვას მოწმეები?
ძველ დროში მცხოვრები ღვთის მოწმეები
5, 6. ა) რა გაგებით ამოწმებდნენ ისრაელი მშობლები იეჰოვას შესახებ? ბ) კიდევ რას მოიცავდა ისრაელი მშობლების პასუხისმგებლობა და რატომ აკისრიათ დღეს იგივე პასუხისმგებლობა ქრისტიან მშობლებს?
5 ესაიას დროს მცხოვრები ისრაელები იეჰოვას „მოწმეები“ იყვნენ, ვინაიდან მთელი ერი ღვთის „მსახური“ იყო (ეს. 43:10). ერთ-ერთი საშუალება, რითაც ისინი „ამოწმებდნენ“, ის იყო, რომ თავიანთ შვილებს ღვთის დიდებული საქმეების შესახებ მოუთხრობდნენ. მაგალითად, როცა ღმერთმა ისრაელებს ყოველწლიურად პასექის დღესასწაულის აღნიშვნა დაავალა, ასეთი მითითება მისცა: „თქვენი ძეები რომ გკითხავენ, რას ნიშნავს ეს მსახურებაო, უთხარით: ეს საპასექო მსხვერპლია-თქო იეჰოვასთვის, რომელმაც გვერდი აუარა ისრაელის ძეთა სახლებს ეგვიპტეში, როცა ეგვიპტელებს უბედურება დაატეხა, ჩვენი სახლები კი იხსნა“ (გამ. 12:26, 27). მშობლები ალბათ იმასაც მოუყვებოდნენ თავიანთ შვილებს, თუ როდის წარსდგა მოსე პირველად ეგვიპტის მმართველის წინაშე იმის სათხოვნელად, რომ ისრაელები უდაბნოში იეჰოვას თაყვანსაცემად გაეშვა, რაზეც ფარაონმა მიუგო: „ვინ არის იეჰოვა, რომ მოვუსმინო მის ხმას და გავუშვა ისრაელი?!“ (გამ. 5:2). ეჭვგარეშეა, მშობლები შვილებს იმასაც უამბობდნენ, თუ რა თვალნათლივ გაეცა პასუხი ფარაონის კითხვას, როცა ყველამ საკუთარი თვალით იხილა ღვთის მიერ ეგვიპტისთვის დატეხილი 10 სასჯელი და წითელ ზღვასთან ებრაელთა სასწაულებრივი დახსნა მტრის ხელიდან! დიახ, იეჰოვა იყო და არის ყოვლისშემძლე ღმერთი! ამგვარად, ისრაელები მოწმენი გახდნენ იმისა, რომ იეჰოვა ჭეშმარიტი ღმერთია, რომელსაც თავისი განზრახვები სისრულეში მოჰყავს.
6 ისრაელები, რომლებიც დიდ პატივად მიიჩნევდნენ, რომ იეჰოვას სახელით იწოდებოდნენ, უდავოდ, არა მარტო თავიანთ შვილებს მოუთხრობდნენ თავსგადამხდარი საოცარი მოვლენების შესახებ, არამედ იმ უცხოტომელებსაც, რომლებიც მათ მონებად დაუდგნენ. ისიც არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, რომ მშობლებს თავიანთი შვილებისთვის სიწმინდესთან დაკავშირებული ღვთის ნორმები ჩაენერგათ. იეჰოვას მათთვის ნათქვამი ჰქონდა: „იყავით წმინდები, რადგან წმინდა ვარ მე, იეჰოვა, თქვენი ღმერთი“ (ლევ. 19:2; კან. 6:6, 7). მართლაც, რა შესანიშნავი მაგალითია დღევანდელი ქრისტიანი მშობლებისთვის! მშობლებმა შვილებს იეჰოვას წმინდა გზებით სიარული უნდა ასწავლონ და ამგვარად დაეხმარონ მათ, რომ იეჰოვას დიდებულ სახელს მიაგონ პატივი (წაიკითხეთ იგავების 1:8; ეფესოელების 6:4).
7. ა) რა შედეგი მოჰყვებოდა ისრაელების ღვთისადმი ერთგულებას? ბ) რა პასუხისმგებლობა აკისრია მათ, ვინც ღვთის სახელით იწოდება?
7 როდესაც ისრაელები ღვთისადმი ერთგულები იყვნენ, ისინი საუკეთესოდ ამოწმებდნენ მისი სახელის შესახებ. მათთვის იეჰოვას ნათქვამი ჰქონდა: „დაინახავს დედამიწის ყველა ხალხი, რომ იეჰოვას სახელით იწოდები და შეეშინდება შენი“ (კან. 28:10). თუმცა სამწუხაროდ, ისრაელები ხშირად ღალატობდნენ იეჰოვას. ისინი კვლავ და კვლავ უბრუნდებოდნენ ადამიანის ხელით შექმნილ კერპებს. უფრო მეტიც, ებრაელები სისხლმოწყურებულ ქანაანელთა სასტიკ ღვთაებებს დაემსგავსნენ — ცრუ ღვთაებებს სწირავდნენ თავიანთ შვილებს და ჩაგრავდნენ ღარიბებს. მართლაც, რა დიდებული გაკვეთილია ჩვენთვის, ვინც იეჰოვას სახელით ვიწოდებით, რომ მივბაძოთ ჩვენს უწმინდეს ზეციერ მამას და ვიყოთ წმინდები!
„აი, რაღაც ახალს ვაკეთებ“
8. რა დავალება მიიღო ესაიამ იეჰოვასგან და რა რეაქცია ჰქონდა ამაზე წინასწარმეტყველს?
8 იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ ის სასწაულებრივად დაიხსნიდა ისრაელებს მონობისგან, რისი მოწმენიც თავად გახდებოდნენ (ეს. 43:19). წიგნ „ესაიას“ პირველ ექვს თავში არაერთხელ მეორდება გაფრთხილება იმის შესახებ, რომ იერუსალიმსა და მის გარშემო მდებარე ქალაქებს უბედურება უნდა დასტყდომოდა თავს. გულთამხილველმა ღმერთმა, იეჰოვამ, ესაიას უთხრა, რომ მიუხედავად ძლიერი წინააღმდეგობისა, მას მაინც უნდა გაეფრთხილებინა ხალხი. წინასწარმეტყველს ამ ცნობამ თავზარი დასცა და ლოგიკური კითხვა გაუჩნდა: როდემდე უორგულებდა ღმერთს ისრაელი? ნახეთ, რა უპასუხა იეჰოვამ: „სანამ ქალაქი ნანგრევებად არ იქცევა, რომ არავინ იცხოვროს იქ, რომ გაუკაცრიელდეს სახლები და მოისპოს მიწა“ (წაიკითხეთ ესაიას 6:8—11).
9. ა) როდის შესრულდა იერუსალიმთან დაკავშირებული ესაიას წინასწარმეტყველება? ბ) დროის რა მონაკვეთში ვცხოვრობთ და რისკენ უნდა აღგვძრას ამან?
9 ესაიამ ეს დავალება მეფე უზიას მეფობის უკანასკნელ წელს, დაახლოებით ძვ. წ. 778 წელს, მიიღო. ის წინასწარმეტყველად ძვ. წ. 732 წლამდე, თითქმის 46 წლის განმავლობაში, მსახურობდა. ამ დროს ისრაელში უკვე ხიზკია მეფობდა და იერუსალიმის განადგურებამდე, ძვ. წ. 607 წლამდე, 125 წელი იყო დარჩენილი. ასე რომ, ღვთის ხალხმა საკმაოდ დიდი ხნით ადრე იცოდა, რას უქადდა მათ მომავალი. იეჰოვა დღესაც აფრთხილებს თავის ხალხს, თუ რას უნდა ელოდონ სამომავლოდ. უკვე 135 წელია, რაც ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“, პირველივე ნომრიდან მოყოლებული, თავის მკითხველს აფრთხილებს, რომ იფხიზლოს, რადგან მალე სატანის ბოროტ მმართველობას წერტილი დაესმება და მას იესო ქრისტეს ათასწლიანი მეფობა ჩაანაცვლებს (გამოცხ. 20:1—3, 6).
10, 11. ესაიას რომელი წინასწარმეტყველების შესრულების მოწმენი გახდნენ ებრაელები ბაბილონში?
10 ღვთის ერთგული ებრაელები, რომლებმაც საკუთარი ნებით დაიდგეს დამპყრობთა უღელი და გადაურჩნენ იერუსალიმის განადგურებას, ტყვედ წაასხეს ბაბილონში (იერ. 27:11, 12). 70 წლის გასვლის შემდეგ ბაბილონის ტყვეობაში მყოფმა ღვთის ხალხმა საკუთარი თვალით იხილა ამ გასაოცარი წინასწარმეტყველების შესრულება: «აი რას ამბობს იეჰოვა, თქვენი გამომსყიდველი, ისრაელის წმინდა: „თქვენი გულისთვის გავგზავნი მათ ბაბილონში და ჩამოვყრი საპყრობილეების ურდულებს“» (ეს. 43:14).
11 წინასწარმეტყველების თანახმად, ძვ. წ. 539 წლის ოქტომბრის დასაწყისში, მსოფლიო ისტორიაში გარდამტეხი მოვლენა მოხდა. ერთ ღამეს, როცა ბაბილონის მეფე და მისი დიდებულები იეჰოვას ტაძრიდან წამოღებული წმინდა ჭურჭლიდან სვამდნენ ღვინოს და თავიანთ ცრუ ღმერთებს ასხამდნენ ხოტბას, ბაბილონი მიდია-სპარსეთის ჯარმა დაიპყრო. ძვ. წ. 538 ან 537 წელს კი, ბაბილონის დამპყრობმა, კიროსმა, ბრძანება გამოსცა, რომ იუდეველები იერუსალიმში დაბრუნებულიყვნენ და ღვთის ტაძარი აღედგინათ. ამ ყველაფერთან ერთად ესაიამ ისიც იწინასწარმეტყველა, რომ მას შემდეგ, რაც მომნანიე იუდეველები იერუსალიმში დაბრუნდებოდნენ, იეჰოვა დაიცავდა მათ და ზრუნვას არ მოაკლებდა. ღმერთმა ებრაელებზე თქვა, რომ ეს იყო ხალხი, რომელიც თავისად შექმნა, რათა მის საქებრად ელაპარაკათ (ეს. 43:21; 44:26—28). როდესაც იუდეველები ტყვეობიდან იერუსალიმში დაბრუნდნენ და ღვთის ტაძარი აღადგინეს, იმის მოწმენი გახდნენ, რომ იეჰოვა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია, რომელსაც ყოველთვის სისრულეში მოჰყავს თავისი ნათქვამი.
12, 13. ა) ისრაელების მხარდამხარ ვინ იღვწოდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღსადგენად? ბ) რა მოეთხოვება „სხვა ცხვარს“ და რისი იმედი აქვთ მათ?
12 წარსულში ათასობით არაებრაელი „ხელმეორედ შობილი“ ერის შვილი გახდა. მოგვიანებით მათ სხვა უცხოტომელებიც შეუერთდნენ, რომლებიც იუდეველი პროზელიტების სახელით გახდნენ ცნობილნი (ეზრ. 2:58, 64, 65; ესთ. 8:17). მსგავსადვე, დღეს ქრისტეს „სხვა ცხვარი“ ანუ „უამრავი ხალხი“ ერთგულად უჭერს მხარს ცხებულ ქრისტიანებს, „ღვთის ისრაელს“ (გამოცხ. 7:9, 10; იოან. 10:16; გალ. 6:16). „უამრავი ხალხიც“ მათთან ერთად იწოდება ღვთისგან ბოძებული სახელით — „იეჰოვას მოწმეები“.
13 ქრისტეს ათასწლიანი მეფობის განმავლობაში „უამრავ ხალხს“ ენით აუწერელი სიხარული დაეუფლება, როცა მკვდრეთით აღმდგართ მოუყვებიან, რას ნიშნავდა ქვეყნიერების ბოლო დღეებში იეჰოვას მოწმედ ყოფნა. ჩვენ ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ გავამართლებთ დიდებულ სახელს, რომლითაც ვიწოდებით და ყველანაირად შევეცდებით, ვიყოთ წმინდები. შესაძლოა საამისოდ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ ჩვენ მაინც გვჭირდება ღვთისგან პატიების თხოვნა არასრულყოფილების გამო. ამრიგად, ვაღიარებთ, რომ ცოდვილები ვართ და ღმერთმა გვარგუნა უდიდესი პატივი — ვიწოდებოდეთ მისი წმინდა სახელით (წაიკითხეთ 1 იოანეს 1:8, 9).
ღვთის სახელის მნიშვნელობა
14. რას ნიშნავს ღვთის სახელი „იეჰოვა“?
14 ღვთის სახელის მნიშვნელობაზე დაფიქრება დაგვეხმარება, დავაფასოთ ის, რომ ჩვენ მისი სახელით ვიწოდებით. ღვთის სახელის ყველაზე გავრცელებული ფორმა, „იეჰოვა“, მომდინარეობს მოქმედების გამომხატველი ებრაული ზმნიდან „გახდომა“, „გადაქცევა“ და სიტყვასიტყვით ნიშნავს „აქცევინებს“. ასეთი სახელი მართლაც შესაფერისია განზრახვების შემსრულებელი ღვთისთვის, რომელმაც მთელი სამყარო და გონიერი ქმნილებები შექმნა. როგორც კაცობრიობის ისტორიის მანძილზე განვითარებული მოვლენები ნათელყოფს, იეჰოვა ყველაფერს აკეთებს თავისი ნების შესასრულებლად და ყოველთვის სისრულეში მოჰყავს თავისი განზრახვა, იმისდა მიუხედავად, რა წინააღმდეგობასაც არ უნდა შეხვდეს. ღმერთს ვერც სატანა გადაეღობება გზად, რომელიც არაფერზე იხევს უკან, რომ მისი ნების შესრულებას ხელი შეუშალოს.
15. თავისი პიროვნების რომელ მხარეზე გაამახვილა იეჰოვამ ყურადღება მოსესთან საუბარში, რითაც თავისი სახელის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი? (იხილეთ ჩარჩო „ აზრით აღსავსე სახელი“)
15 როდესაც ღმერთმა მოსეს თავისი ხალხის ეგვიპტიდან გამოყვანა დაავალა, თავისი პიროვნების ერთ მნიშვნელოვან მხარეს მოჰფინა ნათელი — მან საკუთარი სახელის მნიშვნელობის განსამარტავად პირველ პირში დასმული მონათესავე ზმნა მოიშველია. ბიბლიაში ვკითხულობთ: «მიუგო ღმერთმა მოსეს: „მე ვიქცევი იმად, რადაც ვიქცევი“, და განაგრძო: ასე უთხარი ისრაელის ძეებს: მან გამომგზავნა, ვინც თქვა: „მე ვიქცევი“» (გამ. 3:14). ამგვარად, იეჰოვა თავისი განზრახვის შესასრულებლად, ნებისმიერ ვითარებაში იქცევა იმად, რადაც საჭიროა, რომ იქცეს. მართლაც, ერთ დროს მონობაში მყოფი ისრაელებისთვის, იეჰოვა იყო მხსნელიც, დამცველიც, წინამძღოლიც და მარჩენალიც, რომელიც თავისი ხალხის როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ მოთხოვნილებებზე ზრუნავდა.
ვიყოთ მადლიერნი
16, 17. ა) როგორ გამოვხატოთ მადლიერება იმ დიდებული პატივისთვის, რომ ღვთის სახელს ვატარებთ? ბ) რას განვიხილავთ შემდეგ სტატიაში?
16 იეჰოვა დღესაც ამართლებს თავისი სახელის მნიშვნელობას და ზრუნავს ჩვენს სულიერ და ფიზიკურ მოთხოვნილებებზე. თუმცა ღვთის სახელის მნიშვნელობა მხოლოდ იმით არ შემოიფარგლება, რომ მას შეუძლია იქცეს იმად, რადაც სურს, რომ იქცეს. ღვთის სახელის მნიშვნელობა იმასაც მოიცავს, რომ მას შეუძლია აღძრას თავისი ქმნილებები, ხელი შეუწყონ მისი განზრახვის შესრულებას და დაამოწმონ მის შესახებ. ღვთის ნებაზე დაფიქრება დაგვეხმარება, რომ ყოველთვის ღირსეულად ვატაროთ მისი სახელი. 84 წლის ნორვეგიელი ძმა, კორა, რომელიც ბოლო 70 წელია, იეჰოვას ერთგულად ემსახურება, ასეთ რამეს გვეუბნება: „მართლაც მეამაყება, რომ ვემსახურები მარადიულობის მეფეს, იეჰოვას და ვარ იმ ხალხს შორის, რომელიც მისი წმინდა სახელით იწოდება. ჩემთვის დიდი პატივია, როცა ხალხს ბიბლიურ სიბრძნეს ვუზიარებ და მახარებს იმის დანახვა, როგორ უბრწყინავთ მათ თვალები ჭეშმარიტების გაგების შემდეგ. დიდ კმაყოფილებას მგვრის სხვებისთვის იმის სწავლება, თუ რამხელა ფასი აქვს იესოს მიერ გადახდილ გამოსასყიდს და როგორ მოუტანს მისი მსხვერპლი კაცობრიობას მარადიულ სიცოცხლეს მშვიდობიან და სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში“.
17 თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგ ქვეყანაში უფრო და უფრო რთულდება ისეთი ადამიანების პოვნა, რომელთაც ღვთის გაცნობა სურთ. მიუხედავად ამისა, ნუთუ თქვენც კორას მსგავსად, დიდ სიხარულს არ გგვრით, როცა მსახურებაში ისეთ ადამიანს ხვდებით, რომელსაც შეგიძლიათ გააცნოთ ღმერთი და ესაუბროთ მისი სახელის მნიშვნელობაზე?! მაგრამ წამოიჭრება კითხვა: ნუთუ შესაძლებელია, რომ ერთდროულად იეჰოვას მოწმეებიც ვიყოთ და ქრისტესიც? ამ კითხვაზე შემდეგი სტატია გაგვცემს პასუხს.