როგორ ამოვუდგეთ მხარში განქორწინებულ თანამორწმუნეებს?
თქვენ, ალბათ, არაერთ განქორწინებულ ადამიანს იცნობთ. დღეს განქორწინება საყოველთაოდ გავრცელებული პრობლემაა. მაგალითად, პოლონეთში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, აღმოჩნდა, რომ ძირითადად ერთმანეთს ეყრებიან 30 წლის ადამიანები 3—6-წლიანი ქორწინების შემდეგ; თუმცა განქორწინებულები მხოლოდ ამ ასაკობრივ კატეგორიას არ განეკუთვნებიან.
ესპანეთში არსებული ერთ-ერთი ინსტიტუტის ანგარიშში, რომელიც ოჯახურ საკითხებს იკვლევს, ნათქვამია: „სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, [ევროპაში] წყვილთაგან ნახევარი, რომელიც ახლა ქმნის ოჯახს, განქორწინდება“. მსგავს სურათს ვხედავთ სხვა განვითარებულ ქვეყნებშიც.
ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციების ჭიდილში
რა უძღვის წინ განქორწინებას? ვნახოთ, რა თქვა ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებში აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრებმა ერთმა გამოცდილმა კონსულტანტმა: „განქორწინება ააშკარავებს ქორწინებაში გაჩენილ ბზარს — წყვილს აღარ აქვს კომუნიკაცია, დიდ დროს ატარებს ცალ-ცალკე, რაც ორივე მხარისთვის მეტად მტკივნეულია“. თუ მის სიტყვებს მოვიშველიებთ, ამას ხშირად მოჰყვება „ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციების ჭიდილი — ბრაზი, სინანული, იმედგაცრუება, სასოწარკვეთა და სირცხვილი“. ზოგჯერ ამ მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანი თვითმკვლელობაზეც იწყებს ფიქრს. კონსულტანტი დასძენს: «როდესაც განქორწინება საბოლოოდ სასამართლოს გზით სრულდება, იწყება შემდეგი ეტაპი — გარიყულობისა და სიცარიელის განცდა, როცა ადამიანმა შესაძლოა იფიქროს: „ახლა რაღას წარმოვადგენ? რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას?“».
ვნახოთ, რას გრძნობდა ერთი ჩვენი და, კატერინა *, რომელსაც რამდენიმე წლის წინ დაენგრა ოჯახი: «როდესაც გაყრის პროცესი დასასრულს უახლოვდებოდა, იმაზე ფიქრიც კი მზარავდა, რომ მეზობლებისა და თანამშრომლების თვალში უკვე „განათხოვარი ქალის“ იარლიყი მომეკერებოდა. ბრაზი მახრჩობდა. ჩემი პატარა ქალ-ვაჟისთვის დედაც მე უნდა ვყოფილიყავი და მამაც». ერთი განქორწინებული ძმა, ენდრიუ, რომელიც 12 წლის განმავლობაში უხუცესად მსახურობდა, ამბობს: „ღირსების გრძნობა აღარ შემრჩა; ზოგჯერ ვბრაზდები და მსურს, სადღაც გადავიკარგო“.
ბრძოლა წონასწორობის აღსადგენად
ზოგ განქორწინებულს მომავლის პანიკური შიში აქვს; მათ დიდხანს არ ტოვებს ეს განცდა და წონასწორობის აღსადგენად წლებიც კი სჭირდებათ. ისინი შესაძლოა საკუთარ გულში ასკვნიან, რომ სხვები აღარ ინტერესდებიან მათით. ერთ-ერთი გაზეთის მიმომხილველი შენიშნავს, რომ განქორწინებულებს უწევთ „ჩვევების შეცვლა და საკუთარი ძალით პრობლემებთან გამკლავება“.
სტანისლავი იხსენებს: „განქორწინების შემდეგ ჩემი ყოფილი მეუღლე ჩვენი ორი პატარა გოგონას ნახვას მიშლიდა. ვფიქრობდი, რომ არავინ ზრუნავდა ჩემზე და იეჰოვამაც მიმატოვა. სიცოცხლის ხალისი დავკარგე. რაღაც დროის გასვლის შემდეგ მივხვდი, რომ ვცდებოდი“. ვანდაც, რომლის ქორწინებაც ფიასკოთი დასრულდა და საკუთარი მომავალი ბუნდოვნად ესახებოდა, იმავეს ამბობს: „დარწმუნებული ვიყავი, რომ განქორწინებიდან მალევე, ჩვენი ტკივილი აღარავის, მათ შორის, თანამორწმუნეებსაც კი, აღარ ეხსომებოდათ. თუმცა ისინი გვერდიდან არ მომშორებიან და ყოველთვის მეხმარებოდნენ შვილების იეჰოვას თაყვანისმცემლებად აღზრდაში“.
როგორც ამ შემთხვევებიდან გამოჩნდა, განქორწინების შემდეგ ზოგს უარყოფითი ემოციები იპყრობს. მათ შესაძლოა საკუთარ თავზე არასწორი წარმოდგენა შეექმნათ, უღირსობის გრძნობა მოეძალოთ და იფიქრონ, რომ ყურადღების ღირსნი არ არიან. ამ ყველაფერთან ერთად, ისინი შეიძლება სხვების მიმართ კრიტიკულნიც გახდნენ. შესაძლოა ისიც კი იფიქრონ, რომ კრებაში სითბოს დეფიციტია და არავინ ავლენს თანაგრძნობას. თუმცა სტანისლავისა და ვანდას შემთხვევებიდან გამოჩნდა, რომ განქორწინებულები დროთა განმავლობაში აცნობიერებენ, თუ რამხელა სითბოსა და ყურადღებას იჩენდნენ და-ძმები მათ მიმართ. თანაქრისტიანები მართლაც ზრუნავდნენ მათზე, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ისინი ვერ ამჩნევდნენ მათ თანადგომას.
როდესაც თავს ეულად და გარიყულად გრძნობთ
მხედველობიდან არ გამოგრჩეთ, რომ ჩვენი მცდელობის მიუხედავად, განქორწინებულ თანაქრისტიანებს შესაძლოა დროგამოშვებით მაინც დაეუფლოთ მარტოობის გრძნობა. ძირითადად დებს უჩნდებათ ისეთი განცდა, რომ ბევრი არ ინტერესდება მათი მდგომარეობით. ალისა გვიზიარებს: „უკვე რვა წელია, განქორწინებული ვარ, მაგრამ დროდადრო დღესაც მეუფლება უღირსობის გრძნობა. ასეთ წუთებში მებრალება საკუთარი თავი, მინდა, განვმარტოვდე და გული ტირილით მოვიოხო“.
განქორწინებულებს, რომელთათვისაც უცხო არ არის აქ აღწერილი ემოციური მდგომარეობა, ბიბლია ურჩევს, რომ არ განმარტოვდნენ. თუ ისინი ამ რჩევას უგულებელყოფენ, შესაძლოა საბოლოოდ „ყოველგვარი სიბრძნის“ წინააღმდეგ წავიდნენ (იგავ. 18:1). თუმცა მათ, ვინც მარტოობას განიცდის, უნდა ესმოდეთ, რომ ბრძნული იქნება, თუ რჩევებისა და ნუგეშისთვის გამუდმებით საპირისპირო სქესის წარმომადგენელს არ მიმართავენ. ამგვარად, ისინი თავიდან აირიდებენ უადგილო რომანტიკულ გრძნობებს.
ჩვენს განქორწინებულ თანაქრისტიანებს შესაძლოა მძიმე ემოციებთან უწევთ ჭიდილი — იქნება ეს ხვალინდელ დღეზე წუხილი, მარტოობის გრძნობა თუ გარიყულობის განცდა. ჩვენ ვბაძავთ იეჰოვას და მხარში ვუდგავართ ასეთ და-ძმებს, რადგან მათ სავსებით ბუნებრივი გრძნობები ეუფლებათ, რომელთა გადალახვაც არაა იოლი (ფსალმ. 55:22; 1 პეტ. 5:6, 7). ეჭვი ნუ შეგვეპარება, რომ ნებისმიერი სახის დახმარებას ისინი ჯეროვნად დააფასებენ. ეს და-ძმები დაინახავენ, რომ კრებაში ნამდვილი მეგობრები ჰყავთ (იგავ. 17:17; 18:24).
^ აბზ. 6 ზოგი სახელი შეცვლილია.