ბიოგრაფია
„იეჰოვა მხარში ამომიდგა“
სისხამ დილით მატარებელმა მე და ჩემი მეუღლე ონტარიოს (კანადა) ჩრდილოეთით მდებარე პატარა, მივარდნილ ქალაქ ჰორნპეინში ჩაგვიყვანა. ისე ციოდა, რომ სუსხი ძვალსა და რბილში ატანდა. სადგურში ადგილობრივი ძმა დაგვხდა. მან შინ წაგვიყვანა და მეუღლესა და ვაჟთან ერთად გულუხვად გვიმასპინძლა. საუზმის შემდეგ მსახურებაში წავედით. გზას თოვლში მივიკვლევდით და ასე ვქადაგებდით კარდაკარ. შუადღით საჯარო მოხსენება წავიკითხე. ეს ჩემი, როგორც სარაიონო ზედამხედველის, პირველი მოხსენება იყო. ამ შეხვედრას მხოლოდ 5 ადამიანი ვესწრებოდით; სხვა არავინ მოსულა.
ეს იყო 1957 წელს. იმ დღეს, როცა მოხსენებას ვკითხულობდი პატარა აუდიტორიის წინაშე, საერთოდ არ მინერვიულია, არადა ბუნებით ძალიან მორცხვი ვიყავი. ბავშვობაში, როცა სტუმრები მოგვდიოდა, ისე მრცხვენოდა მათთან შეხვედრის, რომ ვიმალებოდი, თქვენ წარმოიდგინეთ მაშინაც კი, თუ სტუმრად მოსულთ კარგად ვიცნობდი.
შეიძლება გაგიკვირდეთ, რომ იეჰოვამ თავის ორგანიზაციაში ჩემნაირ ადამიანს ისეთი დავალებები მისცა, რომ ბევრ ადამიანთან მიწევდა ურთიერთობა — იქნებოდნენ ისინი კარგად ნაცნობები თუ სრულიად უცნობები. მიუხედავად ამისა, ყველაფერს ვაკეთებდი სიმორცხვის დასაძლევად და თავდაჯერებულობის შესაძენად; ასე რომ, ნებისმიერ წარმატებას, რასაც მივაღწიე, საკუთარ დამსახურებად ნამდვილად ვერ ჩავთვლი. ამაში ყოველთვის იეჰოვას ხელს ვხედავდი; ვხედავდი, რომ რეალური იყო იეჰოვას დაპირება: „მე გაგამაგრებ. მე დაგეხმარები. ჩემი სიმართლის მარჯვენას ჩაგჭიდებ“ (ეს. 41:10). ერთ-ერთი საშუალება, რითაც იეჰოვას დახმარებას ვგრძნობდი, თანაქრისტიანები იყვნენ, რომლებიც გვერდში მედგნენ. ნება მიბოძეთ, მოგითხროთ ზოგიერთი მათგანის შესახებ, რომლებმაც ჯერ კიდევ ბავშვობიდან მოყოლებული, მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ჩემს ცხოვრებაში.
ის ბიბლიასა და პატარა შავ ბლოკნოტს იყენებდა
1940-იანი წლების დასაწყისში, ერთ მზიან კვირა დღეს, ჩვენს ფერმას, რომელიც ონტარიოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობდა, ელსი ჰანტინგფორდი ეწვია. დედა სტუმრისკენ გაემართა, მამა კი ოთახში დარჩა, რადგან ჩემსავით მორცხვი იყო. რაკიღა დედა ცოტა შეყოვნდა, მამას ეგონა, რომ ჰანტინგფორდი ვიღაც ვაჭარი იყო და ცოლს გახედა, რაიმე არასაჭირო ნივთი რომ არ ეყიდა. მამამ ქალს უთხრა, რომ არაფერი არ სურდათ. ამის გაგონებაზე ელსი ჰანტინგფორდმა ასეთი კითხვა დაუსვა: „ბიბლიის შესწავლა არ გსურთ?“. მამამ კი უპასუხა: „ბიბლიის შესწავლა? რატომაც არა“.
ელსი ჰანტინგფორდი ჩვენთან მართლაც რომ დროულად მოვიდა. ჩემი მშობლები იმ დროს კანადის გაერთიანებული პროტესტანტული ეკლესიიდან ახალი წამოსულები იყვნენ, თუმცა ერთ დროს ისინი ამ ეკლესიის აქტიური წევრები იყვნენ. მათი წამოსვლის მიზეზი ის იყო, რომ ერთხელ ეკლესიის მსახურმა ეკლესიის შესასვლელში გამოაკრა შემწირველთა სია, რომელშიც ისინი გაღებული თანხის ოდენობის მიხედვით იყვნენ შეტანილნი. ჩემი მშობლები საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, ამიტომ ამ სიის ბოლოში აღმოჩნდნენ. ეკლესიის უხუცესები მათ აიძულებდნენ, რომ უფრო მეტი თანხა შეეწირათ. ამასთანავე, ეკლესიის ერთ-ერთმა მსახურმა ისიც კი აღიარა, რომ იქ მხოლოდ სამსახურის შენარჩუნების მიზნით მსახურობდა და სინამდვილეში არ სწამდა იმის, რასაც ასწავლიდა. ამიტომ მთელმა ოჯახმა დავტოვეთ ეკლესია, თუმცა ვეძებდით საშუალებას სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
იმ დროს კანადაში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აკრძალული იყო, ამიტომ და ჰანტინგფორდი, როცა ბიბლიის შესწავლას გვიტარებდა მხოლოდ ბიბლიასა და პატარა შავ ბლოკნოტს იყენებდა, სადაც ჩანაწერები ჰქონდა გაკეთებული. როცა ელსი ჩვენს ერთგულებაში დარწმუნდა და მიხვდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ დავაბეზღებდით, მან ბიბლიური ლიტერატურა მოგვიტანა. ძალიან ვფრთხილობდით და თითოეული შესწავლის დასრულებისთანავე პუბლიკაციებს საგულდაგულოდ ვმალავდით. *
წინააღმდეგობისა თუ სხვა დაბრკოლებების მიუხედავად, და ელსი მთელი შეუპოვრობით ქადაგებდა სასიხარულო ცნობას. მისი შემართება მეც გადმომედო და ჭეშმარიტების დაცვის სურვილი გამიჩნდა. ჩემი მშობლების ნათლობიდან ერთი წლის შემდეგ მეც მივუძღვენი თავი ღმერთს. 1949 წლის 27 თებერვალს მოვინათლე ლითონის გეჯაში, რომელსაც ფერმერები საქონლის დასარწყულებლად იყენებდნენ. მაშინ 17 წლისა ვიყავი. ნათლობის დღიდან მიზნად დავისახე სრული დროით მსახურება.
იეჰოვამ გაბედულება შემძინა
სრული დროით მსახურების დაწყება გამიჭიანურდა. რაღაც პერიოდი ბანკსა და ოფისში ვმუშაობდი, რადგან ვფიქრობდი, რომ სრული დროით მსახურებისთვის ფული დამჭირდებოდა. თუმცა გამოუცდელი ვიყავი და ფულს როგორც კი ავიღებდი, მაშინვე ვხარჯავდი. ერთმა ძმამ, სახელად ტედ სერჯენტმა, მითხრა, რომ გაბედულება გამომეჩინა და იეჰოვას მივნდობოდი (1 მატ. 28:10). ამ „რბილი მუჯლუგუნის“ წყალობით 1951 წლის ნოემბერში პიონერობა დავიწყე. იმ დროს სულ რაღაც 40 დოლარი, ძველი ველოსიპედი და ახალი ხელჩანთა მქონდა. მაგრამ იეჰოვა ყოველთვის ზრუნავდა ჩემზე და არასოდეს მომკლებია ის, რაც მჭირდებოდა. ძალიან ვემადლიერები ტედს, რომელმაც პიონერული მსახურებისკენ წამახალისა, რასაც შედეგად უამრავი კურთხევა მოჰყვა.
1952 წლის აგვისტოს მიწურულს, ერთ საღამოს, ტორონტოდან დამირეკეს და შემატყობინეს, რომ კანადის იეჰოვას მოწმეების ფილიალში ვიყავი მიწვეული და მსახურება სექტემბრიდან უნდა დამეწყო. ჩემი მორიდებული ხასიათის გამო ფილიალში არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა სხვა პიონერებისგან ბევრი კარგი მსმენოდა ბეთელის შესახებ. იქ მისვლისთანავე ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ საკუთარ სახლში ვიყავი.
„დაანახვე ძმებს, რომ ზრუნავ მათზე“
ბეთელში მსახურების დაწყებიდან ორ წელიწადში ბილ იაკოსის მაგივრად ტორონტოს ერთ-ერთ კრებაში ჯგუფის მსახურად (ასე ერქვა ადრე უხუცესთა საბჭოს კოორდინატორს) დამნიშნეს. მაშინ მხოლოდ 23 წლისა გახლდით; ფერმაში გაზრდილი ერთი გამოუცდელი ბიჭი ვიყავი. ძმა იაკოსი კი თავმდაბლობითა და სიყვარულით მიხსნიდა, რა უნდა გამეკეთებინა. დიახ, იეჰოვა ნამდვილად დამეხმარა.
ძმა იაკოსი დაბალ-დაბალი, ჩასკვნილი აღნაგობის მამაკაცი იყო. მას სახეზე მუდამ ღიმილი დასთამაშებდა და ძალიან უყვარდა ხალხი. ის ყოველთვის მათ გვერდით იყო, ჭირსა თუ ლხინში. ბილმა მასწავლა, რომ მეც იგივე გამეკეთებინა და ყოველთვის და-ძმების მხარდამხარ მემსახურა. ერთხელ მან ასეთი რამ მითხრა: „კენ, დაანახვე ძმებს, რომ ზრუნავ მათზე. ეს დაგეხმარება, მათ შეცდომებს ყურადღება არ მიაქციო“.
ჩემი მეუღლე ერთგულებასა და სიყვარულს ავლენს
1957 წლის იანვარში დავქორწინდი ეველინზე, რომელიც სკოლა „გალაადის“ მე-14 კლასის კურსდამთავრებული იყო. აქედან მოყოლებული განსაკუთრებულად ვგრძნობდი იეჰოვას დახმარებას. სანამ ეველინს ცოლად შევირთავდი, ის კვებეკში, ფრანგულენოვან პროვინციაში, მსახურობდა. იმ პერიოდში კვებეკი რომის კათოლიკური ეკლესიის გავლენის ქვეშ იყო. ამიტომ ეველინს საკმაოდ რთული დავალება ჰქონდა შესასრულებელი, მაგრამ ის იეჰოვას ენდობოდა და ერთგულად ასრულებდა საქმეს.
ეველინი ჩემ მიმართაც დიდ ერთგულებას იჩენდა (ეფეს. 5:31). შეიძლება ითქვას, მისი ერთგულება ჩვენი დაქორწინებიდან მალევე გამოიცადა. დაგეგმილი გვქონდა, რომ თაფლობის თვე ფლორიდაში (აშშ) გაგვეტარებინა, მაგრამ ქორწილის მეორე დღეს ფილიალმა მთხოვა, რომ კანადის ბეთელში ერთკვირიან შეხვედრას დავსწრებოდი. თუ ამ შეხვედრას დავესწრებოდი, ჩვენ ფლორიდაში ვეღარ წავიდოდით; მაგრამ მეც და ეველინსაც ძალიან გვსურდა, რომ იეჰოვასგან მოცემული ნებისმიერი დავალება შეგვესრულებინა. ასე რომ, თაფლობის თვეზე უარი ვთქვით. იმ კვირის განმავლობაში, როცა შეხვედრას ვესწრებოდი, ეველინი ფილიალთან ახლოს ქადაგებდა. მართალია, ეს ტერიტორია კვებეკის სამქადაგებლო ტერიტორიისგან განსხვავდებოდა, მაგრამ მას არ შეუწყვეტია მსახურება.
იმ კვირის ბოლოს, ჩემდა გასაკვირად, სარაიონო ზედამხედველად დამნიშნეს ონტარიოს ჩრდილოეთით. მაშინ 25 წლის გამოუცდელი ახალგაზრდა ვიყავი, თანაც ახალდაოჯახებული, მაგრამ ჩვენ მივენდეთ იეჰოვას და შევუდექით დავალების შესრულებას. შუა ზამთარი იყო. ღამის მატარებლით რამდენიმე გამოცდილ მიმომსვლელ ზედამხედველთან ერთად გავეშურეთ ჩვენ-ჩვენი დანიშნულების ადგილებისკენ. მათ ძალიან გაგვამხნევეს. ერთმა ძმამ თავისი კუპეც შემოგვთავაზა, რომ მთელი ღამე სკამზე მსხდომთ არ გაგვეტარებინა. გათენდა, მატარებელმა ჰორნპეინში ჩაგვიყვანა, სადაც მოწმეთა პატარა ჯგუფი იყო; ეს სწორედ ის დღეა, რომელიც შესავალში ვახსენე. მე და ეველინის ქორწინებიდან, სულ რაღაც, 15 დღე იყო გასული.
მე და ეველინს წინ კიდევ ბევრი ცვლილება გველოდა. 1960-იანი წლების ბოლოს, როცა საოლქო ზედამხედველად ვმსახურობდი, სკოლა „გალაადის“ 36-ე კლასში მიმიწვიეს; სკოლის ათთვიანი კურსი 1961 წლის თებერვალში ბრუკლინში (ნიუ-იორკი) უნდა დაწყებულიყო. რა თქმა უნდა, ამ ამბავმა ძალიან გამახარა, მაგრამ ჩემი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა, როდესაც გავიგე, რომ თურმე ეველინი ჩემთან ერთად არ იყო სკოლაში მიწვეული. სხვა ცოლების მსგავსად, ეველინმაც დაწერა წერილი, რომელშიც აღნიშნა, რომ თანახმა იყო, 10 თვით დავშორებოდით ერთმანეთს. ჩემი მეუღლე ცრემლად დაიღვარა, თუმცა ჩვენ ორივემ ერთად გადავწყვიტეთ, რომ წავსულიყავი სკოლაში; ის ხარობდა იმით, რომ მე ასეთ შესანიშნავ სასწავლო კურსს გავივლიდი.
ამ პერიოდში ეველინი კანადის ფილიალში მსახურობდა და ერთ არაჩვეულებრივ ცხებულ დასთან, მარგარეტ ლოველთან, ერთად ცხოვრობდა. მე და ეველინს უსაზღვროდ გვენატრებოდა ერთმანეთი. თუმცა იეჰოვას შეწევნით თავს ვართმევდით ჩვენს დავალებებს. ძალიან მსიამოვნებდა და მამხნევებდა ეველინის ასეთი განწყობა — მან მსხვერპლად გაიღო ჩვენი ერთად ყოფნის ფასდაუდებელი დრო, რათა იეჰოვასა და მისი ორგანიზაციისთვის უფრო გამოსადეგნი ვყოფილიყავით.
სკოლა „გალაადის“ დაწყებიდან დაახლოებით 3 თვეში, ნეითან ნორმა, რომელიც იმ დროს მსოფლიო სამქადაგებლო საქმეს ხელმძღვანელობდა, მეტად უჩვეულო დილემის წინაშე დამაყენა. მან მითხრა, რომ ან სკოლა „გალაადში“ გამეგრძელებინა სწავლა ან კანადაში დავბრუნებულიყავი და ფილიალში „სამეფო მსახურების სკოლის“ დროებით მასწავლებლად მემსახურა. ძმა ნორმა აგრეთვე მითხრა, რომ აუცილებელი არ იყო, დავთანხმებოდი ამ შემოთავაზებას. მან ისიც აღნიშნა, რომ შემეძლო დამესრულებინა „გალაადის“ სკოლა, რის შემდეგაც შესაძლოა მისიონერადაც დავნიშნულიყავი. ნორმა ბოლოს დასძინა, რომ თუ კანადაში დავბრუნდებოდი, შესაძლოა სკოლაში ვეღარასდროს მოვხვედრილიყავი, და ალბათ, ფილიალში გარკვეული დროით მსახურების შემდეგ კვლავ კანადის ტერიტორიაზე მომიწევდა მსახურების გაგრძელება. მან მოსაფიქრებლად დრო მომცა, რათა მეუღლესთან ერთად მიმეღო გადაწყვეტილება.
ვინაიდან კარგად ვიცოდი ეველინის თვალსაზრისი თეოკრატიულ დავალებებთან მიმართებით, ნორს დაუყოვნებლივ მივუგე: „ჩვენ სიხარულით შევასრულებთ იეჰოვას ორგანიზაციისგან მიღებულ ნებისმიერ დავალებას“. მე და ეველინი ყოველთვის მზად ვიყავით, იქ წავსულიყავით, სადაც იეჰოვას ორგანიზაცია გაგვგზავნიდა და იმაზე არ გვეფიქრა, თავად ჩვენ რა გვსურდა.
ასე რომ, 1961 წლის აპრილში კანადაში დავბრუნდი და „სამეფო მსახურების სკოლაში“ მასწავლებლად მსახურებას შევუდექი. მოგვიანებით ბეთელის ოჯახის წევრები გავხდით. ამასობაში, ჩემდა გასაკვირად, კვლავ მიმიწვიეს „გალაადის“ სკოლის მე-40 კლასში, რომელიც 1965 წელს იწყებოდა. ეველინს კიდევ ერთხელ მოუწია წერილის დაწერა იმის თაობაზე, რომ მზად იყო ამ პერიოდის განმავლობაში დავშორებოდით ერთმანეთს. მაგრამ რამდენიმე კვირაში, ჩვენდა საბედნიეროდ, სკოლაში ჩემი მეუღლეც მიიწვიეს.
როცა სკოლაში მივედით, ძმა ნორმა გვითხრა, რომ ფრანგულენოვანი კლასის სტუდენტებს, მათ შორის ჩვენც, სკოლის დამთავრების შემდეგ აფრიკაში გაგვგზავნიდნენ. თუმცა სკოლის გამოსაშვებ საღამოზე გავიგეთ, რომ კვლავ კანადაში უნდა დავბრუნებულიყავით. მე კანადის ფილიალის ზედამხედველად (ახლა ფილიალის კომიტეტის კოორდინატორი) დავინიშნე. იმ დროს 34 წლისა ვიყავი და გაკვირვებულმა ძმა ნორს ვუთხარი: „მე ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ“, მან კი დამამშვიდა და გამამხნევა. როდესაც ფილიალში ზედამხედველის პასუხისმგებლობის შესრულება დავიწყე, ვცდილობდი, სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებამდე რჩევებისთვის ასაკოვანი და გამოცდილი ძმებისთვის მიმემართა.
ბეთელი — ადგილი, სადაც თავადაც სწავლობ და სხვებსაც ასწავლი
ბეთელში მსახურებამ უამრავი შესაძლებლობა მომცა, რომ სხვებისგან მესწავლა. ძალიან დიდ პატივს ვცემ ფილიალის კომიტეტში მომსახურე ძმებს და აღფრთოვანებული ვარ მათით. ჩემზე აგრეთვე კარგი გავლენა მოახდინა ასობით სამაგალითო და-ძმამ — ახალგაზრდებმა და ხანდაზმულებმა — რომელთა გვერდითაც მომიწია მსახურება, როგორც აქ ბეთელში, ისე კრებებში.
ბეთელში მსახურებამ იმის შესაძლებლობაც მომცა, რომ სხვებისთვის მესწავლებინა და განმემტკიცებინა ისინი რწმენაში. პავლე მოციქულმა ტიმოთეს უთხრა: „შენ კი . . . იმას მიჰყევი, რაც გისწავლია“. მან აგრეთვე დასძინა: „ის, რაც ჩემგან მოისმინე მრავალი მოწმის მხარდაჭერით, მიანდე ერთგულ მამაკაცებს, რომლებიც გამოსადეგნი იქნებიან იმისთვის, რომ სხვებს ასწავლონ“ (2 ტიმ. 2:2; 3:14). ზოგჯერ თანაქრისტიანები მეკითხებიან, რა მასწავლა ბეთელში 57-წლიანმა მსახურებამ. მე კი ასე ვპასუხობ: „მზადყოფნით უნდა შეხვდე იეჰოვას ორგანიზაციაში მიღებულ ნებისმიერ დავალებას და დაუყოვნებლივ შეასრულო ის, მიენდო იეჰოვას და გჯეროდეს, რომ დაგეხმარება“.
გუშინდელ დღესავით მახსოვს, როცა ბეთელში მოვედი — ერთი მორცხვი და გამოუცდელი ყმაწვილი. მთელი ამ წლების განმავლობაში იეჰოვას „ეჭირა ჩემი მარჯვენა“. ჩემ მიმართ გამოვლენილი თანაქრისტიანების სიკეთითა და დროული მხარდაჭერით ვრწმუნდები, რომ იეჰოვა კვლავაც მაიმედებს: „ნუ გეშინია, მე დაგეხმარები“ (ეს. 41:13).
^ აბზ. 10 1945 წლის 22 მაისს კანადის მთავრობამ ჩვენს საქმიანობაზე აკრძალვა გააუქმა.