არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 ჩვენი არქივიდან

„თავს ისე ვგრძნობდი, როგორც კუ თავის ბაკანში“

„თავს ისე ვგრძნობდი, როგორც კუ თავის ბაკანში“

1929 წლის აგვისტო-სექტემბერში 10 000-ზე მეტმა მქადაგებელმა 9-დღიანი კამპანიის დროს ქარიშხალივით გადაუქროლა შეერთებულ შტატებს. მათ გაავრცელეს 250 000 წიგნი და ბროშურა. ამ მქადაგებლებს შორის წიგნების დამტარებლებიც იყვნენ, რომელთა რიცხვი დაახლოებით 1 000-ს შეადგენდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რა ეწერა იმ დროს ერთ-ერთ „ბიულეტენში“, * თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ეს მართლაც საოცარი ზრდა იყო. „ბიულეტენის“ თანახმად, 1927 წლიდან 1929 წლამდე პიონერთა რიცხვი გასამმაგდა, რაც „ერთი შეხედვით, დაუჯერებელი“ ჩანდა.

1929 წლის მიწურულს ქვეყანაში ფინანსური კრიზისი იყო. 29 ოქტომბერს, „შავ სამშაბათს“ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ფასების ვარდნამ დიდი დარტყმა მიაყენა მსოფლიო საბაზრო სისტემას, რამაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. ბანკები გაკოტრდა. ფერმებმა შეწყვიტა მუშაობა; უშველებელი ქარხნები დაიკეტა; მილიონობით ადამიანმა დაკარგა სამუშაო. 1933 წელს შეერთებულ შტატებში ხალხს დაგირავებული ქონების გამოსყიდვის უფლება ჩამოერთვა. ამგვარად დაზარალებულთა რიცხვი ყოველდღიურად 1 000-ს აღწევდა.

საინტერესოა, რა მდგომარეობაში იყვნენ სრული დროით მქადაგებლები კრიზისის დროს? ისინი ბორბლებზე შემდგარ პიონერთა სახლებში ცხოვრობდნენ. ამგვარად, ბევრ პიონერს არ უწევდა ქირისა და სხვა გადასახადების გადახდა და შეეძლოთ მინიმალური დანახარჯებით მსახურების გაგრძელება. * კონგრესების პერიოდში მოძრავი სახლები ითავსებდა უფასო სასტუმროების როლსაც. 1934 წლის „ბიულეტენში“ კონკრეტულად იყო აღწერილი, თუ როგორ გამოიყურებოდა ეს კომპაქტური, მაგრამ კომფორტული საცხოვრებელი სახლი; ამ სახლში იყო წყალი, სადილის მოსამზადებელი ღუმელი, ასაკეცი ლოგინი და თბოიზოლაცია.

მთელ მსოფლიოში მოხერხებული მქადაგებლები თავიანთ სახლებს ბორბლებზე აშენებდნენ. ვიქტორ ბლეკველი იხსენებს: „ნოე არ ყოფილა გამოცდილი გემთმშენებელი. არც მე მქონია იმის გამოცდილება, რომ საკუთარი ხელით ამეწყო ავტომობილზე მისაბმელი სახლი“. მიუხედავად ამისა, ვიქტორმა „სახლის მშენებლობას“ წარმატებით გაართვა თავი.

სახლი-მანქანა სეზონური წვიმების დროს გადაჰყავთ მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე (ინდოეთი)

ეივერი და ლოვინია ბრისტოუებიც მანქანაზე მისაბმელ სახლში ცხოვრობდნენ. ეივერი ამბობს: „თავს ისე ვგრძნობდი, როგორც კუ თავის ბაკანში — სახლი მუდამ თან დამყვებოდა“. ბრისტოუები პიონერებად მსახურებდნენ ჰარვი და ანა კონროუებთან ერთად, რომელთა მოძრავ სახლსაც ტოლის კედლები ჰქონდა. მანქანის დაძვრისთანავე სახლს კედლებიდან ტოლის ნაფლეთები სცვიოდა. ეივერი იხსენებს: „ასეთი სახლი არც არავის ენახა მანამდე და ალბათ, ვერც მომავალში ნახავდა ვინმე. მაგრამ კონროუებისთანა ბედნიერი ოჯახი, რომელთაც ორი ვაჟი ჰყავდათ, ძნელად თუ მოიძებნებოდა სადმე“. ჰარვი კონროუმ დაწერა: „ყოველთვის ყველაფერი გვქონდა; აბსოლუტურად დაცულად ვგრძნობდით თავს იეჰოვას მსახურებაში, რომელიც თავის სიყვარულსა და ზრუნვას არ გვაკლებდა“. კონროუების ოჯახის ოთხი წევრი მოგვიანებით სკოლა „გალაადში“ მიიწვიეს და პერუში მისიონერებად გაგზავნეს.

ჯუსტო და ვინჩენცა ბატაინოსებიც პიონერებად მსახურობდნენ. მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ მშობლები  უნდა გამხდარიყვნენ, 1929 წლის მოდელის ფორდის ფურგონი სახლად გადააკეთეს, რომელიც იმ კარავთან შედარებით, რომელშიც მანამდე ცხოვრობდნენ, „შესანიშნავ სასტუმროს“ ჰგავდა. თავიანთ პატარა გოგონასთან ერთად მათ კვლავ განაგრძეს საყვარელი საქმის კეთება — უქადაგებდნენ შეერთებულ შტატებში მცხოვრებ იტალიელებს.

ძალიან ბევრი ისმენდა სასიხარულო ცნობას, მაგრამ სიღარიბისა და უმუშევრობის გამო ხალხი იშვიათად სწირავდა ფულს ბიბლიური ლიტერატურისთვის. ისინი მქადაგებლებს ლიტერატურას ყველანაირ ნივთსა თუ საგანში უცვლიდნენ. მაგალითად, ორმა პიონერმა შეადგინა სია იმ 64 ნივთისა, რომელიც მათ დაინტერესებულებისგან ჰქონდათ მიღებული. ამ სიისთვის რომ შეგეხედათ, „სოფლის მაღაზიის ინვენტარის ჩამონათვალი“ გეგონებოდათ.

ფრედ ანდერსონმა უქადაგა ერთ ფერმერს, რომელმაც მას წიგნების სანაცვლოდ დედამისის სათვალე მისცა. მეზობელ ფერმაში ერთმა კაცმაც გამოთქვა სურვილი, აეღო ჩვენი ლიტერატურა, მაგრამ დაიჩივლა, რომ სათვალე არ ჰქონდა და ვერ შეძლებდა წაკითხვას. თუმცა ლიტერატურასთან ერთად ძმამ ამ მამაკაცს სათვალეც აჩუქა და მან თავისუფლად შეძლო ამ წიგნების წაკითხვა.

ჰერბერტ აბოტს მანქანით დაჰქონდა ქათმების გალია. ის ყიდულობდა სამ-ოთხ ქათამს და ბაზარში ყიდდა. აღებული თანხით მანქანაში საწვავს ასხამდა. ერთხელ მან თქვა: „ისეთ სიტუაციაშიც ვყოფილვართ, როცა ჯიბეში კაპიკი ფული არ გვქონია, მაგრამ ამას არ შევუჩერებივართ. თუ მანქანაში საწვავი გვქონდა, იეჰოვაზე მინდობილები გზას ვაგრძელებდით“.

იეჰოვაზე მინდობამ და სიმტკიცემ ღვთის ხალხს რთული წლები გადაატანინა. ერთხელ ქარიშხლისა და თავსხმა წვიმის დროს მაქსველ და ემი ლუისები ბეწვზე გადარჩნენ, როცა მათ ავტომობილზე მისაბმელ სახლს ხე დაეცა და შუაზე გახლიჩა. მაქსველი იხსენებს: „ეს ჩვენთვის დაბრკოლება არ ყოფილა; ამგვარი შემთხვევების მიუხედავად, ფიქრადაც კი არ მოგვსვლია მსახურების შეწყვეტა, რადგან ვიცოდით, რომ ბევრი საქმე გვქონდა გასაკეთებელი“. მოსიყვარულე მეგობრების დახმარებით მათ შეაკეთეს თავიანთი „სახლი“.

დღევანდელ ძნელბედობის ჟამსაც იეჰოვას მილიონობით მოშურნე მოწმე მსგავსი თავგანწირული სულისკვეთებით გამოირჩევა. ძველი დროის პიონერების მსგავსად, ჩვენც გვსურს, განვაგრძოთ ქადაგება, სანამ იეჰოვა არ გვეტყვის, რომ საქმე შესრულებულია.

^ აბზ. 3 ამჟამად „ჩვენი სამეფო მსახურება“.

^ აბზ. 5 იმ დროს პიონერთა უმეტესობა არ მუშაობდა. ისინი იღებდნენ ბიბლიურ ლიტერატურას, რაშიც მიზერულ თანხებს იხდიდნენ და მათი გავრცელების შედეგად აღებულ შესაწირავებს იმისთვის იყენებდნენ, რომ უბრალოდ და მოკრძალებულად ეცხოვრათ.