არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბედნიერების მიღწევა შესაძლებელია რელიგიურად დაყოფილ ოჯახებში

ბედნიერების მიღწევა შესაძლებელია რელიგიურად დაყოფილ ოჯახებში

ბედნიერების მიღწევა შესაძლებელია რელიგიურად დაყოფილ ოჯახებში

„რა იცი შენ . . . იქნებ იხსნა [მეუღლე]?“ (1 კორ. 7:16).

შეგიძლიათ უპასუხოთ?

რის გაკეთება შეუძლია რელიგიურად დაყოფილ ოჯახში მცხოვრებ ქრისტიანს მშვიდობის შესანარჩუნებლად?

როგორ შეუძლია ქრისტიანს ჭეშმარიტების მიღებაში დაეხმაროს ოჯახის წევრებს?

რის გაკეთება შეუძლიათ კრების წევრებს, რომ დაეხმარონ მათ, ვინც რელიგიურად დაყოფილ ოჯახებში ცხოვრობენ?

1. რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ოჯახზე, როცა ერთ-ერთი წევრი სამეფოს შესახებ ცნობას იღებს?

ერთხელ, როდესაც იესომ თავისი მოციქულები საქადაგებლად გაგზავნა, უთხრა: «„იარეთ და იქადაგეთ: „მოახლოვდა ზეციერი სამეფო“» (მათ. 10:1, 7). ეს სასიხარულო ცნობა მშვიდობასა და ბედნიერებას მოუტანდა მათ, ვინც მადლიერებით მიიღებდა მას. მაგრამ იესომ მოციქულები გააფრთხილა, რომ სამქადაგებლო საქმიანობას ბევრი გაუწევდა წინააღმდეგობას (მათ. 10:16—23). განსაკუთრებით მტკივნეული იქნებოდა წინააღმდეგობა ოჯახის წევრებისგან, რომლებიც სამეფოს შესახებ ცნობას არ მიიღებდნენ (წაიკითხეთ მათეს 10:34—36 ).

2. რატომ არ უნდა იფიქრონ რელიგიურად დაყოფილ ოჯახში მცხოვრებმა ქრისტიანებმა, რომ ბედნიერება მხოლოდ ოცნებაა?

2 ნიშნავს ეს, რომ რელიგიურად დაყოფილ ოჯახში მცხოვრები ქრისტიანებისთვის ბედნიერება მხოლოდ ოცნებაა? სულაც არა. ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობა ზოგჯერ შეიძლება ძლიერიც კი იყოს, მაგრამ ყველა ოჯახში ეს ასე არ არის. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ წინააღმდეგობა შეიძლება მუდმივად არ გაგრძელდეს. ბევრია დამოკიდებული იმაზე, ქრისტიანი როგორ რეაგირებს ოჯახის წევრის წინააღმდეგობასა თუ გულგრილობაზე. გარდა ამისა, იეჰოვა აკურთხებს თავის ერთგულებს და არასახარბიელო მდგომარეობის მიუხედავად, სიხარულს არ მოაკლებს მათ. ქრისტიანებს შეუძლიათ იყვნენ ბედნიერნი, თუ: 1) ცდილობენ ოჯახში მშვიდობის შენარჩუნებას და 2) ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ ოჯახის წევრებმა ჭეშმარიტება მიიღონ.

ისწრაფეთ მშვიდობისკენ ოჯახში

3. რატომ უნდა ისწრაფოს მშვიდობისკენ ქრისტიანმა რელიგიურად დაყოფილ ოჯახში?

3 სიმართლის თესლმა ნაყოფი რომ გამოიღოს, მნიშვნელოვანია ოჯახში მშვიდი გარემო იყოს (წაიკითხეთ იაკობის 3:18 ). მაშინაც კი, თუ ქრისტიანის ოჯახი არ არის წმინდა თაყვანისმცემლობაში გაერთიანებული, მან მაინც მთელი ძალით უნდა ისწრაფოს მშვიდობისკენ. როგორ არის ეს შესაძლებელი?

4. როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნება?

4 ქრისტიანებმა უნდა შეინარჩუნონ შინაგანი სიმშვიდე. ამისათვის საჭიროა მთელი გულით ლოცვა, რასაც შეუდარებელი „ღვთის მშვიდობის“ მოტანა შეუძლია (ფილ. 4:6, 7). ბედნიერება და მშვიდობა მოაქვს იეჰოვას გაცნობასა და ბიბლიური პრინციპების ცხოვრებაში გამოყენებას (ეს. 54:13). მშვიდობისა და ბედნიერებისთვის აგრეთვე მნიშვნელოვანია კრების შეხვედრებსა და სამქადაგებლო მსახურებაში გულმოდგინე მონაწილეობა. თეოკრატიულ საქმიანობაში ამა თუ იმ სახით მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ ქრისტიანებსაც, რომლებიც რელიგიურად დაყოფილ ოჯახებში ცხოვრობენ. მაგალითად, განვიხილოთ ენზას * შემთხვევა, რომლის ქმარიც სასტიკი მოწინააღმდეგეა. ენზა ჯერ საოჯახო საქმეებს აკეთებს და შემდეგ იღებს მონაწილეობას მოწაფეების მომზადებაში. ის ამბობს: „იეჰოვამ ყოველთვის უხვად მაკურთხა, როცა სასიხარულო ცნობის სხვებისთვის გაზიარებას დიდი ძალისხმევა მოვახმარე“. ასეთ კურთხევებს ნამდვილად მოაქვს მშვიდობა, კმაყოფილება და ბედნიერება.

5. რა სირთულეებს აწყდებიან ხშირად რელიგიურად დაყოფილ ოჯახებში მცხოვრები ქრისტიანები და, რა შეიძლება მათ დაეხმაროს?

5 მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნებას ოჯახის წევრებთან, რომლებიც ჩვენს რწმენას არ იზიარებენ დიდი ძალისხმევა სჭირდება. ზოგჯერ ეს ადვილი არ არის, რადგან მათ შეიძლება ისეთი რამის გაკეთება მოითხოვონ, რაც ბიბლიურ პრინციპებს ეწინააღმდეგება. სამართლიანი პრინციპების მტკიცედ დაცვამ შეიძლება გააღიზიანოს ოჯახის წევრები, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ხელს შეუწყობს მშვიდობას. რა თქმა უნდა, დაუმორჩილებლობა იმ დროს, როდესაც ბიბლიური პრინციპები არ ირღვევა, გამოიწვევდა ზედმეტ უთანხმოებას (წაიკითხეთ იგავების 16:7 ). რთულ მდგომარეობაში ყოფნისას მნიშვნელოვანია, ვეძებოთ ბიბლიური რჩევები, რომელთა მიღებაც შეგვიძლია ერთგული და გონიერი მონის კლასის მიერ მოწოდებული პუბლიკაციებიდან და უხუცესებისგან (იგავ. 11:14).

6, 7. ა) რატომ ეწინააღმდეგება ზოგი ოჯახის წევრს, როცა ის იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლას იწყებს? ბ) როგორ უნდა რეაგირებდეს ბიბლიის შემსწავლელი ან ქრისტიანი ოჯახის წევრის წინააღმდეგობაზე?

6 ოჯახში მშვიდობა რომ იყოს, იეჰოვაზე მინდობა და ოჯახის წევრების გრძნობების გათვალისწინებაა საჭირო (იგავ. 16:20). ბიბლიის ახალ შემსწავლელსაც შეუძლია ამ საკითხში გამჭრიახობის გამოვლენა. ზოგმა ქმარმა ან ცოლმა შეიძლება მეუღლეს არ დაუშალოს ბიბლიის შესწავლა. ისინი შეიძლება აღიარებენ კიდეც, რომ ეს ოჯახისთვის კარგია. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ამას სასტიკად ეწინააღმდეგებიან. ესთერი, რომელიც დღეს იეჰოვას მოწმეა, აღიარებს, რომ ძალიან გაბრაზდა, როდესაც მისმა ქმარმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ის ამბობს: „მის ლიტერატურას ან ვყრიდი, ან ვწვავდი“. ჰოვარდი, რომელსაც თავიდან არ უნდოდა, ცოლს ბიბლია შეესწავლა, აღნიშნავს: „ბევრ ქმარს ეშინია, რომ მათ ცოლებს რომელიმე სექტაში ჩაითრევენ. ქმარმა შეიძლება არ იცის, როგორ დაიცვას მეუღლე მოსალოდნელი საფრთხისგან და ამიტომ მკაცრ ზომებს მიმართავს“.

7 ბიბლიის შემსწავლელს, რომელიც მეუღლისგან წინააღმდეგობას ხვდება, უნდა დავეხმაროთ იმის დანახვაში, რომ შესწავლის შეწყვეტა გამოსავალი არ არის. პრობლემის მოსაგვარებლად ხშირად საკმარისია რბილი ხასიათი და მეუღლისადმი პატივისცემის გამოვლენა (1 პეტ. 3:15). ჰოვარდი ამბობს: „მადლობელი ვარ ჩემი ცოლის, რადგან ის სიმშვიდეს ინარჩუნებდა და მდგომარეობიდან არ გამოდიოდა“. ჰოვარდის მეუღლე იხსენებს: „ჰოვარდი მოითხოვდა, ბიბლიის შესწავლა შემეწყვიტა და მეუბნებოდა, რომ ზომბირებული ვიყავი. გაღიზიანების ნაცვლად, ვპასუხობდი, რომ შეიძლება ის მართალი იყო, მაგრამ არ მესმოდა, რატომ ფიქრობდა ასე. ამიტომ ვთხოვე, თავად წაეკითხა წიგნი, რომელსაც ვსწავლობდი. ის ასეც მოიქცა და წაკითხულის საწინააღმდეგო ვერაფერი თქვა. ამ წიგნმა მასზე დიდი გავლენა იქონია“. კარგი იქნება, თუ ქრისტიანს ან ბიბლიის შემსწავლელს ემახსოვრება, რომ ცოლი ან ქმარი, რომელიც მის რწმენას არ იზიარებს, შეიძლება თავს მიტოვებულად გრძნობდეს ან შიშის გრძნობა ეუფლებოდეს, როდესაც მეუღლე თეოკრატიულ საქმიანობაში მონაწილეობს. მაგრამ, სითბოთი და სიყვარულით ლაპარაკი მას ასეთ გრძნობებს გაუქრობს.

დაეხმარეთ მათ ჭეშმარიტების მიღებაში

8. რა ურჩია მოციქულმა პავლემ ქრისტიანებს, რომელთა მეუღლეებიც მათ რწმენას არ იზიარებენ?

8 მოციქულმა პავლემ ქრისტიანებს ურჩია, არ მიეტოვებინათ მეუღლეები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არ იზიარებდნენ მათ რწმენას * (წაიკითხეთ 1 კორინთელების 7:12—16 ). რელიგიურად დაყოფილ ოჯახში ცხოვრების მიუხედავად, ქრისტიანს ბედნიერების შენარჩუნებაში დაეხმარება, თუ ემახსოვრება, რომ ოდესღაც მისმა მეუღლემაც შეიძლება მიიღოს ჭეშმარიტება. მაგრამ, როგორც ქვემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, მეუღლესთან ჭეშმარიტებაზე საუბრისას გარკვეული სიფრთხილეა საჭირო.

9. რა სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ოჯახის წევრებს ბიბლიურ ჭეშმარიტებას ვუზიარებთ?

9 ჯეისონი იხსენებს, თუ როგორ იმოქმედა მასზე ბიბლიური ჭეშმარიტების გაგებამ. ის ამბობს: „მინდოდა, ამის შესახებ ყველასთან მელაპარაკა“. როდესაც ბიბლიის შემსწავლელი იგებს, რომ ყველაფერი, რასაც სწავლობს ჭეშმარიტებაა, იმდენად ბედნიერია, რომ ამაზე გაუთავებლად ლაპარაკობს. შესაძლოა, ის ფიქრობს, რომ ოჯახის წევრებიც მაშინვე მიიღებენ სამეფოს შესახებ ცნობას, მაგრამ შეიძლება საპირისპირო რამ მოხდეს. როგორ იმოქმედა ჯეისონის ენთუზიაზმმა მის ცოლზე? „მეგონა ამ თემაზე საუბარს არასდროს შეწყვეტდა“, — თქვა ცოლმა. ერთი ქალი, რომელმაც ჭეშმარიტება ქმრის მონათვლიდან 18 წლის შემდეგ მიიღო, ამბობს: „პირადად მე, ჭეშმარიტება რომ გამეგო, დრო მჭირდებოდა“. თუ თქვენ ბიბლიას ასწავლით ადამიანს, რომლის მეუღლესაც ჭეშმარიტების მიღების არანაირი სურვილი არა აქვს, კარგი იქნებოდა, თუ პრაქტიკულად აჩვენებდით ხოლმე, როგორ შეუძლია ტაქტიანად ისაუბროს ჭეშმარიტების შესახებ. მოსემ თქვა: „წვიმასავით წამოვა ჩემი სწავლება და ნამივით დაეპკურება ჩემი სიტყვა, როგორც ჟუჟუნა წვიმა მდელოზე“ (კან. 32:2). ჭეშმარიტებაზე სათანადო დროს და სათანადო სახით ნათქვამმა რამდენიმე სიტყვამ შეიძლება უფრო დადებითი შედეგი გამოიღოს, ვიდრე სიტყვების უწყვეტმა ნიაღვარმა.

10—12. ა) რა ურჩია მოციქულმა პეტრემ ქრისტიანებს, რომელთა მეუღლეებიც მათ რწმენას არ იზიარებენ? ბ) როგორ ისწავლა ერთმა ბიბლიის შემსწავლელმა 1 პეტრეს 3:1, 2-ში ჩაწერილი რჩევის ცხოვრებაში გამოყენება?

10 მოციქულმა პეტრემ რელიგიურად დაყოფილ ოჯახებში მცხოვრებ ქრისტიან ცოლებს ღვთის შთაგონებით ურჩია: „ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, რათა ისინი, ვინც სიტყვას არ ემორჩილებიან, უსიტყვოდ იქნენ მოპოვებულნი ცოლების საქციელით, როცა დაინახავენ, რომ სუფთად იქცევით და დიდ პატივისცემას ავლენთ“ (1 პეტ. 3:1, 2). ცოლებს შეუძლიათ ქმრების მოპოვება მორჩილებითა და ღრმა პატივისცემის გამოვლენით იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქმრები უხეშად ეცქევიან. მსგავსადვე, ქრისტიანი ქმარი უნდა იქცეოდეს ღვთის მოსაწონად და უნდა იყოს მოსიყვარულე ოჯახის თავი, მიუხედავად იმისა, როგორ იქცევა მეუღლე, რომელიც მის შეხედულებებს არ იზიარებს (1 პეტ. 3:7—9).

11 მრავალი თანამედროვე მაგალითი მოწმობს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პეტრეს რჩევის გათვალისწინება. განვიხილოთ სელმას შემთხვევა. მის ქმარს, სტივს, დიდად არ ესიამოვნა, როდესაც მან იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. სტივი აღიარებს: „ძალიან გავბრაზდი, ვეჭვიანობდი და მეშინოდა“. სელმა იხსენებს: „სტივთან ცხოვრება დენთის კასრზე ცხოვრებას ჰგავდა. მას ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა. მას შემდეგ კი, რაც ბიბლიის შესწავლა დავიწყე, მასთან ცხოვრება კიდევ უფრო რთული გახდა“. რა დაეხმარა მათ?

12 სელმა იხსენებს, თუ რა რჩევა მისცა დამ, რომელიც მას ბიბლიას ასწავლიდა. ის ამბობს: «ერთ მშვენიერ დღეს ბიბლიის შესწავლა აღარ მინდოდა. წინა ღამით, როცა რაღაცაზე ვკამათობდით, სტივმა ხელი დამარტყა. თავს დათრგუნულად, საშინლად ვგრძნობდი. როცა ჩვენს დას მოვუყევი, რა მოხდა და როგორ ვგრძნობდი თავს, მთხოვა წამეკითხა 1 კორინთელების 13:4—7. წაკითხვის შემდეგ ვთქვი, რომ სტივს ასეთი სიყვარული ჩემდამი არასდროს გამოუვლენია. მაგრამ და დამეხმარა, სულ სხვა კუთხით შემეხედა ამ საკითხისთვის. მან მკითხა: „შენ თუ ავლენ ასეთ სიყვარულს შენი ქმრისადმი?“ მე ვუპასუხე: „არა, რადგან მასთან ცხოვრება ძალიან რთულია“. დამ რბილად მკითხა: „სელმა, ვინ ცდილობს, გახდეს ქრისტიანი, შენ თუ სტივი?“ მივხვდი, რომ აზროვნება უნდა შემეცვალა. იეჰოვას ლოცვაში ვთხოვე, დამხმარებოდა, რომ სტივისადმი მეტი სიყვარული გამომევლინა. ნელ-ნელა მდგომარეობა შეიცვალა». 17 წლის შემდეგ სტივმა ჭეშმარიტება მიიღო.

როგორ შეუძლიათ დახმარება სხვებს

13, 14. როგორ შეუძლიათ კრების წევრებს დაეხმარონ მათ, ვინც რელიგიურად დაყოფილ ოჯახებში ცხოვრობენ?

13 როგორც ჟუჟუნა წვიმის წვეთები რწყავს ნიადაგს და ხელს უწყობს მცენარის ზრდას, კრების თითოეული წევრიც ხელს უწყობს მათ ბედნიერებას, ვინც რელიგიურად დაყოფილ ოჯახებში ცხოვრობენ. ბრაზილიაში მცხოვრები ელვინა ამბობს: „და-ძმების სიყვარული დამეხმარა მტკიცე რწმენის შენარჩუნებაში“.

14 კრების წევრების მხრიდან სიკეთისა და ყურადღების გამოვლენამ შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს ოჯახის იმ წევრებზე, რომლებიც ჭეშმარიტებას არ იღებენ. ნიგერიაში მცხოვრები ერთი მამაკაცი, რომელმაც ჭეშმარიტება ცოლის მონათვლიდან 13 წლის შემდეგ მიიღო, იხსენებს: „ერთხელ ერთ მოწმესთან ერთად მივდიოდი მანქანით; გზაში მანქანა გაგვიფუჭდა. ძმამ მეზობელ სოფელში თანამორწმუნეები იპოვა, რომლებმაც ღამე გაგვათევინეს. მათ ისე მიგვიღეს, თითქოს ბავშვობიდან ვიცნობდით ერთმანეთს. სწორედ მაშინ ვიგრძენი ის ქრისტიანული სიყვარული, რომლის შესახებაც ჩემი ცოლი ყოველთვის მელაპარაკებოდა“. ინგლისში მცხოვრები ერთი ქალი, რომელმაც ქმრის მონათვლიდან 18 წლის შემდეგ მიიღო ჭეშმარიტება, ამბობს: „მოწმეები სადილზე ორივეს გვეპატიჟებოდნენ და ყოველთვის თბილად მიღებდნენ“. იმავე ქვეყანაში მცხოვრები ჩვენი დის ქმარი კი, რომელიც მოგვიანებით მოწმე გახდა, იხსენებს: „და-ძმები ხშირად გვსტუმრობდნენ ან ჩვენ მივდიოდით მათთან სტუმრად. ისინი ყოველთვის ყურადღებიანები იყვნენ. ეს განსაკუთრებით მაშინ გამოვლინდა, როდესაც სავადმყოფოში მოვხვდი და მრავალმა მათგანმა მომინახულა“. შეგიძლიათ მსგავსი ყურადღება გამოავლინოთ იმ ქრისტიანების ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც ჩვენს რწმენას არ იზიარებენ?

15, 16. რა დაეხმარება ქრისტიანს, შეინარჩუნოს ბედნიერება, თუ ოჯახის წევრები არ იღებენ ჭეშმარიტებას?

15 რა თქმა უნდა, მეუღლე, შვილები, მშობლები თუ სხვა ნათესავები, — ყველა არ მიიღებს ჭეშმარიტებას, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანი შეიძლება წლების განმავლობაში კარგად იქცეოდეს და ტაქტიანად უმოწმებდეს მათ. ზოგი არ ავლენს ინტერესს ან სასტიკი მოწინააღმდეგეა (მათ. 10:35—37). მაგრამ, თუ ქრისტიანი ღვთის მოსაწონ თვისებებს ავლენს, ამან შეიძლება ძალიან კარგი შედეგი გამოიღოს. ერთი დის ქმარი, რომელიც მოგვიანებით მოწმე გახდა, აღნიშნავს: „როდესაც ქრისტიანი მიმზიდველ თვისებებს ავლენს, არასდროს არ იცი, როგორ იმოქმედებს ეს მისი მეუღლის გონებასა და გულზე. ამიტომ ნურასდროს ჩაიქნევ ხელს“.

16 ქრისტიანი შეიძლება ბედნიერი იყოს მაშინაც კი, როდესაც მისი ოჯახის წევრი არ იღებს ჭეშმარიტებას. ერთი და უკვე 21 წელია ცდილობს თავისი მეუღლე დააინტერესოს სამეფოს შესახებ ცნობით, მაგრამ უშედეგოდ. ის ამბობს: „ვცდილობ, ვასიამოვნო იეჰოვას, შევინარჩუნო მისადმი ერთგულება და განვიმტკიცო სულიერობა. ეს მეხმარება სიხარულის შენარჩუნებაში. მაქსიმალურად ვცდილობ, დავკავდე, თეოკრატიული საქმეებით, იქნება ეს პირადი შესწავლა, შეხვედრებზე დასწრება, სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობა და კრებაში სხვების დახმარება, რაც იეჰოვასთან მაახლოებს და ჩემს გულსაც იცავს“ (იგავ. 4:23).

ხელს ნუ ჩაიქნევთ!

17, 18. როგორ შეიძლება ქრისტიანმა არ დაკარგოს იმედი რელიგიურად დაყოფილ ოჯახშიც კი?

17 თუ თქვენ რელიგიურად დაყოფილ ოჯახში ცხოვრობთ, გული არ გაიტეხოთ. გახსოვდეთ: „არ მიატოვებს იეჰოვა თავის ხალხს თავისი დიდებული სახელის გამო“ (1 სამ. 12:22). ის თქვენთან იქნება, სანამ თქვენ ხართ მასთან (წაიკითხეთ 2 მატიანეს 15:2 ). ასე რომ, „იეჰოვაში პოვეთ ნეტარება“. დიახ, „იეჰოვას მიანდეთ თქვენი გზა, მასზე დაამყარეთ იმედი“ (ფსალმ. 37:4, 5). „გამუდმებით ილოცეთ“ და დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი ზეციერი მამა დაგეხმარებათ ნებისმიერი სირთულის გადალახვაში (რომ. 12:12).

18 სთხოვეთ იეჰოვას წმინდა სული, რაც ოჯახში მშვიდობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს (ებრ. 12:14). თუ ამგვარად მოიქცევით, ამან შეიძლება დადებითად იმოქმედოს ოჯახის წევრებზე, რომლებიც არ იზიარებენ თქვენს რწმენას. ბედნიერი იქნებით და შინაგანი სიმშვიდე გექნებათ, თუ „ყველაფერს ღვთის სადიდებლად აკეთებთ“ (1 კორ. 10:31). ამავე დროს, დარწმუნებული იყავით, რომ დები და ძმები სიყვარულით ამოგიდგებიან მხარში.

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 8 პავლეს რჩევა არ ეხება უკიდურეს სიტუაციებს, როდესაც მეუღლემ შეიძლება გადაწყვიტოს ცალკე ცხოვრება. ეს არის სერიოზული პირადი გადაწყვეტილება. იხილეთ წიგნი „დარჩით ღვთის სიყვარულში“, გვერდები 220, 221.

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 28 გვერდზე]

სათანადო დრო შეარჩიეთ თქვენს რწმენაზე სასაუბროდ

[სურათი 29 გვერდზე]

ყურადღება გამოავლინეთ იმ და-ძმების მეუღლეების მიმართ, რომლებიც ჩვენს რწმენას არ იზიარებენ