არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მსახურება ყოველთვის უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა

იეჰოვას მსახურება ყოველთვის უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა

იეჰოვას მსახურება ყოველთვის უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა

მოგვითხრო ფრედ რასკიმ

საკუთარ თავზე გამოვცადე დავითის სიტყვების ჭეშმარიტება, რომლებიც ფსალმუნის 27:10-შია ჩაწერილი: „დედ-მამასაც რომ მივეტოვებინე, იეჰოვა ამიყვანდა“. ნება მიბოძეთ, მოგითხროთ, როგორ მოხდა ეს.

გავიზარდე პაპას ფერმაში, ჯორჯიის შტატში (აშშ) 30-იანი წლების მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს. დედაჩემისა და ჩემი ახალშობილი ძმის სიკვდილის შემდეგ, მამა სამუშაოდ სხვა ქალაქში გადავიდა და მე დაქვრივებულ პაპასთან დამტოვა. მოგვიანებით მას უნდოდა თავისთან გადავეყვანე, მაგრამ ვერ მოახერხა.

სახლზე ჩემი უფროსი მამიდები ზრუნავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პაპა არარელიგიური იყო, მისი ქალიშვილები ბაპტისტური ეკლესიის აქტიური წევრები იყვნენ. ისინი ცემით მემუქრებოდნენ და კვირაობით ეკლესიაში ძალით მატარებდნენ. ასე რომ, რელიგია ბავშვობიდანვე დიდად არ მიზიდავდა, მაგრამ მიყვარდა სკოლა და სპორტი.

სტუმრები, რომლებმაც ჩემი ცხოვრება შეცვალეს

15 წლის ვიყავი, როცა 1941 წლის ერთ ნაშუადღევს ხანში შესული მამაკაცი და მისი მეუღლე გვესტუმრნენ. „მე თქვენი ნათესავი ტალმაჯი რასკი ვარ“, — გაგვეცნო ის. მასზე ადრე არაფერი მსმენია, მაგრამ მისგან და მისი ცოლისგან გავიგე, რომ ისინი იეჰოვას მოწმეები იყვნენ. ის, რაც მათ გვითხრეს დედამიწაზე ადამიანების მარადიული ცხოვრების შესახებ ღვთის განზრახვაზე, სრულიად განსხვავდებოდა იმისგან, რაც ეკლესიაში მქონდა მოსმენილი. ოჯახში უმრავლესობამ არათუ არ მიიღო მათი სიტყვები, არამედ უარყოფითადაც კი განეწყო მათ მიმართ. ტალმაჯისა და მის მეუღლეს ჩვენთან მოსვლა აუკრძალეს. მაგრამ, მამიდა მერიმ, რომელიც ჩემზე სულ რაღაც სამი წლით იყო უფროსი, აიღო ბიბლია და მასზე დაფუძნებული პუბლიკაციები.

მერი მალევე დარწმუნდა, რომ ბიბლიური ჭეშმარიტება იპოვა, 1942 წელს მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა. მამიდამ საკუთარ თავზე გამოსცადა იესოს წინასწარმეტყველური სიტყვების შესრულება: „კაცს თავისი ოჯახის წევრები ექცევიან მტრებად“ (მათ. 10:34—36). ოჯახი მას დიდ წინააღმდეგობას უწევდა. უფროსმა მამიდამ, რომელიც აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოებრივ საქმიანობაში, ქალაქის მერი წააქეზა, რომ ბიძია ტალმაჯი დაეპატიმრებინათ. მას ულიცენზიო ყიდვა-გაყიდვაში დასდეს ბრალი და დამნაშავედ ცნეს.

ადგილობრივ გაზეთში დაიბეჭდა ქალაქის მერის სიტყვები, რომელიც ამ ქალაქის მოსამართლეც იყო: „ლიტერატურა, რომელსაც ეს კაცი ავრცელებს . . . შხამივით მომწამვლელია“. ბიძაჩემმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და გაიმარჯვა კიდეც, მაგრამ ციხეში ათი დღის გატარება მაინც მოუწია.

როგორ დამეხმარა მამიდა მერი

თავის ახლადშეძენილ რწმენაზე მერი არა მარტო ჩემთან საუბრობდა, არამედ მეზობლებსაც უქადაგებდა. ერთხელ მას გავყევი ბიბლიის შესწავლაზე მამაკაცთან, რომელმაც აიღო წიგნი „ახალი ქვეყნიერება“. * ამ კაცის მეუღლემ თქვა, რომ მისმა ქმარმა მთელი ღამე ამ წიგნის კითხვაში გაათენა. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სურვილი არ მქონდა ნაჩქარევად რომელიმე რელიგიაში გავერთიანებულიყავი, მოსმენილმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მაგრამ მოწმეები რომ ღვთის ხალხი იყვნენ, ამაში ბიბლიურ სწავლებებზე მეტად იმან დამარწმუნა, თუ როგორ ეპყრობოდნენ მათ.

მაგალითად, ერთხელ, პომიდვრების გათოხნის შემდეგ სახლში დაბრუნებისას მე და მერიმ დავინახეთ, რომ სანაგვეს კვამლი ასდიოდა. უფროსმა მამიდებმა მერის ლიტერატურა, ფონოგრაფი და ბიბლიური ჩანაწერები დაწვეს. ამან ძალიან აღმაშფოთა, ერთ-ერთმა მამიდამ კი მითხრა: „გავა დრო და მადლობას მეტყვი ამისთვის“.

1943 წელს მერი იძულებული გახდა წასულიყო სახლიდან, ვინაიდან არ დათმო თავისი რწმენა და არ შეწყვიტა მეზობლებთან ქადაგება. ამ დროისთვის მე უკვე ვიცოდი, არა მარტო ის, რომ ღმერთს იეჰოვა ჰქვია, არამედ ისიც, რომ ის მოსიყვარულე და თანამგრძნობი ღმერთია, და რომ ის არავის არ ტანჯავს ცეცხლოვან ჯოჯოხეთში. ისიც ვისწავლე, რომ იეჰოვას ორგანიზაცია, მოსიყვარულე და-ძმებისგან შედგება. თუმცა კრების შეხვედრებს არასდროს დავსწრებივარ.

ერთხელ, როცა მდელოს ვკრეჭდი, სახლის წინ მანქანა გაჩერდა. მანქანაში ორი მამაკაცი იჯდა და მკითხეს, ფრედი ხომ არ ხარო. მივხვდი, რომ იეჰოვას მოწმეები იყვნენ და ვუთხარი: „თუ შეიძლება აქაურობას გავეცალოთ და უსაფრთხო ადგილას ვილაპარაკოთ“. მათ მერის თხოვნით მომაკითხეს. ერთ-ერთი მათგანი იყო შილდ თუთჯიანი, მიმომსვლელი მსახური, რომელმაც გამამხნევა და დროული სულიერი მითითებები მომცა. ოჯახი ახლა ჩემ წინააღმდეგ განეწყო, ვინაიდან იეჰოვას მოწმეების სწავლებებს ვიცავდი.

მერიმ ვირჯინიიდან მომწერა, რომ თუ იეჰოვას მსახურება მქონდა გადაწყვეტილი, შემეძლო მასთან ჩავსულიყავი და იქ მეცხოვრა. დაუყოვნებლივ გადავწყვიტე წასვლა. 1943 წლის ოქტომბრის ერთ პარასკევ საღამოს ზოგიერთი საჭირო ნივთი ჩავდე ყუთში და სახლიდან მოშორებით ერთ ხეზე ტოტებში ჩავმალე. შაბათს ყუთი ავიღე და მეზობლის სახლის გავლით ქალაქისკენ გავემართე. როანოკში ჩასვლისას ვიპოვე მერი, რომელიც ედნა ფაულსის სახლში ცხოვრობდა.

სულიერი ზრდა, ნათლობა და ბეთელი

ედნა, თანამედროვე ლიდია, ცხებული მოწმე იყო. ის თანაგრძნობით გამოირჩეოდა. მის მიერ დაქირავებულ დიდ სახლში მამიდა მერის გარდა, ედნას რძალი თავის ორ ქალიშვილთან, გლედის და გრეის გრეგორებთან, ერთად ცხოვრობდა. გლედისი და გრეისი მოგვიანებით მისიონერები გახდნენ. გლედისი ახლა 90-ს გადაცილებულია და დღემდე ერთგულად მსახურობს იაპონიის ფილიალში.

როცა ედნას სახლში ვცხოვრობდი, კრების შეხვედრებს რეგულარულად ვესწრებოდი და მსახურების გამოცდილებაც მივიღე. ახლა უკვე თავისუფლად შემეძლო ბიბლიის სწავლა და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება, რამაც ღვთის შესახებ მეტის გაგების სურვილი დამიკმაყოფილა. 1944 წლის 14 ივნისს მოვინათლე. მერიმ და დებმა გრეგორებმა პიონერად დაიწყეს მსახურება და ისინი ჩრდილოეთ ვირჯინიაში დანიშნეს, სადაც მათი დახმარებით ქალაქ ლისბერგში კრება ჩამოყალიბდა. 1946 წლის დასაწყისში იქვე ახლოს მეც დავიწყე პიონერად მსახურება. იმავე ზაფხულს ერთად გავემგზავრეთ 4—11 აგვისტოს კლივლენდში (ოჰაიო) ჩატარებულ დაუვიწყარ საერთაშორისო კონგრესზე.

კონგრესზე საზოგადოების პრეზიდენტმა, ძმა ნეითან ნორმა ბრუკლინის ბეთელის გაფართოების გეგმებზე ისაუბრა. იგეგმებოდა ახალი საცხოვრებლის აგება და სტამბის გაფართოება. საჭირო იყო მრავალი ახალგაზრდა ძმა. ვიფიქრე, რომ სწორედ ასეთი სახით მინდოდა იეჰოვასთვის მსახურება. შევავსე განცხადება და რამდენიმე თვეში, 1946 წლის 1 დეკემბერს, ბეთელში მიმიწვიეს.

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ გზავნილთა განყოფილებაში ჩემთან მოვიდა სტამბის ზედამხედველი მაქს ლარსონი და მითხრა, რომ სამსახურებრივ განყოფილებაში დამნიშნეს. იქ, განსაკუთრებით განყოფილების ზედამხედველ ტომას (ბად) სალივანთან, მუშაობისას ვისწავლე ბიბლიური პრინციპების გამოყენება და დავინახე, როგორ ფუნქციონირებს ღვთის ორგანიზაცია.

მამა ბეთელში რამდენჯერმე მესტუმრა. ასაკში შესვლასთან ერთად ის უფრო რელიგიური გახდა. 1965 წელს, ბოლო სტუმრობისას მან მითხრა: „თუ გინდა, შენ მოდი ჩემთან, მაგრამ მე აქ მომსვლელი აღარ ვარ“. მამა მის სიკვდილამდე რამდენჯერმე მოვინახულე. ის დარწმუნებული იყო, რომ სიკვდილის შემდეგ ზეცაში წავიდოდა. მე კი ვიმედოვნებ, რომ ის იეჰოვას მეხსიერებაშია, და თუ ეს მართლა ასეა, ღმერთი მარადიული ცხოვრებისთვის აღადგენს მას დედამიწაზე სამოთხეში და არა იქ, სადაც ის მოელოდა.

სხვა დაუვიწყარი კონგრესები და მშენებლობა

ღვთის მსახურთა სულიერ ზრდაში კონგრესები ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. 50-იან წლებში ნიუ-იორკის იანკის სტადიონზე გამართული კონგრესები მართლაც განსაკუთრებული იყო. 1958 წელს იანკისა და პოლო-გრაუნდსის სტადიონებზე გამართულ კონგრესს 123 ქვეყნიდან ჩამოსული 253 922 ადამიანი დაესწრო. ის, რაც ამ კონგრესზე მოხდა, არასდროს დამავიწყდება. მე კონგრესების განყოფილებაში ვეხმარებოდი. ძმა ნორი სწრაფი ნაბიჯით მომიახლოვდა და მითხრა: „ფრედ, როგორღაც მხედველობიდან გამომრჩენია, დამენიშნა ძმა, რომელიც ახლომდებარე საბანკეტო დარბაზში შეკრებილ პიონერებს მოხსენებას წაუკითხავდა. სასწრაფოდ ხომ არ წახვიდოდი და რაიმე კარგ მოხსენებას ხომ არ წაუკითხავდი; თემას მნიშვნელობა არა აქვს“. მთელი გზა ვლოცულობდი, სანამ დარბაზში აქოშინებული შევიდოდი.

50-იან და 60-იან წლებში ნიუ-იორკში კრებების რაოდენობა ძალიან გაიზარდა და დაქირავებული სამეფო დარბაზები ამ მზარდ მოთხოვნილებას ვეღარ აკმაყოფილებდა. ასე რომ, 1970—1990 წლებში მანჰეტენზე იყიდეს და შეაკეთეს სამი შენობა, რათა კრების შეხვედრებისთვის შესაფერისი ადგილი ჰქონოდათ. მე სამშენებლო კომიტეტებს ვხელმძღვანელობდი. ამ პროექტებთან ბევრი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს. იეჰოვამ უხვად აკურთხა კრებები, რომლებიც ამ მშენებლობას ფინანსურად უჭერდნენ მხარს და თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან, რის დახმარებითაც შესაძლებელი გახდა სამივე პროექტის დასრულება და ისეთი დარბაზების აშენება, რომლებიც დღემდე ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ცენტრებია.

ცვლილებები ცხოვრებაში

1957 წლის ერთ დღეს, როცა ბეთელში სამუშაოზე პარკის გავლით მივდიოდი, წვიმა წამოვიდა. წინ დავინახე ლამაზი ქერა და, რომელიც ბეთელში ახალი მოსული იყო. მას არ ჰქონდა ქოლგა, ამიტომ შევთავაზე, ჩემი ქოლგისთვის შეეფარებინა თავი. ასე გავიცანი მარჯორი. 1960 წელს დავქორწინდით და მას შემდეგ დარში თუ ავდარში ბედნიერად ვემსახურებით იეჰოვას. 2010 წლის სექტემბერს ქორწინების 50 წლისთავი გადავიხადეთ.

თაფლობის თვიდან დავბრუნდით თუ არა, ძმა ნორმა მითხრა, რომ სკოლა „გალაადის“ ინსტრუქტორად დამნიშნეს. ეს მართლაც დიდი პატივი იყო. 1961—1965 წლებში ჩამოყალიბდა ხუთი კლასი, რომლის მოსწავლეებიც ძირითადად ფილიალის წევრები იყვნენ. ეს შედარებით ხანგრძლივი კურსი დაეხმარებოდა ძმებს, რომ ფილიალისთვის უკეთ გაეწიათ ხელმძღვანელობა. 1965 წლის შემოდგომიდან სკოლაში სწავლის ხანგრძლივობა ისევ 5 თვე გახდა და ის კვლავ მისიონერებს ამზადებდა.

1972 წელს კორესპონდენციის განყოფილების ზედამხედველად დამნიშნეს. სხვადასხვა კითხვაზე პასუხების მისაღებად და პრობლემების მოსაგვარებლად ჩატარებული გამოკვლევები დამეხმარა უკეთ ჩავწვდომოდი ღვთის სიტყვას და დამეფასებინა ჩვენი ღვთის აღმატებული პრინციპები.

1987 წელს ახალ განყოფილებაში, სამედიცინო მომსახურების საინფორმაციო ცენტრში, დამნიშნეს. ვაწყობდით სემინარებს, სადაც საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტებში მომსახურე უხუცესებს ვასწავლიდით, როგორ აეხსნათ ექიმებისთვის, მოსამართლეებისა და სოციალური სფეროს თანამშრომლებისთვის სისხლთან დაკავშირებით ჩვენი ბიბლიური თვალსაზრისი. უდიდეს პრობლემას ის გვიქმნიდა, რომ ექიმები მშობლების დაუკითხავად უსხამდნენ ბავშვებს სისხლს და ხშირად ამის ნებართვა სასამართლოსგან ჰქონდათ აღებული.

როდესაც ექიმებს სისხლის გადასხმის ალტერნატიულ მეთოდებს ვთავაზობდით, ჩვეულებრივ, გვპასუხობდნენ, რომ ასეთ მეთოდებზე ხელი არ მიუწვდებოდათ. ხშირად ქირურგებს, რომლებიც ასე მპასუხობდნენ, ვეუბნებოდი: „გთხოვთ, მაჩვენოთ თქვენი ხელი“. შემდეგ კი ვეუბნებოდი: „აი, ეს არის სისხლის გადასხმის საუკეთესო ალტერნატივა“. ეს კომპლიმენტი მათ შეახსენებდა იმას, რაც ისედაც კარგად იცოდნენ — სკალპელის დახელოვნებულად გამოყენებით შესაძლებელი იყო სისხლის დანაკარგის მინიმუმამდე დაყვანა.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში იეჰოვამ უხვად აკურთხა ექიმებისა და მოსამართლეების ინფორმირებისთვის გაწეული ჩვენი ძალისხმევა. მათი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეიცვალა, როდესაც ჩვენი თვალსაზრისი უკეთ გაიგეს. მათ აღიარეს, რომ სამედიცინო კვლევებმა დაადასტურა სისხლის გადასხმის ალტერნატიული საშუალებების ეფექტურობა. ასე რომ, მრავალი ექიმი და საავადმყოფო მზად იყო თანამშრომლობისთვის.

1996 წლიდან მე და მარჯორი პატერსონში, ბრუკლინის ჩრდილოეთით 110 კილომეტრის მოშორებით მდებარე „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრში ვმსახურობდით. იქ ცოტა ხნით სამსახურებრივ განყოფილებაში ვიმსახურე, შემდეგ კი ვმონაწილეობდი ფილიალის ხელმძღვანელი ძმებისა და მიმომსვლელი ზედამხედველების მომზადებაში. ბოლო 12 წლის განმავლობაში ისევ კორესპონდენციის განყოფილების ზედამხედველად ვმსახურობდი; ეს განყოფილება ბრუკლინიდან პატერსონში გადავიდა.

ასაკთან დაკავშირებული სირთულეები

85 წლის კაცისთვის ბეთელში მსახურება არცთუ ისე ადვილია. 10 წელზე მეტია, კიბოს ვებრძვი. თავს ხიზკიას მსგავსად ვგრძნობ, რომელსაც იეჰოვამ სიცოცხლე გაუხანგრძლივა (ეს. 38:5). ჩემს მეუღლესაც ცუდი ჯანმრთელობა აქვს. მას ალცჰეიმერის დაავადება აწუხებს და ჩვენ ერთად ვუმკლავდებით ამ პრობლემას. მარჯორი ყოველთვის იეჰოვას შესანიშნავი მსახური, ახალგაზრდების კარგი მეგობარი, ჩემი დამხმარე და ერთგული თანამშრომელი იყო. ის ბიბლიის კარგი მკვლევარი და შესანიშნავი მასწავლებელი იყო. მან მრავალი სულიერი შვილი შეიძინა, რომლებთანაც დღემდე გვაქვს ურთიერთობა.

მამიდა მერი 2010 წელს 87 წლის ასაკში მოკვდა. ის ღვთის სიტყვის შესანიშნავი მასწავლებელი იყო და ჭეშმარიტების გაგებაში ბევრს დაეხმარა. მან სრული დროით მსახურებაში მრავალი წელი გაატარა. მამიდას დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ მე ბიბლიის შესახებ ჭეშმარიტება გავიგე და ჩვენი მოსიყვარულე ღვთის, იეჰოვას, მსახური გავხდი, რისთვისაც მისი დიდად მადლიერი ვარ. მერი დაასაფლავეს თავისი მეუღლის გვერდით, რომელიც ისრაელში მისიონერად მსახურობდა. დარწმუნებული ვარ, ისინი იეჰოვას მეხსიერებაში არიან და აღდგომას ელოდებიან.

როცა ვიხსენებ იეჰოვას მსახურებაში გატარებულ 67 წელზე მეტს, გული მადლიერებით მევსება იმ უხვი კურთხევებისთვის, რომლებიც ღვთისგან მივიღე. იეჰოვას მსახურება ყოველთვის უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა! დარწმუნებული ვარ, იეჰოვა კეთილი ღმერთია და მთელი გულით ვიმედოვნებ, რომ მივიღებ მისი ძის დანაპირებს: „ყოველი, ვინც დატოვა სახლები ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ადგილ-მამული ჩემი სახელისთვის, ბევრად მეტს მიიღებს და მარადიულ სიცოცხლეს დაიმკვიდრებს“ (მათ. 19:29).

[სქოლიო]

^ აბზ. 11 გამოცემულია 1942 წელს. ამჟამად აღარ გამოიცემა.

[სურათი 19 გვერდზე]

1928 წელს, პაპაჩემის ფერმაში (ჯორჯია, აშშ)

[სურათი 19 გვერდზე]

მამიდა მერი და ბიძია ტალმაჯი

[სურათი 20 გვერდზე]

მერი, გლედისი და გრეისი

[სურათი 20 გვერდზე]

1944 წლის 14 ივნისს ნათლობის დროს

[სურათი 20 გვერდზე]

ბეთელში, სამსახურებრივ განყოფილებაში

[სურათი 21 გვერდზე]

1958 წელს საერთაშორისო კონგრესზე, იანკის სტადიონზე, მერისთან ერთად

[სურათი 21 გვერდზე]

მე და მარჯორი ქორწილის დღეს

[სურათი 21 გვერდზე]

მარჯორისთან ერთად 2008 წელს