არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ირბინეთ, რომ მოიპოვოთ ის“

„ირბინეთ, რომ მოიპოვოთ ის“

„ირბინეთ, რომ მოიპოვოთ ის“

„ისე ირბინეთ, რომ მოიპოვოთ ის“ (1 კორ. 9:24).

1, 2. ა) რა გამოიყენა პავლემ თანაქრისტიანების გასამხნევებლად? ბ) რისკენ მოუწოდა პავლემ ღვთის მსახურებს?

ებრაელებისთვის მიწერილ წერილში მოციქულმა პავლემ კარგი თვალსაჩინო მაგალითი გამოიყენა თანაქრისტიანების გასამხნევებლად. მან ქრისტიანებს შეახსენა, რომ ისინი სიცოცხლის მოსაპოვებლად მარტო არ გარბოდნენ. მათ გარშემო იყო „მოწმეთა დიდი ღრუბელი“, რომლებმაც წარმატებით გაირბინეს მანძილი. თუ ებრაელ ქრისტიანებს ყოველთვის ეხსომებოდათ მათი ერთგულება და ძალისხმევა, ეს სტიმულს მისცემდა, განეგრძოთ სირბილი და ფინიშამდე მისულიყვნენ.

2 წინა სტატიაში განვიხილეთ „მოწმეთა ღრუბლიდან“ რამდენიმეს ცხოვრება. თითოეულმა მათგანმა ცხადყო, რომ ურყევმა რწმენამ შეაძლებინა ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნება და მანძილის ბოლომდე გარბენა. რის სწავლა შეგვიძლია მათი მაგალითიდან? როგორც წინა სტატიაში იყო აღნიშნული, პავლემ თანაქრისტიანებს, მათ შორის ჩვენც, მოგვიწოდა: „მოვიშოროთ ყველაფერი, რაც გვამძიმებს, და ცოდვა, რომელიც ადვილად გვაქცევს თავის მარწუხებში, მოთმინებით გავირბინოთ ჩვენ წინ მდებარე მანძილი“ (ებრ. 12:1).

3. რის თქმა სურდა პავლეს, როდესაც ბერძნულ თამაშებში მონაწილე მორბენლები მოიხსენია?

3 სპორტული შეჯიბრებების იმ დროს პოპულარულ სახეობასთან, სირბილთან, დაკავშირებით ერთ წიგნში ნათქვამია: „ბერძნები ვარჯიშის თუ შეჯიბრებაში მონაწილეობის დროს სრულიად შიშვლები იყვნენ“ * (Backgrounds of Early Christianity). ასეთ შემთხვევებში მორბენლები იხდიდნენ ყველაფერს, რასაც წონა ჰქონდა ან სირბილს გაურთულებდა. ჩვენთვის ეს შეიძლება სავსებით მიუღებელია და მოკრძალების ნაკლებობაზე მეტყველებს, მაგრამ ისინი ამ ყველაფერს ერთი მიზნით, ჯილდოს მისაღებად, აკეთებდნენ. პავლეს იმის თქმა სურდა, რომ სიცოცხლისთვის რბოლაში ჯილდოს მისაღებად მნიშვნელოვანია, მორბენალმა მოიშოროს ყველაფერი, რაც ხელს უშლის. ეს რჩევა გონივრული იყო იმდროინდელი ქრისტიანებისთვის და ასევეა დღესაც. რა სიმძიმემ ან ტვირთმა შეიძლება შეგვიშალოს ხელი სიცოცხლის ჯილდოს მიღებაში?

„მოვიშოროთ ყველაფერი, რაც გვამძიმებს“

4. რით იყვნენ დაკავებული ადამიანები ნოეს დღეებში?

4 პავლემ თქვა, „მოვიშოროთ ყველაფერი, რაც გვამძიმებს“. ამაში შედის ნებისმიერი რამ, რამაც შეიძლება ხელი შეგვიშალოს, ყურადღება მივაპყროთ და მთელი ძალისხმევა მოვახმაროთ მანძილის გარბენას. რამ შეიძლება „დაგვამძიმოს“? პავლეს მიერ მოხსენიებულ ღვთის ერთგულ მსახურთა შორის ერთ-ერთის, ნოეს, მაგალითი გვახსენებს იესოს სიტყვებს: „როგორც ნოეს დროს იყო, ისევე იქნება კაცის ძის დროსაც“ (ლუკ. 17:26). იესო აქ კაცობრიობის არნახული განადგურების შესახებ კი არ საუბრობდა, არამედ ადამიანების ცხოვრების წესზე (წაიკითხეთ მათეს 24:37—39 ). ნოეს დღეებში მცხოვრებთა უმეტესობა არ ავლენდა ღვთისადმი ინტერესს, რომ აღარაფერი ვთქვათ ღვთისმოსაწონად ცხოვრებაზე. რაზე იყვნენ ისინი კონცენტრირებულნი? განსაკუთრებულზე არაფერზე. ისინი, ჩვეულებრივ, ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ. იესოს სიტყვების თანახმად, პრობლემა ის იყო, რომ მათ „არაფერი ანაღვლებდათ“.

5. რა დაგვეხმარება მანძილის წარმატებით გარბენაში?

5 ნოეს და მისი ოჯახის მსგავსად, ყოველდღიურად ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. აუცილებელია ვიმუშაოთ, რომ ვიზრუნოთ საკუთარ თავსა და ოჯახზე. ამან შეიძლება დიდი დრო და ენერგია წაგვართვას. განსაკუთრებით ეკონომიკური არასტაბილურობის დროს, ადვილია, ყოველდღიურ საჭიროებებზე ფიქრმა გვშთანთქას. ყოველივე ამასთან ერთად, ჩვენ, როგორც მიძღვნილ ქრისტიანებს, თეოკრატიული პასუხისმგებლობებიც გვაკისრია; ვმონაწილეობთ მსახურებაში, ვემზადებით და ვესწრებით ქრისტიანულ შეხვედრებს, პირადი შესწავლითა თუ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საშუალებით ვინარჩუნებთ სულიერ სიმტკიცეს. ნოეც ძალიან დაკავებული იყო ღვთის მსახურებაში, მაგრამ მან ყველაფერი „სწორედ ისე გააკეთა“, როგორც ღმერთმა უთხრა (დაბ. 6:22). ცხადია, აუცილებელი საქმეების მინიმუმადე დაყვანა და ნებისმიერი ზედმეტი ტვირთის მოშორება მნიშვნელოვანია, თუ გვინდა, ქრისტიანული სარბიელი ბოლომდე გავირბინოთ.

6, 7. იესოს რა რჩევა უნდა გვახსოვდეს ყოველთვის?

6 რას გულისხმობდა პავლე, როცა თქვა: „მოვიშოროთ ყველაფერი, რაც გვამძიმებს“? რა თქმა უნდა, შეუძლებელია მოვიხსნათ ჩვენზე დაკისრებული ყველა პასუხისმგებლობა. ამ მხრივ საყურადღებოა იესოს სიტყვები: «ნურასოდეს დაიწყებთ წუხილს და ნუ იტყვით: „რა ვჭამოთ?“ ან: „რა ვსვათ?“ ან: „რა ჩავიცვათ?“ რადგან ყოველივე ამას უცხოტომელები ეძებენ მთელი მონდომებით და თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ყოველივე ეს» (მათ. 6:31, 32). იესოს სიტყვების თანახმად, ჩვეულებრივი ცხოვრებისეული რამ, მაგალითად, საკვები და ჩასაცმელი შეიძლება ტვირთი ან დაბრკოლება გახდეს ჩვენთვის, თუ მათ სათანადო ადგილს არ მივუჩენთ.

7 დაუკვირდით იესოს სიტყვებს: „თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ყოველივე ეს“. ანუ ჩვენი ზეციერი მამა იეჰოვა, თავის მხრივ, იზრუნებს ჩვენს მოთხოვნილებებზე. ცხადია, „ყოველივე ეს“ შეიძლება განსხვავდებოდეს იმისგან, რაც ჩვენ მოგვწონს ან გვსურს. და მაინც, იესო გვეუბნება, რომ გადამეტებულად არ ვიზრუნოთ იმაზე, რასაც „უცხოტომელები ეძებენ“. რატომ? მოგვიანებით იესომ გააფრთხილა თავისი მსმენელები: „დაუკვირდით საკუთარ თავს, რომ გული არ დაგიმძიმდეთ გადამეტებული ჭამა-სმითა და ცხოვრებისეული საზრუნავით და მოულოდნელად არ დაგატყდეთ ის დღე როგორც მახე“ (ლუკ. 21:34, 35).

8. რატომ არის ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, „მოვიშოროთ ყველაფერი, რაც გვამძიმებს“?

8 ფინიშის ხაზი უკვე გამოჩნდა. რა დასანანი იქნებოდა, თუ ზედმეტი ტვირთი ხელს შეგვიშლიდა მანძილის ბოლომდე გარბენაში, როცა ფინიშამდე რამდენიმე ნაბიჯიღაა დარჩენილი! ამიტომ, მოციქულ პავლეს რჩევა მართლაც გონივრულია: „სინამდვილეში კი დიდი მონახვეჭი ის არის, რომ იყო ღვთისადმი ერთგული და იმით კმაყოფილი, რაც გაქვს“ (1 ტიმ. 6:6). თუ გულთან ახლოს მივიტანთ პავლეს სიტყვებს, მეტია იმის შესაძლებლობა, რომ ჯილდო მოვიპოვოთ.

„ცოდვა, რომელიც ადვილად გვაქცევს თავის მარწუხებში“

9, 10. ა) რას ნიშნავს გამოთქმა „ცოდვა, რომელიც ადვილად გვაქცევს თავის მარწუხებში“? ბ) როგორ შეიძლება დავბრკოლდეთ?

9 იმის გარდა, რომ მოვიშოროთ „ყველაფერი, რაც გვამძიმებს“, პავლემ მოიხსენია „ცოდვა, რომელიც ადვილად გვაქცევს თავის მარწუხებში“. რას ნიშნავს ეს? ბერძნული სიტყვა, რომელიც ითარგმნება, როგორც „ადვილად გვაქცევს მარწუხებში“, შეიძლება „დამაბრკოლებლადაც“ ითარგმნოს. ეს სიტყვა ბიბლიაში მხოლოდ ერთხელ, ამ მუხლში, გვხვდება. ბიბლეისტი ალბერტ ბარნზი განმარტავს: „როგორც მორბენალი უნდა ყოფილიყო ფრთხილად, რომ ტანსაცმელი არ შემოხვეოდა ფეხებზე და სირბილში ხელი არ შეეშალა, ასევე უნდა იყოს ქრისტიანიც. მან უნდა მოიშოროს ყველაფერი, რამაც შეიძლება დააბრკოლოს“. როგორ შეიძლება ქრისტიანი დაბრკოლდეს, და შედეგად რწმენა დაუსუსტდეს?

10 ქრისტიანი რწმენას ერთ დღეში არ კარგავს. ეს შეიძლება დროთა განმავლობაში, შეუმჩნევლადაც კი მოხდეს. თავის წერილში მოციქულმა პავლემ ებრაელები გააფრთხილა, რომ გზას არ აცდენილიყვნენ და „ბოროტი და ურწმუნო გული არ განვითარებოდათ“ (ებრ. 2:1; 3:12). როდესაც მორბენალს ტანსაცმელი ფეხებში ებლანდება, წაქცევა თითქმის გარდაუვალია. დაბრკოლების ალბათობა დიდია, თუ მორბენალი უგულებელყოფს საფრთხეს, რომელიც შეიძლება გარკვეულმა ტანსაცმელმა შეუქმნას. რატომ შეიძლება უგულებელყოს მორბენალმა ეს საფრთხე? შესაძლოა დაუდევრობის, ზედმეტი თავდაჯერებულობის ან ყურადღების სხვა რამეზე გადატანის გამო. რა შეგვიძლია ვისწავლოთ პავლეს რჩევიდან?

11. რა შეიძლება რწმენის დაკარგვის მიზეზი გახდეს?

11 ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ რწმენის დაკარგვას იწვევს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამა თუ იმ სახით ჩვენი მოქმედება. ფრაზის, „ცოდვა, რომელიც ადვილად გვაქცევს თავის მარწუხებში“, შესახებ სხვა სწავლულიც საუბრობდა. მან ახსნა, რომ ჩვენზე დიდ გავლენას ახდენს მდგომარეობა, რომელშიც ვიმყოფებით, პირადი სისუსტეები და ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობა გვაქვს. ყოველივე ამის გამო კი შეიძლება ცოდვა ჩვენზე გაბატონდეს და რწმენის განელების ან დაკარგვის მიზეზი გახდეს (მათ. 13:3—9).

12. რა შეხსენებები უნდა მივიტანოთ გულთან ახლოს, რომ რწმენის დაკარგვის საშიშროება ავირიდოთ თავიდან?

12 წლების განმავლობაში ერთგული და გონიერი მონის კლასი გამუდმებით გვახსენებს, რომ ყურადღება მივაქციოთ, რას ვუყურებთ და რას ვუსმენთ, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რით ვკვებავთ გულსა და გონებას. ის აგრეთვე გვაფრთხილებს კიდევ ერთი საშიშროების შესახებ, რომ ფულისა და სიმდიდრისკენ სწრაფვა არ გახდეს ჩვენთვის დამაბრკოლებელი. ჩვენ შეიძლება სწორი გზიდან გადაგვახვევინოს გართობის ინდუსტრიამ ან ტექნოლოგიური სიახლეების უწყვეტმა ნაკადმა. ჩვენი მხრიდან დიდი შეცდომა იქნებოდა, თუ ვიფიქრებდით, რომ ეს რჩევა მეტისმეტად შემზღუდველია ან ის სხვებს ეხება, ჩვენ კი ამ საშიშროებებისგან დაზღვეულნი ვართ. მართლაც რომ კარგად შენიღბული და შეცდომაში შემყვანია სატანის ქვეყნიერების მიერ ამ გზაზე დაგებული ხაფანგები. დაუდევრობამ, ზედმეტად თავდაჯერებულობამ და ყურადღების სხვა რამეზე გადატანამ ზოგიერთი ჩამოაშორა სიცოცხლისთვის რბენას და შეიძლება ჩვენც დაგვაკარგვინოს ამ ჯილდოს მიღების იმედი (1 იოან. 2:15—17).

13. როგორ დავიცვათ თავი საზიანო გავლენისგან?

13 ქვეყნიერება ყოველდღიურად ცდილობს თავს მოგვახვიოს თავისი მიზნები, ფასეულობები და აზროვნება (წაიკითხეთ ეფესოელების 2:1, 2). მიუხედავად ამისა, ის, თუ რამდენად იმოქმედებს ქვეყნიერება ჩვენზე, უმეტესწილად ჩვენზეა დამოკიდებული. „ჰაერი“, რომლის შესახებაც პავლე ლაპარაკობდა, მომაკვდინებელია. ამიტომ გამუდმებით უნდა ვიფხიზლოთ, რათა არ გავიგუდოთ და ფინიშის ხაზის გადაკვეთა შევძლოთ. რა დაგვეხმარება ამაში? იესოს სრულყოფილი მაგალითის მიბაძვა (ებრ. 12:2). მისაბაძ მაგალითს პავლეც გვაძლევს. ის საკუთარ თავს ქრისტიან მორბენლებს შორის მოიხსენიებს და თანაქრისტიანებს მოუწოდებს, მიჰბაძონ მას (1 კორ. 11:1; ფილ. 3:14).

როგორ „მოვიპოვოთ ის“?

14. რა თვალსაზრისი ჰქონდა პავლეს სიცოცხლისთვის რბენაში თავის მონაწილეობაზე?

14 რა თვალსაზრისი ჰქონდა პავლეს სიცოცხლისთვის რბენაში თავის მონაწილეობაზე? ეფესოს უხუცესებისთვის მიწერილ უკანასკნელ სიტყვებში პავლემ დაწერა: „ჩემი სული არ მანაღვლებს, ოღონდ დამასრულებინა ჩემი სარბიელი და უფალ იესოსგან მიღებული მსახურება“ (საქ. 20:24). ის მზად იყო მსხვერპლად გაეღო ყველაფერი, საკუთარი სიცოცხლეც კი, რომ სარბიელი დაესრულებინა. სასიხარულო ცნობის ქადაგებისთვის გამოვლენილ ძალისხმევასა და მძიმე შრომას პავლე ამაოდ თვლიდა, თუ ფინიშამდე ვერ მიაღწევდა. მაგრამ ის არ იყო საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული და არ ფიქრობდა, რომ აუცილებლად გაიმარჯვებდა (წაიკითხეთ ფილიპელების 3:12, 13 ). პავლემ მხოლოდ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე თქვა: „ღირსეულ ბრძოლაში ვიბრძოდი, სარბიელი ბოლომდე გავირბინე და რწმენა შევინარჩუნე“ (2 ტიმ. 4:7).

15. რისკენ მოუწოდა პავლემ მათ, ვინც მასთან ერთად გარბოდა?

15 პავლეს იმის დიდი სურვილიც ჰქონდა, რომ თანაქრისტიანებს სირბილი არ შეეწყვიტათ და ბოლომდე გაერბინათ მანძილი. მაგალითად, ის ფილიპელ ქრისტიანებს მოუწოდებდა, რომ საკუთარი თავის გადასარჩენად ძალ-ღონე არ დაეშურებინათ. ისინი მაგრად უნდა ჩასჭიდებოდნენ სიცოცხლის სიტყვას. შემდეგ პავლემ დასძინა: „რათა ქრისტეს დღეს დიდად გავიხარო, რომ ფუჭად არ მირბენია და ფუჭად არ გავრჯილვარ“ (ფილ. 2:16). კორინთელ ქრისტიანებს მან მსგავსადვე მოუწოდა: „ირბინეთ, რომ მოიპოვოთ ის [ჯილდო]“ (1 კორ. 9:24).

16. რატომ უნდა იყოს ჩვენთვის რეალური მიზანი ანუ ჯილდო?

16 ისეთ გრძელ დისტანციაზე სირბილის დროს, როგორიცაა მარათონი, ფინიშის ხაზი თავიდან არ ჩანს. მიუხედავად ამისა, მორბენალს ყოველთვის ახსოვს მიზანი და, რაც უფრო უახლოვდება მას, მით უფრო უძლიერდება ფინიშის ხაზის გადაკვეთის სურვილი. იმავეს თქმა შეიძლება ქრისტიანულ სარბიელზეც. მიზანი, ანუ ჯილდო, ჩვენთვის რეალური უნდა იყოს. ეს მის მოპოვებაში დაგვეხმარება.

17. როგორ ეხმარება რწმენა ღვთის მსახურებს, ყოველთვის ხედავდნენ ჯილდოს?

17 „რწმენა იმის საფუძვლიანი მოლოდინია, რასაც ვიმედოვნებთ, და აშკარა მტკიცებაა უხილავი სინამდვილისა“, — დაწერა პავლემ (ებრ. 11:1). აბრაამმა და სარამ მზადყოფნით დატოვეს კეთილმოწყობილი ცხოვრება და „უცხონი და დროებით მცხოვრებნი“ გახდნენ სხვა ქვეყანაში. რა დაეხმარა მათ? ისინი „შორიდან ხედავდნენ მას [ღვთის დაპირებების შესრულებას]“. მოსემ უარი თქვა „დროებით ცოდვიან განცხრომასა“ და „ეგვიპტის განძზე“. საიდან ჰქონდა მას რწმენა და იმის ძალა, რომ ასე მოქცეულიყო? ის „ჯილდოს ხედავდა“ (ებრ. 11:8—13, 24—26). გასაგებია, თუ რატომ იწყებს პავლე სიტყვა „რწმენით“ თითოეული მათგანის მოხსენიებას. რწმენამ შეაძლებინა, გადაეტანათ განსაცდელები თუ სირთულეები და დაენახათ, რომ ღმერთი ყოველთვის ეხმარებოდა და მომავალშიც დაეხმარებოდა მათ.

18. რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისათვის, რომ მოვიშოროთ „ცოდვა, რომელიც ადვილად გვაქცევს თავის მარწუხებში“?

18 ებრაელების მე-11 თავში მოხსენიებული ერთგული მამაკაცებისა და ქალების მაგალითზე დაფიქრება და მათი მიბაძვა დაგვეხმარება, განვივითაროთ რწმენა და მოვიშოროთ „ცოდვა, რომელიც ადვილად გვაქცევს თავის მარწუხებში“ (ებრ. 12:1). აგრეთვე უნდა შევიკრიბოთ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ასეთ რწმენას ივითარებენ. ჩვენ „ყურადღებიანები [უნდა] ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის“ (ებრ. 10:24).

19. რატომ არის მნიშვნელოვანი, ყოველთვის ვხედავდეთ ჯილდოს?

19 ჩვენ უკვე მივუახლოვდით დისტანციის დასასრულს და ფინიშის ხაზიც ნათლად ჩანს. რწმენის გამოვლენითა და იეჰოვას დახმარებით ჩვენც შევძლებთ „მოვიშოროთ ყველაფერი, რაც გვამძიმებს, და ცოდვა, რომელიც ადვილად გვაქცევს თავის მარწუხებში“. დიახ, შეგვიძლია ისე ვირბინოთ, რომ მოვიპოვოთ ჯილდო — კურთხევები, რომლებსაც ჩვენი ღმერთი და მამა, იეჰოვა, გვპირდება.

[სქოლიო]

^ აბზ. 3 ძველ დროს მცხოვრები იუდეველებისთვის ეს შეურაცხმყოფელი იყო. აპოკრიფული წიგნის „მეორე მაკაბელთას“ თანახმად, ამან მნიშვნელოვანი უთანხმოება გამოიწვია მაშინ, როდესაც ელინური ჩვევების გასავრცელებლად განდგომილმა მღვდელმთავარმა იასონმა იერუსალიმში გიმნასიონის აშენება გადაწყვიტა (2 მაკაბელთა 4:7—17).

გახსოვთ თუ არა?

• რას ნიშნავს „მოვიშოროთ ყველაფერი, რაც გვამძიმებს“?

• რის გამო შეიძლება ქრისტიანმა დაკარგოს რწმენა?

• რატომ უნდა ვხედავდეთ ყოველთვის ჯილდოს?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 23 გვერდზე]

რა არის „ცოდვა, რომელიც ადვილად გვაქცევს თავის მარწუხებში“ და როგორ შეიძლება ის ჩვენთვის დამაბრკოლებელი გახდეს?