გამარტივებული ინგლისური გამოცემა
გამარტივებული ინგლისური გამოცემა
სიხარულით გაცნობებთ, რომ დაწყებული ამ ნომრიდან, ერთი წლის განმავლობაში საცდელად ყოველთვიურად გამოვა „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო გამოცემა გამარტივებულ ინგლისურ ენაზე. ამ გამოცემაში იქნება სასწავლო სტატიები და ზოგი შერჩეული სტატია სტანდარტული გამოცემიდან. ვფიქრობთ, ეს დააკმაყოფილებს მრავალი იეჰოვას მოწმის სულიერ მოთხოვნილებას. რატომ ვფიქრობთ ასე?
ინგლისური სალაპარაკო ენაა ჩვენი ძმებისთვის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: განა, კენია, ლიბერია, ნიგერია, პაპუა-ახალი გვინეა, სოლომონის კუნძულები და ფიჯი. ამ ქვეყნებში ძმები ადგილობრივ ენებზეც საუბრობენ, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში, კრების შეხვედრებსა თუ მსახურებაში ხშირად ინგლისურად ლაპარაკობენ. აღსანიშნავია, რომ მათი ინგლისური ჩვენს პუბლიკაციებში გამოყენებულ ინგლისურთან შედარებით მარტივია. აგრეთვე ზოგი იეჰოვას მოწმე საცხოვრებლად გადადის ისეთ ქვეყნებში, სადაც ინგლისურ ენაზე უწევთ საუბარი, თუმცა ეს ენა შეიძლება კარგად არ იციან. შესაძლოა, ამ ქვეყნებში მათ მშობლიურ ენაზე კრებებიც არ ტარდება.
სასწავლო სტატიები, რომლებსაც „საგუშაგო კოშკის“ ყოველკვირეულ შესწავლაზე განვიხილავთ, ჩვენთვის დროული სულიერი საზრდოს მიღების ძირითადი საშუალებაა. ამიტომ, ამ მასალიდან რომ ყველამ მიიღოს სრული სარგებლობა, გამოვიდა გამარტივებული ინგლისური გამოცემა, რომელშიც ნაკლები სიტყვათა მარაგი და გამარტივებული გრამატიკაა გამოყენებული. ახალ გამოცემას ექნება განსხვავებული გარეკანი. სასწავლო სტატიების ქვესათაურები, აბზაცები, გასამეორებელი კითხვები და სურათები ერთი და იგივე იქნება გამარტივებულ და სტანდარტულ გამოცემებში. ამგვარად, ყველა შეძლებს ან ერთი, ან მეორე გამოცემის გამოყენებას და „საგუშაგო კოშკის“ შესწავლაში მონაწილეობის მიღებას.
იმედი გვაქვს, რომ ეს ახალი გამოცემა იმ მრავალთა ლოცვაზე პასუხი იქნება, რომლებიც იეჰოვას სთხოვდნენ: „გამჭრიახობა მომეცი, რომ ვისწავლო შენი მცნებები“ (ფსალმ. 119:73). დარწმუნებული ვართ, რომ მათ, ვინც ინგლისური კარგად არ იცის, და აგრეთვე ინგლისურად მოლაპარაკე ბავშვებს გაუადვილდებათ „საგუშაგო კოშკის“ ყოველკვირეული შესწავლისთვის უკეთ მომზადება. ვემადლიერებით იეჰოვას, რომ უყვარს „მთელი საძმო“ და ერთგული და გონიერი მონის მეშვეობით უხვად გვაწვდის დროულ სულიერ საზრდოს (1 პეტ. 2:17; მათ. 24:45).
იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო