არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საუკეთესო გაიღეთ იეჰოვასთვის, სანამ დაუქორწინებელი ხართ!

საუკეთესო გაიღეთ იეჰოვასთვის, სანამ დაუქორწინებელი ხართ!

საუკეთესო გაიღეთ იეჰოვასთვის, სანამ დაუქორწინებელი ხართ!

„ვისაც შეუძლია შეთვისება, შეითვისოს“ (მათ. 19:12).

1, 2. ა) რა შეხედულება ჰქონდათ იესოს, პავლესა და ღვთის სხვა მსახურებს დაუქორწინებლობაზე? ბ) რა მიზეზების გამო შეიძლება ითქვას, რომ ზოგისთვის დაუქორწინებლობა არ არის ძღვენი?

ქორწინება, უდავოდ, ღვთისგან ბოძებული ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ძღვენია (იგავ. 19:14). დღეს ბევრი ქრისტიანი დაუქორწინებელია, მაგრამ ამის მიუხედავად, მათი ცხოვრება არ არის აზრს მოკლებული და უხალისო. ჰაროლდი, 95 წლის ძმა, რომელიც არასდროს ყოფილა დაქორწინებული, ამბობს: „ძალიან მიყვარს სხვებთან ურთიერთობა, სტუმრებსაც ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვიღებ, მაგრამ როცა მარტო ვრჩები, თავს არასდროს ვგრძნობ მარტოსულად. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დაუქორწინებლობა ჩემთვის ნამდვილად ძღვენია“.

2 იესო ქრისტე და მოციქული პავლე დაქორწინებასაც და დაუქორწინებლობასაც ღვთის ძღვნად მოიხსენიებდნენ (წაიკითხეთ მათეს 19:11, 12; 1 კორინთელების 7:7 ). უნდა აღინიშნოს, რომ ყველას, ვინც დღეს დაუქორწინებელია, თავად არ აურჩევია დაუქორწინებლად დარჩენა. ზოგს თავისი შესაფერისი ცხოვრების თანამგზავრის პოვნა გაუჭირდა. ზოგს კი დაქორწინებიდან წლების გასვლის შემდეგ ხელიდან გამოეცალა საყვარელი მეუღლე ან მათი ქორწინება გაყრით დამთავრდა. მაშ, რატომ შეიძლება ითქვას, რომ დაუქორწინებლობა ღვთის ძღვენია? როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს, საუკეთესო გაიღონ იეჰოვასთვის, სანამ დაუქორწინებლები არიან?

განსაკუთრებული ძღვენი

3. რისი შესაძლებლობა აქვთ დაუქორწინებელ ქრისტიანებს?

3 დაუქორწინებლებს უფრო მეტი დრო და თავისუფლება აქვთ, ვიდრე დაქორწინებულებს (1 კორ. 7:32—35). დაუქორწინებელ ქრისტიანებს განსაკუთრებული შესაძლებლობა აქვთ, რომ მსახურების არაერთ სფეროში მიიღონ მონაწილეობა, გაფართოვდნენ სიყვარულში და უფრო დაუახლოვდნენ იეჰოვას. ამიტომ, ზოგი ქრისტიანი გონივრულად იყენებს დაუქორწინებლობის პერიოდს და ცდილობს, გარკვეული დროის მანძილზე მაინც შეითვისოს ეს ძღვენი. ზოგს შეიძლება თავიდანვე არ ჰქონდა გადაწყვეტილი დაუქორწინებლად დარჩენა, მაგრამ რადგან სხვადასხვა მიზეზის გამო დღეს მეუღლე არ ჰყავთ, დახმარებისთვის ღმერთს მიმართეს, რომ შეგუებოდნენ თავიანთ მდგომარეობას. მათ ყველაფერი კარგად გააცნობიერეს და შეითვისეს დაუქორწინებლობის ძღვენი (1 კორ. 7:37, 38).

4. რატომ უნდა მიიჩნევდნენ დაუქორწინებლები თავს ღვთის მსახურების ღირსად?

4 დაუქორწინებელმა ქრისტიანებმა იციან, რომ აუცილებელი არ არის დაქორწინება, იეჰოვას ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრები რომ იყვნენ. ღმერთს თითოეული ჩვენგანი უყვარს (მათ. 10:29—31). ვერავინ და ვერაფერი ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს (რომ. 8:38, 39). დაქორწინებულები ვართ თუ დაუქორწინებლები, ყველამ უნდა ჩავთვალოთ თავი ღვთის მსახურების ღირსად.

5. რა არის საჭირო იმისათვის, რომ ქრისტიანებმა შეძლონ დაუქორწინებლობის ძღვნის შეთვისება?

5 შესაძლოა გქონდეს მუსიკალური ნიჭი ან კარგი სპორტული მონაცემები, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწევ, თუ არ გამოიყენებ და არ დახვეწ ამ ნიჭს. ასევეა მათ შემთხვევაშიც, ვინც დაუქორწინებელია. თუ გვინდა, რომ ეს ძღვენი ჩვენც შევითვისოთ, საუკეთესოდ უნდა გამოვიყენოთ დაუქორწინებლობის პერიოდი. როგორ შეუძლიათ, საუკეთესო გაიღონ იეჰოვასთვის ახალგაზრდა თუ უფროსი ასაკის ქრისტიანმა და-ძმებმა, რომელთაც არ ჰყავთ მეუღლე, იმის მიუხედავად საკუთარი სურვილით არჩიეს დაუქორწინებლობა თუ მდგომარეობამ აიძულათ? დავფიქრდეთ პირველი საუკუნის ზოგი ქრისტიანის მაგალითზე და ვნახოთ, რისი სწავლა შეგვიძლია ამ ქრისტიანებისგან.

დაუქორწინებლები ახალგაზრდულ წლებში

6, 7. ა) რა პატივი ხვდათ წილად ფილიპეს ქალიშვილებს? ბ) როგორ იყენებდა ტიმოთე საუკეთესოდ დაუქორწინებლობის პერიოდს, და რა კურთხევები მოუტანა მას ახალგაზრდობაში გაკეთებულმა არჩევანმა?

6 მახარობელ ფილიპეს ოთხი ასული ჰყავდა, რომლებიც მამის მსგავსად გულმოდგინედ ქადაგებდნენ (საქ. 21:8, 9). ფილიპეს ქალიშვილებს ჰქონდათ წინასწარმეტყველების სასწაულებრივი უნარი, რომელიც წმინდა სულის ძღვენი იყო. ისინი იყვნენ მათგან ზოგიერთი, რომლებზეც იოელის 2:28, 29-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება შესრულდა.

7 ახალგაზრდა ტიმოთე საუკეთესოდ იყენებდა დაუქორწინებლობის პერიოდს. მან თავისი დედის, ევნიკესა და ბებიის, ლოისის წყალობით ჩვილობიდანვე იცოდა „წმინდა წერილები“ (2 ტიმ. 1:5; 3:14, 15). ისინი, როგორც ჩანს, მას შემდეგ გახდნენ ქრისტიანები, რაც პავლემ დაახლოებით ახ. წ. 47 წელს პირველად მოინახულა ლისტრა, მათი მშობლიური ქალაქი. ორი წლის შემდეგ, როცა პავლე მეორედ ჩავიდა ამ ქალაქში, ტიმოთე დაახლოებით 20 წლის იყო. იმის მიუხედავად, რომ ასაკითაც პატარა იყო და რწმენაც ახალი მიღებული ჰქონდა, ლისტრელი და იკონიონელი უხუცესები „მას დადებითად ახასიათებდნენ“ (საქ. 16:1, 2). ამიტომ, პავლემ ტიმოთეს შესთავაზა, მასთან ერთად წასულიყო მისიონერულ მოგზაურობაში (1 ტიმ. 1:18; 4:14). დანამდვილებით ვერ ვიტყვით, დაქორწინდა თუ არა ტიმოთე, მაგრამ ერთი რამ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ის სიხარულით გაჰყვა პავლეს მისიონერულ მოგზაურობაში; იგი წლების მანძილზე დაუქორწინებელი იყო და მისიონერად და ზედამხედველად მსახურობდა (ფილ. 2:20—22).

8. რა დაეხმარა მარკოზად წოდებულ იოანეს, ესწრაფა სულიერი მიზნებისკენ, და რა კურთხევები მიიღო მან?

8 მარკოზად წოდებული იოანეც, რომელიც დაუქორწინებელი იყო, ახალგაზრდულ წლებს საუკეთესოდ იყენებდა. ის და დედამისი, მარიამი, აგრეთვე მარკოზის ბიძაშვილი ბარნაბა იერუსალიმის კრების ერთ-ერთი პირველი წევრები იყვნენ. მარკოზის ოჯახი საკმაოდ შეძლებული იყო, რადგან ქალაქში საკუთარი სახლი ჰქონდათ და მსახურიც ჰყავდათ (საქ. 12:12, 13). მიუხედავად ამისა, მარკოზი ახალგაზრდობაშიც კი არ იყო საკუთარ სურვილებს აყოლილი. იგი არც იმას ცდილობდა, რომ ერთ ადგილას დამკვიდრებულიყო და არც ოჯახურ სიმყუდროვეს ეძებდა. მოციქულებთან ურთიერთობამ, როგორც ჩანს, მას მისიონერული მსახურების სურვილი გაუღვივა. მარკოზი სიხარულით შეუერთდა პავლესა და ბარნაბას პირველი მისიონერული მოგზაურობის დროს და მათი დამხმარე გახდა (საქ. 13:5). მოგვიანებით, ის ბარნაბასთან ერთად წავიდა, შემდეგ კი ბაბილონში პეტრესთან ერთად მსახურობდა (საქ. 15:39; 1 პეტ. 5:13). ჩვენ არ ვიცით, რამდენი ხანი იყო მარკოზი დაუქორწინებელი, მაგრამ მან ღვთის გულმოდგინე მსახურის სახელი დაიმკვიდრა; იგი სიხარულით ემსახურებოდა სხვებს და ყოველთვის მზად იყო, ბოლომდე დახარჯულიყო ღვთის საქმეში.

9, 10. როგორ შეუძლიათ დღეს დაუქორწინებელ ქრისტიანებს, გააფართოონ მსახურება? მოიყვანეთ მაგალითი.

9 ბევრი დაუქორწინებელი ქრისტიანი დღესაც საუკეთესოდ იყენებს ახალგაზრდულ წლებს და სიხარულით მონაწილეობს ღვთის მსახურებაში. მარკოზისა და ტიმოთეს მსგავსად, მათ ესმით, რომ დაუქორწინებლობა საშუალებას აძლევთ, ‘განუწყვეტლივ ემსახურონ უფალს მოუცდენლად’ (1 კორ. 7:35). ეს მართლაც დიდი უპირატესობაა! დაუქორწინებლებს შესაძლებლობა აქვთ, უამრავი სახით ემსახურონ იეჰოვას — მათ შეუძლიათ გახდნენ პიონერები, იმსახურონ იქ, სადაც მაუწყებლების დიდი საჭიროებაა, მსახურების გაფართოების მიზნით დაეუფლონ უცხო ენას, მონაწილეობა მიიღონ სამეფო დარბაზებისა თუ ფილიალების მშენებლობაში, გაიარონ მსახურებაში დახელოვნების სკოლა და იმსახურონ ბეთელში. შეგიძლია საუკეთესო გაიღო იეჰოვასთვის და შენი შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთო, თუ ჯერ კიდევ ახალგაზრდა და დაუქორწინებელი ხარ?

10 ერთმა ძმამ, სახელად მარკმა, რომელმაც მოზარდობის წლებში დაიწყო პიონერობა, მსახურებაში დახელოვნების სკოლა გაიარა და წლების მანძილზე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა პასუხისმგებლობას ასრულებდა. მარკი უკვე 25 წელია სრული დროით მსახურობს. იგი წარსულს იხსენებს და ამბობს: „ვცდილობდი, ყოველთვის გამემხნევებინა კრებაში და-ძმები, მათთან ერთად მემსახურა, სამწყემსო მონახულებები გამეკეთებინა, სადილზე მომეპატიჟებინა ისინი და სულიერი გამხნევების მიზნით მეგობრული შეხვედრები მომეწყო. სწორედ ეს მანიჭებს სიხარულს“. როგორც მარკის სიტყვებიდან გამოჩნდა, ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიხარული გაცემას მოაქვს; როცა მთელ ცხოვრებას წმინდა მსახურებას უძღვნი, გაცემის არაერთი შესაძლებლობა გეძლევა (საქ. 20:35). თუ ახალგაზრდა ხარ, რა ინტერესი, ნიჭი ან ცხოვრებისეული გამოცდილებაც უნდა გქონდეს, გახსოვდეს, რომ უფლის საქმეში ბევრია გასაკეთებელი (1 კორ. 15:58).

11. რატომ არის კარგი, თუ ახალგაზრდები არ იჩქარებენ დაქორწინებას?

11 ახალგაზრდების უმეტესობას აქვს დაქორწინების სურვილი, მაგრამ გონივრულია, თუ არ იჩქარებენ და დაფიქრდებიან იმ მიზეზებზე, რის გამოც არ ღირს ამ ნაბიჯის ნაადრევად გადადგმა. პავლე მოუწოდებდა ახალგაზრდებს, რომ იქამდე მაინც არ დაქორწინებულიყვნენ, სანამ „ახალგაზრდული ვნებები“ არ დაუცხრებოდათ (1 კორ. 7:36). ცხოვრებისეული გამოცდილების შესაძენად დროა საჭირო, რაც დაგეხმარება შესაფერისი მეუღლის არჩევაში. საქორწინო აღთქმის დადება სერიოზული გადაწყვეტილებაა. ვისთანაც აღთქმას დებ, მას მთელ შენს დარჩენილ ცხოვრებას უკავშირებ (ეკლ. 5:2—5).

უფროსი ასაკის დაუქორწინებელი ქრისტიანები

12. ა) როგორ გადაიტანა ანამ ქმრის დაკარგვა? ბ) რა პატივი ხვდა მას წილად?

12 ლუკას სახარებაში მოხსენიებული ანა გათხოვებიდან შვიდ წელიწადში დაქვრივდა. მან, ალბათ, ძალიან განიცადა, როცა საყვარელი მეუღლე მოულოდნელად გამოეცალა ხელიდან. ჩვენ არ ვიცით, ჰყავდა თუ არა მას შვილები ან ოდესმე თუ უფიქრია ხელმეორედ დაქორწინებაზე, მაგრამ ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ანა 84 წლის ასაკშიც ქვრივი იყო. ბიბლიური მონათხრობიდან ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ანა სასოწარკვეთილებას კი არ მიეცა, არამედ კიდევ უფრო დაუახლოვდა იეჰოვას. იგი „ტაძარს არ შორდებოდა და დღედაღამ მარხვითა და ვედრებით ასრულებდა წმინდა მსახურებას“ (ლუკა 2:36, 37). როგორც ვხედავთ, ანასთვის ყველაზე მთავარი იეჰოვას ნების შესრულება იყო. ეს მისი მხრიდან მსხვერპლსა და შემართებას მოითხოვდა, რისთვისაც ღმერთმა უხვად აკურთხა. მას ჰქონდა პატივი, საკუთარი თვალით ენახა პატარა იესო. ანა ყველას ესაუბრებოდა მესიაზე, რომელიც ხსნას მოუტანდა ისრაელს (ლუკა 2:38).

13. ა) რა მეტყველებს იმაზე, რომ ტაბითა ხელგაშლილი იყო? ბ) როგორ აკურთხა ღმერთმა ტაბითა ხელგაშლილობისთვის?

13 ქრისტიანი ქალი, სახელად ტაბითა, რაც ქურციკად ითარგმნება, იერუსალიმიდან ჩრდილო-დასავლეთით უძველეს საპორტო ქალაქ იოპეში ცხოვრობდა. ბიბლიაში არაფერია ნათქვამი, ჰყავდა თუ არა მას ქმარი. როგორც ჩანს, ის იმ დროისთვის დაუქორწინებელი იყო. ტაბითა „მოწყალებას უხვად გასცემდა“. ის, ტანსაცმელს უკერავდა ქვრივებს თუ სხვებს და ასეთი ხელგაშლილობის გამო ყველას ძალიან უყვარდა. როცა ის მოულოდნელად ავად გახდა და მოკვდა, მთელმა კრებამ პეტრეს მოუხმო, რომ მკვდრეთით აღედგინა მათი საყვარელი ქურციკი. მისი აღდგომის ამბავი მალე მთელ იოპეს მოედო და ბევრი მორწმუნე გახდა (საქ. 9:36—42). შესაძლოა ტაბითას სიკვდილამდე ზოგი მათგანისთვისაც ჰქონდა გაკეთებული სიკეთე.

14. რატომ ენდობიან იეჰოვას უფრო მეტად დაუქორწინებლები?

14 ანასა და ტაბითას მსგავსად, ბევრი უფროსი ასაკის ქრისტიანს არ ჰყავს მეუღლე. ზოგმა თავისი შესაფერისი თანამგზავრი ვერ იპოვა, ზოგიც გასცილდა მეუღლეს ან დაქვრივდა. რადგან მათ არ ჰყავთ გვერდით მეუღლე, რომელიც მხარს დაუჭერდათ, ისინი იეჰოვაზე ბოლომდე მინდობას სწავლობენ (იგავ. 16:3). დაუქორწინებელმა დამ სილვიამ, რომელიც 38 წელზე მეტია ბეთელში მსახურობს, იეჰოვაზე მინდობა ისწავლა და დღეს ძალიან ბედნიერია. ის გულწრფელად ამბობს: «ყოველთვის არაა ადვილი, შეინარჩუნო შინაგანი სიმტკიცე. ხანდახან ვეკითხები საკუთარ თავს: „მე ვინ გამამხნევებს?“». შემდეგ დასძენს: „იეჰოვამ უკეთ იცის, თუ რა მჭირდება; ღმერთზე მინდობა უფრო მაახლოებს მასთან. ყოველთვის ვგრძნობ მის მზრუნველობას. ზოგჯერ იეჰოვასგან ისეთ მომენტში ვგრძნობ მხარდაჭერას, როცა ამას საერთოდ არ ველი“. როდესაც ვუახლოვდებით იეჰოვას, ის ყოველთვის სათუთად ზრუნავს ჩვენზე და გვარწმუნებს თავის სიყვარულში.

15. როგორ შეუძლიათ დაუქორწინებელ ქრისტიანებს, ‘გაფართოვდნენ სიყვარულში’?

15 დაუქორწინებლებს განსაკუთრებული შესაძლებლობა აქვთ, რომ გაფართოვდნენ სიყვარულში (წაიკითხეთ 2 კორინთელების 6:11—13 ). დაუქორწინებელი და ჯოლინი, რომელიც 34 წელია სრული დროით მსახურობს, ამბობს: „ვცდილობ, მეგობრული ურთიერთობა განვავითარო არა მხოლოდ ჩემი ასაკის და-ძმებთან, არამედ ნებისმიერი ასაკის ქრისტიანთან. დაუქორწინებლობა შესაძლებლობას მაძლევს, ვემსახურო იეჰოვას, დრო დავუთმო ჩემს ოჯახს, და-ძმებსა თუ მეზობლებს. რაც უფრო ასაკში შევდივარ, მით უფრო ვაცნობიერებ, რა ბედნიერებაა, რომ დაუქორწინებელი ვარ!“ ხანდაზმულები, ინვალიდები, მარტოხელა მშობლები, ახალგაზრდები თუ სხვა და-ძმები კრებაში ნამდვილად აფასებენ დაუქორწინებელი ქრისტიანების ყურადღებასა და სიკეთეს. როცა სხვების მიმართ ვავლენთ სიყვარულს, ეს ჩვენვე გვანიჭებს სიამოვნებას. შენც შეგიძლია გაფართოვდე სიყვარულში?

მთელი ცხოვრების მანძილზე დაუქორწინებლები

16. ა) რატომ არ დაქორწინდა იესო? ბ) როგორ გამოიყენა პავლემ საუკეთესოდ დაუქორწინებლობის პერიოდი?

16 იესო არ დაქორწინებულა; მას მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა შესასრულებელი. იგი დაუღალავად მსახურობდა, არაერთ კილომეტრს გადიოდა და სისხამ დილიდან გვიან ღამემდე ქადაგებდა. ბოლოს საკუთარი სიცოცხლეც კი გაიღო მსხვერპლად. სწორედ დაუქორწინებლობის წყალობით შეძლო მან, რომ თავისი მისია ბოლომდე შეესრულებინა. პავლე მოციქული მსახურების დროს ათასობით კილომეტრს გადიოდა და არაერთ გასაჭირს ხვდებოდა (2 კორ. 11:23—27). შეიძლება ადრე პავლე დაქორწინებული იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოციქული გახდა, დაუქორწინებლობა არჩია (1 კორ. 7:7; 9:5). იესოსთვის და პავლესთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო მსახურება, რომ სხვებსაც მოუწოდებდნენ, შეძლებისდაგვარად მიებაძათ მათთვის. თუმცა არც ერთი მათგანი არ ამბობდა, რომ ღვთის მსახურებს დაუქორწინებლად დარჩენა მოეთხოვებოდათ (1 ტიმ. 4:1—3).

17. როგორ შეუძლიათ დღეს ქრისტიანებს, მიჰყვნენ იესოსა და პავლეს ნაკვალევს, და რატომ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვა აფასებს ყველას, ვინც მისი მსახურებისთვის უანგარო მსხვერპლს იღებს?

17 ზოგი დღესაც, იეჰოვასთვის რომ უფრო მეტი გააკეთოს, შეგნებულად არჩევს, არ დაქორწინდეს. ზემოხსენებული ჰაროლდი, რომელიც 56 წელზე მეტია ბეთელში მსახურობს, ამბობს: „ბეთელში ათი წლის მსახურების შემდეგ შევნიშნე, რომ ბევრ დაქორწინებულ წყვილს ბეთელის დატოვება მოუწია იმის გამო, რომ ჯანმრთელობა შეერყათ ან ხანდაზმულ მშობლებზე უნდა ეზრუნათ. მე მშობლები უკვე აღარ მყავდნენ ცოცხლები. იმდენად შემიყვარდა ბეთელი, რომ არ მინდოდა, დაქორწინების გამო შევლეოდი ამ განსაკუთრებულ მსახურებას“. წლების წინ ერთმა დიდი ხნის პიონერმა, სახელად მარგარეტმა, მსგავსი აზრი გამოთქვა: „არაერთხელ უთხოვიათ ჩემთვის ხელი, მაგრამ იმხელა სიხარულს მანიჭებდა სრული დროით მსახურება, რომ სერიოზულად არასდროს მიფიქრია დაქორწინებაზე. სწორედ დაუქორწინებლობის წყალობით შევძელი მთელი ჩემი დრო მსახურებისთვის მიმეძღვნა, რის გამოც უსაზღვროდ ბედნიერი ვარ“. იეჰოვა არასდროს დაივიწყებს მათ, ვინც ასეთ უანგარო მსხვერპლს იღებს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის (წაიკითხეთ ესაიას 56:4, 5 ).

საუკეთესოდ გამოიყენეთ დაუქორწინებლობის პერიოდი

18. როგორ შეუძლიათ სხვებს, გაამხნევონ დაუქორწინებელი ქრისტიანები და მხარი დაუჭირონ მათ?

18 ყველა დაუქორწინებელი ქრისტიანი, რომლებიც საუკეთესოს იღებენ იეჰოვასთვის, გულწრფელ შექებას იმსახურებს. არ უნდა დავიშუროთ მათთვის გამამხნევებელი სიტყვები. ჩვენ გვიყვარს თითოეული მათგანი და ვაფასებთ მათ ქრისტიანულ კრების საქმიანობაში შეტანილი დიდი წვლილის გამო. ისინი არასდროს იგრძნობენ თავს მარტოდ, თუ ჩვენ ვიქნებით მათი ნამდვილი სულიერი ‘ძმები, დები, დედები და შვილები’ (წაიკითხეთ მარკოზის 10:28—30 ).

19. რა უნდა გააკეთოთ, რომ საუკეთესოდ გამოიყენოთ დაუქორწინებლობის პერიოდი?

19 ამ სტატიაში განხილულმა ბიბლიურმა თუ თანამედროვე მაგალითებმა დაე, დაგარწმუნოთ იმაში, რომ თქვენც შეგიძლიათ ბედნიერი და აზრით სავსე ცხოვრება გქონდეთ იმის მიუხედავად, საკუთარი სურვილით არჩიეთ დაუქორწინებლობა თუ მდგომარეობამ გაიძულათ! ზოგი საჩუქრის ფასს ჩუქებისთანავე იგებს, ზოგს კი მის დასაფასებლად დრო სჭირდება. მსგავსად ამისა, დაუქორწინებლობა ზოგისთვის შეიძლება თავიდანვე ძღვენი იყოს, ზოგს კი დრო დასჭირდეს ამ ძღვნის დასაფასებლად. ყველაფერი ჩვენს განწყობაზეა დამოკიდებული. რა უნდა გააკეთოთ, რომ საუკეთესოდ გამოიყენოთ დაუქორწინებლობის პერიოდი? დაუახლოვდით იეჰოვას, ბოლომდე დაიხარჯეთ მისთვის და გაფართოვდით სიყვარულში. როგორც ქორწინება, ისე დაუქორწინებლობა ჩვენთვის ძღვენი გახდება, თუ მას ღვთის თვალსაზრისით შევხედავთ და საუკეთესოდ გამოვიყენებთ.

გახსოვთ?

• რატომ შეიძლება ითქვას, რომ დაუქორწინებლობა ძღვენია?

• როგორ შეიძლება დაუქორწინებლობა კურთხევად გექცეთ ახალგაზრდულ წლებში?

• რატომ შეუძლიათ დაუქორწინებელ ქრისტიანებს, უფრო მეტად დაუახლოვდნენ ღმერთს და გაფართოვდნენ სიყვარულში?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 18 გვერდზე]

შეგიძლია საუკეთესო გაიღო იეჰოვასთვის და შენი შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთო?