არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„აი ახლაა ყველაზე სასურველი დრო“

„აი ახლაა ყველაზე სასურველი დრო“

„აი ახლაა ყველაზე სასურველი დრო“

„აი ახლაა ყველაზე სასურველი დრო. აი ახლაა ხსნის დღე“ (2 კორ. 6:2).

1. რატომ უნდა დავადგინოთ, რა არის ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი?

„ყველაფერს თავისი დრო აქვს, ყველა საქმეს აქვს თავისი დრო ცისქვეშეთში“ (ეკლ. 3:1). სოლომონმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აუცილებელია გვესმოდეს, როდის არის საუკეთესო დრო ნებისმიერი რამის გასაკეთებლად, იქნება ეს მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, მოგზაურობა, ბიზნესი თუ სხვებთან ურთიერთობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა შეგვეძლოს განვსაზღვროთ, რა არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა დავადგინოთ, ჩვენს ცხოვრებაში რა უფრო პრიორიტეტულია.

2. როგორ ცხადყოფს იესოს მსახურება, რომ მას კარგად ესმოდა, რა პერიოდში ცხოვრობდა?

2 იესოს დედამიწაზე მსახურებისას კარგად ესმოდა, რა პერიოდში ცხოვრობდა და რა უნდა ეკეთებინა. მას გააზრებული ჰქონდა, რა უნდა დაეყენებინა პირველ ადგილზე. იესომ იცოდა, რომ მესიის შესახებ საუკუნეების წინათ ღვთის სიტყვაში ჩაწერილი მრავალი წინასწარმეტყველება სწორედ დედამიწაზე მისი მსახურების პერიოდში უნდა შესრულებულიყო (1 პეტ. 1:11; გამოცხ. 19:10). მას ჯერ კიდევ ბევრი უნდა გაეკეთებინა, რათა ყველასთვის ცხადი გამხდარიყო, რომ ის აღთქმული მესია იყო. იესოს ღვთის სამეფოს შესახებ საფუძვლიანად უნდა დაემოწმებინა და შეეკრიბა ისინი, ვინც მისი თანამმართველები იქნებოდნენ ღვთის სამეფოში. მას უნდა ჩამოეყალიბებინა ქრისტიანული კრება, რომლის მეშვეობითაც დედამიწის კიდით კიდემდე ხელმძღვანელობა გაეწეოდა სამქადაგებლო საქმიანობას და მოწაფეების მომზადების საქმეს (მარ. 1:15).

3. რის ცოდნამ აღძრა იესო მოქმედებისკენ?

3 როგორც დავინახეთ, იესოს ესმოდა, რა დროში ცხოვრობდა. ამის ცოდნამ ის აღძრა, რომ მასზე მინდობილი საქმის მოშურნე ყოფილიყო და საკუთარი თავი იეჰოვას ნების შესრულებისთვის მიეძღვნა. იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „სამკალი მართლაც ბევრია, მუშები კი ცოტანი არიან. ამიტომ ევედრეთ სამკლის ბატონს, მუშები გამოგზავნოს თავის სამკალში“ (ლუკ. 10:2; მალ. 4:5, 6). მან ჯერ 12, შემდეგ კი 70 მოწაფე ამოარჩია და სასიხარულო ცნობის ქადაგება დაავალა. მათ უნდა ექადაგათ, რომ „მოახლოვდა ზეციერი სამეფო“. თავად იესოს შესახებ კი ვკითხულობთ: „როცა [მან] დაამთავრა თავისი თორმეტი მოწაფის დარიგება, იქიდან მათ ქალაქებში წავიდა, რომ ესწავლებინა და ექადაგა“ (მათ. 10:5—7; 11:1; ლუკ. 10:1).

4. როგორ ჰბაძავდა პავლე იესო ქრისტეს?

4 იესომ თავის მიმდევრებს მოშურნეობისა და ერთგულების სრულყოფილი მაგალითი მისცა. სწორედ ეს იგულისხმა პავლე მოციქულმა, როცა თანამორწმუნეებს მოუწოდა: „მომბაძეთ მე, როგორც მე — ქრისტეს“ (1 კორ. 11:1). როგორ ჰბაძავდა პავლე იესო ქრისტეს? იგი ძალას არ ზოგავდა და სასიხარულო ცნობას გულმოდგინედ ქადაგებდა. კრებებისთვის მიწერილ პავლეს წერილებში ვკითხულობთ: „საქმეში ნუ იზოზინებთ“, „ემსახურეთ იეჰოვას, როგორც მისმა მონებმა“, „ყოველთვის ბევრი იშრომეთ უფლის საქმეში“ და „რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სულითა და გულით აკეთეთ, როგორც იეჰოვასთვის“ (რომ. 12:11; 1 კორ. 15:58; კოლ. 3:23). პავლეს არასოდეს დაავიწყდებოდა, როგორ გამოეცხადა იესო ქრისტე დამასკოს გზაზე და რა სიტყვები უთხრა მოწაფე ანანიას პირით: „ეს კაცი ჩემი რჩეული ჭურჭელია, რათა ჩემი სახელი გაუცხადოს უცხოტომელებს, მეფეებსა და ისრაელის ძეებს“ (საქ. 9:15; რომ. 1:1, 5; გალ. 1:16).

„ყველაზე სასურველი დრო“

5. რა აღძრავდა პავლეს, რომ მსახურების დროს მოშურნეობა გამოევლინა?

5 წიგნ „საქმეების“ კითხვისას თქვენს ყურადღებას უეჭველად მიიქცევდა პავლეს გაბედულება და მოშურნეობა, რომელსაც მსახურების დროს ავლენდა (საქ. 13:9, 10; 17:16, 17; 18:5). პავლეს კარგად ჰქონდა გააზრებული, რა დროში ცხოვრობდა. მან თქვა: „აი ახლაა ყველაზე სასურველი დრო. აი ახლაა ხსნის დღე“ (2 კორ. 6:2). ძვ. წ. 537 წელს ბაბილონში გადასახლებულთათვის სამშობლოში დასაბრუნებლად სასურველი დრო დადგა (ეს. 49:8, 9). კონტექსტიდან ვიგებთ, რას გულისხმობდა პავლე ზემოთ მოყვანილ მუხლში.

6, 7. რა პატივი ხვდათ წილად ცხებულ ქრისტიანებს, როგორც წარსულში, ისე დღეს, და ვინ თანამშრომლობს დღეს ცხებულებთან?

6 ცოტა ხნით ადრე თავის წერილში პავლე მოციქულმა აღნიშნა, რომ მას და მის თანამსახურ ცხებულ ქრისტიანებს წილად ხვდათ დიდი პატივი (წაიკითხეთ 2 კორინთელების 5:18—20). მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ისინი ღმერთმა აირჩია განსაკუთრებული მიზნისთვის — ‘მისცა შერიგების მსახურება’, რათა ეთხოვათ ხალხისთვის ‘შერიგებოდნენ ღმერთს’. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უნდა აღედგინათ ღმერთთან მეგობრობა და კვლავ კარგი ურთიერთობა ჰქონოდათ მასთან.

7 მას შემდეგ, რაც ედემის ბაღში პირველი წყვილი ღმერთს ეურჩა, ადამიანებმა ზურგი აქციეს იეჰოვას და მისგან გაუცხოებულები არიან (რომ. 3:10, 23). ამის გამო კაცობრიობა სულიერ სიბნელეშია, რასაც ტანჯვა და სიკვდილი სდევს თან. „ვიცით, რომ მთელი ქმნილება დღემდე ოხრავს და იტანჯება“, — დაწერა პავლემ (რომ. 8:22). მაგრამ ის, რასაც ღმერთი ჩვენთვის აკეთებს, იმაზე მოწმობს, რომ იგი გვთხოვს, დავუბრუნდეთ და შევურიგდეთ მას. სწორედ ეს იყო „შერიგების მსახურება“, რომელიც პავლესა და მის თანამსახურ ცხებულ ქრისტიანებს მიენდოთ. ეს „სასურველი დრო“ „ხსნის დღე“ იქნებოდა მათთვის, ვინც იესოსადმი რწმენას გამოავლენდა. ცხებული ქრისტიანები და მათი თანამსახური „სხვა ცხვარი“ მხარდამხარ შრომობენ და კვლავაც იწვევენ ხალხს, რომ მათთვისაც კურთხევების მომტანი იყოს „სასურველი დრო“ (იოან. 10:16).

8. ყველაზე მეტად რა ადასტურებს, რომ ღმერთმა შესარიგებლად მოგვიხმო?

8 ღმერთსა და ადამიანებს შორის ბზარი ადამიანების მიზეზით გაჩნდა მაშინ, როცა ედემის ბაღში პირველი წყვილი ეურჩა ღმერთს. მიუხედავად ამისა, ღმერთმა ბზარის გასამთელებლად თავად გადადგა პირველი ნაბიჯი. ყველაზე მეტად სწორედ ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ ღმერთმა შესარიგებლად მოგვიხმო (1 იოან. 4:10, 19). რა მოიმოქმედა მან? პავლე ამბობს: „ღმერთმა ქრისტეს მეშვეობით შეირიგა ქვეყნიერება, შეცოდებები არ ჩაუთვალა და შერიგების სიტყვა ჩვენ ჩაგვაბარა“ (2 კორ. 5:19; ეს. 55:6).

9. რით ცხადყოფდა პავლე, რომ აფასებდა ღვთის გულმოწყალებას?

9 იეჰოვამ გაიღო გამოსასყიდი, რათა ვისაც სწამს, რომ იესოს მსხვერპლს ხსნის ძალა აქვს, ეპატიოს ცოდვები და აღადგინოს ღმერთთან ახლო ურთიერთობა. გარდა ამისა, მან დაავალა თავის მსახურებს, ყველა გაეფრთხილებინათ, რომ ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა, მშვიდობა ჰქონდეთ ღმერთთან (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 2:3—6 ). პავლემ იცოდა, რა განზრახვა ჰქონდა ღმერთს და რა დროში ცხოვრობდა, ამიტომ დაუღალავად ასრულებდა „შერიგების მსახურებას“. იეჰოვას განზრახვა არ შეცვლილა. მისი ხელი დღემდე არ დამოკლებულა. პავლეს სიტყვები, „აი ახლაა ყველაზე სასურველი დრო. აი ახლაა ხსნის დღე“, დღესაც აქტუალურია. იეჰოვა მართლაც რომ გულმოწყალე და თანამგრძნობი ღმერთია! (გამ. 34:6, 7).

მხედველობიდან არ „გამოგრჩეთ მისი მიზანი“

10. რას ნიშნავდა „ხსნის დღე“ პირველი საუკუნის ცხებული ქრისტიანებისთვის და რას ნიშნავს დღეს მცხოვრები ცხებულებისთვის?

10 პირველად ღმერთმა თავისი წყალობა მათ მიმართ გამოავლინა, ვინც „ქრისტესთან ერთობაშია“ (2 კორ. 5:17, 18). მათთვის „ხსნის დღე“ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე დადგა. მას შემდეგ მათ მიენდოთ დავალება, გაეცხადებინათ „შერიგების სიტყვა“. ცხებული ქრისტიანების დარჩენილი ნაწილი დღემდე ასრულებს „შერიგების მსახურებას“. მათ ესმით, რომ ოთხ ანგელოზს, რომელიც მოციქულმა იოანემ ხილვაში იხილა, ‘მაგრად უჭირავთ დედამიწის ოთხი ქარი, რათა არ იქროლოს ქარმა მიწაზე’. ამგვარად, ჯერ კიდევ არის „ხსნის დღე“ და „ყველაზე სასურველი დრო“ (გამოცხ. 7:1—3). სწორედ ამიტომ, მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დედამიწაზე მცხოვრები ცხებულები გულმოდგინედ ასრულებენ „შერიგების მსახურებას“ დედამიწის კიდით კიდემდე.

11, 12. როგორ აჩვენეს მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ცხებულმა ქრისტიანებმა, რომ ესმოდათ, რა დროში ცხოვრობდნენ? (იხილეთ სურათი მე-15 გვერდზე).

11 წიგნში „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“ ნათქვამია, რომ მე-20 საუკუნის დასასრულს „ჩარლზ ტეიზ რასელსა და მის თანამოაზრეებს მტკიცედ სჯეროდათ, რომ მკის პერიოდში ცხოვრობდნენ და საჭირო იყო, ხალხს მოესმინა ჭეშმარიტება, რომელსაც თავისუფლება მოაქვს“. როგორ მოიქცნენ ისინი? როცა ამ ძმებმა გააანალიზეს, რომ მკის პერიოდში „ყველაზე სასურველ დროში“ ცხოვრობდნენ, ისინი მიხვდნენ, რომ უფრო მეტი იყო გასაკეთებელი და მხოლოდ იმით არ უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ, რომ ხალხი ქადაგების მოსასმენად მოეწვიათ. ამას ქრისტიანული სამყარო უკვე დიდი ხანი აკეთებდა. ცხებულმა ქრისტიანებმა სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად სხვადასხვა მეთოდებს მიმართეს. ამ მიზნით მათ უახლესი ტექნოლოგიებიც გამოიყენეს.

12 სასიხარულო ცნობა რომ გაევრცელებინათ, გულმოდგინე მსახურთა პატარა ჯგუფი ქადაგების დროს იყენებდა ტრაქტატებს, ბროშურებს, ჟურნალებსა და წიგნებს. ისინი აგრეთვე წერდნენ სტატიებს, რომლებიც ათასობით გაზეთში იბეჭდებოდა. ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენებები ეროვნული და საერთაშორისო რადიოქსელის მეშვეობით გადაიცემოდა. მათ მოამზადეს გახმოვანებული სლაიდები ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კინემატოგრაფია საზოგადოებას ხმოვან სლაიდებს შესთავაზებდა. რა შედეგი გამოიღო ამ ძმების თავდაუზოგავმა შრომამ? დღეს უკვე დაახლოებით 7 მილიონი ადამიანი გამოეხმაურა მნიშვნელოვან ცნობას და თავადაც აცხადებს: „შეურიგდით ღმერთს!“. ზემოხსენებულმა ძმებმა გულმოდგინე მსახურების საუკეთესო მაგალითი დაგვიტოვეს მიუხედავად იმისა, რომ არახელსაყრელ პირობებში უწევდათ მოღვაწეობა.

13. ღვთის რომელი მიზანი არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან?

13 პავლეს სიტყვები, „ახლაა ყველაზე სასურველი დრო“, დღესაც დროულია. ჩვენ, ვინც საკუთარ თავზე გამოვცადეთ იეჰოვას წყალობა, მადლიერები ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, მოგვესმინა და გულთან ახლოს მიგვეტანა შერიგების სიტყვები. ნაცვლად იმისა, რომ თავდაჯერებულები ვიყოთ, ყურად ვიღებთ პავლეს რჩევას: „გეხვეწებით, ისე არ მიიღოთ ღვთის წყალობა, რომ მხედველობიდან გამოგრჩეთ მისი მიზანი“ (2 კორ. 6:1). ღმერთი იმიტომ ავლენს წყალობას, რომ ქრისტეს მეშვეობით „შეირიგოს ქვეყნიერება“ (2 კორ. 5:19).

14. რა გამოხმაურება მოჰყვა ბევრ ქვეყანაში სასიხარულო ცნობის ქადაგებას?

14 სატანამ ადამიანთა უმრავლესობას დაუბრმავა გონება, ისინი ღვთისგან გაუცხოებულნი არიან და არ იციან, თუ რატომ ავლენს ღმერთი წყალობას (2 კორ. 4:3, 4; 1 იოან. 5:19). მიუხედავად ამისა, მსოფლიო მდგომარეობის გაუარესებამ ბევრი აღძრა, გამოხმაურებოდა ღვთის სიტყვას, რადგან დაინახეს, რომ ადამიანთა ბოროტებისა და ტანჯვის მიზეზი ღვთისგან გაუცხოებაა. ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც უმრავლესობა ქადაგებას არ ისმენდა, ბევრმა მიიღო სასიხარულო ცნობა და თავიანთი საქციელით აჩვენებენ, რომ შეურიგდნენ ღმერთს. გვაქვს კარგად გააზრებული, რა დროში ვცხოვრობთ? ვაცხადებთ უფრო გულმოდგინედ: „შეურიგდით ღმერთს“?

15. ნაცვლად იმისა, რომ ხალხს ყურის მაამებელი ცნობა გადავცეთ, რა უნდა ვასწავლოთ მათ?

15 ჩვენ მხოლოდ ის არ გვევალება, ხალხს ვუთხრათ, რომ თუ შემობრუნდებიან ღვთისკენ, ის დაეხმარება მათ პრობლემებთან გამკლავებაში და ღვთის შეწევნით უკეთესად იგრძნობენ თავს. ბევრი სწორედ ამ მიზეზით დადის ეკლესიაში და სასულიერო პირებიც მზად არიან, დააკმაყოფილონ მათი სურვილები (2 ტიმ. 4:3, 4). ჩვენი მსახურების მიზანი ეს არ არის. ჩვენ ვქადაგებთ სასიხარულო ცნობას იმის შესახებ, რომ იეჰოვას, მოსიყვარულე ღმერთს, სურს, იესოს მეშვეობით მოგვიტევოს ცოდვები. ამგვარად, ადამიანებს შეუძლიათ შეურიგდნენ ღმერთს და მეტად აღარ იყვნენ მისგან გაუცხოებულნი (რომ. 5:10; 8:32). თუმცა, ისიც ყურადსაღებია, რომ „ყველაზე სასურველი დრო“ მალე ამოიწურება.

„სულით აენთეთ“

16. რა დაეხმარა პავლეს გაბედულებისა და მოშურნეობის გამოვლენაში?

16 როგორ შეგვიძლია ვიყოთ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მოშურნეები? ზოგი შეიძლება ბუნებით მორცხვი და სიტყვაძვირია, რის გამოც უჭირს სხვებთან საერთო ენის გამონახვა და გულღიად ლაპარაკი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოშურნეობა მხოლოდ ემოციებისა და გრძნობების გამოხატვა არ არის და არც თანდაყოლილი თვისებაა. პავლემ თანაქრისტიანებს მოუწოდა: „სულით აენთეთ“. ამ სიტყვებით მან ხაზი გაუსვა იმას, რა არის საჭირო ამ თვისების განსავითარებლად (რომ. 12:11). მოციქულებს იეჰოვას წმინდა სულის დახმარებით შეეძლოთ ქადაგების დროს გაბედულები ყოფილიყვნენ და მოთმინება გამოევლინათ. მას შემდეგ, რაც იესომ პავლეს მოუხმო, მისი მსახური გამხდარიყო, მას მოშურნეობა არ დაუკარგავს. ამ დღიდან დაწყებული და მისი ბოლო პატიმრობითა და წამებით დამთავრებული, დაახლოებით 30 წლის მანძილზე, პავლე ღვთის თაყვანისმცემლობის მოშურნე იყო. იგი ყოველთვის ღმერთზე იყო დაიმედებული, რომელიც წმინდა სულით აძლიერებდა მას. „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით“, — თქვა მან (ფილ. 4:13). პავლეს მაგალითიდან ჩვენ მართლაც ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია!

17. როგორ შეგვიძლია „ავენთოთ სულით“?

17 ბერძნული სიტყვა, რომელიც „ანთებად“ არის ნათარგმნი, სიტყვასიტყვით ნიშნავს „დუღილს“ („სამეფოს სტრიქონობრივი თარგმანი“). თუ გვინდა, რომ ჩაიდანში სულ დუღდეს წყალი, ცეცხლზე უნდა გვედგას. მსგავსად ამისა, ‘სულით რომ ავენთოთ’, სულ უნდა ვთხოვდეთ ღმერთს, რომ მოგვცეს წმინდა სული. ამის მიღწევას მაშინ შევძლებთ, თუ გამოვიყენებთ ყველა იმ საშუალებას, რითაც იეჰოვა სულიერად გვამტკიცებს. ეს იმას ნიშნავს, რომ სერიოზულად მოვეკიდოთ პირად შესწავლას, ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს, ლოცვას, კრების შეხვედრებზე დასწრებას და თანაქრისტიანებთან ურთიერთობას. ეს დაგვეხმარება, არ ჩავაქროთ „ცეცხლი“, ანუ არ შევწყვიტოთ „დუღილი“ და ყოველთვის „ავენთოთ სულით“ (წაიკითხეთ საქმეების 4:20; 18:25 ).

18. რა უნდა იყოს ჩვენი, იეჰოვას მიძღვნილი და მონათლული მსახურების მიზანი?

18 საქმისადმი მიძღვნილი და ერთგული ადამიანი ის არის, ვინც მიზანს ისახავს და არაფერს რთავს ნებას, ასცდეს დასახულ მიზანს. იეჰოვას მიძღვნილი და მონათლული ქრისტიანების მიზანია, შეასრულონ იეჰოვას ნება, როგორც ამას იესო აკეთებდა (ებრ. 10:7). დღეს იეჰოვას ნებაა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეურიგდეს მას. ამიტომ, მივბაძოთ იესოს და პავლეს და ვიყოთ ღვთის მნიშვნელოვანი, გადაუდებელი საქმის მოშურნენი, რომელიც დღეს უნდა შესრულდეს.

გახსოვთ?

• რა იყო „შერიგების მსახურება“, რომელიც პავლესა და სხვა ცხებულ ქრისტიანებს მიენდო?

• როგორ იყენებენ საუკეთესოდ „ყველაზე სასურველ დროს“ დედამიწაზე მცხოვრები ცხებულები?

• როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს, „აენთონ სულით“?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 12 გვერდზე]

პავლეს არასოდეს დაავიწყდებოდა, როგორ გამოეცხადა იესო ქრისტე