დაამტკიცეთ, რომ ქრისტეს ნამდვილი მიმდევარი ხართ!
დაამტკიცეთ, რომ ქრისტეს ნამდვილი მიმდევარი ხართ!
„კარგი ხე ნაყოფსაც კარგს ისხამს, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც უვარგისს ისხამს“ (მათ. 7:17).
1, 2. რით განსხვავდებიან ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრები ცრუ ქრისტიანებისგან, რაც განსაკუთრებით ამ ბოლო დღეებში შეიმჩნევა?
იესოს სიტყვების თანახმად, ჭეშმარიტი ქრისტიანები ცრუ ქრისტიანებისგან თავიანთი ნაყოფით — სწავლებითა და საქციელით — უნდა ყოფილიყვნენ განსხვავებულნი (მათ. 7:15—17, 20). ადამიანებზე უდავოდ ახდენს გავლენას ის, რითაც გულსა და გონებას ასაზრდოებენ (მათ. 15:18, 19). ვინც სიცრუით კვებავს გონებას, „ნაყოფსაც უვარგისს“ იღებს, ხოლო ვინც ჭეშმარიტებით საზრდოობს, „ნაყოფსაც კარგს ისხამს“.
2 ამ ბოლო დღეებში აშკარად გამოჩნდა, რომ ადამიანებს მართლაც გამოაქვთ ეს ორი სახის ნაყოფი (წაიკითხეთ დანიელის 12:3, 10). ცრუ ქრისტიანებს დამახინჯებული თვალსაზრისი აქვთ ღმერთზე, ისინი ხშირად თვალთმაქცობენ და ღვთის ერთგულებად მოაქვთ თავი, მაშინ როცა სულიერი ხედვის მქონე ქრისტიანები ღმერთს თაყვანს სცემენ „სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოან. 4:24; 2 ტიმ. 3:1—5). ნამდვილი ქრისტიანები დიდი მონდომებით ცდილობენ ისეთივე თვისებების განვითარებას, როგორიც ქრისტეს აქვს. მაგრამ პირადად ჩვენზე რას ვიტყვით? ამ სტატიაში განვიხილავთ ჭეშმარიტი ქრისტიანების ამოსაცნობ ხუთ ნიშანს. თემის განხილვისას ჰკითხეთ თავს: ღვთის სიტყვის თანახმად ვიქცევი და ვასწავლი? მიმზიდველს ვხდი ჭეშმარიტებას მის მაძიებელთათვის?
იცხოვრეთ ღვთის სიტყვის თანახმად
3. რით გავუხარებთ გულს იეჰოვას?
3 იესომ თქვა: «ვინც მეუბნება: „უფალო, უფალო“, ყველა ვერ შევა ზეციერ სამეფოში, არამედ ის, ვინც ასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას» (მათ. 7:21). იესოს არ უთქვამს, რომ იეჰოვას გულს ის უხარებს, ვინც ქრისტიანობაზე დებს თავს, არამედ ის, ვინც მის ნებას ასრულებს. ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრებისთვის ღვთის ნების შესრულება მოიცავს ცხოვრების ყველა სფეროს, მათ შორის, მათ დამოკიდებულებას ფულზე, სამსახურზე, გართობაზე, ქვეყნიურ ზეიმებსა და წეს-ჩვეულებებზე, ქორწინებასა თუ ზოგადად, ადამიანებთან ურთიერთობაზე. მაგრამ ცრუ ქრისტიანები ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელ აზროვნებას ისისხლხორცებენ, ქვეყნიერების, რომელიც ამ ბოლო დღეებში უფრო და უფრო იძირება უღვთოობის ჭაობში (ფსალმ. 92:7).
4, 5. რატომ უნდა დავფიქრდეთ მალაქიას 3:18-ში მოცემულ იეჰოვას სიტყვებზე?
4 წინასწარმეტყველი მალაქია წერდა: „კვლავ დაინახავთ განსხვავებას მართალსა და ბოროტს შორის, ღვთის მსახურსა და იმას შორის, ვინც არ ემსახურება მას“ (მალ. 3:18). დაფიქრდით ამ მუხლზე და ჰკითხეთ თავს: ვმეგობრობ ქვეყნიერებასთან თუ შორს ვიჭერ მისგან თავს? ვცდილობ, მოვერგო ქვეყნიურ ხალხს, იქნება ეს სკოლასა და სამსახურში, თუ ბიბლიური პრინციპების ერთგული ვრჩები და საჭიროების შემთხვევაში გაბედულად ვქადაგებ? (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:16 ). რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა, თავი მართლებად წარმოვაჩინოთ, თუმცა უნდა გამოვირჩეოდეთ მათგან, ვისაც არ უყვარს ღმერთი და არ ემსახურება მას.
5 თუ ხედავთ, რომ რაღაცაში გამოსწორებას საჭიროებთ, ილოცეთ და ბიბლიის რეგულარული შესწავლისა და კრების შეხვედრების მეშვეობით სულიერად გაძლიერდით. რაც უფრო მეტად გამოვიყენებთ ღვთის სიტყვას, მით უფრო მეტად გამოვიღებთ კარგ ნაყოფს, მათ შორის „ბაგეთა ნაყოფს, რითაც სახალხოდ ვაღიარებთ მის [ღვთის] სახელს“ (ებრ. 13:15).
იქადაგეთ ღვთის სამეფოს შესახებ
6, 7. კიდევ რა სხვაობაა ჭეშმარიტსა და ცრუ ქრისტიანებს შორის?
6 იესომ თქვა: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ამისთვის ვარ გამოგზავნილი“ (ლუკ. 4:43). რატომ იყო ღვთის სამეფო იესოს მსახურების მთავარი თემა? მან იცოდა, რომ როგორც ამ სამეფოს მეფე, თავის აღდგენილ სულითცხებულ ძმებთან ერთად ბოლოს მოუღებდა ადამიანების უბედურების გამომწვევ მთავარ მიზეზს — ცოდვას და ეშმაკს (რომ. 5:12; გამოცხ. 20:10). ამიტომ, იესომ მითითება მისცა თავის მიმდევრებს, რომ ამ ქვეყნიერების აღსასრულის დადგომამდე გაეცხადებინათ სამეფოს შესახებ (მათ. 24:14). ის ადამიანები, რომლებიც თავს ქრისტიანებად ასაღებენ, არ ქადაგებენ და ვერც იქადაგებენ. იცით რატომ? სულ მცირე სამი მიზეზის გამო: პირველი, ისინი ვერ იქადაგებენ იმას, რაც არ ესმით. მეორე, უმეტესობას აკლია თავმდაბლობა და გაბედულება, რაც საჭიროა ქადაგების დროს დაცინვისა და წინააღმდეგობის ასატანად (მათ. 24:9; 1 პეტ. 2:23). და მესამე, ცრუ ქრისტიანებს არა აქვთ ღვთის სული (იოან. 14:16, 17).
7 რაც შეეხება ქრისტეს ნამდვილ მიმდევრებს, მათ ესმით, რა არის ღვთის სამეფო და რას გააკეთებს იგი. უფრო მეტიც, ისინი სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებენ და იეჰოვას სულის დახმარებით ამ სამეფოს შესახებ მთელ მსოფლიოში ქადაგებენ (ზაქ. 4:6). თქვენც რეგულარულად მონაწილეობთ ამ საქმეში? ცდილობთ, მეტი დრო დაუთმოთ მსახურებას და დაიხვეწოთ, როგორც სამეფოს მქადაგებელი? ზოგი ცდილობს, უფრო დახელოვნდეს ბიბლიის გამოყენებაში და ამგვარად გაიუმჯობესოს ქადაგების ხარისხი. „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი“, — დაწერა მოციქულმა პავლემ, რომელსაც ჩვევად ჰქონდა წმინდა წერილების საფუძველზე მსჯელობა (ებრ. 4:12; საქ. 17:2, 3).
8, 9. ა) რა შემთხვევები აჩვენებს, რომ ბიბლიის გამოყენება მსახურებაში მნიშვნელოვანია? ბ) როგორ შეგიძლიათ ბიბლიის უფრო მარჯვედ გამოყენება?
8 კარდაკარ მსახურების დროს ერთმა ძმამ კათოლიკე მამაკაცს წაუკითხა დანიელის 2:44 და აუხსნა, როგორ მოიტანს ღვთის სამეფო ნამდვილ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. კაცმა უთხრა: „ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს სიტყვები ბიბლიიდან ამომიკითხეთ და ზეპირად არ მითხარით“. სხვა ძმამ ბიბლიური მუხლი ბერძენ მართლმადიდებელ ქალს წაუკითხა, ამ უკანასკნელს კი ბევრი კითხვა დაებადა, რაზეც ძმამ და მისმა ცოლმა ბიბლიიდან გასცეს პასუხი. მოგვიანებით ქალმა თქვა: „იცით, რატომ გამიჩნდა თქვენთან საუბრის სურვილი? თქვენ ჩემს კართან ბიბლიით ხელში მოხვედით და იქიდან მიკითხავდით“.
9 ცხადია, ლიტერატურის გავრცელება მნიშვნელოვანია მსახურების დროს, მაგრამ ბიბლია ჩვენი მთავარი იარაღია. ასე რომ, თუ ჩვევად არ გაქვთ ბიბლიის რეგულარულად გამოყენება, მიზნად დაისახეთ, რომ ეს ჩვევად გაიხადოთ. შეგიძლიათ წინასწარ შეარჩიოთ რამდენიმე მუხლი, რომლებიც ადამიანებს დაანახვებს, რა არის ღვთის სამეფო და როგორ გადაჭრის იმ პრობლემებს, რომლებიც თქვენს ტერიტორიაზე ხალხს აწუხებს. ყოველთვის მზად იყავით, რომ კარდაკარ მსახურებისას ბიბლია გამოიყენოთ.
ამაყად ატარეთ ღვთის სახელი
10, 11. იესოსგან განსხვავებით, რა დამოკიდებულება აქვს ღვთის სახელის მიმართ მათ, ვინც მის მიმდევრად აცხადებს თავს?
10 „თქვენა ხართ ჩემი მოწმეები, — ამბობს იეჰოვა, — და მე ღმერთი ვარ“ (ეს. 43:12). იეჰოვას გამორჩეული მოწმე, იესო ქრისტე, დიდ პატივად თვლიდა ღვთის სახელის ტარებას და მის გაცხადებას (წაიკითხეთ გამოსვლის 3:15; იოანეს 17:6; ებრაელების 2:12). ვინაიდან იესომ მამის სახელი გააცხადა, მას „ერთგული მოწმე“ ეწოდა (გამოცხ. 1:5; მათ. 6:9).
11 ბევრმა, ვინც ღვთისა და მისი ძის მიმდევრად აცხადებს თავს, ღვთის სახელის მიმართ თავისი უპატივცემულო დამოკიდებულება იმითაც გამოხატა, რომ ბიბლიის სხვადასხვა თარგმანიდან ღვთის სახელი ამოიღო. მაგალითად, კათოლიკე ეპისკოპოსებისთვის ახლახან გამოცემული დირექტივის თანახმად, ტეტრაგრამატონით წარმოდგენილი ღვთის სახელი ჲჰვჰ არც უნდა გამოიყენონ და არც უნდა წარმოთქვან თაყვანისმცემლობის დროს. * რა საძრახისია ასეთი დამოკიდებულება!
12. რით არის აღსანიშნავი 1931 წელი იეჰოვას მსახურებისთვის?
12 ჭეშმარიტი ქრისტიანები ჰბაძავენ ქრისტესა და მანამდე მცხოვრებ „მოწმეთა დიდ ღრუბელს“ და ამაყად აცხადებენ ღვთის სახელს (ებრ. 12:1). 1931 წელს ღვთის მსახურებს ეწოდათ იეჰოვას მოწმეები, რაც ცხადყოფს, რომ მათი საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება იეჰოვას სახელს (წაიკითხეთ ესაიას 43:10—12). ამგვარად გახდნენ ქრისტეს ნამდვილი მიმდევრები ღვთის სახელით წოდებულნი (საქ. 15:14, 17).
13. რას ნიშნავს ჩვენი წოდების თანახმად ცხოვრება?
13 როგორ შეგვიძლია პირადად ჩვენ ვიცხოვროთ ჩვენი წოდების თანახმად? პირველ რიგში, ერთგულად უნდა დავამოწმოთ ღვთის შესახებ. პავლე მოციქულმა დაწერა: «„ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“. მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვინც არ ირწმუნეს? ან როგორ ირწმუნონ ის, ვის შესახებაც არ სმენიათ? ან როგორ მოისმინონ, თუ არავინ უქადაგა? ან როგორ იქადაგონ, თუ არავინ გაგზავნა?» (რომ. 10:13—15). ჩვენ აგრეთვე ტაქტიანად უნდა ვამხილოთ რელიგიური სიცრუე. მაგალითად, ისეთი ცრუ სწავლება, როგორიცაა მოძღვრება ჯოჯოხეთის ცეცხლის შესახებ, შემოქმედს, მოსიყვარულე ღმერთს, ისეთ თვისებებს მიაწერს, რაც სინამდვილეში ეშმაკს ახასიათებს (იერ. 7:31; 1 იოან. 4:8; შეადარეთ მარკოზის 9:17—27).
14. რა გრძნობები დაეუფლა ზოგს, როცა ღვთის სახელი გაიგო?
14 ამაყობთ იმით, რომ ზეციერი მამის სახელით იწოდებით? ამცნობთ ადამიანებს მის წმინდა სახელს? ერთ პარიზელ (საფრანგეთი) ქალბატონს გაგებული ჰქონდა, რომ იეჰოვას მოწმეებმა იცოდნენ, რა ერქვა ღმერთს; ამიტომ, როცა იეჰოვას მოწმეს შეხვდა, სთხოვა, თავის ბიბლიაში ენახვებინა ღვთის სახელი. როდესაც მოწმემ ფსალმუნის 83:18 ამოუკითხა, წაკითხულმა მასზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა. მან დაიწყო ბიბლიის შესწავლა და ამჟამად ერთგულად ემსახურება იეჰოვას სხვა ქვეყანაში. როცა ავსტრალიაში ერთმა კათოლიკე მანდილოსანმა თავის ბიბლიაში პირველად ნახა ღვთის სახელი, სიხარულის ცრემლები წამოსცვივდა. ის უკვე წლებია, რაც პიონერად მსახურობს. არც ისე დიდი ხნის წინ იამაიკაში ერთმა მოწმემ ქალს მისსავე ბიბლიაში ანახა ღვთის სახელი, რის გამოც მან ცრემლები ვერ შეიკავა. ასე რომ, გეამაყებოდეთ, იეჰოვას სახელით რომ იწოდებით და იესოს მსგავსად მის ძვირფას სახელს აცხადებთ!
„ნუ გეყვარებათ ქვეყნიერება“
15, 16. როგორი თვალსაზრისი აქვთ ნამდვილ ქრისტიანებს ქვეყნიერებაზე, და რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს?
15 „ნუ გეყვარებათ ქვეყნიერება და ნურც ის, რაც ქვეყნიერებაშია. ვისაც ქვეყნიერება უყვარს, მას მამა არ უყვარს“ (1 იოან. 2:15). ქვეყნიერება და მისი ზნედაცემული სული იეჰოვასა და მის წმინდა სულს ეწინააღმდეგება. ამიტომ, ქრისტეს ნამდვილი მიმდევრები უბრალოდ შორს კი არ იჭერენ თავს ქვეყნიერებისგან, არამედ სძულთ ის. მათ ესმით, რომ, როგორც მოწაფე იაკობი წერდა, „ქვეყნიერებასთან მეგობრობა ღვთის მტრობაა“ (იაკ. 4:4).
16 ქვეყნიერებაში, რომელიც არაერთი ცდუნების წინაშე გვაყენებს, შეიძლება რთული იყოს იაკობის სიტყვების გათვალისწინება (2 ტიმ. 4:10). სწორედ ამიტომ ლოცულობდა იესო თავისი მიმდევრებისთვის: „იმას კი არ გთხოვ, ქვეყნიერებიდან წაიყვანო ისინი, არამედ იმას, რომ ბოროტისგან დაიცვა. ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი“ (იოან. 17:15, 16). ჰკითხეთ საკუთარ თავს: ყველაფერს ვაკეთებ საიმისოდ, რომ არ ვიყო ქვეყნიერების ნაწილი? იციან სხვებმა, რა შეხედულება მაქვს არაბიბლიურ დღესასწაულებსა თუ წეს-ჩვეულებებზე, მათ შორის ისეთ დღესასწაულებზე, რომლებსაც შესაძლოა არა აქვს წარმართული დასაბამი, მაგრამ აშკარად ირეკლავს ქვეყნიერების სულს? (2 კორ. 6:17; 1 პეტ. 4:3, 4).
17. რამ შეიძლება აღძრას სუფთა გულის ადამიანები იეჰოვასთან დასაახლოებლად?
17 ცხადია, ჩვენი მტკიცე პოზიცია ქვეყნიერების კეთილგანწყობას არ მოგვაპოვებინებს, მაგრამ სუფთა გულის ადამიანებს ინტერესს გაუღვიძებს. როცა ასეთი ადამიანები დაინახავენ, რომ ჩვენი რწმენა საღვთო წერილზეა დაფუძნებული და მთელ ჩვენს ცხოვრებაზე აისახება, ისინიც შეიძლება ასეთი სიტყვებით გამოეხმაურონ ცხებულ ქრისტიანებს: „თქვენთან ერთად წამოვალთ, რადგან გვსმენია, რომ თქვენთან არისო ღმერთი“ (ზაქ. 8:23).
განიმსჭვალეთ ნამდვილი ქრისტიანული სიყვარულით
18. რას გულისხმობს იეჰოვასა და მოყვასის სიყვარული?
18 იესომ თქვა: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“ და „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (მათ. 22:37, 39). ასეთი სიყვარულისთვის (ბერძნულად „აგაპე“) დამახასიათებელია სამართლიანობა, პასუხისმგებლობის გრძნობა; იგი დაფუძნებულია პრინციპებზე, თუმცა ხშირად თან ახლავს ძლიერი ემოციაც. ეს გრძნობა თბილი და ძლიერია (1 პეტ. 1:22). სიყვარული ანგარების საპირისპირო თვისებაა, რადგან უანგაროდ ლაპარაკობს და მოქმედებს (წაიკითხეთ 1 კორინთელების 13:4—7 ).
19, 20. რომელი შემთხვევები აჩვენებს, რომ ქრისტიანულ სიყვარულს აქვს ძალა?
19 ვინაიდან სიყვარული ღვთის წმინდა სულის ნაყოფია, მას შეუძლია ქრისტიანებს ისეთი რამ გააკეთებინოს, რასაც სხვები ვერ გააკეთებენ. ასეთ სიყვარულს შეუძლია რასობრივი, კულტურული იოანეს 13:34, 35; გალ. 5:22). ცხვრისმაგვარ ადამიანებს ასეთი სიყვარულის დანახვა გულგრილს არ ტოვებს. მაგალითად, ისრაელში ერთი ახალგაზრდა ებრაელი პირველად დაესწრო ქრისტიანულ შეხვედრას. ის გაოგნდა, როცა დაინახა, რომ ებრაელი და არაბი ძმები გვერდიგვერდ ისხდნენ და იეჰოვას ერთად სცემდნენ თაყვანს. მან რეგულარულად დაიწყო შეხვედრებზე სიარული და ბიბლიის შესწავლა. თქვენც ავლენთ ასეთ გულწრფელ სიყვარულს და-ძმების მიმართ? თბილად ხვდებით ახალმოსულებს სამეფო დარბაზში მათი ეროვნების, კანის ფერისა თუ სოციალური მდგომარეობის მიუხედავად?
თუ პოლიტიკური ზღვარი წაშალოს (წაიკითხეთ20 ჩვენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ვცდილობთ, ყველას მიმართ გამოვავლინოთ სიყვარული. ელ-სალვადორში ახალგაზრდა მაუწყებელი ასწავლიდა 87 წლის კათოლიკე ქალს, რომელიც თავისი ეკლესიის მრევლის აქტიური წევრი იყო. ერთ დღესაც ქალი სერიოზულად გახდა ავად და საავადმყოფოში დაწვა. სახლში დაბრუნების შემდეგ ის მოწმეებმა მოინახულეს და საჭმელიც მიუტანეს, და ასე დაახლოებით ერთი თვე გრძელდებოდა. ამ ხნის მანძილზე მისი ეკლესიის მრევლის არც ერთ წევრს არ მოუნახულებია იგი. ამ ქალმა გაანადგურა გამოსახულებები, დატოვა ეკლესია და განაახლა ბიბლიის შესწავლა. ქრისტიანულ სიყვარულს მართლაც აქვს ძალა! მას შეუძლია ადამიანთა გულები გაათბოს, რაც შეიძლება სიტყვით შეუძლებელი იყოს.
21. რა შემთხვევაში ექნება ჩვენს მომავალს მტკიცე საფუძველი?
21 მალე იესო ეტყვის ყველას, ვისაც მის მსახურად მოაქვს თავი: „არასოდეს გიცნობდით თქვენ! გამშორდით, უკანონობის მოქმედნო!“ (მათ. 7:23). მოდი, ისეთი ნაყოფი გამოვიღოთ, რომელიც პატივს მიაგებს ჩვენს ზეციერ მამას და მის ძეს! იესომ თქვა: „ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და ასრულებს მათ, ჰგავს გონიერ კაცს, რომელმაც კლდოვან ადგილზე აიშენა სახლი“ (მათ. 7:24). თუ დავამტკიცებთ, რომ ქრისტეს ნამდვილი მიმდევრები ვართ, ღვთის კეთილგანწყობას დავიმსახურებთ, და ჩვენს მომავალს კლდესავით მყარი საფუძველი ექნება!
[სქოლიო]
^ აბზ. 11 ზოგ ინგლისურ ენაზე გამოცემულ თანამედროვე კათოლიკურ პუბლიკაციაში, მათ შორის „იერუსალიმის ბიბლიაში“, ტეტრაგრამატონი „იაჰვედ“ არის გადმოტანილი.
გახსოვთ თუ არა?
• რით განსხვავდებიან ჭეშმარიტი ქრისტიანები ცრუ ქრისტიანებისგან?
• დაასახელეთ ზოგიერთი ის ნაყოფი, რითაც ამოიცნობიან ჭეშმარიტი ქრისტიანები?
• ქრისტიანული ნაყოფი რომ გამოიღოთ, რა მიზნები უნდა დაისახოთ?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 13 გვერდზე]
ჩვევად გაქვთ მსახურებისას ბიბლიის რეგულარულად გამოყენება?
[სურათი 15 გვერდზე]
იციან სხვებმა, რა შეხედულება გაქვთ არაბიბლიურ დღესასწაულებზე?