არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვა — ბიბლიურ დროში მხსნელი ღმერთი

იეჰოვა — ბიბლიურ დროში მხსნელი ღმერთი

იეჰოვა — ბიბლიურ დროში მხსნელი ღმერთი

„იჩქარე ჩემ დასახმარებლად. შენა ხარ ჩემი შემწე და მხსნელი“ (ფსალმ. 70:5).

1, 2. ა) როდის მიმართავენ დახმარებისთვის ღმერთს მისი თაყვანისმცემლები? ბ) რა კითხვა იბადება და სად შეიძლება ამ კითხვაზე პასუხის პოვნა?

ერთხელ, შვებულებაში ყოფნის დროს, ერთმა ცოლ-ქმარმა გაიგო, რომ მათი 23 წლის გათხოვილი გოგო უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მათ მაშინვე ჩაალაგეს ტანსაცმელი და შინ დაბრუნდნენ; მთელი გზა მხურვალედ ლოცულობდნენ და იეჰოვას დახმარებას სთხოვდნენ. 20 წლის იეჰოვას მოწმეს საშინელი დიაგნოზი დაუსვეს; დაავადებამ თანდათანობით მისი სხეულის სრული პარალიზება გამოიწვია. დიაგნოზის გაგებისთანავე მან იეჰოვას მიმართა ლოცვით. უმუშევარ მარტოხელა დედას თავისთვის და თავისი 12 წლის გოგონასთვის საჭმლის ფული არ ჰქონდა. დედა მხურვალედ ლოცულობდა. დიახ, ღვთის თაყვანისმცემლები განსაცდელებისა თუ გაჭირვების დროს დახმარებისთვის იეჰოვას მიმართავენ. გითხოვიათ იეჰოვასთვის დახმარება სულგამწარებულს?

2 იბადება მნიშვნელოვანი კითხვა: თუ იეჰოვას დახმარებას ვთხოვთ, ნამდვილად გვიპასუხებს? ამ კითხვაზე 70-ე ფსალმუნი გვცემს პასუხს და რწმენას გვიმტკიცებს. ეს ფსალმუნი ღვთის ერთგულმა თაყვანისმცემელმა დავითმა დაწერა, რომელსაც ცხოვრებაში არაერთი სირთულე და განსაცდელი შეხვედრია. ფსალმუნმომღერალმა იეჰოვას ასე მიმართა: „ღმერთო . . . შენა ხარ ჩემი შემწე და მხსნელი“ (ფსალმ. 70:5). 70-ე ფსალმუნის გამოკვლევა დაგვანახვებს, გაჭირვების დროს რატომ უნდა მივმართოთ იეჰოვას ლოცვით და რატომ უნდა ვიყოთ ბოლომდე დარწმუნებული, რომ ის გვიხსნის.

„შენა ხარ . . . მხსნელი“

3. ა) რას სთხოვს დავითი ღმერთს 70-ე ფსალმუნში? ბ) როგორ გამოხატავს დავითი ღვთისადმი ნდობას 70-ე ფსალმუნში?

3 სამოცდამეათე ფსალმუნის დასაწყისსა და ბოლოში ფსალმუნმომღერალი ღმერთს დახმარებას სთხოვს (წაიკითხეთ ფსალმუნის 70:1—5). დავითი იეჰოვას ევედრება, იჩქაროს და იხსნას. მე-2—4 მუხლებში მოცემულია დავითის არაერთი სათხოვარი. მე-2 და მე-3 მუხლებში დავითი მისი მოკვლის მსურველებზე ელაპარაკება იეჰოვას — შესთხოვს, დაამარცხოს მისი მტრები და შეარცხვინოს ბოროტები. მე-4 მუხლში ღვთის ხალხზე ევედრება — დავითი ლოცულობს, რომ გაიხარონ იეჰოვას მაძიებლებმა და განადიდონ ღმერთი. ფსალმუნის ბოლოში დავითი იეჰოვას ასე მიმართავს: „შენა ხარ ჩემი შემწე და მხსნელი“. ყურადღება მიაქციეთ, რომ დავითი არ ამბობს, იყავიო ჩემი შემწე და მხსნელი. იმის ნაცვლად, რომ კიდევ ერთი თხოვნით მიემართა, მან უთხრა, „შენ ხარ“, რითაც ნდობა გამოხატა. დავითი დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი დაეხმარებოდა.

4, 5. რას ვიგებთ დავითის შესახებ 70-ე ფსალმუნიდან, და რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული?

4 რას ვიგებთ დავითზე 70-ე ფსალმუნიდან? ცხოვრების ურთულეს მომენტში, მაშინ, როცა მტრებს მისი მოკვლა ჰქონდათ გადაწყვეტილი, დავითი საკუთარი ძალებით არ შესჭიდებია პრობლემას. ნაცვლად ამისა, ის დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა განსაზღვრულ დროს განსაზღვრული სახით დაამარცხებდა მის მტრებს (1 სამ. 26:10). დავითს ეჭვი არ შეჰპარვია იმაში, რომ იეჰოვა ეხმარებოდა და შველოდა თავის თაყვანისმცემლებს (ებრ. 11:6). დავითს სწამდა, რომ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდათ, ეხარათ და განედიდებინათ იეჰოვა, რის კეთებაც სხვებთან იეჰოვას დიდების შესახებ საუბრით შეეძლოთ (ფსალმ. 5:11; 35:27).

5 დავითის მსგავსად, ჩვენც, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანებს, შეგვიძლია მტკიცედ ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვა ჩვენი დამხმარე და მხსნელია. როცა ძალიან გვიჭირს და როცა განსაკუთრებით გვჭირდება დახმარება, შეგვიძლია ვილოცოთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე დაგვეხმაროს იეჰოვა (ფსალმ. 71:12). როგორ უპასუხებს იეჰოვა ჩვენს ლოცვებს? სანამ ამაზე ვისაუბრებდეთ, ვნახოთ, რა სამი სახით დაეხმარა ის დავითს მაშინ, როცა საჩქაროდ სჭირდებოდა დახმარება.

იეჰოვამ იხსნა მოწინააღმდეგეებისგან

6. საიდან იცოდა დავითმა, რომ იეჰოვა მართლების მხსნელი ღმერთია?

6 იმ დროს არსებული წმინდა წერილებიდან დავითმა იცოდა, რომ მართალ კაცს შეეძლო იეჰოვას დახმარების იმედი ჰქონოდა. როდესაც უღვთო ქვეყნიერება წარღვნით მოსპო, იეჰოვამ გადაარჩინა ნოე და მისი ღვთისმოშიში ოჯახი (დაბ. 7:23). როდესაც სოდომისა და გომორას ბოროტ მოსახლეობას ცეცხლი და გოგირდი აწვიმა, იეჰოვამ სიკვდილისაგან იხსნა ლოტი და მისი ორი ქალიშვილი (დაბ. 19:12—26). როდესაც ამაყი ფარაონი დასაჯა და მისი ჯარი წითელ ზღვაში ჩაახრჩო, იეჰოვამ დაიცვა თავისი ხალხი და განადგურებას გადაარჩინა (გამ. 14:19—28). განა გასაკვირია, რომ დავითი იეჰოვას განადიდებდა და მას „მხსნელ ღმერთს“ უწოდებდა?! (ფსალმ. 68:20).

7—9. ა) რის საფუძველზე ენდობოდა დავითი ღვთის მხსნელ ძალას? ბ) ვის უმადლოდა დავითი ხსნას?

7 დავითს პირადი გამოცდილების საფუძველზეც შეეძლო სრულად მინდობოდა იეჰოვას მხსნელ ძალას. ის თავად დარწმუნდა, რომ იეჰოვას „მარადიულ მკლავებს“ ღვთის ერთგულ მსახურთა ხსნა შეეძლო (კან. 33:27). იეჰოვამ არაერთხელ იხსნა დავითი „მრისხანე მტრებისგან“ (ფსალმ. 18:17—19, 48). განვიხილოთ ერთი მაგალითი.

8 როდესაც ისრაელის ქალაქებიდან ქალები სიმღერ-სიმღერით გამოვიდნენ და დავითს ბრძოლაში გამოვლენილი ვაჟკაცობისთვის აქებდნენ, მეფე საული შურით აღივსო და დავითს ორჯერ ესროლა შუბი (1 სამ. 18:6—9). დავითი ორივეჯერ გადაურჩა სიკვდილს. თავისი სიმარჯვის წყალობით? არა. ბიბლიაში ნათქვამია: „იეჰოვა იყო მასთან“ (წაიკითხეთ 1 სამუელის 18:11—14). მოგვიანებით, როდესაც გეგმა ჩაეფუშა და დავითი ფილისტიმელების ხელით ვერ მოკლა, საულმა დაინახა, „რომ იეჰოვა იყო დავითთან“ (1 სამ. 18:17—28).

9 ვის უმადლოდა დავითი ხსნას? მე-18 ფსალმუნის ეპიგრაფში ნათქვამია, რომ დავითმა „მიმართა იეჰოვას იმ დღეს, როცა დაიხსნა იგი . . . საულის ხელიდან“. დავითმა სიმღერით გამოხატა თავისი გრძნობა: „იეჰოვაა ჩემი კლდე, ჩემი ციხესიმაგრე და მხსნელი. ჩემი ღმერთი ჩემი კლდეა! თავს შევაფარებ მას“ (ფსალმ. 18:2). განა რწმენას არ გვიმტკიცებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვას თავისი ხალხის ხსნა შეუძლია?! (ფსალმ. 35:10).

იეჰოვა ავადმყოფობისას მხარში ამოუდგა

10, 11. რა გვეხმარება დავითის ავადმყოფობის პერიოდის განსაზღვრაში?

10 როგორც 41-ე ფსალმუნიდან ჩანს, ერთხელ მეფე დავითი მძიმედ დაავადდა. ლოგინად ჩავარდნილი დავითის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ზოგი მისი მტერი ფიქრობდა, „ვეღარ ადგებაო“ (მუხლები 7, 8). როდის იყო დავითი ამ მდგომარეობაში? ეს ფსალმუნი საფუძველს იძლევა, ვიფიქროთ, რომ ეს შეიძლება მაშინ მომხდარიყო, როცა აბესალომი მამისთვის ტახტის წართმევას ცდილობდა (2 სამ. 15:6, 13, 14).

11 მაგალითად, დავითი ამბობს, რომ მეგობარმა გასცა — მან, ვისაც ენდობოდა და, ვინც მის პურს ჭამდა (მუხლი 9). ამ სიტყვებმა შეიძლება დავითის ცხოვრებიდან ის შემთხვევა გაგვახსენოს, როცა სანდო მრჩეველმა, ახითოფელმა, უღალატა და ამბოხებულ აბესალომს მიემხრო (2 სამ. 15:31; 16:15). წარმოიდგინეთ, ლოგინად ჩავარდნილი, დაუძლურებული მეფე, რომელიც ფეხზე ვერ დგება, და რომელმაც იცის, რომ შეთქმულები თავიანთი ბოროტი განზრახვის შესასრულებლად მის სიკვდილს ნატრობენ! (მუხლი 5).

12, 13. ა) რაში იყო დავითი დარწმუნებული? ბ) როგორ განამტკიცა ღმერთმა დავითი?

12 დავითი ყოველთვის ენდობოდა იეჰოვას. დაავადებული მართალი მსახურის შესახებ დავითმა თქვა: „უბედურების დროს იეჰოვა გადაარჩენს მას. იეჰოვა მხარში ამოუდგება ავადმყოფს სარეცელზე. შენ შეცვლი მისი სნეულების სარეცელს“ (ფსალმ. 41:1, 3). ყურადღება მიაქციეთ, რომ დავითი კიდევ ერთხელ გამოხატავს იეჰოვასადმი ნდობას, როცა ამბობს: „იეჰოვა გადაარჩენს“. ის დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა იხსნიდა. როგორ?

13 დავითი იეჰოვასგან სასწაულის მოხდენასა და განკურნებას არ ელოდა. ნაცვლად ამისა, ის დარწმუნებული იყო, რომ „იეჰოვა მხარში ამოუდგებოდა“, ანუ გააძლიერებდა ლოგინად ჩავარდნილს. დავითს ნამდვილად სჭირდებოდა ასეთი დახმარება. გარდა იმისა, რომ მძიმედ იყო ავად, გარს ეხვივნენ მტრები, რომლებიც ცუდს ლაპარაკობდნენ მასზე (მუხლები 5, 6). შეიძლება იეჰოვამ დავითს მანუგეშებელი აზრები გაახსენა და ამით განამტკიცა. დავითმა თქვა: „ჩემი უმწიკვლობის გამო მხარში ამომიდექი“ (მუხლი 12). დავითს იმაზე ფიქრიც განამტკიცებდა, რომ ავადმყოფობისა და მტრების ავსიტყვაობის მიუხედავად, იეჰოვა უმწიკვლო ადამიანად მიიჩნევდა. დავითი გამოჯანმრთელდა. განა არ გვაიმედებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა მხარში უდგას ავადმყოფებს?! (2 კორ. 1:3).

იეჰოვამ არ მოაკლო საზრდო

14, 15. როდის გაუჭირდა დავითსა და მის ხალხს, და რა დახმარება მიიღეს?

14 გამეფების შემდეგ დავითს შეეძლო საუკეთესო საჭმელ-სასმლის მირთმევა და მეფის სუფრაზე სხვების მიწვევაც (2 სამ. 9:10). მაგრამ მას საკვების ნაკლებობაც არაერთხელ გამოეცადა. როდესაც აბესალომმა შეთქმულება მოუწყო და მეფის ტახტზე ასვლას შეეცადა, დავითი თავის მომხრეებთან ერთად იერუსალიმიდან წავიდა. ისინი მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე გალაადის უდაბნოში გაიქცნენ (2 სამ. 17:22, 24). დევნილ დავითსა და მის ხალხს მალე შემოაკლდათ საჭმელ-სასმელი, მათ არც თავის დასადები ადგილი ჰქონიათ. იმ უდაბნოში სად იპოვიდნენ საკვებს?

15 ბოლოს დავითი და მისი ხალხი მახანაიმში ჩავიდნენ. იქ ისინი სამ გაბედულ კაცს — შობის, მაქირსა და ბარზილაის — შეხვდნენ. ისინი მზად იყვნენ, დახმარებოდნენ ღვთის მიერ დანიშნულ მეფეს, რითაც თავი საფრთხეში ჩაიგდეს, რადგან აბესალომის გამეფების შემთხვევაში, ის აუცილებლად მკაცრად დასჯიდა დავითის ყველა მხარდამჭერს. მეფის ერთგული ეს სამი კაცი ხედავდა დავითისა და მისი ხალხის გაჭირვებას; ამიტომ მიუტანეს ყველაფერი, რაც სჭირდებოდათ — საწოლები, ხორბალი, ქერი, მოხალული მარცვლეული, ცერცვი, ოსპი, თაფლი, კარაქი, ცხვარი და სხვა (წაიკითხეთ 2 სამუელის 17:27—29). ამ სამი მამაკაცის არაჩვეულებრივი ერთგულება და სტუმართმოყვარეობა მადლიერებით აუვსებდა დავითს გულს. დავითი არასოდეს დაივიწყებდა მათ სიკეთეს!

16. ვინ იდგა დავითისა და მისი ხალხისთვის გაწეული დახმარების მიღმა?

16 ვინ იდგა დავითისა და მისი ხალხისთვის გაწეული დახმარების უკან? დავითი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა ზრუნავდა თავის მსახურებზე. ღმერთს შეუძლია თავის მსახურს, ასე ვთქვათ, ხელი წაჰკრას, ანუ აღძრას, დაეხმაროს გაჭირვებაში მყოფ თანამორწმუნეს. როდესაც დავითი უდაბნოში მომხდარზე ფიქრობდა, ეჭვგარეშეა, ამ სამი მამაკაცის მიერ გამოვლენილი სიკეთის მიღმა იეჰოვას სიყვარულს ხედავდა. ხანში შესულმა დავითმა დაწერა: „ახალგაზრდაც ვიყავი და მოვხუცდი კიდეც, მაგრამ არ მინახავს მართალი კაცი [მათ შორის საკუთარი თავიც] მიტოვებული, არც მისი შთამომავლობა — პურს მონატრებული“ (ფსალმ. 37:25). განა მანუგეშებელი არ არის იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ეხმარება გაჭირვებაში მყოფ თავის მსახურებს?! (იგავ. 10:3).

„იცის იეჰოვამ, როგორ დაიხსნას . . . ერთგულები“

17. რა დაადასტურა იეჰოვამ არაერთხელ?

17 დავითი იმ მრავალთაგან ერთ-ერთი იყო, ვინც იეჰოვამ იხსნა ბიბლიურ დროში. დავითის შემდეგ ღმერთმა არაერთხელ დაადასტურა მოციქული პეტრეს სიტყვების ჭეშმარიტება: „იცის იეჰოვამ, როგორ დაიხსნას განსაცდელისგან ღვთის ერთგულები“ (2 პეტ. 2:9). განვიხილოთ კიდევ ორი მაგალითი.

18. როგორ იხსნა იეჰოვამ თავისი ხალხი ხიზკიას დროს?

18 ძვ. წ. VIII საუკუნეში, როდესაც ასურეთის ძლევამოსილი ჯარი იუდაში შეიჭრა და იერუსალიმის კედლებს მიადგა, მეფე ხიზკიამ ილოცა: „იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, გვიხსენი . . . რათა დედამიწის ყველა სამეფომ გაიგოს, რომ, იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ ღმერთი!“ (ეს. 37:20). ხიზკიას მთავარი საზრუნავი ღვთის სახელის განდიდება იყო. იეჰოვამ უპასუხა მის მხურვალე ლოცვას და ერთ ღამეში ერთმა ანგელოზმა 185 000 ასურელი დახოცა, იეჰოვას ერთგული მსახურები კი იხსნა (ეს. 37:32, 36).

19. რომელი გაფრთხილების გათვალისწინებამ გადაარჩინა პირველი საუკუნის ქრისტიანები?

19 სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე იესომ იუდაში მყოფ თავის მოწაფეებს უწინასწარმეტყველა და გააფრთხილა ისინი (წაიკითხეთ ლუკას 21:20—22). გავიდა ათწლეულები და ახ. წ. 66 წელს იუდეველთა აჯანყების გამო რომაელებმა იერუსალიმზე გაილაშქრეს. ცესტიუს გალუსის ჯარებმა ტაძრის კედლის ნაწილს ძირი გამოუთხარეს, შემდეგ კი მოულოდნელად უკან დაიხიეს. ერთგული ქრისტიანები მიხვდნენ, რომ ამით მთებში გაქცევის შესაძლებლობა მიეცათ, რათა იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველებ განადგურებას გადარჩენოდნენ. ახ. წ. 70 წელს რომაელთა ლეგიონები დაბრუნდნენ და იერუსალიმი მიწასთან გაასწორეს. ქრისტიანები, რომლებმაც ყურად იღეს იესოს გაფრთხილება, გადაურჩნენ ამ საშინელებას (ლუკ. 19:41—44).

20. რატომ შეგვიძლია ვენდოთ იეჰოვას, ჩვენს მხსნელ ღმერთს?

20 რწმენას გვიმტკიცებს იმაზე ფიქრი, რომ იეჰოვა ეხმარება თავის მსახურებს! თავისი ხალხის სასარგებლოდ იეჰოვას მიერ წარსულში გაკეთებული საქმეები სრულ საფუძველს გვაძლევს, ვენდოთ მას. იმის მიუხედავად, თუ რა სირთულეებს ვხვდებით დღეს ან რა სირთულეებს შევხვდებით მომავალში, შეგვიძლია ჩვენც სრულად ვენდოთ იეჰოვას, როგორც ჩვენს მხსნელს. როგორ გვიხსნის იეჰოვა? როგორ გაგრძელდა სტატიის დასაწყისში მოთხრობილი შემთხვევები? ამ კითხვებზე პასუხს მომდევნო სტატია გაგვცემს.

გახსოვთ თუ არა?

• რაში გვარწმუნებს 70-ე ფსალმუნი?

• როგორ ამოუდგა მხარში იეჰოვა დავითს ავადმყოფობის დროს და როგორ განამტკიცა ის?

• რომელი მაგალითები ცხადყოფს, რომ იეჰოვას შეუძლია თავისი ხალხის ხსნა მოწინააღმდეგეთა ხელიდან?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 6 გვერდზე]

იეჰოვამ უპასუხა ხიზკიას ლოცვას