არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეინარჩუნეთ ერთგულება „მთლიანი გულით“

შეინარჩუნეთ ერთგულება „მთლიანი გულით“

შეინარჩუნეთ ერთგულება „მთლიანი გულით“

„ვივლი შენი ჭეშმარიტებით. მთლიანი გული მომეცი, რომ მეშინოდეს შენი სახელის“ (ფსალმ. 86:11).

1, 2. ა) ფსალმუნის 86:2, 11-ის თანახმად, რა დაგვეხმარება, რომ განსაცდელებისა თუ ცდუნებების მიუხედავად, იეჰოვას ერთგულები დავრჩეთ? ბ) იეჰოვას რომ არ ვუღალატოთ, რატომ უნდა მოვემზადოთ დღესვე?

რატომ არის, რომ ზოგიერთი ქრისტიანი დაპატიმრებისა თუ დევნის მიუხედავად წლების მანძილზე ინარჩუნებს ერთგულებას, მაგრამ მატერიალიზმის მახეში ებმება? ეს პრობლემა სათავეს ადამიანის გულიდან იღებს, რომელიც ბიბლიური გაგებით პიროვნების შინაგან სამყაროს ნიშნავს. 86-ე ფსალმუნი ერთგულებას „მთლიან გულს“ ანუ გაუყოფელ გულს უკავშირებს. „დაიფარე ჩემი სული, რადგან ერთგული ვარ. შენა ხარ ჩემი ღმერთი, იხსენი შენი მსახური, რომელიც შენზეა მონდობილი, — ლოცულობდა ფსალმუნმომღერალი დავითი. — მასწავლე შენი გზა, იეჰოვა. ვივლი შენი ჭეშმარიტებით. მთლიანი გული მომეცი, რომ მეშინოდეს შენი სახელის“ (ფსალმ. 86:2, 11).

2 თუ მთელი გულით არ ვართ იეჰოვაზე მინდობილნი, საზრუნავმა ან რაღაცის სიყვარულმა შეიძლება ადვილად ჩამოგვაშოროს მას. თუ გულისთქმას ავყვებით, ეს იგივე იქნება, რომ დანაღმულ გზაზე გავიაროთ. შეიძლება მძიმე განსაცდელების დროს იეჰოვასთვის არ გვიღალატია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სატანის მახეში არასოდეს გავებმებით. ამიტომ დღესვე უნდა მოვემზადოთ იმისათვის, რომ არ ვუღალატოთ იეჰოვას, როდესაც განსაცდელისა თუ ცდუნების წინაშე დავდგებით. „ყველაზე მეტად გულს გაუფრთხილდი“, — ამბობს ბიბლია (იგავ. 4:23). გავიხსენოთ ის წინასწარმეტყველი, რომელიც იეჰოვამ იუდადან ისრაელის მეფე იერობოამთან გაგზავნა და ვნახოთ, რა შეიძლება ვისწავლოთ იქიდან, რაც მას შეემთხვა.

„ძღვენს მოგართმევ“

3. რა რეაქცია ჰქონდა იერობოამს, როდესაც ღვთის წინასწარმეტყველმა შემაძრწუნებელი ცნობა გადასცა?

3 მას შემდეგ, რაც მეფე იერობოამმა ისრაელის ათტომიან სამეფოში ხბოს თაყვანისცემა შემოიღო, ღვთის კაცმა მას შემაძრწუნებელი ცნობა გადასცა. განრისხებულმა მეფემ ბრძანა, რომ მაცნე შეეპყროთ, მაგრამ იეჰოვამ დაიცვა თავისი მსახური. მეფეს წინასწარმეტყველისკენ გაწვდილი ხელი მაშინვე გაუხმა, სამსხვერპლო კი, რომელზეც მსხვერპლს სწირავდნენ კერპს, დაიშალა. მოულოდნელად იერობოამი შიშმა შეიპყრო. იგი ღვთის კაცს შეევედრა: „გული მოულბე იეჰოვას, შენს ღმერთს, და ილოცე ჩემთვის, რომ ხელი მომირჩეს“. წინასწარმეტყველმაც ილოცა და მეფეს ხელი მოურჩა (1 მეფ. 13:1—6).

4. ა) რა შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო მეფის წინადადება საცდური ღვთის კაცისათვის? ბ) როგორ მოიქცა ღვთის კაცი?

4 იერობოამმა ჭეშმარიტი ღვთის კაცს უთხრა: „წამოდი ჩემთან სახლში და დანაყრდი, ძღვენსაც მოგართმევ“ (1 მეფ. 13:7). როგორ უნდა მოქცეულიყო წინასწარმეტყველი? უნდა გაჰყოლოდა მეფეს მას შემდეგ, რაც ღვთის განაჩენი გადასცა? (ფსალმ. 119:113). თუ უარი უნდა ეთქვა, მიუხედავად იმისა, რომ მეფე გონს მოეგო? რასაკვირველია, მეფეს არ გაუჭირდებოდა, რომ ღვთის კაცისთვის ძვირფასი საჩუქრები მიეცა. თუ ამ წინასწარმეტყველს მეტის მოხვეჭის სურვილი ექნებოდა, მეფის შეთავაზება მისთვის დიდი ცდუნება იქნებოდა. იეჰოვას ის გაფრთხილებული ჰყავდა, რომ ‘არც პური ეჭამა, არც წყალი დაელია და არც იმ გზით დაბრუნებულიყო, რომლითაც მივიდა’. ამიტომ წინასწარმეტყველმა დაუყოვნებლივ უთხრა მეფეს: „ნახევარი სახლიც რომ მომცე, არ წამოვალ შენთან, არც პურს შევჭამ აქ და არც წყალს დავლევ“. ამის შემდეგ ღვთის კაცი ბეთელიდან სხვა გზით წავიდა (1 მეფ. 13:8—10). როგორც დავინახეთ, ეს წინასწარმეტყველი დაემორჩილა იეჰოვას მითითებას. რას ვსწავლობთ ამ მაგალითიდან? (რომ. 15:4).

„დაკმაყოფილდით“

5. რა შემთხვევაში შეიძლება მოვიტყუოთ თავი?

5 თუ ვიფიქრებთ, რომ მატერიალიზმი ჩვენს ერთგულებას ვერ გამოსცდის, თავს მოვიტყუებთ. ხომ არ გვეპარება ეჭვი იმაში, რომ იეჰოვა დაპირებისამებრ უზრუნველგვყოფს ყველაფრით, რაც გვჭირდება? (მათ. 6:33; ებრ. 13:5). ხომ არ ვისწრაფით იმისკენ, რომ ნებისმიერ ფასად მივიღოთ ის, რაზეც ხელი არ მიგვიწვდება, თუ ვკმაყოფილდებით იმით, რაც გვაქვს? (წაიკითხეთ ფილიპელების 4:11—13). ხომ არა გვაქვს იმის ცდუნება, რომ თეოკრატიული საქმეების ხარჯზე ავისრულოთ გულის წადილი? ვანიჭებთ თუ არა უმთავრეს მნიშვნელობას იეჰოვას მსახურებას? ეს დამოკიდებულია იმაზე, ვემსახურებით თუ არა ღმერთს მთელი გულით. მოციქულმა პავლემ დაწერა: „დიდი მონახვეჭი ის არის, რომ იყო ღვთისადმი ერთგული და იმით კმაყოფილი, რაც გაქვს. ქვეყნიერებაში არც არაფერი მოგვიტანია და ვერც ვერაფერს წავიღებთ. ასე რომ, თუ გვაქვს საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი, ამით დავკმაყოფილდეთ“ (1 ტიმ. 6:6—8).

6. როგორი შემოთავაზება შეიძლება მივიღოთ და რა დაგვეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში?

6 მაგალითად, დამსაქმებელი შეიძლება დაგვპირდეს, რომ დაგვაწინაურებს და უფრო მეტს გადაგვიხდის. ან შეიძლება ისეთ ქალაქში ან ქვეყანაში გადასვლის შესაძლებლობა მოგვეცეს, სადაც მეტი შემოსავალი გვექნება. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება იეჰოვას კურთხევად ჩავთვალოთ. მაგრამ, ვიდრე გადაწყვეტილებას მივიღებთ, ჯერ საკუთარი მოტივები უნდა შევამოწმოთ. პირველ რიგში უნდა დავფიქრდეთ შემდეგ კითხვაზე: თუ ამ გადაწყვეტილებას მივიღებ, ხომ არ იმოქმედებს ეს იეჰოვასთან ჩემს ურთიერთობაზე?

7. რატომ უნდა ჩავკლათ ჩვენში მეტის მოხვეჭის სურვილი?

7 სატანის ქვეყნიერება სულ უფრო და უფრო უბიძგებს ადამიანს მატერიალიზმისკენ (წაიკითხეთ 1 იოანეს 2:15, 16). სატანა ცდილობს, რომ გახრწნას ჩვენი გულები. ამიტომ უნდა შევამოწმოთ გულის მოტივები და თუ აღმოვაჩენთ, რომ მეტის მოხვეჭის სურვილი გვაქვს, ჩავკლათ ეს სურვილი (გამოცხ. 3:15—17). იესომ უარით გაისტუმრა სატანა, როდესაც მან მსოფლიოს ყველა სამეფო შესთავაზა (მათ. 4:8—10). ქრისტემ ასეთი გაფრთხილება მოგვცა: „იფხიზლეთ და თავი დაიცავით ყველანაირი სიხარბისგან, რადგან ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“ (ლუკ. 12:15). თუ გვინდა, რომ იეჰოვას ერთგულები დავრჩეთ, მას უნდა მივენდოთ და არა საკუთარ თავს.

მოხუცმა წინასწარმეტყველმა „მოატყუა იგი“

8. როგორ გამოიცადა ღვთის წინასწარმეტყველის ერთგულება?

8 ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა, ღვთის წინასწარმეტყველს გზა რომ გაეგრძელებინა. მაგრამ ის კიდევ ერთი ცდუნების წინაშე აღმოჩნდა. აი რა არის მოთხრობილი ბიბლიაში: „ერთი მოხუცი წინასწარმეტყველი ცხოვრობდა ბეთელში, მოვიდნენ მისი ვაჟები და უამბეს“, რაც იმ დღეს მოხდა. ეს რომ გაიგო, მოხუცმა წინასწარმეტყველმა თავის ვაჟებს ვირი შეაკაზმვინა, რომ ღვთის წინასწარმეტყველს დასწეოდა. მან მალე იპოვა ეს წინასწარმეტყველი, რომელიც ხის ძირას იჯდა, მივიდა მასთან და უთხრა: „წამოდი ჩემთან სახლში და ჭამე პური“. ღვთის წინასწარმეტყველი არ დათანხმდა, რაზეც მოხუცმა უთხრა: „მეც შენნაირი წინასწარმეტყველი ვარ; ანგელოზმა იეჰოვას სიტყვა მითხრა, წამოიყვანე შენს სახლში, რომ პური ჭამოს და წყალი დალიოსო“. როგორც ბიბლიაში წერია, მოხუცმა წინასწარმეტყველმა „მოატყუა იგი“ (1 მეფ. 13:11—18).

9. რას ამბობს ბიბლია მზაკვარი ადამიანის შესახებ, და რატომ არის ასეთ ადამიანთან ურთიერთობა სახიფათო?

9 ჩვენ არ ვიცით, რა ამოძრავებდა მოხუც წინასწარმეტყველს, მაგრამ ფაქტია, რომ იცრუა. შეიძლება ის ერთ დროს ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას, მაგრამ ამჯერად მზაკვრულად მოიქცა. ასეთ საქციელს ბიბლია მკაცრად განსჯის (წაიკითხეთ იგავების 3:32). ასეთი მზაკვარი ადამიანები არა მარტო საკუთარ თავს ვნებენ, არამედ სხვებსაც.

„ის დაბრუნდა“ მოხუც კაცთან ერთად

10. როგორ მოიქცა ღვთის წინასწარმეტყველი და რა მოჰყვა ამას?

10 იუდადან ჩასულ წინასწარმეტყველს უნდა განეჭვრიტა, თუ რა მახეს უგებდა მოხუცი წინასწარმეტყველი. ის ჯერ უნდა დაფიქრებულიყო: თუ იეჰოვას ჩემთვის უნდოდა მითითებების მოცემა, რატომ გაუგზავნიდა ანგელოზს სხვა წინასწარმეტყველს? მას უნდა ეკითხა იეჰოვასთვის, სიმართლეს ეუბნებოდა თუ არა მოხუცი წინასწარმეტყველი. მაგრამ ბიბლიაში არ წერია, რომ იგი ასე მოიქცა. პირიქით, როგორც ვკითხულობთ, „ის დაბრუნდა მასთან [მოხუც კაცთან] ერთად, რომ პური ეჭამა მის სახლში და წყალი დაელია“. იეჰოვას ეს არ მოეწონა. მოტყუებული წინასწარმეტყველი იუდაში რომ ბრუნდებოდა, გზად ლომს გადაეყარა, რომელმაც მოკლა ის. ასე ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე წინასწარმეტყველმა (1 მეფ. 13:19—25) *.

11. რა მაგალითი მოგვცა ახიამ?

11 სულ სხვაგვარად მოიქცა წინასწარმეტყველი ახია, რომელმაც იერობოამი სცხო მეფედ. ის ბოლომდე ღვთის ერთგული დარჩა. ერთხელ, როდესაც იერობოამს ვაჟი ავად გაუხდა, თავისი ცოლი მოხუცებულ და უსინათლო ახიასთან გაგზავნა, რათა გაეგო გადარჩებოდა თუ არა ბავშვი. ახიას არ შეშინებია, პირდაპირ უთხრა იერობოამის ცოლს, რომ ვაჟი მოუკვდებოდათ (1 მეფ. 14:1—18). ერთგულებისთვის ახია უხვად აკურთხა იეჰოვამ. ერთ-ერთი კურთხევა ის იყო, რომ მისი ხელნაწერები ეზრამ თავისი წიგნისთვის გამოიყენა, რომელიც ღვთის შთაგონებით დაწერა (2 მატ. 9:29).

12—14. ა) რას ვსწავლობთ იქიდან, რაც ღვთის წინასწარმეტყველს შეემთხვა? ბ) მოიყვანეთ პირობითი სიტუაციები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქრისტიანისთვის იმ რჩევაზე დაფიქრება, რომელსაც უხუცესი ბიბლიიდან აძლევს.

12 ბიბლიაში არც ის წერია, რატომ არ დაეკითხა იუდადან ჩასული წინასწარმეტყველი იეჰოვას, ვიდრე მოხუც წინასწარმეტყველს გაჰყვებოდა. იქნებ იმიტომ გაჰყვა, რომ მოხუცმა ისეთი რამ უთხრა, რაც მის ყურს ეამა? რას ვსწავლობთ აქედან? ჩვენი მხრიდან ყველაზე სწორი მოქმედება იეჰოვას მოთხოვნების შესრულება იქნება, და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ეს უნდა გავაკეთოთ.

13 ზოგი ისე იგებს რჩევას, როგორც თვითონ უნდა. დავუშვათ, ძმას შესთავაზეს სამსახური. თუ დათანხმდება, ოჯახსა და თეოკრატიულ საქმეებს იმდენ დროს ვეღარ დაუთმობს, რამდენსაც ადრე უთმობდა. იგი რჩევისთვის უხუცესს მიმართავს. უხუცესმა საუბარი შეიძლება იმით დაიწყოს, რომ მის მაგივრად ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას და ვერ ეტყვის, როგორ არჩინოს ოჯახი. შემდეგ უხუცესი მასთან ერთად მსჯელობს, თუ რა საშიშროება შეიძლება ახლდეს თან ამ წინადადების მიღებას. მხოლოდ იმაზე გაამახვილებს ეს ძმა ყურადღებას, რაც უხუცესმა თავიდან უთხრა, თუ ყველაფერს გაანალიზებს, რაზეც იმსჯელეს? ცხადია, ძმამ ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რაც სულიერად არ დააზარალებს.

14 მოვიყვანოთ კიდევ ერთი პირობითი სიტუაცია. დავუშვათ, დას გაყრა უნდა ქმართან, რომელიც არ არის იეჰოვას მოწმე, და უხუცესს რჩევას ეკითხება. უხუცესი, რაღა თქმა უნდა, ჯერ აუხსნის, რომ ეს პირადად მისი გადასაწყვეტია, შემდეგ კი ბიბლიიდან დაანახვებს, რა იქნება სწორი (1 კორ. 7:10—16). დაფიქრდება ეს და უხუცესის სიტყვებზე, თუ მაინც თავის აზრზე დარჩება? გონივრული იქნება, თუ გადაწყვეტილების მიღებამდე ილოცებს და ბიბლიურ რჩევას გაითვალისწინებს.

იყავით მოკრძალებულნი

15. რას ვსწავლობთ ღვთის წინასწარმეტყველის შემთხვევიდან?

15 კიდევ რას ვსწავლობთ იქიდან, რაც ღვთის წინასწარმეტყველს შეემთხვა? იგავების 3:5-ში ვკითხულობთ: „მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი“. ნაცვლად იმისა, რომ კვლავაც იეჰოვას მინდობოდა, ეს წინასწარმეტყველი საკუთარ გონებას დაენდო. მან გაიფუჭა იეჰოვასთან ურთიერთობა და დაშვებული შეცდომა სიცოცხლის ფასად დაუჯდა. როგორც ვხედავთ, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ იეჰოვას მოკრძალებულად და ერთგულად ვემსახუროთ!

16, 17. რა დაგვეხმარება, რომ იეჰოვას ერთგულები დავრჩეთ?

16 გულისთქმამ შეიძლება კაცი ადვილად შეაცდინოს. „გული ყველაზე ვერაგი და უმართავია. ვინ შეიცნობს მას?“ — წერია ბიბლიაში (იერ. 17:9). იეჰოვას ერთგულები რომ დავრჩეთ, ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ, რომ ‘მოვიშოროთ ძველი პიროვნება’, რომლისთვისაც დამახასიათებელია კადნიერება და თავდაჯერებულობა, და ‘შევიმოსოთ ახალი პიროვნება, რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად ჭეშმარიტი სიმართლითა და ერთგულებით’ (წაიკითხეთ ეფესოელების 4:22—24).

17 როგორც იგავების 11:2-ში წერია, „სიბრძნე . . . მოკრძალებულებთანაა“. თუ იეჰოვას მივენდობით და, ამავე დროს, მოკრძალებულები ვიქნებით, არ დავუშვებთ ისეთ შეცდომებს, რომელიც ძვირად დაგვიჯდება. მაგალითად, გულგატეხილობამ შეიძლება საღად განსჯის უნარი დაგვაკარგვინოს (იგავ. 24:10). შეიძლება დავიღალოთ ამა თუ იმ ფორმის წმინდა მსახურებით და ვიფიქროთ, რომ წლების მანძილზე ისედაც ბევრი საქმე გვაქვს გაკეთებული და ახლა სხვების ჯერია. შესაძლოა „ნორმალური“ ცხოვრება მოვინდომოთ. როგორც არ უნდა იყოს, თუ ‘ძალ-ღონეს არ დავიშურებთ’ და ვეცდებით, რომ ‘ყოველთვის ბევრი ვიშრომოთ უფლის საქმეში’, ჩვენი გულები დაცული იქნება (ლუკ. 13:24; 1 კორ. 15:58).

18. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ არ ვიცით, რა გადაწყვეტილება მივიღოთ?

18 შეიძლება რთული გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები, მაგრამ ზუსტად არ ვიცით, როგორი ნაბიჯის გადადგმა იქნებოდა გონივრული. საკუთარ თავზე ხომ არ ვიქნებით ამ დროს დაიმედებულნი? ყველაზე გონივრული ის იქნება, თუ დახმარებისთვის იეჰოვას მივმართავთ. იაკობის 1:5-ში ჩაწერილია: „თუ რომელიმე თქვენგანს სიბრძნე აკლია, გამუდმებით სთხოვოს ღმერთს, რომელიც ყველას უხვად და დაუყვედრებლად აძლევს“. ჩვენი ზეციერი მამა მოგვცემს წმინდა სულს, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ (წაიკითხეთ ლუკას 11:9, 13).

ბოლომდე შეინარჩუნეთ ერთგულება

19, 20. რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი?

19 მას შემდეგ, რაც სოლომონმა ცრუთაყვანისმცემლობას მიჰყო ხელი, ღვთის მსახურთა ერთგულება გამოიცადა. მართალია, ბევრმა უღალატა იეჰოვას, მაგრამ ერთგულებაც ბევრმა შეინარჩუნა.

20 გადაწყვეტილების მიღება თუ არჩევანის გაკეთება ყოველდღიურად გვიწევს. ამ დროს იცდება ჩვენი ერთგულება. ამიტომ, ყოველთვის ვუერთგულოთ იეჰოვას და დარწმუნებულები ვიყოთ, რომ თუ „მთლიანი გულით“ ვემსახურებით, კურთხევებს არ მოგვაკლებს (2 სამ. 22:26).

[სქოლიო]

^ აბზ. 10 ბიბლიაში არ წერია, დასაჯა თუ არა სიკვდილით იეჰოვამ მოხუცი წინასწარმეტყველი.

როგორ უპასუხებთ?

• რატომ უნდა ჩავკლათ ჩვენში მეტის მოხვეჭის სურვილი?

• რა დაგვეხმარება, რომ იეჰოვას ერთგულები დავრჩეთ?

• რა კავშირია მოკრძალებასა და ღვთის ერთგულებას შორის?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 9 გვერდზე]

გიჭირთ, გაუძლოთ ცდუნებას?

[სურათები 10 გვერდზე]

გაითვალისწინებთ ბიბლიიდან მიღებულ რჩევას?