არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაიცავით ‘სიწმინდე ღვთის შიშით’

დაიცავით ‘სიწმინდე ღვთის შიშით’

დაიცავით ‘სიწმინდე ღვთის შიშით’

იეჰოვა ღმერთის აღმატებული სიწმინდის შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „წმინდაა, წმინდაა, წმინდაა იეჰოვა“ (ეს. 6:3; გამოცხ. 4:8). სიწმინდედ ნათარგმნი ებრაული და ბერძნული სიტყვები ნიშნავს სისპეტაკეს, რელიგიურ წაუბილწველობას და ყოველგვარი უწმინდურებისგან განზე დგომას. ღმერთს წმინდა იმიტომ ეწოდება, რომ ზნეობრივად სრულყოფილია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.

აქედან გამომდინარე, გასაგებია, თუ რატომ მოითხოვს იეჰოვა ღმერთი თავისი თაყვანისმცემლებისგან, რომ წმინდები იყვნენ. ეს გულისხმობს როგორც ფიზიკური სისუფთავის, ისე ზნეობრივი და სულიერი სიწმინდის დაცვას. ბიბლიაში არაორაზროვნად არის ნათქვამი, რომ იეჰოვა თავისი ხალხისგან სიწმინდის დაცვას მოითხოვს. 1 პეტრეს 1:16-ში ვკითხულობთ: „იყავით წმინდები, რადგან წმინდა ვარ მე“. შესაძლებელია, რომ არასრულყოფილმა ადამიანებმა იეჰოვას მივბაძოთ და წმინდები ვიყოთ? შესაძლებელია, თუმცა ამას სრულყოფილად ვერ გავაკეთებთ. ღმერთი იმ შემთხვევაში ჩაგვთვლის წმინდებად, თუ ჩვენ, როგორც მისი თაყვანისმცემლები, სულიერ სიწმინდეს დავიცავთ და მასთან ახლო ურთიერთობა გვექნება.

მაგრამ როგორ შევინარჩუნოთ ზნეობრივი სიწმინდე ამ უზნეო ქვეყნიერებაში? რას უნდა მოვერიდოთ? როგორი უნდა იყოს ჩვენი მეტყველება და საქციელი? განვიხილოთ, რას ითხოვდა იეჰოვა იუდეველებისგან, ვიდრე ისინი ძვ. წ. 537 წელს ბაბილონის ტყვეობიდან სამშობლოში დაბრუნდებოდნენ, და ვნახოთ, რისი სწავლა შეგვიძლია აქედან.

‘იქ იქნება სიწმინდის გზა’

იეჰოვას ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ თავის ხალხს ბაბილონის ტყვეობიდან დაიხსნიდა და სამშობლოში დააბრუნებდა. ამ წინასწარმეტყველებაში ნათქვამი იყო: „იქ იქნება სავალი, იქნება გზა, და სიწმინდის გზა ეწოდება მას“ (ეს. 35:8ა). როგორც ვხედავთ, იეჰოვამ არა მხოლოდ გზა გაუხსნა იუდეველებს სამშობლოში დასაბრუნებლად, არამედ დაჰპირდა კიდეც, რომ მთელი გზა მფარველობას არ მოაკლებდა.

იეჰოვამ მე-20 საუკუნის პირველ ნახევარშიც გაუხსნა „სიწმინდის გზა“ თავის მსახურებს და დიდი ბაბილონიდან, ცრუ რელიგიური სამყაროდან გამოიყვანა. 1919 წელს მან ცხებული ქრისტიანები ცრუ რელიგიის ტყვეობიდან დაიხსნა. დროთა განმავლობაში მათ განწმინდეს თავიანთი თაყვანისმცემლობა ცრუ სწავლებებისგან. დღეს ჩვენ, იეჰოვას თაყვანისმცემლები წმინდა, მშვიდ და სულიერ გარემოში ვცემთ თაყვანს იეჰოვას და მშვიდობიანი ურთიერთობა გვაქვს ღმერთთანაც და თანაქრისტიანებთანაც.

ცხებულ ქრისტიანთა „მცირე სამწყსოს“ წევრებმა და „უამრავმა ხალხმა“ წმინდა გზით სიარული არჩიეს. ისინი სხვებსაც მოუწოდებენ, რომ იგივე გააკეთონ (ლუკ. 12:32; გამოცხ. 7:9; იოან. 10:16). „სიწმინდის გზა“ ხსნილია ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს, ‘წარადგინოს თავისი სხეული ცოცხალ, წმინდა, ღვთისთვის მოსაწონ მსხვერპლად’ (რომ. 12:1).

„ვერ გაივლის მასზე უწმინდური“

იუდეველებს, რომლებიც სამშობლოში „სიწმინდის გზით“ უნდა დაბრუნებულიყვნენ, ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა უნდა შეესრულებინათ. ესაიას 35:8ბ-ში ნათქვამია: „ვერ გაივლის მასზე უწმინდური. გზაზე მავალისთვის იქნება იგი და არც ერთი უგუნური არ იხეტიალებს მასზე“. იუდეველები იერუსალიმში წმინდა თაყვანისმცემლობის აღსადგენად უნდა დაბრუნებულიყვნენ. ამიტომ იქ არ იქნებოდა ადგილი მათთვის, ვისაც ეგოისტური მიზნები ექნებოდათ და უპატივცემულოდ მოეკიდებოდნენ ყოველივე წმინდას, ანუ სულიერად უწმინდურები იქნებოდნენ. მათ უნდა დაეცვათ იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმები. მსგავსად ამისა, ვისაც დღეს ღვთის კეთილგანწყობის მოპოვება სურს, იგივე მოთხოვნა უნდა შეასრულოს, კერძოდ, უნდა დაიცვას ‘სიწმინდე ღვთის შიშით’ (2 კორ. 7:1). რა და რა უწმინდურ საქციელს უნდა მოვერიდოთ?

პავლე მოციქულმა დაწერა: „ხორცის საქმეები აშკარაა. ეს არის: სიძვა, უწმინდურება, თავაშვებულობა“ (გალ. 5:19). სიძვა არის მეუღლის გარდა სხვასთან ნებისმიერი სახის ინტიმური ურთიერთობა, რომლის დროსაც გამოიყენება სასქესო ორგანოები. თავაშვებულობა კი ნიშნავს აღვირახსნილობას, გახრწნილებას, უსირცხვილო საქციელს და გარყვნილებას. სიძვაც და თავაშვებულობაც სრულიად საპირისპიროა იმისა, რასაც იეჰოვა წმინდას უწოდებს. ვინც სიძვას სჩადის და თავაშვებულობას ეძლევა, ვერ გახდება ქრისტიანული კრების წევრი, და თუ კრების წევრია, გაირიცხება. იმავეს თქმა შეიძლება მათზეც, ვინც სჩადის უხეშ უწმინდურებას, ანუ ‘უწმინდურებას გაუმაძღრობით’ (ეფეს. 4:19).

უწმინდურება სხვადასხვა სახის ცოდვას გულისხმობს. უწმინდურებად ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ნიშნავს ნებისმიერი სახის სიბილწეს, რაც შეიძლება ვლინდებოდეს მეტყველებასა და საქციელში, აგრეთვე რელიგიურ უწმინდურებაში. ამაში შედის ისეთი უწმინდური საქციელიც, რომელიც შეიძლება არ დაექვემდებაროს საქმის სამართლებრივი წესით განხილვას *. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ვინც ასეთ უწმინდურებას სჩადის, სიწმინდის გზით დადის?

დავუშვათ ქრისტიანი ფარულად უყურებს პორნოგრაფიას; თანდათანობით მას უწმინდური სურვილები უჩნდება და მისთვის სიწმინდის დაცვა უმნიშვნელო ხდება. მას შეიძლება ჯერ არ ჩაუდენია უხეში უწმინდურება, მაგრამ იგი უკვე აღარ ფიქრობს იმაზე, „რაც წმინდაა . . , რაც მოსაწონია, რაც ზნეობრივი და საქებარია“ (ფილ. 4:8). პორნოგრაფია არის უწმინდურება და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ღმერთთან ურთიერთობას. ჩვენ შორის არავითარი სახის უწმინდურება არ უნდა იხსენიებოდეს (ეფეს. 5:3).

მოვიყვანოთ მეორე შემთხვევა. დავუშვათ ქრისტიანს მასტურბაციის ჩვევა აქვს. მასტურბაცია არის სიამოვნების მიღების მიზნით სასქესო ორგანოების ხელოვნური გაღიზიანება იმის მიუხედავად, უყურებს თუ არა ამ დროს ადამიანი პორნოგრაფიას. მართალია, სიტყვა მასტურბაცია ბიბლიაში არ გვხვდება, მაგრამ არსებობს რაიმე ეჭვი იმისა, რომ ეს ჩვევა ხრწნის ადამიანის გონებას? ნუთუ არ გაიფუჭებს ქრისტიანი იეჰოვასთან ურთიერთობას და არ გახდება უწმინდური მის თვალში, თუ თავს არ დაანებებს ასეთ უწმინდურ ჩვევას? მოდი, მთელი სერიოზულობით მოვეკიდოთ პავლე მოციქულის სიტყვებს: „განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცსა და სულს“; ‘ჩავკლათ ჩვენი სხეულის მიწიერი ნაწილები: სიძვა, უწმინდურება, ვნება, მავნებელი სურვილები და სიხარბე’ (2 კორ. 7:1; კოლ. 3:5).

ქვეყნიერება, რომლის მმართველიც სატანაა, არა მარტო იწონებს უწმინდურებას, არამედ უბიძგებს კიდეც ხალხს ამისკენ. ადვილი არ არის, გავუძლოთ უწმინდური საქციელის ჩადენის ცდუნებას, მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანები ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ, რომ არ ‘ვიაროთ ისე, როგორც უცხოტომელები დადიან თავიანთი გონების ამაოებით’ (ეფეს. 4:17). იეჰოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგვცემს „სიწმინდის გზით“ სიარულის უფლებას, თუ არ ჩავიდენთ უწმინდურ საქციელს, იქნება ეს აშკარად თუ ფარულად.

„არ იქნება იქ ლომი“

წმინდა ღვთის, იეჰოვას კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ზოგიერთს შეიძლება მეტყველებასა და ქცევაში ძირეული ცვლილებების მოხდენა დასჭირდეს. ესაიას 35:9-ში ვკითხულობთ: „არ იქნება იქ ლომი და ვერც მტაცებელი ცხოველები გაეკარებიან მას“, ანუ „სიწმინდის გზას“. როგორც ამ მუხლიდან ჩანს, ისინი, ვინც თავისი საქციელითა და მეტყველებით ძალადობასა და აგრესიას ავლენენ, მტაცებელ ცხოველებს არიან შედარებულნი. მათი ადგილი ნამდვილად არ იქნება ღვთის ახალ, სამართლიან ქვეყნიერებაში (ეს. 11:6; 65:25). ამიტომ, ვისაც ღვთის კეთილგანწყობის მოპოვება სურს, უნდა მოიშოროს მხეცური თვისებები და დაიცვას სიწმინდე.

„მოიშორეთ ყოველგვარი გამწარება, ბრაზი, რისხვა, ყვირილი და ლანძღვა ყოველგვარ ბოროტებასთან ერთად“ — მოგვიწოდებს ბიბლია (ეფეს. 4:31). კოლოსელების 3:8-ში კი ვკითხულობთ: „მოიშორეთ ყოველივე ეს: რისხვა, ბრაზი, ბოროტება; თქვენი პირიდან ნუ ამოვა ლანძღვა და უწმაწური სიტყვები“. ამ მუხლებში მოხსენიებული სიტყვა ლანძღვა, ძირითადად, შეურაცხმყოფელ, უხამს და მკრეხელურ საუბარს გულისხმობს.

დღეს გულსატკენი და უშვერი სიტყვებით საუბარი ოჯახებშიც კი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მშობლები ერთმანეთსა თუ თავიანთ შვილებს დამამცირებელი სიტყვებით მიმართავენ. ქრისტიანულ ოჯახებში სიტყვიერი აგრესია არ უნდა ვლინდებოდეს (1 კორ. 5:11).

დაიცავით ‘სიწმინდე ღვთის შიშით’ და იქნებით კურთხეულნი

ჩვენთვის მართლაც დიდი პატივია, რომ წმინდა ღმერთს, იეჰოვას ვემსახურებით (იესო. 24:19). უაღრესად დასაფასებელია ის სულიერი სამოთხე, რომელშიც დღეს იეჰოვას წყალობით ვიმყოფებით. სიწმინდის დაცვა, რასაც იეჰოვა მოელის ჩვენგან, ცხოვრების საუკეთესო გზაა.

ძალიან მალე ღმერთი დედამიწას სამოთხედ გადააქცევს (ეს. 35:1, 2, 5—7). ვინც იმ დროს მოუთმენლად ელის და, ამავე დროს, იცავს ღვთის ნორმებს, უეჭველად იცხოვრებს სამოთხეში (ეს. 65:17, 21). ამიტომ კვლავაც ვცეთ ღმერთს თაყვანი, შევინარჩუნოთ სიწმინდე და მასთან ახლო ურთიერთობა.

[სქოლიო]

^ აბზ. 12 ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რით განსხვავდება ერთმანეთისგან „უწმინდურება გაუმაძღრობით“ და „უწმინდურება“, იხილეთ 2006 წლის 15 ივლისის საგუშაგო კოშკში, გვერდები 29—31.

[სურათი 26 გვერდზე]

რა მოეთხოვებოდათ იუდეველებს, „სიწმინდის გზით“ რომ ევლოთ?

[სურათი 27 გვერდზე]

პორნოგრაფიის ყურებით ქრისტიანი ღმერთთან ურთიერთობას იფუჭებს

[სურათი 28 გვერდზე]

„მოიშორეთ ყოველგვარი . . . ყვირილი და ლანძღვა“