არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სწორად განწყობილნი ეხმაურებიან სასიხარულო ცნობას

სწორად განწყობილნი ეხმაურებიან სასიხარულო ცნობას

სწორად განწყობილნი ეხმაურებიან სასიხარულო ცნობას

„ყველამ, ვინც მარადიული სიცოცხლისთვის იყო განწყობილი, ირწმუნა“ (საქმეები 13:48).

1, 2. როგორ გამოეხმაურნენ პირველი ქრისტიანები იესოს წინასწარმეტყველებას იმის თაობაზე, რომ სასიხარულო ცნობა მთელ მსოფლიოში იქნებოდა ნაქადაგები?

ბიბლიის წიგნი „საქმეები“ მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ გამოეხმაურნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები იესოს წინასწარმეტყველებას იმის შესახებ, რომ სასიხარულო ცნობა მთელ მსოფლიოს ექადაგებოდა (მათ. 24:14). ერთგულმა მქადაგებლებმა მაგალითი დაუტოვეს ყველას, ვინც მათ შემდეგ მათ გზას განაგრძობდა. იესოს მოწაფეების გულმოდგინე ქადაგების შედეგად იერუსალიმში ათასობით ადამიანი, მათ შორის „უამრავი მღვდელი“, უერთდებოდა პირველი საუკუნის კრებას (საქ. 2:41; 4:4; 6:7).

2 პირველი მისიონერები ბევრ ადამიანს დაეხმარნენ ქრისტიანობის მიღებაში. ერთ-ერთი ასეთი მისიონერი იყო ფილიპე, რომელიც ჩავიდა სამარიაში, სადაც მრავალმა ყურად იღო მისი სიტყვები (საქ. 8:5—8). პავლე ბევრს მოგზაურობდა სხვა ქრისტიან მქადაგებლებთან ერთად და სასიხარულო ცნობას ავრცელებდა კვიპროსში, მცირე აზიის სხვადასხვა ნაწილში, მაკედონიაში, საბერძნეთსა და იტალიაში. ყველა იმ ქალაქში, სადაც პავლე ქადაგებდა, მრავალმა ებრაელმა და ბერძენმა მიიღო ქრისტიანობა (საქ. 14:1; 16:5; 17:4). ტიტე კრეტაში მსახურობდა (ტიტ. 1:5). პეტრე ბაბილონში აუწყებდა სამეფოს ცნობას. იმ დროისთვის, როდესაც მან თავისი პირველი წერილი დაწერა (დაახლოებით ახ. წ. 62—64 წწ.), ქრისტიანობა უკვე გავრცელებული იყო პონტოში, გალატიაში, კაპადოკიაში, აზიასა და ბითინიაში (1 პეტ. 1:1; 5:13). ეს მართლაც რომ განსაკუთრებული დრო იყო! პირველი ქრისტიანები ისეთი გულმოდგინებით ქადაგებდნენ, რომ მათი მტრები მათზე ამბობდნენ, ‘ქვეყანა ყირაზე დააყენესო’ (საქ. 17:6; 28:22).

3. რა შედეგებს აღწევენ სამეფოს მაუწყებლები დღეს და თქვენ რა გრძნობები გეუფლებათ, როცა ამას იგებთ?

3 ქრისტიანულ კრებაში დღესაც დიდი ზრდა შეინიშნება. განა არ მხნევდებით, როდესაც კითხულობთ იეჰოვას მოწმეთა ყოველწლიურ ანგარიშს და ხედავთ იმ შედეგებს, რასაც მთელ მსოფლიოში ვაღწევთ?! განა არ გახარებთ იმის გაგება, რომ სამეფოს მაუწყებლები 2007 სამსახურებრივი წლის განმავლობაში ექვს მილიონზე მეტ ბიბლიის შესწავლას ატარებდნენ?! გარდა ამისა, გასულ წელს იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე დამსწრეთა რიცხვიც იმას გვიჩვენებს, რომ თითქმის ათ მილიონ ადამიანს, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები ან ერთ დროს ემსახურებოდნენ ღმერთს, აინტერესებთ სასიხარულო ცნობა და ამ მნიშვნელოვან მოვლენას ესწრებიან. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ჯერ კიდევ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი.

4. ვინ ეხმაურება სამეფოს ცნობას?

4 დღეს, ისევე როგორც პირველ საუკუნეში, ‘ვინც მარადიული სიცოცხლისთვის არის განწყობილი’, სასიხარულო ცნობას ეხმაურება (საქ. 13:48). იეჰოვას ასეთი ადამიანები თავის ორგანიზაციაში მოჰყავს (წაიკითხეთ ანგიას 2:7). როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ქრისტიანული მსახურების მიმართ, რათა ყოველთვის სრულად მივიღოთ მონაწილეობა ხალხის შეკრების საქმეში?

მიუკერძოებლად იქადაგეთ

5. როგორ ადამიანებს იწონებს იეჰოვა?

5 პირველი საუკუნის ქრისტიანებმა იცოდნენ, რომ „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქ. 10:34, 35). ექნება თუ არა ადამიანს იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა, დამოკიდებულია იმაზე, გამოავლენს თუ არა ის რწმენას იესოს გამოსასყიდისადმი (იოან. 3:16, 36). იეჰოვას ნებაა, რომ „ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმ. 2:3, 4).

6. რას უნდა მოერიდონ სამეფოს მაუწყებლები და რატომ?

6 კარგი არ იქნებოდა, თუ სასიხარულო ცნობის მაუწყებლებს წინასწარშექმნილი აზრი ექნებოდათ ადამიანების მიმართ მათი რასობრივი, სოციალური, გარეგნული, რელიგიური თუ ნებისმიერი სხვა თავისებურების გამო. ერთი წუთით დაფიქრდით: განა მადლიერი არა ხართ, რომ იმ ადამიანს, რომელიც პირველად დაგელაპარაკათ ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ, თქვენ მიმართ წინასწარშექმნილი აზრი არ ჰქონია?! ამიტომ, რატომ უნდა დავუკავოთ სიცოცხლის გადამრჩენი ცნობა იმ ადამიანს, რომელმაც შეიძლება მოისმინოს ის? (წაიკითხეთ მათეს 7:12).

7. რატომ არ უნდა განვსაჯოთ ისინი, ვისთანაც ვქადაგებთ?

7 იეჰოვამ მოსამართლედ იესო დანიშნა; მაშასადამე ჩვენ არა გვაქვს არავის გასამართლების უფლება. ეს იმიტომ, რომ იესოსგან განსხვავებით ჩვენ შეიძლება მხოლოდ „შესახედაობით“ ან „ყურით გაგონილით“ განვსაჯოთ, მაშინ როცა იესოს შეუძლია ადამიანის ღრმა აზრები და გულისნადები ამოიკითხოს (ეს. 11:1—5; 2 ტიმ. 4:1).

8, 9. ა) როგორი ადამიანი იყო სავლე, ვიდრე ქრისტიანი გახდებოდა? ბ) რას გვასწავლის პავლე მოციქულის შემთხვევა?

8 თითქმის ყველანაირი ადამიანი გამხდარა იეჰოვას მსახური. ამის ერთ-ერთი ცნობილი მაგალითია ტარსოსელი სავლე, რომელიც მოგვიანებით პავლე მოციქული გახდა. სავლე, რომელიც ფარისეველი იყო, სასტიკ წინააღმდეგობას უწევდა ქრისტიანებს. მას გულწრფელად სწამდა, რომ იესოს მიმდევრები არ იყვნენ ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები, ამიტომ დევნიდა ქრისტიანულ კრებას (გალ. 1:13). ის ისეთი ადამიანი ჩანდა, რომ თუ მას ადამიანური თვალსაზრისით შევაფასებდით, მასზე ყველაზე ნაკლებად შეიძლებოდა იმის გაფიქრება, რომ ქრისტიანი გახდებოდა. მაგრამ, იესომ სავლეს გულში რაღაც კარგი დაინახა და ის განსაკუთრებული დავალების შესასრულებლად აირჩია. შედეგად, სავლე პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და თავგამოდებული წევრი გახდა.

9 რას გვასწავლის პავლე მოციქულის შემთხვევა? შესაძლოა ჩვენს უბანზე ვხვდებით ისეთ ადამიანებს, რომლებიც, ერთი შეხედვით, უარყოფითად არიან განწყობილნი სასიხარულო ცნობისადმი. მაშინაც კი, თუ ვფიქრობთ, რომ ისინი არასოდეს გახდებიან ჭეშმარიტი ქრისტიანები, ჩვენ მაინც უნდა ვეცადოთ, რომ ვუქადაგოთ მათ. ზოგჯერ ისეთი ადამიანებიც კი ისმენენ სასიხარულო ცნობას, რომლებზეც ამას ყველაზე ნაკლებად წარმოვიდგენდით. ჩვენი მოვალეობაა, რომ ყველას „დაუღალავად“ ვუქადაგოთ (წაიკითხეთ საქმეების 5:42).

კურთხევები ელით მათ, ვინც „დაუღალავად“ ქადაგებს

10. რატომ არ უნდა შევიკავოთ თავი, რომ ვუქადაგოთ მათ, რომლებიც საშიში ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ? მოიყვანეთ ადგილობრივი მაგალითები.

10 ადამიანის გარეგნობამ და ხასიათმა შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს. მაგალითად, იგნასიომ *, რომელიც სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი ქვეყნის ციხეში იჯდა, იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მრისხანე ხასიათის გამო მისი ძალიან ეშინოდათ. პატიმრები, რომლებიც სხვადასხვა ნივთებს აკეთებდნენ და ყიდდნენ, იგნასიოსთან მიდიოდნენ დასახმარებლად, რათა ფული აეღოთ იმ პატიმრებისგან, რომლებიც გადახდას აგვიანებდნენ. მაგრამ, როდესაც იგნასიომ სულიერად წინ წაიწია და ნასწავლის გამოყენება დაიწყო, ეს ერთ დროს სასტიკი, მოძალადე კაცი კეთილი ადამიანი გახდა. ახლა აღარავინ ეძახის მას ვალის დასაბრუნებლად, რადგან ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ და ღვთის სულმა იგნასიოს პიროვნება სრულიად შეცვალა, რაც მას ძალიან ახარებს. ის იმისთვისაც არის მადლიერი, რომ სამეფოს მაუწყებლებს მის მიმართ წინასწარშექმნილი აზრი არ ჰქონიათ და ყველანაირად ეცადნენ, მისთვის ბიბლია ესწავლებინათ.

11. რატომ მივდივართ ადამიანებთან კვლავ და კვლავ?

11 ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ მივდივართ ადამიანებთან კვლავ და კვლავ, არის ის, რომ მათი მდგომარეობა და შეხედულებები შეიძლება შეიცვალოს, რაც ხშირად ასეც ხდება ხოლმე. იმ ადამიანის ცხოვრებაში, რომელსაც მოწმეებმა ბოლოს უქადაგეს, შეიძლება რაიმე მოხდა — მაგალითად, მან შესაძლოა სამუშაო დაკარგა, შეიძლება მას სერიოზული დაავადება შეხვდა ან საყვარელი ადამიანი დაეღუპა (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 9:11). მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა ადამიანი შეიძლება სერიოზულად დააფიქროს საკუთარ მომავალზე. ამდაგვარი მიზეზების გამო ადამიანმა, რომელსაც ადრე ინტერესი არ გამოუმჟღავნებია სასიხარულო ცნობის მიმართ ან შესაძლოა ეწინააღმდეგებოდა კიდეც მას, შეიძლება მოგვისმინოს. ამიტომ, ჩვენ თავი არ უნდა შევიკავოთ სასიხარულო ცნობის ქადაგებისგან და ამისთვის ნებისმიერი ხელსაყრელი შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ.

12. როგორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს ადამიანებზე, რომლებსაც მსახურებაში ვხვდებით, და რატომ?

12 ადამიანებს ახასიათებთ სხვების გარკვეულ კატეგორიებად დაყოფა და მათი განსჯა. მაგრამ, იეჰოვა ადამიანებში ინდივიდუალურ პიროვნებებს ხედავს. მას შეუმჩნეველი არ რჩება მათი კარგი თვისებები (წაიკითხეთ 1 სამუელის 16:7). ჩვენც უნდა ვეცადოთ, რომ მსახურებაში ასე მოვიქცეთ. მრავალი შემთხვევა ადასტურებს იმას, რომ ქადაგების დროს ადამიანების მიმართ დადებით განწყობას კარგი შედეგები მოაქვს.

13, 14. ა) რატომ მივიდა ერთი პიონერი და არასწორ დასკვნამდე? ბ) რა შეგვიძლია ვისწავლოთ ამ შემთხვევიდან?

13 ერთი პიონერი და, სანდრა, კარიბის ერთ-ერთ კუნძულზე კარდაკარ ქადაგებისას შეხვდა რუთს, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ხოლმე ადგილობრივ კარნავალში. რუთს ორჯერ ჰქონდა მოპოვებული კარნავალის დედოფლის გვირგვინი. ის იმდენად დაინტერესდა სანდრას ქადაგებით, რომ ბიბლიის შესწავლა მოისურვა. სანდრა იხსენებს: „როდესაც რუთის მისაღებ ოთახში შევედი, დავინახე მისი დიდი ფოტოსურათი, სადაც ის საკარნავალო ტანსაცმლითა და მოპოვებული ჯილდოებით იყო აღბეჭდილი. მე არასწორად დავასკვენი, რომ ადამიანს, რომელიც ასეთი პოპულარობით სარგებლობდა და კარნავალის ასეთი აქტიური მონაწილე იყო, ჭეშმარიტება არ დააინტერესებდა. ამიტომ, შევწყვიტე მისი მონახულება“.

14 გარკვეული დროის შემდეგ რუთი სამეფო დარბაზში მივიდა და შეხვედრის დამთავრების შემდეგ სანდრას ჰკითხა: „რატომ აღარ მოდიხარ ჩემთან?“ სანდრამ მოუბოდიშა და შეუთანხმდა შესწავლის გაგრძელებაზე. რუთმა სულიერად სწრაფად წაიწია წინ, ჩამოხსნა თავისი სურათები, სადაც ის საკარნავალო ფორმაში იყო გამოწყობილი, აქტიურად ჩაება კრების საქმიანობაში და იეჰოვას მიუძღვნა თავი. სანდრა მიხვდა, რომ მისი პირველი რეაქცია არასწორი იყო.

15, 16. ა) რა შედეგი მოჰყვა იმას, რომ ერთმა მოწმემ არ შეწყვიტა ნათესავთან ქადაგება? ბ) რატომ არ უნდა შევიკავოთ თავი იმისგან, რომ ვუქადაგოთ ნათესავებს?

15 დადებითი შედეგები მაშინაც კი მიიღწევა, როდესაც მოწმეები ჭეშმარიტების შესახებ ესაუბრებიან ოჯახის წევრებს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც, ერთი შეხედვით, დადებითად არ გამოეხმაურებიან სამეფოს ცნობას. მოვიყვანოთ ერთი ქრისტიანი დის, ჯოისის მაგალითი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ჯოისის სიძე მოზარდობის ასაკიდან მოყოლებული არაერთხელ იჯდა ციხეში. „ხალხი ამბობდა, რომ მის ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა, — იხსენებს ჯოისი, — ის ნარკოტიკებს იყენებდა, ქურდობდა და ბევრ სხვა ცუდ საქმეს სჩადიოდა. ყველაფრისდა მიუხედავად 37 წლის განმავლობაში ვესაუბრებოდი მას ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ“. ამ დის მოთმინება დაჯილდოვდა — მისმა სიძემ დაიწყო ბიბლიის შესწავლა იეჰოვას მოწმეებთან და ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები მოახდინა. ამას წინათ, კალიფორნიაში ჩატარებულ საოლქო კონგრესზე ჯოისის სიძე 50 წლის ასაკში მოინათლა. ჯოისი ამბობს: „სიხარულისგან ვტიროდი. უზომოდ ბედნიერი ვარ იმით, რომ ფარ-ხმალი არ დავყარე და იმედი არ გადავიწურე!“

16 თქვენ შეიძლება ზოგი ისეთი ნათესავი გყავთ, რომლებთანაც მათი ცხოვრების წესის გამო შეიძლება ყოყმანობთ, დაელაპარაკოთ თუ არა ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ. მაგრამ გაიხსენეთ ჯოისი — მან არ შეწყვიტა ნათესავთან ქადაგება. ბოლოს და ბოლოს, საიდან ვიცით, რა ხდება სხვა ადამიანის გულში? ადამიანი შეიძლება სრულიად გულწრფელად ეძებს ჭეშმარიტებას, ამიტომ ‘ნუ დაუკავებთ’ მას მისი პოვნის შესაძლებლობას (წაიკითხეთ იგავების 3:27).

ბიბლიის შესწავლაში დამხმარე ეფექტური საშუალება

17, 18. ა) როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იტყობინებიან, რა შედეგებს აღწევენ მაუწყებლები წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში“? ბ) თქვენ რა დადებით შედეგებს აღწევთ ამ წიგნის გამოყენებით?

17 მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიღებული მონაცემებით ვიგებთ, რომ მრავალი გულწრფელი ადამიანი სიამოვნებით იწყებს ბიბლიის შესწავლას წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა პენიმ, რომელიც პიონერად მსახურობს, ამ წიგნით რამდენიმე შესწავლა დაიწყო. მათ შორის, ვისაც ის ბიბლიას ასწავლის, არის ორი ხანდაზმული ადამიანი, რომლებიც მანამდე თავიანთი რელიგიის ერთგული მიმდევრები იყვნენ. პენიმ არ იცოდა, რა რეაქცია ექნებოდათ მათ იმ ბიბლიურ სწავლებებზე, რომლებიც განიხილება წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია?“ პენი წერს: „რადგანაც წიგნში ინფორმაცია გასაგებად, ლოგიკურად და მოკლედ არის გადმოცემული, ისინი ყოველგვარი აფორიაქებისა და კამათის გარეშე ადვილად რწმუნდებოდნენ იმაში, რომ რასაც სწავლობდნენ, ჭეშმარიტება იყო“.

18 ბრიტანელმა პეტმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო ერთ ლტოლვილ ქალთან, რომელიც აზიის ერთ-ერთი ქვეყნიდან იყო იქ ჩასული. ეს ქალი იძულებული გახდა, თავისი ქვეყანა დაეტოვებინა მას შემდეგ, რაც მისი ქმარი და ვაჟიშვილები აჯანყებულმა ჯარისკაცებმა წაიყვანეს. ქალს ისინი მეტად აღარ უნახავს. მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, მისი სახლი გადაწვეს, თავად ის კი ჯგუფურად გააუპატიურეს. ყოველივე ამის გამო ეს ქალი ფიქრობდა, რომ მის სიცოცხლეს აზრი აღარ ჰქონდა და მან რამდენჯერმე თავის მოკვლაც კი სცადა. მაგრამ, ბიბლიის შესწავლამ მას იმედი ჩაუსახა. «წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია?“ მოცემულმა მარტივმა განმარტებებმა და ილუსტრაციებმა მასზე ძალიან იმოქმედა», — წერს პეტი. ქალი სულიერად გაიზარდა, მოუნათლავი მაუწყებელი გახდა და უახლოეს კონგრესზე მონათვლის სურვილი გამოთქვა. რა სასიხარულოა, როცა გულწრფელ ადამიანებს ბიბლიური იმედის გაგებასა და დაფასებაში ვეხმარებით!

„ნუ მოვიშლით კარგის კეთებას“

19. რატომ არის გადაუდებელი სამქადაგებლო საქმის შესრულება?

19 ყოველდღე უფრო და უფრო გადაუდებელი ხდება ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმის შესრულება. ყოველწლიურად ათასობით სწორად განწყობილი ადამიანი დადებითად ეხმაურება ჩვენს ქადაგებას. და მაინც, „ახლოს არის იეჰოვას დიდი დღე“, რაც შეგვახსენებს, რომ ისინი, ვინც ჯერ კიდევ სულიერ სიბნელეში არიან, ‘დასაკლავად მიდიან’ (სოფ. 1:14; იგავ. 24:11).

20. რა უნდა გავაკეთოთ თითოეულმა ჩვენგანმა?

20 ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია დავეხმაროთ ასეთ ადამიანებს. მაგრამ, იმისთვის, რომ ასე მოვიქცეთ, უნდა მივბაძოთ პირველი საუკუნის ქრისტიანებს, რომლებიც „დაუღალავად ასწავლიდნენ და აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას ქრისტე იესოზე“ (საქ. 5:42). მიჰყევით მათ მაგალითს — წინააღმდეგობის მიუხედავად მტკიცედ განაგრძეთ მსახურება, ყურადღება მიაქციეთ თქვენი „სწავლების ხელოვნებას“ და ყველას მიუკერძოებლად უქადაგეთ! „ნუ მოვიშლით კარგის კეთებას“, რადგან თუ ასე მოვიქცევით, ღვთის მოწონებას დავიმსახურებთ და უხვ კურთხევებს მოვიმკით (2 ტიმ. 4:2; წაიკითხეთ გალატელების 6:9).

[სქოლიო]

^ აბზ. 10 ზოგი სახელი შეცვლილია.

როგორ უპასუხებთ?

• ვინ ეხმაურება სასიხარულო ცნობას?

• რატომ უნდა მოვერიდოთ იმას, რომ არ გვქონდეს ადამიანების მიმართ წინასწარშექმნილი აზრი?

• რა შედეგებს ვაღწევთ წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში“?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 13 გვერდზე]

ათასობით გულწრფელი ადამიანი დადებითად ეხმაურება სასიხარულო ცნობას

[სურათები 15 გვერდზე]

რისი სწავლა შეგვიძლია იქიდან, რომ პავლე მოციქულმა ცხოვრებაში ცვლილებები მოახდინა?

[სურათი 16 გვერდზე]

სასიხარულო ცნობის მაუწყებლებს წინასწარშექმნილი აზრი არა აქვთ ადამიანების მიმართ